ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, UGSPN-ის უფროსი მკვლევარი
ბოლო დროს უკრაინის წარმატებულმა სამხედრო მოქმედებებმა გააჩინა აღქმა რუსეთ-უკრაინის ომში დინამიკის უკრაინის სასარგებლოდ შეცვლის თაობაზე. ეს აღქმა საფუძვლიანია, მაგრამ გარემოებები მიუთითებს, რომ უკრაინაც და რუსეთიც რთულ ვითარებაში არიან. დინამიკის შეცვლა თავისთავად არ გულისხმობს, რომ ომში უკრაინის სასარგებლოდ გარდატეხა მოხდა. ამ თემაზე გამოქვეყნებულ სტატიებში ანალიტიკოსები და მკვლევრები ყურადღებას სამხედრო და ეკონომიკურ ასპექტებზე ამახვილებენ, რომლებიც უკრაინის სასარგებლოდ მეტყველებს, თუმცა საერთო ჯამში მათი შეფასებები მაინც ზომიერი და ფრთხილია.
ცნობილი ისტორიკოსი და ჟურნალისტი ენ ეფლბაუმი The Atlantic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ხაზს უსვამს თავდაცვის სფეროში უკრაინის სწრაფ ტექნოლოგიურ პროგრესს და აღნიშნავს, რომ ევროპაში, აშშ-ში, ახლო აღმოსავლეთსა და თავად რუსეთშიც უკვე იწყებენ მისი მნიშვნელობის გაცნობიერებას. მისი აზრით, ამ ფონზე, ცხადი ხდება, რომ რუსული ნარატივი მცდარია: უკრაინა ომს არ აგებს, ხოლო რუსეთი კი ვერ იგებს და რაც უფრო მნიშვნელოვანია, არც იცის როგორ შეიძლება მოიგოს. ეფლბაუმი თვლის, რომ შექმნილი ვითარებას, მოლაპარაკებების არ არსებობის შემთხვევაშიც კი, მხარეები ახალი სტატუს-კვოსკენ მიყავს, როდესაც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის მსგავსად, უკრაინასა და რუსეთს შორის დემილიტარიზებული ზონა შეიქმნება. სამხედრო სფეროში, RUSI-ის უფროსი მკვლევარი ჯეკ უოტლინგი Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ყურადღებას ამახვილებს უკრაინის თავდაცვის ძალებში ბოლო ხანებში განხორციელებულ რეფორმაზე, რომლის შედეგადაც მოგვარდა ადრე არსებული პრობლემები და საგრძნობლად გაიზარდა ეფექტიანობა. ამავდროულად, იგი საუბრობს იმ სირთულეებსა და პრობლემებზე, რომლებსაც რუსეთის სამხედრო ძალები განიცდის. მიუხედავად ამისა, უოტლინგი არ თვლის, რომ უკრაინის სამხედრო გამარჯვება გარდაუვალია. იგი მიიჩნევს, რომ უკრაინამ და მისმა პარტნიორებმა შექმნილი მდგომარეობა რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად უნდა გამოიყენონ. საგარო პოლიტიკის საბჭოს (CFR) პრეზიდენტი მაიკლ ფრომანი, თავის სტატიაში ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ეკონომიკაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე. ამავდროულად იგი მიმოიხილავს უკრაინის ეკონომიკაში არსებულ პრობლემებსაც. საბოლო ჯამში, ფრომანიც საუკეთესო გამოსავლად მშვიდობის დამყარებას მიიჩნევს.
დასავლეთში უკრაინა-რუსეთის ომის პერსპექტივის თაობაზე გააქტიურებული მსჯელობის ფონზე, ყურადღება მიიქცია რუსულ ძალიან ცნობილ და გავლენიან გამოცემაში – „რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში“ ვასილი კაშინის ავტორობით გამოქვეყნებულმა სტატიამ. ამ სტატიის დასაწყისში კაშინი ამბობს, რომ პუტინსა და ტრამპს შორის ანკორიჯში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ომის დასრულება ყველა შესაძლო ვარიანტიდან საუკეთესოა. მოგვიანებით იგი ამ თემას უფრო მეტად განავრცობს და აცხადებს, რომ „ანკორიჯის შეთანხების“ ფარგლებში რუსეთისთვის ტერიტორიების მიკუთვნება[1], უკრაინისთვის სამხედრო ბლოკში გაწევრიანებისა და მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების სამხედრო კონტიგენტის განთავსების აკრძალვასთან ერთად კარგი შედეგი და ომში სრულფასოვანი გამარჯვება იქნებოდა. შემდეგ, იგი სხვადასხვა ფაქტებსა და არგუმენტებს იშველიებს იმის დასამტკიცებლად, რომ რუსეთი ვერანაირი ესკალაციით, მათ შორის, ბირთვული იარაღის გამოყენებითაც კი ვერ მიაღწევს უკეთეს შედეგს, რადგან ესკალაციის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები არსებული ფრონტის ხაზზე შეწყდება, რაც კაშინის აზრით დღეის მდგომარეობითაც შესაძლებელია.
რეალობა მართლაც ისეთია, რომ უკრაინის ომმა, რომელმაც ხანგრძლივობით ჯერ მეორე და მერე პირველ მსოფლიო ომებს გადააჭარბა, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ უნდა უბიძგოს. მაგრამ რუსეთის და უშუალოდ პუტინის პოზიცია ასეთ გადაწყვეტილების მიღებას უახლოეს მომავალში გამორიცხავს. პირიქით, უკანასკნელ ხანებში სახეზეა ერთგვარი ესკალაცია, რაც უპირველეს ყოვლისა რუსეთის მხრიდან კიევზე, უკრაინის მხრიდან კი მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე განხორციელებულ დარტყმებში გამოიხატება.
რუსეთის და უკრაინის პოზიციები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები პერიოდულად საუბრობენ ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო შეთანხმებაზე, მხოლოდ იმ დათქმით, რომ უკრაინამ უნდა დაუთმოს რუსეთს დონეცკის არაოკუპირებული ნაწილი. ბოლოს ამ თემაზე თავად პუტინმა ისაუბრა, სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში საერთაშორისო მას-მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. ამ თემასთან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალური პირები, როგორც წესი, იშველიებენ „ანკორიჯის შეთანხმებას“, რომელიც მათი ინტერპრეტაციით, ითვალისწინებს ზემოთნახსენებ დონეცკის არაოკუპირებული ნაწილის დათმობას უკრაინის მხრიდან, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ასეთი შეთანხმების არსებობა პრეზიდენტმა ტრამპმა ცალსახად უარყო. მოსკოვის პირობებით, უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის დასრულებისთვის მზაობას ადასტურებს ღია წყაროებში გაჟონილი მასალაც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ პროპაგანდისტული გზავნილების შემუშავების თაობაზე, რომელმაც უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმება მოსკოვის გამარჯვებად უნდა წარმოაჩინოს. ამ მასალის თანახმადაც, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები მთლიანად რუსეთის საკუთრებაშია.
უკრაინა, თავის მხრივ, მზად არის ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ამჟამად ფრონტის ხაზზე არსებული სტატუს-კვოს დაფიქსირების პირობით. ეს პოზიცია პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავად დაადასტურა ცოტა ხნის წინ, რუს ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩთან გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც რუსეთ-უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებას შეეხებოდა. კერძოდ, ზელენსკიმ აბრამოვიჩთან ცალსახად დააფიქსირა, რომ უკრაინა დონეცკის დათმობას არ აპირებს და ყველაზე დიდი კომპრომისი თავად ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმობა იქნებოდა. ამავდროულად, უკრაინის ხელისუფლებაში კარგად აცნობიერებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებასა და თავად რუსეთში სულ უფრო მეტად იზრდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მხარდაჭერა, მაგრამ ასეთი შეთანხმების მიღწევას პირადად პუტინის უკომპრომისო პოზიცია უშლის ხელს ყველაზე მეტად. ამიტომ უკრაინული მხარე ცდილობს გაზარდოს ზეწოლა თავად პუტინზე. ამ მიზანს ემსახურებოდა უკრაინის პრეზიდენტის ღია წერილი პუტინის მიმართ. ამ წერილში ბევრი ისეთი ფაქტი და შეფასება იყო მოყვანილი, რომელიც პუტინს უარყოფითად ახასიათებდა და ზოგიერთ შემთხვევაში აკნინებდა კიდეც. თუმცა, ამავდროულად მისი მთავარი გზავნილი ხაზს უსვამდა, რომ უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რაც სწორედ პუტინის უარყოფითი პოზიციის გამო არ ხდება.
შესაბამისად, შექმნილ ვითარებაში უკრაინა ცდილობს გაზარდოს ომის „ფასი“ რუსეთისთვის. ამით გააძლიეროს ზეწოლა პუტინზე, რათა იგი ყოველგვარი დამატებითი მოთხოვნის გარეშე დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება უკრაინის სამხედრო სტრატეგია.
უკრაინის სამხედრო სტრატეგია
ტექნოლოგიურმა პროგრესმა უკრაინას შესაძლებლობა მისცა უფრო ეფექტიანად აწარმოოს რუსეთის წინააღმდეგ ომი არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, არამედ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს მოწინააღმდეგეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის სიღრმეში განხორციელებული დარტყმების შედეგად. ასე მაგალითად, გაზრდილია საშუალო სიშორის დარტყმები რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე არსებულ ლოგისტიკის ობიექტებზე. მარტში 288 ასეთი დარტყმა განხორციელდა, რაც მანამდე დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე ორნახევარჯერ მეტია. ბოლო ხანებში განსაკუთრებით ინტენსიური გახდა დრონებით შეტევა ყირიმზე. ამ შემთხვევაში მთავარ სამიზნეს არა სამხედრო ან სხვა სახის ინფრასტრუქტურა, არამედ რუსეთიდან ყირიმის მომარაგების ხაზები წარმოადგენს, რომლებიც უკრაინის სამხრეთში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ქერჩის სრუტეზე გადის. შედეგად ყირიმში ნავთობპროდუქტებისა და სხვადასხვა პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტია შექმნილი.
ამავდროულად, გაიზარდა და უფრო ეფექტური გახდა უკრაინის მიერ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განხორციელებული დარტყმები, რომლის მთავარ სამიზნეს ნავთობის ინფრასტრუქტურა და სამხედრო ობიექტები წარმოადგენენ. 2022-24 წლებში ისეთი დარტყმების რაოდენობა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე სულ მცირე 100 კმ-ის სიღრმეში განხორციელდა მხოლოდ 335 იყო. 2025 წელს მათი რაოდენობა 658-მდე გაიზარდა, წელს კი სავარაუდოდ 800 გადააჭარბებს. ამ დარტყმების ეფექტინობა იმდენად დიდია, რომ თავად მოსკოვის ცენტრიც კი აღარ არის დაცული უკრაინის შეტევებისგან. უკრაინა ასეთი ქმედებებით ცდილობს რუსეთის მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვიოს საკუთარი ხელისუფლების მიმართ. ასევე, შეუქმნას რუსეთს დამატებითი ეკონომიკური პრობლემები და ზიანი მიაყენოს მის სამხედრო წარმოებას, რათა შეამციროს რუსეთის ომის წარმოების რესურსი.
ფრონტის ხაზზე უკრაინას გათვლა აქვს იმაზე გაკეთებული, რომ მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას რაც შეიძლება მაღალი დანაკარგი მიაყენოს. ბოლო ხანებში რუსეთი საშუალოდ ერთი თვის განმავლობაში 30-35 000 ჯარისკაცს კარგავს დაღუპულების და დაჭრილების სახით, რაც აჭარბებს რუსეთის მიერ რეკურიტრებულთა რაოდენობას, რომელიც დაახლოებით დღეში 800 ადამიანს შეადგენს. ამასთან, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს პირველ კვარტალში რუსეთში რეკრუტირების მაჩვენებელი 20%-ით შემცირდა. ეს მდგომარეობა გარკვეულწილად აისახა ბრძოლის ველზე, სადაც გაზაფხულზე რუსეთმა უფრო დიდი ტერიტორია დაკარგა ვიდრე დაიკავა. კერძოდ, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) თანახმად, 2025 წლის დეკემბერი – 2026 წლის მაისის პერიოდში რუსეთმა მოიპოვა კონტროლი ან ინფილტრაცია მოახდინა 40.64 კვადრატულ კილომეტრზე, მაშინ როდესაც დაკარგა 282.1 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული მოქმედების მიუხედავად, რუსული შეტევითი ოპერაცია მაინც ვითარდება კრამატორსკის მიმართულებით, რომელიც სლოვიანსკთან ერთად უკრაინისთვის დონეცკის ოლქში მთავარი სამხედრო დასაყრდენია. გარდა ამისა, რუსეთი იყენებს ბალისტიკურ შეიარაღებაში არსებულ უპირატესობას. კერძოდ, ზრდის ბალისტიკური რაკეტებით დარტყმებს უკრაინაზე. 2025 წელს მან დაახლოებით 600, წელს კი უკვე 410 ასეთი დარტყმა განახორციელა. ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში უკრაინაზე ბალისტიკური რაკეტების დარტყმების რაოდენობა წელს დაახლოებით 900 მიაღწევს.
ეკონომიკური პრობლემები რუსეთში
2026 წლის იანვარის ბოლოს ეკონომისტმა ვლადიმერ მილოვმა გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც ეს წელი ყველაზე რთული იქნებოდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რადგან რუსეთში ერთდროულად მოხდებოდა რეცესია, ინფლაცია და საბიუჯეტო კრიზისი. რუსეთში განვითარებული ეკონომიკური პროცესები ადასტურებს, რომ სამივე ეს მოვლენა სახეზეა.
ოფიციალური მონაცემების თანახმად ინფლაცია რუსეთში მხოლოდ 6%-ია, თუმცა მისი რეალური მაჩვენებელი სავარაუდოდ ორნიშნა ციფრს შეადგენს. 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 2023 წლის შემდეგ, რუსეთის ეკონომიკა პირველად შემცირდა. კერძოდ, მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 0.2%-ით ნაკლები იყო. გაუარესებული შედეგების ფონზე, რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ 2026 წელს ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც 1.3%-ს შეადგენდა 0.4%-მდე შეამცირა.
რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი იანვარში და თებერვალში საპროგნოზო მაჩვენებელზე 90%-ზე მეტით გაიზრდა. საერთო ჯამში, პირველი სამი თვის განმავლობაში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 5.9 ტრილიონი რუსული რუბლი შეადგინა, მაშინ როდესაც საპროგნოზო მაჩვენებლის თანახმად, 2026 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 3.8 ტრილიონი რუბლი უნდა ყოფილიყო.
პრობლემები შეინიშნება სხვა სფეროებში. ასე მაგალითად, ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის თანახმად, იკლებს რუსეთში განხორციელებული ინვესტიციები. რუსეთის სუვერენული კეთილდღეობის ფონდის ლიკვიდური აქტივები, კი რომელიც ომის დასაწყისში GDP-ის 6.5% შეადგენდა 2026 წლის აპრილის მდგომარეობით 1.8%-მდე შემცირებული.
გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა სამხედრო სფეროს გარდა, პრაქტიკულად სხვა ყველა სფეროზე აისახება. ოფიციალური მონაცემების თანახმად, რუსეთში სამხედრო დანახარჯებმა 2025 წელს 190 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია. ეკონომიკური პრობლემების გაღრმავების მიუხედავად, წელსაც სამხედრო დანახარჯები უპრეცედენტოდ იზარდება. კერძოდ, 2026 წლის პირველ კვარტალში სამხედრო დანახარჯებმა 5.9 ტრილიონ რუბლს ($81.8 მლრდ აშშ დოლარი) მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია. რუსეთის ფინანსთა სამინისტროსა და ცენტრალური ბანკის წარმომადგენლთა აზრით, უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის გაწეული ხარჯები თანდათან სულ უფრო სერიოზულ პრობლემებს ქმნის და ბიუჯეტის დეფიციტის სახიფათო ზღვრამდე გაზრდის რისკებს შეიცავს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აშშ-ირანის შეთანხმების ფონზე უკვე დაიწყო ნავთობის ფასმა დაბლა დაწევა, რაც რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების პერსპექტივას კიდევ უფრო ამძიმებს.
დასკვნა
რუსეთს, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით სულ უფრო მეტი საფასურის გადახდა უწევს უკრაინასთან ომის გამო. ამ ფონზე, რეჟიმის მხარდამჭერი და მის მიმართ ლოიალურად განწყობილი საზოგადოებისთვის ცნობილი პირების მხრიდანაც გახშირდა უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვის შემთხვევები. კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევრის ალექსანდრე ბაუნოვის აზრით, რუსეთში სამი ურთიერთდაკავშირებული პროცესი ვითარდება. კერძოდ, იცვლება პუტინის მიმართ დამოკიდებულება, ქრება ოპტიმიზმი ეკონომიკის მიმართ და ხდება გაცნობიერება, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვება შეუძლებელია.
ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ოფიციალური მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება, დონბასის საკითხის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის გარეშე. კიევიც თავის მხრივ, არ აპირებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ დათმოს დონეცკის ოლქის არაოკუპირებული ტერიტორიები. ამდენად, უახლოეს მომავალში რუსეთ-უკრაინის ომში ესკალაციის კიდევ უფრო გაზრდაა მოსალოდნელი, ხოლო ესკალაციის მთავარი მიზანი კი, ორივე მხარისთვის, მათთვის მისაღები პირობებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაა.
[1] კაშინი სავარაუდოდ, გულისხმობს დონეცკის არაოკუპირებულ ნაწილს, რაც წარმოადგენს რუსეთის ხელისუფლების პოზიციას;
