საქართველო – სტრატეგიული სადაზვერვო კვანძი

საქართველო – სტრატეგიული სადაზვერვო კვანძი

ავტორი: კოტე იოსელიანი

ტექნოლოგიური განვითარება და გლობალიზაცია ინფორმაციის მოპოვების და მისი გამოყენების ახალ შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა სადაზვერვო საქმიანობის ტრადიციული მეთოდები კვლავ რჩება უსაფრთხოების და სახელმწიფო ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერებისას მთავარი პრიორიტეტი მისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თანმიმდევრულობაა. აქედან გამომდინარე, სახელწიფოს უსაფრთხოების გაძლიერებაზე საუბრისას ძირითადად ვსაუბრობთ მის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტებზე. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებას, შესაძლოა მოჰყვეს რადიკალური ცვლილებები აღნიშნულ სფეროებშიც. არც ერთ სამართლებრივ სახელმწიფოში ეროვნული უშიშროების საქმიანობა რადიკალურად არ იცვლება ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ. შესაბამისად, უსაფრთხოების სფეროს ფუნქციონირების პრაქტიკა, მიზნები და პრიორიტეტები შეიძლება ითქვას რომ სტატიკურია და ამიტომაც ვსაუბრობთ მასზე იშვიათად. სინამდვილეში სპეცსამსახურების როლი მარტივი ასახსნელია, კონტრდაზვერვა ეძებს მტრებს, დაზვერვა ეძებს მეგობრებს, ყველა სხვა მიმართულება ამ ორი გენერალური ხაზის შემადგენელი ნაწილია.

საერთო ჯამში, შპიონაჟის მეთოდები მოიცავს ჯაშუშური ქსელების მართვას, აგენტების გადაბირებას, კიბეროპერაციებსა და ტექნოლოგიური დაზვერვის საშუალებების გამოყენებას. ორმაგი აგენტები ხშირად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რადგან ისინი ერთდროულად ორი მხარისთვის მუშაობენ, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში სერიოზულ გამოწვევებს ქმნის. მთავრობები ტექნოლოგიებსა და იდეებს იპარავდნენ კონკურენტების დასასუსტებლად ან ინოვაციების კოპირებისათვის. ამ მიმართულებით ძირითადად საქმიანობენ არაოფიციალური საფარით („NOC – Non-Official Cover “) მოქმედი აგენტები, რომლებიც თვითონ ქმნიან საკუთარი ლეგენდას, როგორც, ბიზნესმენი, მეცნიერი, სტუდენტი და აშ. ჯაშუში, როგორც წესი, არ არის სპეცსამსახურების პროფესიონალი თანამშრომელი. იგი შეიძლება იყოს მოხალისე ან რეკრუტირებული. მისი მოტივაცია კი სხვადასხვაგვარია: იდეოლოგია, პატრიოტიზმი, ფინანსური სარგებელი, შანტაჟი ან თუნდაც სასიყვარულო ურთიერთობები.  მთავარია, რომ მას ჰქონდეს წვდომა ღირებულ ინფორმაციაზე.

სადაზვერვო საქმიანობა მრავალეტაპიანი და კომპლექსური პროცესია, რომელიც ზუსტ დაგეგმვასა და კოორდინაციას მოითხოვს. ყველაფერი იწყება დაგეგმარებით, რომლის ფარგლებშიც ხელისუფლება განსაზღვრავს, რა ტიპის ინფორმაციაა საჭირო ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული ინტერესებისთვის. ამის შემდეგ იწყება შეგროვების ფაზა, სადაც საქმეში ერთვებიან აგენტები, ჰაკერები და ტექნიკური ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მეთოდით – დაკვირვებით, კიბერშეტევებით ან საიდუმლო ოპერაციებით ცდილობენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მონაცემების მოპოვებას. მოპოვებული ინფორმაცია დამუშავების ეტაპზე გადის, სადაც იგი დახარისხდება და სტრუქტურირდება. ანალიზის პროცესში ფასდება ინფორმაციის მნიშვნელობა, აკავშირებენ სხვადასხვა წყაროებს და იკვეთება მნიშვნელოვანი დასკვნები. საბოლოოდ, მიღებული შედეგები გადაეცემა ხელისუფლებას, რომელიც ამ ინფორმაციას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისთვის იყენებს.

თანამედროვე და გლობალიზებულ სამყაროში ინფორმაცია ძლიერი იარაღია. დაზვერვის სამსახურები, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სულ უფრო დახვეწილ მეთოდებს იყენებენ, თუმცა ტრადიციული მეთოდები კერძოდ, აგენტების და რეზიდენტების განთავსება სტრატეგიულ ქალაქებში დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ პრაქტიკად. ამ კუთხით ნიუ-იორკი თანამედროვე დაზვერვის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჰაბია, რადგან აქ კონცენტრირებულია აშშ-ის ფინანსური ცენტრი და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინა. ქალაქი არამხოლოდ ამერიკული, არამედ უცხოური დაზვერვის სამსახურების მთავარი სამოქმედო არენაა, სადაც ფინანსური და პოლიტიკური სადაზვერვო ოპერაციები მუდმივად მიმდინარეობს. ხოლო, ჟენევა როგორც დიპლომატიური ურთიერთობების გლობალური ცენტრი, საიდუმლო მოლაპარაკებებისა და კულუარული შეხვედრებისთვის ყოველთვის იყო მიმზიდველი. იქ განთავსებულია 150-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია, რაც დაზვერვის სამსახურებს შესაძლებლობას აძლევს, შეაგროვონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ ჟენევაში ასევე, მიმდინარეობს სერიოზული მასშტაბების საბანკო საქმიანობა. ტრადიციულ სადაზვერვო ჰაბებს ასევე მიეკუთვნება ვენა, ნეიტრალიტეტით ცნობილი ავსტრიის დედაქალაქი, რომელიც უკვე წლებია ჯაშუშური ქსელების თავშესაფრად არის ქცეული. აქ რეგულარულად იმართება საერთაშორისო მოლაპარაკებები, სადაც სადაზვერვო სამსახურები ცდილობენ ოპონენტების გეგმების გამოვლენას. ბრიუსელი, როგორც ევროკავშირის და NATO-ს შტაბბინის ლოკაცია, ევროპული დაზვერვის ცენტრად ითვლება. აქ მოქმედებენ როგორც ოფიციალურად დეკლარირებული სადაზვერვო ოფიცრები, ასევე არაოფიციალური აგენტები, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკურ და სამხედრო გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას.

როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო სადაზვერვო ჰაბებზე, თითქმის ყველა ნაშრომი და სტატია ერთი და იგივე ქალაქების ჩამონათვალს გვთავაზობს. კერძოდ, სადაზვერვო სამყაროს ნაკლებად თვალსაჩინო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვან ჰაბებს შორისაა ნიქოზია, კვიპროსის დედაქალაქი, რომელიც ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის დაზვერვის ოპერაციებისთვის იდეალურ ლოკაციას წარმოადგენს. აქ განსაკუთრებით აქტიურია რუსული დაზვერვის ქსელები, რასაც ფინანსური კავშირებიც ამტკიცებს. ერთ დროს ითვლებოდა, რომ რუსული კომპანიები აკონტროლებდნენ კვიპროსის აქტივების დაახლოებით 80 პროცენტს, რის გამოც კუნძულმა მიიღო მეტსახელი „მოსკოვი ხმელთაშუა ზღვაზე“. კუნძული, გაყოფილია ჩრდილოეთში თურქეთის მიერ მხარდაჭერილ სახელმწიფოდ და სამხრეთით საერთაშორისოდ აღიარებულ კვიპროსის რესპუბლიკად, რომელიც კუნძულის დანარჩენ ნაწილს აკონტროლებს. ნიქოზია, მისი დედაქალაქი, გაყოფილ ქალაქად რჩება 1974 წლის თურქების შეჭრის შემდეგ. შესაბამისად, კუნძულზე უკიდურესად დიდია ბერძნული და თურქული ინტერესებიც.

ბანგკოკი ტაილანდში 1984 წლიდან დასავლური დაზვერვის საიდუმლო ოპერაციების ცენტრად ითვლება. ჩინეთის სიახლოვე მას სტრატეგიულად მიმზიდველ ჰაბად აქცევს, რაც მასზე დაკვირვებას განსაკუთრებით პრიორიტეტულად ხდის. მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა ის პირობები, რომლებიც ბანგკოკს აქცევდა სადაზვერვო აქტივობების მნიშვნელოვან წერტილად – სტრატეგიული მდებარეობა, ნეიტრალიტეტი და სისტემური სისუსტეები კვლავაც შენარჩუნებულია, რაც განაპირობებს მის მნიშვნელოვან როლს, როგორც სადაზვერვო ჰაბი. ბანგკოკში ხალხის გადაადგილება, მათი ვინაობა და პირადი ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩინურმა სადაზვერვო სამსახურებმა წარმატებით მოიპოვეს ბიომეტრიული მონაცემები ქალაქის აეროპორტზე ჰაკერული შეტევის შედეგად.

აფრიკაში, პატარა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოდ ითვლება ჯიბუტი, სადაც აშშ-ის, ჩინეთის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების სამხედრო ბაზებია განლაგებული. ბაბ ელ-მანდების სრუტე, რომელიც ჯიბუტისა და იემენს – შესაბამისად აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთს – ერთმანეთისგან 30 კილომეტრით ჰყოფს, ნავთობის გადაზიდვის მთავარი მარშრუტია და საზღვაო გზის კონტროლის სტრატეგიული წერტილი. ეს ქვეყანა ფაქტობრივად საერთაშორისო დაზვერვის მთავარი მოთამაშეების დაპირისპირების არენად იქცა. 2017 წელს ჩინეთმა აქ თავისი პირველი „საზღვარგარეთის“ სამხედრო ბაზა გახსნა. ქალაქის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარეობს „კემპ ლემონიე“ – აშშ-ს აფრიკის სარდლობის მთავარი ბაზა, რომელიც სპეციალური ოპერაციებისა და დრონების მისიებისთვის სტრატეგიულ ცენტრია. 2018 წელს CIA-მ ჯიბუტის სადაზვერვო სამსახურებს Pegasus-ის პროგრამაც მიაწოდა. Pegasus-ს შეუძლია მოწყობილობაზე შეღწევა ისე, რომ მომხმარებელმა არაფერი გაიგოს. მაგალითად, პროგრამა ხშირად იყენებს iMessage-ის, WhatsApp-ის ან SMS-ის სისუსტეებს, რაც მის დაყენებას მომხმარებლის მოქმედების გარეშე ხდის შესაძლებელს.

ლათინური ამერიკის მნიშვნელოვანი სადაზვერვო კვანძი მეხიკოა, რომელიც აშშ-ის საზღვართან სიახლოვის გამო ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ქვეყნის აგენტების მიერ ამერიკის ტერიტორიაზე შეღწევისთვის. რუსი, ჩინელი, ირანელი და კუბელი აგენტები მექსიკას მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპოვებლად ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად მიიჩნევენ.

ბოლო წლებში დუბაი არა მხოლოდ ფინანსური და კომერციული ცენტრი, არამედ ახლო აღმოსავლეთის დაზვერვის სამსახურების დაპირისპირების ეპიცენტრიც გახდა. სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები იყენებენ მის გლობალურ კონტაქტებს, ინვესტიციებსა და ციფრულ ინფრასტრუქტურას სადაზვერვო ოპერაციების განსახორციელებლად. ეს ქალაქი იქცა როგორც ინფორმაციის შეგროვების, ასევე სადაზვერვო კავშირების დამყარების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ წერტილად. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ 2010 წელს ჩატარებული სპეცოპერაცია, სადაც მოსადის წარმომადგენლებმა, ყალბი პასპორტებით მოგზაურობისას, დუბაის ერთ-ერთ მაღალი კლასის სასტუმროში „ჰამასის“ წევრი მოკლეს. ხშირ შემთხვევაში, სადაზვერვო ოპერაციები ჩრდილში რჩება. თუმცა, დუბაი მთელი მისი ფინანსური, საინვესტიციო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით აშშ-ირანის მეტოქეობის ერთერთ ფარულ არენას წარმოადგენს.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განლაგებული ეს დაზვერვის ჰაბები ცივი ომის დროინდელი პრაქტიკის გაგრძელებაა, თუმცა ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის ფონზე ისინი კიდევ უფრო დახვეწილი და რთულად გასაშიფრი გახდნენ. ეს ქალაქები, თითოეული თავისი უნიკალური მახასიათებლით, საერთაშორისო ჯაშუშობის ქსელის კრიტიკულ ნაწილს წარმოადგენენ.

აღნიშნულ კონტექსტში საქართველო ისტორიულად იყო გეოპოლიტიკური ბრძოლების არენა, ხოლო თანამედროვე პირობებში ის კვლავ მნიშვნელოვან სადაზვერვო ცენტრად რჩება. მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოს დასავლური და რუსული დაზვერვის სამსახურების ინტერესებში ამყოფებს. დასავლეთის სადაზვერვო სამსახურები აქტიურად მუშაობდნენ საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურებთან, რათა გააძლიერონ მათი კონტრდაზვერვითი და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობები.

რუსეთის დაზვერვა არაერთხელ ყოფილა დადანაშაულებული დესტაბილიზაციის მცდელობებში, მათ შორის არჩევნების მანიპულირებასა და კიბერთავდასხმებში. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებენ როგორც თურქული, ასევე ირანული დაზვერვის წარმომადგენლები, რომლებიც პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გაძლიერებას ცდილობენ.

თბილისის სტრატეგიული მდებარეობა, პოლიტიკური მისწრაფებები და უსაფრთხოების გამოწვევები მას მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს ჯაშუშობისა და სადაზვერვო ოპერაციებისთვის. ამას ასევე ხელს უწყობს მიმდინარე პერიოდში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. სახელმწიფო იმართება არაფორმალური პრაქტიკით, ინსტიტუციები სრულად ემორჩილებიან კერძო პირების ვიწრო ჯგუფს, მართლმსაჯულება მხოლოდ შეკვეთილ ვერდიქტებს აგენერირებს და უმღლეს თანამდებობებს იკავებენ აშშ-ის მიერ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშუშობის ან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო დასანქცირებული პირები. ამ ქვეყანაში “ფულს აკეთებს“ და ერთობა ყველა, კადიროვის ხალხი, რუსი ოლიგარქების წარმომადგენლები და უკრაინის ომის შემდეგ რუსეთიდან შემოსული ათობით ათასი მცირე და საშუალო მეწარმედ დარეგისტრირებული გაურკვეველი პირი. დიდი ტურისტული ტრეფიკი ირანიდან და არაბული ქვეყნებიდან არ შემოიფარგლება მხოლოდ აზარტული თამაშებით და გართობით. ტურისტული პაკეტი“ დიდი ოდენობით უძრავი ქონების შეძენისა და ინვესტიციების განხორციელების საშუალებასაც იძლევა. ამას ემატება საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის ლობირებაც, კერძოდ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით საქართველო მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბად რჩება ოპიატების დიდი რაოდენობით გადაზიდვისთვის, რომლებიც ავღანეთიდან, ირანიდან და სხვა ევრაზიის ქვეყნებიდან შავი ზღვის მარშრუტებით ევროპაში ხვდებიან.

ერთი სიტყვით თანამედროვე საქართველო იმართება ცნობილი გამონათქვამის „მეგობრებს ყველაფერი, დანარჩენებს კანონი“ პრინციპით, და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, უცხო ქვეყნების დაზვერვის სამსახურების უმთავრეს ამოცანას სწორედ რომ მეგობრების მოპოვება წარმოადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შპიონაჟი ყოველთვის იყო ერთგვარი ბიზნესი, სადაც ჩართულია ბევრი ხალხი და მოძრაობს დიდი ოდენობით გაურკვეველი წარმომავლობის შავი ფული. საქართველო ასევე არაერთხელ იქნა დადანაშაულებული რუსი სანქცირებული ოლიგარქების და კომპანიების ფინანსების გამტრადაც. რა თქმა უნდა ამას ჭირდება ადგილზე სანდო ხალხის ყოლა რომლებმაც, ზედმიწევნით იციან შესაბამისი “მეგობრობის“ ძირითადი პრინციპები.

ამას გარდა, საქართველო კვლავ რჩება რუსული სანქცირებული კაპიტალის და საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციებისათვის მნიშვნელოვან სატრანზიტო ჰაბად, რაც მისი უსაფრთხოების გამოწვევებს კიდევ უფრო ამძაფრებს.

დასკვნა

თანამედროვე დაზვერვა ციფრულ და ტექნოლოგიურ ეპოქაში გადავიდა, თუმცა ტრადიციული მეთოდები კვლავ რჩება ეფექტურ ინსტრუმენტად. მსოფლიოს მასშტაბით არსებობს რიგი ქალაქები, რომლებიც დაზვერვისა და კონტრდაზვერვის საქმიანობის მნიშვნელოვან ჰაბებად გვევლინება. სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერესები განაპირობებენ დაზვერვის სამსახურების მუდმივ ბრძოლას, რაც საერთაშორისო ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მაგალითიც, რომელიც თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობითა და ენერგეტიკული სატრანზიტო როლით საერთაშორისო სადაზვერვო ოპერაციებისთვის სტრატეგიულ წერტილს წარმოადგენს. შიდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ სირთულეებთან ერთად, ქვეყანა წარმოადგენს როგორც რეგიონალური, ასევე გლობალური ინტერესების გადაკვეთის არენას და უსუსური სახელმწიფო ინსტიტუტების ფონზე სამოქმედოდ უკიდურესად მარტივ სივრცეს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ თბილისი საერთაშორისო შპიონაჟის ერთერთ ჩაბნელებულ გზაჯვარედინად ჩამოყალიბდა.

საბოლოოდ, დაზვერვისა და კონტრდაზვერვის საქმიანობა ყოველთვის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საერთაშორისო ურთიერთობებზე. მისი ეფექტურობა დამოკიდებულია როგორც ტექნოლოგიურ პროგრესზე, ასევე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნებსა და სტრატეგიებზე. შესაბამისად, სახელმწიფოებს უწევთ მუდმივად ადაპტირება ახალი გამოწვევების მიმართ, რათა შეინარჩუნონ თავიანთი უსაფრთხოება და გლობალურ დონეზე შეძლონ თავიანთი პოზიციების განმტკიცება.