ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, UGSPN-ის უფროსი მკვლევარი
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის მიერ 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაციის ფონზე, უცხოელ ანალიტიკოსთა და ექსპერტთა უმეტესობა რუსეთთან მიმართებაში ძირითადად ყურადღებას ამახვილებს სოლიდურ ფინანსურ შემოსავლებზე, რასაც რუსეთის იღებს ნავთობის ფასისა და რუსულ ნავთობზე მოთხოვნის გაზრდის გამო. ეს მართლაც ასეა რადგან, თუ ირანის ომამდე რუსული ნავთობი ფასდაკლებით იყიდებოდა (ასე მაგალითად, თებერვალში საშუალოდ 44.6 აშშ დოლარი ერთი ბარელი), ამჯერად, მთელ რიგ შემთხვევაში მისი ფასი ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ფასს აჭარბებს, რაც ნიშნავს, რომ მისი ღირებულება ორჯერ უფრო მეტად გაზრდილია. ბარელზე 10 აშშ დოლარით ფასის გაზრდის შედეგად კი, რუსეთი ყოველთვიურად 1.1-1.2 მლრდ. აშშ დოლარის დამატებით შემოსავალს იღებს.
ამავდროულად, უნდა ითქვას, რომ რუსეთისთვის ახლო აღმოსავლეთის კრიზისის უკვე დამდგარი და სამომავლო შედეგები ბევრად უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური განზომილების თვალსაზრისით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვისთვის ირანი უფრო მეტია ვიდრე რეგიონალური პარტნიორი, რადგან იგი რუსეთთან და ჩინეთთან ერთად შედის იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებიც დასავლეთის გავლენის შემცირებასა და ახალი, მათთვის უფრო ხელსაყრელი, საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებას ცდილობენ. შესაბამისად, მოსკოვი დაინტერესებულია ირანში მოკავშირე რეჟიმის შენარჩუნებით. ამასთან ერთად, მისთვის მნიშვნელოვანია, როგორც აშშ-თან და ისრაელთან, ისე არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობები. გარდა ამისა, შეიძლება გამოიყოს ისეთი საკითხები, როგორიც არის ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციის გავლენა აშშ-ს პოზიციებზე საერთაშორისო პოლიტიკაში, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებსა და რუსეთის მიზნებზე უკრაინაში. ამდენად, გაზრდილი შემოსავლები მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია რუსეთისთვის. რეალურად, მისი პოზიციონირება ახლო აღმოსავლეთის კრიზისთან მიმართებაში და ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო კამპანიის მიზნების აღქმა მოსკოვის მიერ რამდენიმე სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს.
რუსეთის პოლიტიკური პოზიცია
რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, პუტინმა პირველად საკუთარი პოზიცია ახლო აღმოსავლეთში შექმნილ კრიზისზე 1 მარტს გამოხატა, როდესაც ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა „ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების ცინიკურ დარღვევად“ შეაფასა, თუმცა მას აშშ და ისრაელი არ უხსენებია. ამავე ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ინფორმაცია პუტინის მიერ ირანის, აშშ-სა და არაბული ქვეყნების ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრების შესახებ. ამ ინფორმაციის შეჯერების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მიუხედავად, პუტინი თეირანის მკვეთრ მხარდაჭერას არ გამოხატავს და იგი უფრო მეტად ნეიტრალურად პოზიციონირებს. ეს მიდგომა სხვადასხვა ფაქტორებით შეიძლება აიხსნას. მათ შორის, იმითაც, რომ პუტინს სურს მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ახლო აღმოსავლეთის კრიზისის განმუხტვაში, რაც გაზრდიდა მის პოლიტიკურ წონას საერთაშორისო ასპარეზზე და გავლენას ამ კრიზისში ჩართულ აქტორებზე. პუტინს მედიატორის როლის მორგების მცდელობა გასული წლის აგვისტოშიც ჰქონდა, როდესაც პირველად განხორციელდა აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანია ირანის წინააღმდეგ, თუმცა მისი ეს შეთავაზება პრეზიდენტმა ტრამპმა არ მიიღო. ამჯერადაც, იგი ცდილობდა ტრამპთან შეეთანხმებინა ირანში არსებული გამდიდრებული ურანის რუსეთში გატანის საკითხი, რაც მას ამ კონფლიქტის დარეგულირების პროცესშიც და მის მიღმაც მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც, მისი ეს შეთავაზება ტრამპმა უარყო.
გარკვეულწილად განსხვავებული სურათი იქმნება ირანის გარშემო განვითარებული პროცესებზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებებისა და უშუალოდ მინისტრ ლავროვის მიერ გამოხატული პოზიციების შინაარსის შეჯერების შედეგად. კერძოდ, საგარეო უწყებისა და ლავროვის ტონი უმეტეს შემთხვევაში ისრაელის და აშშ-ს მიმართ ხისტი და საკმაოდ კრიტიკულია. თუმცა, რეტროსპექტიულად თუ გადავხედავთ ამავე აქტორების პოზიციებს აშშ-ს მედიაციით უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებისა და აშშ-რუსეთის ურთიერთობების თემაზე, დავინახავთ, რომ მათ ამ შემთხვევაშიც უფრო ხისტი მიდგომა გააჩნდათ. ამის საპირისპიროდ, თავად პუტინის, მისი პრეს-სპიკერის პესკოვის, აშშ-თან ურთიერთობებში უშუალოდ ჩართული პუტინის თანაშემწის უშაკოვისა და პუტინის სპეციალური წარმომადგენლის დმიტრიევის პოზიციები იგივე თემებზე ზომიერი და კონსტრუქციულია. შესაბამისად, ირანის გარშემო განვითარებულ პროცესებთან მიმართებაშიც ბუნებრივია არ მომხდარა პოზიციების ერთგვარი აცდენა, არამედ სტრატეგიულად გადანაწილდა როლები სხვადასხვა აქტორებს შორის.
ამასთანავე, განცხადებებისა და შეფასებების მიღმა საჯარო ქმედებებში ოფიციალური მოსკოვი დიდად არ ამჟღავნებს ირანის მხარდაჭერას. ასე მაგალითად, რუსეთი მართალია არ მიუერთდა, მაგრამ არც ვეტოს უფლება გამოიყენა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დასაბლოკად, რომელმაც დაგმო ირანის მიერ მეზობელ არაბულ ქვეყნებზე განხორციელებული სარაკეტო იერიშები. ამ შემთხვევაში მოსკოვის პოზიცია აშშ-ს და ისრაელის ინტერესების გათვალისწინებაზე უფრო მეტად, ალბათ, მაინც თავად არაბული ქვეყნებთან პარტნიორობამ განაპირობა. მათ შორის, განსაკუთრებით არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან, რომელიც სანქციების ქვეშ მოქცეული რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ლოგისტიკური და ფინანსური ჰაბია და ასევე საუდის არაბეთთან, რომელიც რუსეთის მთავარი პარტნიორია OPEC+-ში.
ახლო აღმოსავლეთის კრიზისის გავლენა ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე
ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული ქმნიდა მოსკოვისთვის ერთგვარ შესაძლებლობას, რათა მას უფრო აქტიური პოზიციონირება მოეხდინა საერთაშორისო პოლიტიკაში საკუთარი ინტერესების წინ წასაწევად. დღეისათვის, როდესაც რუსეთი აწარმოებს ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას, რომლის სამიზნე არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოშლაა, მოსკოვისთვის კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა ურთიერთობათა დინამიკამ ნატოს წევრ ქვეყნებს შორის. უნდა ითქვას, რომ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებასთან ერთად გაჩნდა გარკვეული სირთულეები ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში. ამავდროულად, შეიცვალა ტრამპის ადმინისტრაციის მოდგომა უკრაინის მიმართ, რადგან შესუსტდა მისი მხარდაჭერა, აღდგა ურთიერთობები რუსეთთან და დაიწყო ზეწოლა უკრაინაზე, რათა იგი წავიდეს დათმობებზე მოსკოვთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით.
28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის ფონზე თავი იჩინა ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში არსებული პრობლემების გაღრმავების ტენდენციამ. თავისთავად, უარყოფითად უნდა შეფასდეს ის, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების თაობაზე ვაშინგტონს ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში თავის პარტნიორებთან კონსულტაციები არ ჰქონია. სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, თავდაპირველად, ურთიერთობები გართულდა აშშ-სა და ესპანეთს შორის, რადგან მადრიდმა უარი უთხრა ვაშინგტონს ესპანეთის ტერიტორიაზე არსებული ერთობლივი დაქვემდებარების (აშშ-ესპანეთი) საავიაცო ბაზის გამოყენებაზე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში. ამის გამო ტრამპმა ესპანეთის მიმართ ძალზედ ხისტი პოზიცია დაიკავა. შემდეგ მან გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და სკეპტიკური დამოკიდებულება გამოხატა ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერების მიმართ, რადგან უკმაყოფილო დარჩა მათი მხრიდან ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერის ხარისხით. მოგვიანებით, მისი ტონი მკვეთრად კრიტიკული გახდა, როდესაც მან ტრანსატლანტიკური მოკავშირეები სიმხდალეში დაადანაშაულა. ხოლო, ბოლოს, აშშ-ს პრეზიდენტმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი არ გამორიცხავდა აშშ-ს ნატოდან გასვლის შესაძლებლობის განხილვას. იგივე პოზიცია აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც დაადასტურა.
ნატოს მიმართ პრეზიდენტ ტრამპის სკეპტიკური დამოკიდებულება სიახლეს არ წარმოადგენს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი, თავის წიგნში, რომელიც 2020 წელს დაიბეჭდა, ღიად საუბრობდა იმაზე, რომ პირველი საპრეზიდენტო ვადისას ტრამპი ძალიან ახლოს იყო ნატოდან გამოსვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან. ასევე, იგი 2022 წელს The Washington Post-თან საუბარში აცხადებდა, რომ ტრამპი აშშ-ს გაიყვანდა ნატოდან, 2020 წელს მეორე ვადით რომ აერჩიათ აშშ-ს პრეზიდენტად. ევროპის ქვეყნების ლიდერებისთვისაც ტრამპის დამოკიდებულება სიახლედ არ უნდა ჩაითვალოს. მათ ტრამპის ადმინისტრაციის განსხვავებული მიდგომა ევროატლანტიკური პარტნიორობის მიმართ კარგად აქვთ გაცნობიერებული და დაწყებული აქვთ ზრუნვა საკუთარი თავდაცვისა უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებაზე (უფრო მეტი ამ თემაზე შეგიძლიათ აქ იხილოთ).
ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის ფონზე ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებები ნატოდან შესაძლო გასვლაზე ლოგიკურია ზოგადად ამ ადმინისტრაციის პოლიტიკიდან გამომდინარე. თუმცა, მეორე მხრივ, შექმნილი რეალობა საპირისპიროს აჩვენებს. კერძოდ იმას, რომ არა მხოლოდ პარტნიორებს სჭირდებათ აშშ-ს მხარდაჭერა, არამედ აშშ-თვისაც ასეთი მხარდაჭერის არსებობა ძალზედ მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება. ტრამპი ერთპიროვნულად ვერ მიიღებს ნატოს დატოვების გადაწყვეტილებას. 2023 წელს კონგრესის მიერ მიღებული კანონის თანახმად, ამისათვის სენატის ორი-მესამედის თანხმობაა საჭირო. თანაც, შემოდგომაზე გასამართი კონგრესის არჩვენების წინ ტრამპის რეიტინგი ყველაზე დაბალია და ამ ფონზე, ნატოდან გამოსვლის გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო მეტად დააზიანებს, როგორც პრეზიდენტის, ისე რესპუბლიკური პარტიის რეიტინგის. ამასთან, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფონზე, ექსპერტთა უმეტესობა ვარაუდობს, რომ შემოდგომაზე დანიშნულ არჩვენების შედეგების მიხედვით, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში დემოკრატები მოვლენ უმრავლესობაში. ასეთ შემთხვევაში ტრამპის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის რეალური რესურსი გაჩნდება.
რაც შეეხება მოსკოვს, ცხადია, როგორც ზემოთ ვახსენეთ, მისთვის ევროატლანტიკურ ერთიანობაში გაჩენილი ბზარი დადებითი მოვლენაა. სხვა საკითხია, რამდენად ქმნის ამჟამად შექმნილი ვითარება რეალურ შესაძლებლობას მოსკოვისთვის საკუთარი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის წინ წასაწევად. შექმნილი მდგომარეობა არსებითად სიახლეს არ წარმოადგენს. იგი უფრო მეტად აქამდე არსებული ტენდენციის გაგრძელებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტენდენცია საკმაოდ მყარია და უკვე ერთი წელია გრძელდება აქამდე მოსკოვმა ხელშესახები შედეგი ვერც უკრაინასთან და ვერც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მოშლასთან დაკავშირებით ვერ მიიღო.
ამასთან, თუ დავაკვირდებით რუსეთის საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლთა შეფასებებს დავინახავთ, რომ მოსკოვის გადასახედიდან უფრო მნიშვნელოვანი ის შედეგებია, რომლებიც რეალურად დადგება ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ და ასევე იმის განსაზღვრა, თუ რეალურად რა მოტივაცია ამოძრავებდა ტრამპის ადმინისტრაციას, როდესაც მან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში რუსეთში ერთ-ერთი გამორჩეული ექსპერტის ფიოდორ ლუკიანოვის აზრით, ირანის გარშემო მოვლენათა განავითარება ფართო განზომილებაში უნდა მოთავსდეს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში რეგიონალური წესრიგის მოშლას ისახავს მიზნად. მისი შეფასებით, ეს პროცესი ჯერ კიდევ 1991 წელს სპარსეთის ყურეში პირველი ომით დაიწყო, შემდეგ გაგრძელდა 2003 წელს ერაყის ომით და ისეთი მოვლენებით, როგორიც არაბული გაზაფხული, სირიაში და ლიბიაში ომებია. ნაციონალურ კვლევით უნივერსიტეტთანარსებული მსოფლიო ეკონომიკისა და სტრატეგიის ინსტიტუტის (НИУ ВШЭ) დირექტორის დიმიტრი ტრენინის აზრით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებით ტრამპმა საბოლოოდ თქვა უარი თავდაპირველად გაცხადებულ მიზნებზე და ვაშინგტონის ტრადიციულ გლობალურ დღის წესრიგს დაუბრუნდა, თანაც ძალის ღიად გამოყენებით. მისი შეფასებით, ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგაც აშშ რუსეთის მოწინააღმდეგედ დარჩა უკრაინის საკითხში. ტრენინი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ როგორც ირანის, ისე უკრაინის თემებზე, აშშ-ს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებლები ვიტკოფი და კუშნერი იყვნენ. ეს შემთხვევითი სულაც არ არის, რადგან „მომლაპარაკებლების საკითხს“ ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ რუსეთის სხვადასხვა პროპაგანდისტულ გადაცემებში, სადაც ხაზს უსვამენ მათ არაკეთილსინდისიერებას, იმ კუთხით, რომ მოლაპარაკებების პროცესი აშშ-ს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მოსამზადებლად შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც ეს მათი შეფასებითб ირანის შემთხვევაში მოხდა.
ვალდაის კლუბის პროგრამების დირექტორის ივან ტიმოფეევის შეფასებით, ირანზე შეტევამ აჩვენა, რომ სახელმწიფოს ლიდერები და მაღალჩინოსნები პრიორიტეტული სამიზნეები გახდნენ. მისი აზრით, რუსეთში კარგად აცნობიერებენ პრეზიდენტის და მაღალი რანგის ჩინოვნიკების მიმართ არსებულ საფრთხეს. იგი, ასევე ამტკიცებს, რომ სანქციების შემდეგ სამხედრო ძალის გამოყენება დამკვიდრებული პრაქტიკაა და საომარი ხასიათის კონფლიქტები რუსეთსა და დასავლეთს შორის ამა თუ იმ ფორმით გარდაუვალია. ამ და კიდევ არაერთი რუსი ექსპერტის მოსაზრებების გაცნობის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, აშშ არ გამოვიდეს გამარჯვებული ამ კონფლიქტიდან მით უმეტეს ისე, რომ ირანში რეჟიმის შეცვლა მოახერხოს. შესაბამისად, ნათელია, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების ნორმალიზების ფონზეც კი რუსეთში აშშ-ს კვლავაც მთავარ მოწინააღმდეგედ ხედავენ, თანაც გრძელვადიან პერსპექტივაში.
დასკვნა
რუსეთი ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას განიხილავს მანამდე მომხდარი და მიმდინარე მოვლენების ჯაჭვში. ასეთი მოვლენები მოსკოვის გადასახედიდან სირიაში და ვენესუელაში რუსეთის მოკავშირე ხელისუფლებების შეცვლაა. ამავე კონტექსტში თავსდება მოსკოვისთვის კუბაში განვითარებული პროცესები (უფრო მეტი ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ აქ). შესაბამისად, მოსკოვისთვის ირანის შემთხვევა წარმოადგენს აშშ-ს სწრაფვას გააძლიეროს საკუთარი გავლენა საერთაშორისო ასპარეზზე. მათ შორის, აშშ-ს მიერ ენერგო რესურსებზე კონტროლის მოპოვების მცდელობის თვალსაზრისით, რაც რელევანტურია, როგორც ვენესუელას, ისე ირანის შემთხვევაში, რადგან არსებული მონაცემებით ეს ქვეყნები პირველ და მესამე ადგილზე არიან ნავთობის მარაგით, ხოლო გაზის მარაგით ირანი პირველ, ხოლო ვენესუელა მერვე ადგილს იკავებს.
თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მოსკოვისთვის ირანის კონტექსტი უფრო ფართოა და მისი შემდგომი ყველაზე უარესი განვითარების სცენარი აშშ-თან შეიარაღებული კონფრონტაციაა. ამდენად, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ ირანთან უპირობო გამარჯვება არ მოიპოვოს და ვენესუელას მსგავსად, იქაც არ მოახერხოს ხელისუფლების სათავეში ვაშინგტონისთვის მისაღები პირის მოყვანა. ასეთი ხედვის მიუხედავად, მოსკოვი ფრთხილად მოქმედებს, რადგან არ დააზიანოს ტრამპის ადმინისტრაციასთან, ისრაელთან და არაბულ ქვეყნებთან არსებული ურთიერთობები. თუმცა, ამ გარემოების მიღმაც, უკრაინის აგრესიით დაკავებულ რუსეთს, ირანისთვის აქტიური დახმარების რესურსი დიდად არ გააჩნია.
ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ მოსკოვიც და სავარაუდოდ, პეკინიც ირანის გარშემო განვითარებულს პროცესებს აშშ-თან ფართო გეოპოლიტიკური დაპირსპირების კონტექსტში აღიქვამენ, იზრდება რუსეთსა და ჩინეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ალბათობა, რაც შესაძლოა შესაბამის შეთანხმებებშიც აისახოს. წელს იწურება ჩინეთსა და რუსეთს შორის „კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის“ თაობაზე 2001 წელს გაფორმებული შეთანხმების ვადა და დაწყებულია მუშაობა მის განახლებაზე. არ არის გამორიცხული, რომ განახლებულ შეთანხმებაში უფრო მკაფიო ფორმულირებები აისახოს ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთდახმარებასა და თანამშრომლობის თაობაზე.
