რუსეთის მიდგომა და სტრატეგია აშშ-სთან მოლაპარაკებების პროცესში

რუსეთის მიდგომა და სტრატეგია აშშ-სთან მოლაპარაკებების პროცესში

ავტორი: გიორგი ბილანიშვილი

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შემდეგ, აშშ ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უკრაინისთვის  დახმარების გაწევასა და რუსეთზე პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის ზეწოლის განხორციელებაში. ბოლო ხანებში განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ ამ მხრივ ვითარება მკვეთრად იცვლება. ერთი მხრივ, დაიწყო აშშ-რუსეთის ურთიერთობების აღდგენა და დროის მოკლე მონაკვეთში ამ ორ ქვეყანას შორის შეინიშნება კონტაქტების მზარდი დინამიკა. მეორე მხრივ, კი ძალზედ გახშირდა პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელთა მხრიდან ხისტი და სკეპტიკური დამოკიდებულების გამოხატვა უშუალოდ პრეზიდენტ ზელენსკისა და ზოგადად უკრაინის მიმართ.

ამ ახალ რეალობაში უკრაინის პოზიციები სუსტდება. ამავე დროს, მოსკოვს ეძლევა იმის შანსი, რომ მან არა მხოლოდ უკრაინის საკითხი გადაწყვიტოს საკუთარი ინტერესების შესაბამისად, არამედ მკვეთრად გაიძლიეროს საკუთარი პოზიციები საერთაშორისო პოლიტიკაში და გაზარდოს საკუთარი გავლენა ევროპაში. როგორც ჩანს, მოსკოვს საკუთარი გათვლები აქვს გაკეთებული პრეზიდენტ ტრამპთან და ზოგადად, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. ასევე, მას გააჩნია უკრაინის საკითხზე აშშ-სთან მოლაპარაკებების წარმოების კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგია. სწორედ ამ ორი საკითხის – მოსკოვის მიერ გაკეთებული გათვლებისა და მოლაპარაკების სტრატეგიის მიმოხილვა და შეფასება წარმოადგენს ამ ბლოგის მთავარ მიზანს.

გათვლები პერსონალურ და საქმიან ურთიერთობებზე

11 თებერვალს, რუსეთში ციხიდან გაათავისუფლეს და ამერიკულ მხარეს გადასცეს 2021 წლის აგვისტოში ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით გასამართლებული აშშ-ის მოქალაქე მარკ ფოგელი, რომელსაც 14 წლიანი პატიმრობა ქონდა მისჯილი. ფაქტიურად, ამით დაიწყო აშშ-რუსეთს შორის ოფიციალური ურთიერთობების აღდგენა, რომელიც 2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეწყდა. თუმცა, ეს მოვლენა სხვა მხრივაც იყო მნიშვნელოვანი.  

ბაიდენის ადმინისტრაციამ უკანონოდ დაკავებულ პირთა სიაში ფოგელი მხოლოდ 2024 წლის ბოლოს შეიყვანა. მისი ოჯახის წევრები ბუნებრივია მანამდეც ზრუნავდნენ მისი რუსეთის ციხიდან გათავისუფლებაზე. ამ მიზნით, ფოგელის დედა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპს შეხვდა და მისგან დახმარების დაპირება მიიღო. ამდენად, ფოგელის ციხიდან გათავისუფლება ტრამპისთვის, გარკვეულწილად მაინც, პერსონალური საკითხი იყო. აქვე ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ ფოგელის გათავისუფლების თაობაზე რუსეთთან მოლაპარაკებებში წამყვანი როლი შეასრულა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა, რომელიც თავად ჩაფრინდა მოსკოვში, რათა ფოგელი აშშ-ი დაებრუნებინა.

ვიტკოფს, რომელიც უძრავი ქონების მაგნატია, ახალი ადმინისტრაციის ბევრი სხვა წარმომადგენლისგან განსხვავებით, წარსულში პოლიტიკური კარიერა არ ქონია, მაგრამ ტრამპთან  დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს. როგორც ჩანს მას, როგორც ტრამპთან დაახლოებულ პირს, ახალ ადმინისტრაციაში განსაკუთრებული როლი აკისრია. სწორედ მის დამსახურებად ითვლება ცოტა ხნის წინ ისრაელსა და ჰამასს შორის გაფორმებული შეთანხმება. ფოგელის გათავისუფლების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ვიტკოფი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთან მაიკ უოლცთან ერთად აშშ-ის მხრიდან რუსეთთან მთავარ მომლაპარაკებელთა გუნდში შევიდა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი გავლენა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში კიდევ უფრო გაიზარდა.

ინტერესს იმსახურებს ის გარემოებაც, რომ ფოგელის გათავისუფლებაზე ვიტკოფი მოლაპარაკებებს კირილ დმიტრიევთან აწარმოებდა, რომელიც 2011 წლიდან რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს ხელმძღვანელობს და კავშირები აქვს პუტინის უახლოეს გარემოცვასთან. საყურადღებოა ისიც, რომ დმიტრიევი მოხსენიებულია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში  რუსეთის შესაძლო ჩარევის თაობაზე მომზადებულ ანგარიშში, როგორც პირი რომელიც ცდილობდა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კონტაქტზე გასვლას. მას ჯერ კიდევ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადიდან მოყოლებული კავშირები აქვს ჯარედ კუშნერთან, რომელიც ტრამპის სიძე და ყოფილი წარმომადგენელია ახლო აღმოსავლეთის საკითხებში.

ფოგელის გათავისუფლების შემდეგ, მოსკოვმა დმიტრიევი უკვე ოფიციალურად ჩართო აშშ-სთან მოლაპარაკებებში. მან საგარეო საქმეთა მინისტრ ს. ლავაროვათან და საგარეო საკითხებში პუტინის მრჩეველ ი. უშაკოვთან ერთად ერ-რიადში 18 თებერვალს გამართულ აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში მიიღო მონაწილეობა. პრესასთან გაკეთებულ კომენტარში დმიტრიევმა აღნიშნა, რომ ოფიცალური შეხვედრის დაწყებამდე შეხვდა ტრამპის გუნდის წარმომადგენლებს. ამავე დროს, მან განსაკუთრებული ყურადღება აშშ-სთან ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზებაზე გაამახვილა. კერძოდ, ისაუბრა იმაზე, რომ   რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე აშშ-ის მსხვილ ნავთობ კომპანიებს სერიოზული ბიზნესი ქონდათ რუსეთში და მთლიანობაში, აშშ-ის კომპანიებმა რუსეთის დატოვების შემდეგ, დაახლოებით 300 მლრდ. აშშ დოლარის მოგება დაკარგეს. მისივე თქმით, რუსული მხარე თვლის, რომ აშშ-ის ნავთობის კომპანიებს შეუძლიათ რუსეთში დაბრუნება და ამასთან ერთად, დაინტერესებულია აშშ-სთან ერთად არქტიკაში ერთობლივი პროექტების განხორციელებაში. არაოფიციალური ინფორმაციით, აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებს დმიტრიევთან ერთად დაესწრნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც, რომლებიც არქტიკის საკითხებზე მუშაობენ. ეს ფაქტი აღნიშვნის ღირსია იქიდან გამომდინარე, როგორც პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემდეგ მალევე გამოჩნდა, ტრამპს განსაკუთრებული ინტერესი აქვს არქტიკის მიმართ. ყურადღებას იმსახურებს ისიც, რომ ერ-რიადის მოლაპარაკებებიდან ცოტა ხნის შემდეგ, პუტინის გადაწყვეტილებით, დმიტრიევი უცხოეთის ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. შესაბამისად, როგოც ჩანს, მისი მანდატი აშშ-სთან მოლაპარაკებებში კიდევ უფრო გაიზარდა.          

მოსკოვის მოლაპარაკების სტრატეგია

12 თებერვალს, გავრცელდა ინფორმაცია პრეზიდენტ ტრამპსა და ვლ. პუტინს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც დაახლოებით საათი და ოცდაათი წუთი გაგრძელდა. თავად აშშ-ის პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელ „Truth Social“-ში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, სატელეფონო საუბრისას განიხილეს უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის, ენერგეტიკის, ხელოვნური ინტელექტის, დოლარის სიძლიერისა და სხვა თემები. თვლაში საცემი იყო ის გარემოება, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ სატელეფონო საუბარს უაღრესად პოზიტიურად აფასებდა და მისი და პუტინის შეხედულებათა თანხვედრაზე მიუთითებდა. 

ამავე თემაზე, კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე იკვეთებოდა პოზიტივი, თუმცა, ამავე დროს, ირიბად ჩანდა ერთგვარი განსხვავება ტრამპისა და პუტინის მიდგომებს შორის. კერძოდ, ტრამპის პოსტისგან განსხვავებით, უკრაინის თემა ცალკე იყო გამოყოფილი და მხოლოდ განცხადების მეორე ნაწილში იყო ნახსენები სხვა თემები. ამავე დროს, განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ტრამპმა ისაუბრა საბრძოლო მოქმედებების უმოკლეს დროში შეწყვეტასა და პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრის თაობაზე. ხოლო პუტინმა კი, კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და დაეთანხმა პრეზიდენტ ტრამპს, რომ კონფლიქტის  გრძელვადიანი მოგვარება მშვიდობიანი მოლაპარაკებების შედეგად შეიძლება იყოს მიღწეული. ნიშანდობლივია ისიც, რომ შემდგომ დღეებში, სწორედ ძირეული მიზეზების აღმოფხვრის აუცილებლობაზე გაკეთდა აქცენტი პუტინის პრეს-სპიკერის პესკოვის მხრიდან.    

სხვადასხვა დროს რუსი პოლიტიკოსებისა და საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან უკრაინის თემაზე გაკეთებული განცხადებებიდან და შეფასებებიდან გამომდინარე, შესაძლოა გარკვეული დასკვნების გამოტანა, თუ რას გულისხმობს მოსკოვი, როდესაც იგი კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრაზე საუბრობს. კერძოდ, ამაში არ იგულისხმება მხოლოდ უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები, ისეთი მაგალითად, როგორიც არის უკრაინის NATO-ში არაგწევრიანების პირობა ან სულაც ნეიტრალიტეტის გამოცხადება. მოსკოვი ძირეულ მიზეზებში სავარაუდოდ გულისხმობს უსაფრთხოების ახალი მექანიზმების ჩამოყალიბებას, რომელიც მათ შორის NATO-ს გაფართოების პოლიტიკის რევიზიას მოიცავს. ამით მოსკოვი, , ცდილობს გააცოცხლოს 2021 წლის დეკემბერში მის მიერ შემუშავებული ორი დოკუმენტი. კერძოდ, საუბარია აშშ-სთან უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე შეთანხმებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების თაობაზე ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან ხელშეკრულებაზე.

დასკვნა

მოსკოვის მიზანი ცხადია არ არის ცეცხლის შეწყვეტა და უბრალოდ ომის დასრულება უკრაინაში. მისი მიზანია ომის დასრულება ისე, რომ ეს აღიარებული იყოს  რუსეთის უპირობო გამარჯვებად.  მოსკოვის გადასახედიდან, „უპირობო გამარჯვება“, სავარაუდოდ, უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს როგორიცაა: ლუგანსკზე, დონეცკზე, ხერსონსა და ზაპოროჟიაზე სრული კონტროლის მოპოვება; უკრაინაში არსებული ხელისუფლების შეცვლა მოსკოვის მიმართ ლოიალური რეჟიმით; უკრაინაში რუსული ენისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსის დაკანონება; უკრაინის ნეიტრალიტეტი; რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა.

თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მოსკოვი უკრაინის კონფლიქტის აღმოფხვრის ძირეულ მიზეზებზე ამახვილებს ყურადღებას, მისი მოთხოვნა, სავარაუდოდ, ცდება ზემოხსენებულ საკითხებს და მიზნად ისახავს ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის დასუსტებას, რაც ხელსაყრელ ნიადაგს შექმნის ევროპაში რუსეთის გავლენის გაძლიერებისთვის. შესაძლოა ეს იყოს ამ ეტაპზე მოსკოვის მიერ მოლაპარაკებებში არჩეული ერთგვარი ტაქტიკა, რომლის დროსაც იგი აყენებს მაქსიმალურ მოთხოვნებს, რათა დაკმაყოფილდეს რუსეთის „უპირობო გამარჯვებისთვის“ აუცილებელი მოთხოვნები. საკუთარი მიზნის მისაღწევად, მოსკოვის მნიშვნელოვანია ტრამპის ადმინისტრაციასთან გარიგება, რისთვისაც იგი აქცენტს ეკონომიკურ სარგებელზე აკეთებს. ასეთი გარიგების შემთხვევაში გაიზრდება პირდაპირი ზეწოლა უკრაინაზე, ხოლო ირიბი კი ევროპის ქვეყნებზე.

18 თებერვალს, ერ-რიადში გამართული აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები და მას შემდეგ განვითარებული პროცესები აჩვენებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან გარიგება საკმაოდ რეალურია. მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინასთან მიმართებაში განიხილება სამ ეტაპიანი გეგმა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისგან, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების  ჩატარებისა და სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერისგან შედგება. ამ ეტაპზე, როგორც ჩანს აქცენტი უკრაინაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზეა გაკეთებული. ამაზე მიუთითებს აშშ-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის მიერ გაკეთებული ხისტი განცხადებები პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ, რომელშიც მკაფიოდ იკვეთება უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნა. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან მიმართებაში ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია ამ ეტაპზე მკვეთრად განსხვავდება მისი წინამორბედის ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციისგან, უკრაინა მნიშვნელოვანი წნეხის ქვეშ ექცევა. ამ წნეხის შემსუბუქება, გარკვეულწილად მაინც, უკრაინის მიმართ ევროპის სამხედრო-პოლიტიკური დახმარების გაძლიერების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.