ღაზას კრიზისის ფონზე ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და სპეცსამსახურებში მომხდარი საკადრო ცვლილებები    

ღაზას კრიზისის ფონზე ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და სპეცსამსახურებში მომხდარი საკადრო ცვლილებები    

 ვასილ ღლონტი, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი

შესავალი

ბოლო ორი წლის განმავლობაში ისრაელის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საკმაოდ რთული პროცესები მიმდინარეობს, რაც განაპირობა 2023 წლის 7 ოქტომბერში ირანული სპეცსამსახურების მომზადებული პალესტინური ტერორისტული ორგანიზაციების „ჰამასის“, „ისლამური ჯიჰადის“ და „პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა ტერორისტულმა შეტევამ. იმის გამო, რომ ისლამისტების მასობრივი ტერაქტის პრევენცია დროულად ვერ მოხდა, ისრაელის სპეცსამსახურებმა და სამხედრო სტრუქტურებმა სერიოზული რეპუტაციული ზიანი მიიღეს. ამ ფაქტმა ისრაელის ხელისუფლებას მათ ხელმძღვანელობაში საკადრო ცვლილებების განხორციელებისაკენ უბიძგა.

ცვლილებები თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო დაზვერვის, გენშტაბისა და შიდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობაში

2023 წლის 7 ოქტომბრის ტერაქტმა, რომლის ორგანიზებაში  ძირითადი როლი ირანმა შეასრულა, ისრაელის ხელისუფლება და სპეცსამსახურები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ირანის რეჟიმი წლების განმავლობაში „ჰამასს“ სამხედრო, ფინანსურ და ლოჯისტიკურ დახმარებას უწევდა. გარდა ამისა, ლიბანში მოქმედებდა ირანის სპეცსამსახურებისა და ჰეზბოლას ერთობლივი სადაზვერვო ცენტრი, რომელიც „ჰამასს“ ისრაელის საწინააღმდეგო სადაზვერვო ინფორმაციით ამარაგებდა. ასეთ ფონზე, გაირკვა, რომ „გუშაგთა კორპუსის“ სპეცშენაერთმა „ალ-ყუდსმა“ თავისი მეთაურის, გენერალ ესმაილ ყაანის უშუალო ხელმძღვანელობით ტერაქტამდე ერთი კვირით ადრე „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ 600-მდე მებრძოლი გადაამზადა.  დამატებით, საყურადღებოა ისიც, რომ უშუალოდ აღნიშნული ტერორისტული შეტევის დროს პალესტინელების მიერ გამოყენებული დივერსიული სტილი ძალიან წააგავდა ირანული სპეცსამსახურების ხელწერას. კერძოდ, ფაქტია, რომ პალესტინელი ტერორისტები ირანის სპეცსამსახურის კურატორობით ფართომასშტაბიანი ტერორისტული აქტის ჩასატარებლად ემზადებოდნენ, რისი პრევენციაც თავისთავად ისრაელის სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ანტი-ტერორისტულ სამსახურებს ევალებოდათ. თუმცა, ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელობა ისრაელის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიან და რეზონანსულ ტერორისტულ შეტევას საკმაოდ მოუმზადებელი შეხვდა, რამაც ამ სისტემის ხელმძღვანელობაში კარდინალური საკადრო ცვლილებების განხორციელების საკითხი დააყენა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კარდინალური საკადრო ცვლილებებისგან დროებით თავი შეიკავა.  მისი ეს გადაწყვეტილება იმით იყო განპირობებული, რომ პალესტინელი ტერორისტების საპასუხო სადამსჯელო სპეცოპერაციების/საომარი მოქმედებების წინ სპეცსამსახურებისა და სამხედრო სტრუქტურების უფროსების შეცვლა თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემაში მეტ არეულობას გამოიწვევდა და მათი ეფექტურობის ხარისხს მნიშვნელოვნად დააქვეითებდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის გათვლა საბოლოო ჯამში სწორი აღმოჩნდა. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა (ცახალი/Tzahal) და სპეცსამსახურებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში წარმატებული სამხედრო და ანტი-ტერორისტული სპეცოპერაციების ჩატარების შედეგად თითქმის მთლიანად გაანადგურეს პალესტინური და ლიბანური ტერორისტული ორგანიზაციების მმართველი რგოლები. შედეგად, ამ ეტაპზე „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ბრძოლისუნარიანობა მინიმუმამდეა დასული.

როგორც მოსალოდნელი იყო, ტერორისტული ორგანიზაციების განეიტრალების შემდეგ ბენიამინ ნეთანიაჰუმ უკვე შიდა პოლიტიკური პროცესებისათვისაც მოიცალა. თავდაპირველად თანამდებობიდან გადადგა ისრაელის სამხედრო დაზვერვის „ამანის“ უფროსი, გენერალი აარონ ჰალივა, რომელმაც 7 ოქტომბრის ტრაგედიის გამო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. უფრო მეტიც, მან 7 ოქტომბრის ტრაგიკული მოვლენების გამოსაძიებლად სახელმწიფო კომისიის შექმნის თაობაზე მოწოდება გააკეთა. საინტერესოა, რომ ჰალივას ადგილზე დაინიშნა გენერალ-მაიორი შლომი ბინდერი, რომელიც მანამდე სამხედრო დაზვერვის  ოპერატიულ  შტაბს მეთაურობდა და ჰალივასთან ერთად იყო პასუხისმგებელი 7 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედრო დაზვერვაში კარდინალური საკადრო ცვლილებების განხორციელებისგან  თავი შეიკავა.

შემდგომი სამხედრო პირი, ვინც ბენიამინ ნეთანიაჰუმ თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი იყო, რომელიც ისრაელ კაცმა შეცვალა. საყურადღებოა, რომ აარონ ჰალივასგან განსხვავებით იოავ გალანტი თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა და ნეთანიაჰუმ ის მისადმი ნდობის დაკარგვის მიზეზით გაათავისუფლა. აქაც საყურადღებოა, რომ აარონ ჰალივას მსგავსად, იოავ გალანტმაც გააკეთა 7 ოქტომბრის ტრაგედიის გამოძიების შესახებ მოწოდება.

მესამე სამხედრო, ვინც დაკავებული პოსტი დატოვა ისრაელის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჰერცი ჰალევია, რომლის სამხედრო კარიერაც აგრეთვე 7 ოქტომბრის ტრაგედიას შეეწირა. მის ადგილას დაინიშნა გენერალ-მაიორი ეიალ ზამირი, რომელიც მანამდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა.

საინტერესოა, რომ ყველაზე დიდი  პრობლემა ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის უშიშროების კონტრსადაზვერვო სამსახურის, „შაბაქის“ უფროსის, რონენ ბარის განთავისუფლებასთან დაკავშირებით შეექმნა. ისრაელის ხელისუფლებასა და სპეცსამსახურებიდან გამოსული ინფორმაციის თანახმად, მათ შორის კონფლიქტი დიდი ხანი გრძელდებოდა, რის გამოც ბოლოს ნეთანიაჰუმ რონენ ბარის გადადგომა მოითხოვა, თუმცა მან ამაზე უარით უპასუხა და განაცხადა, რომ  პრემიერის მხრიდან „შაბაქის“ უფროსისთვის პირადად  მისადმი ლოიალურობის მოთხოვნა და მისი ბრძანებით ისრაელის ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების თვალყურის დევნება ამ სპეცსამსახურის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ ბარმა განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას დაელოდებოდა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რონენ ბარმა 7 ოქტომბრის ტრაგედია ნეთანიაჰუს ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომები და მის მიერ სპეცსამსახურის მხრიდან მრავალჯერ გაკეთებული გაფრთხილებების უგულებელყოფას დააბრალა, ნათელი ხდება, რომ მათ შორის სერიოზული დაპირისპირება არსებობდა. რონენ ბარის განცხადებით, იქამდე არ გადადგებოდა, სანამ პრემიერის კანცელარიასთან დაკავშირებულ რამდენიმე გამოძიებას არ დაასრულებდა და მძევლებს არ დააბრუნებდა. აღსანიშნავია, რომ ბარი მისი გადადგომის მოთხოვნას არა მხოლოდ 7 ოქტომბრის ტრაგედიას, არამედ მასსა და ნეთანიაჰუს შორის არსებულ უნდობლობას უკავშირებდა. მისი თქმით, აუცილებელი იყო ხელისუფლების საქმიანობის გამოძიება, რათა ყველაფერი „შაბაქს“ და „ცახალს“ არ დაბრალებოდა.

საგულისხმოა, რომ მინისტრთა კაბინეტმა რონენ ბარი  თანამდებობიდან მაინც გაათავისუფლა, თუმცა უზენაესი სასამართლოს მოთხოვნით საკუთარი გადაწყვეტილება მალევე გააუქმა, რადგან ექს-მინისტრმა მისი გათავისუფლების პროცედურის დროს დაშვებულ გადაცდომებზე მიუთითა და სასამართლოს მიმართა. საინტერესოა, რომ ნეთანიაჰუმ რონენ ბარს უმაღლესი სასამართლოსთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების ბრალდება წაუყენა.  საყურადღებოა, რომ რონენ ბარის განთავისუფლების პროცედურის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა ისრაელის გენერალურმა პროკურორმა გალი ბაჰარავ-მიარამაც, რის გამოც ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას უნდობლობაც კი გამოუცხადა. უფრო მეტიც, გამომდინარე იქიდან, რომ ბაჰარავ-მიარას მეუღლე თავის დროზე „შაბაქში“ მსახურობდა, მას დაბრალდა, რომ პირადი მეგობრობა აკავშირებდა რონენ ბართან და ასევე უშიშროების კიდევ ერთ ექს-მინისტრთან ნადარ არგამანთან. გალი ბაჰარავ-მიარამ მისადმი წარდგენილი ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ არც რონენ ბართან და არც ნადარ არგამანთან პირადი ურთიერთობები არ აკავშირებდა. აქვე აღსანიშნავია, რომ „შაბაქი“ იძიებს ნეთანიაჰუს ორი ყოფილი თანაშემწის საქმიანობას, ე.წ.“კატარგეიტის“ საქმეს, რასთან დაკავშირებითაც პრემიერ-მინისტრს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.

ასეთ რთულ ფონზე, ბენიამინ ნეთანიაჰუს თავისთავად სირთულეები შეექმნა „შაბაქის“ ახალი უფროსის შერჩევის და დანიშვნის საქმეშიც. საინტერესოა, რომ თავდაპირველად პრემიერმინისტრმა წარადგინა ვიცე-ადმირალი ელი შარვითის კანდიდატურა, რასაც ხმაურიანი რეაქცია მოჰყვა, როგორც ოპოზიციაში, ისე თვით ნეთანიაჰუს გუნდში. პრემიერის მემარჯვენე შეხედულებების მქონე მომხრეებისათვის რთული მისაღები გახდა მემარცხენე ელი შარვითის გუნდის წევრად მიღება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ნეთანიაჰუს მიერ დაწყებულ ე.წ. სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. არადა, დიდი ალბათობით, პრემიერ-მინისტრს ელი შარვითი სწორედ მემარცხენეებთან სასაუბროდ და შუამავლად სჭირდებოდა. გარდა ამისა, ელი შარვითი სამხედრო სტრუქტურებში ირანის საკითხების სპეციალისტად ითვლებოდა და მისი დანიშვნით ნეთანიაჰუ ისრაელის სპეცსამსახურებში ირანის მიმართულებას კიდევ უფრო აძლიერებდა. სავარაუდოდ, ელი შარვითის ამერიკულ სპეცსამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციაში უნდა ემუშავა, თუმცა საბოლოო ჯამში  პრემიერს მის კანდიდატურაზე უარის თქმა მოუწია და აქცენტი გენერალ დავიდ ზინის კანდიდატურაზე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ  ნეთანიაჰუ „შაბაქის“ უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატურებს სამხედრო წრეებში ეძებს და არა თავად შაბაქის სტრუქტურაში, რაც გვაფიქრებინებს, რომ  ის  აღნიშნული სპეცსამსახურის თანამშრომლებს ბოლომდე არ ენდობა.

დასკვნა

2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა ტერაქტმა ისრაელის სპეცსამსახურებსა და სამხედრო სტრუქტურებში არსებული ნაკლოვანებები და შეცდომები გამოავლინა, რამაც მათი ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გადაყენება განაპირობა. დიდი ალბათობით, ადგილი ჰქონდა სისტემური ხასიათის ჩავარდნას და არა ცალკეული რომელიმე სტრუქტურის, ან მისი ხელმძღვანელი პირების გადაცდომებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არსად ჩანს ისრაელის საგარეო დაზვერვის – „მოსადის“ მოსაზრებები და შეფასებები მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით. იმის  გათვალისწინებით, რომ 7 ოქტომბრის ტერაქტი ირანის „გუშაგთა კორპუსის“ სპეცშენაერთის, ალ-ყუდსის მიერ იყო ორგანიზებული, „მოსადის“ ხელმძღვანელობა ისევე უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი, როგორც „ცახალს“, „ამანის“ და „შაბაქის“ სამეთაურო რგოლები. სავარაუდოდ, „მოსადი“ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაიცვა და მისი ხელმძღვანელობა თანამდებობიდან არ გადააყენა.

ამ ტერაქტის და საკადრო ცვლილებების ფონზე შეინიშნება კონფლიქტი ხელისუფლებას, გენერალურ პროკურატურასა და სასამართლო სისტემას შორის, რაც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე მიუთებს. რთული სათქმელია, როგორ დასრულდება ეს კონფლიქტი, რადგან ამჟამად ნეთანიაჰუ ხელისუფლებაში  საკმაოდ მყარად გრძობს თავს. ასეთ ფონზე შეიძლება თქვას, რომ ისრაელში პრემიერ-მინისტრის მიერ ძალაუფლების უზურპაციის მცდელობებს აქვს ადგილი, რასაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის არსებული კონფლიქტის გაღრმავება და მოსახლეობის სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიყვანა შეუძლია.