პროექტი მიზნად ისახავს მედეგობის კონტექსტში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის და ცნობიერების მკაფიო გაზრდას. ამავდროულად უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნაში ჩართული სახელმწიფო უწყებების მონიტორინგისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, პროექტი შეიმუშავებს „მედეგობის შეფასების მოდელს“. აღნიშნული მოდელის შემუშავება და დახვეწა, საშუალებას მოგვცემს საზოგადოებას ვაჩვენოთ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მედეგობის თუ მოწყვლადობის დონე სხვადასხვა განზომილებაში. პროექტის ფარგლებში, მოხდება აღნიშნული მოდელის პრაქტიკაში გამოცდა.
პროექტის ამოცანები:
- მედეგობის შეფასების მოდელისთვის ინდიკატორების შერჩევა. აღნიშნული ამოცანის ფარგლებში მოხდება შესაბამისი ნორმატიულ-დოკუმენტური წყაროების ტიპის შერჩევა (კანონები, ნორმატიული აქტები, რეგულაციები, განკარგულებები, ფინანსურ-რესურსული უზრუნველყოფის შესახებ ინფრომაცია, და აშ.), რომელთა მეშევობით შესაძლებელია დადგინდეს მედეგობის კონკრეტულ სფეროში შესაბამისი პოლიტიკის ფორმირება და ამავდროულად, გაანალიზდება პრაქტიკული განხორციელების შესაბამისობა – კოორდინაციის სამოქმედო გეგმები, უწყებათშორისი კოოპერაცია, წვრთნები, სწავლებები და ა.შ
- მედეგობის შეფასების მოდელის გამზადება. აღნიშნული მოდელი საშუალებას მოგვცემს გამოვიკვლიოთ სახელმწიფოს აქტივობის კონკრეტული სექტორისა და სფეროს მდგრადობა თუ მოწყვლადობა. მოდელის შესაბამისად, შესაძლებელი იქნება ყოვლისმომცველი ანალიზით გვქონდეს გარკვეულ სექტორებზე მონიტორინგის საშუალება, თანაც ეს მონიტორინგი დამყარებული იყოს არა სუბიექტურ შეფასებაზე, არამედ, ემპირიულ მონაცემებზე და მოხდეს მისი მუდმივი/პერიოდული განახლება.
- ანალიტიკური მოდელის პრაქტიკაში კონკრეტული რელევანტური სექტორის/აქტორის მედეგობა-გამჭვირვალობის გამოცდა.მოდელის პრაქტიკაში გამოცდა მოგვცემს საშუალებას მონიტორინგი ვაწარმოოთ ნებისმიერ სასურველ მასშტაბში და სექტორის ანალიზთან ერთად მოხდეს დავიწროვება კონკრეტულ უწყებაზე ან აქტორზე, გავზომოთ მისი მედეგობა თუ მოწყვლადობა კონკრეტული საფრთხეებთან მიმართებით.
- ცნობიერების ამაღლება, მოდელის და პრაქტიკული შედეგების წარდგენა. მოდელის პრაქტიკაში გამოცდის შემდეგ, მომზადდება მედეგობის შეფასების ანგარიში. ანგარიში გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და დაეგზავნება ყველა რელევანტურ ინსტიტუციას; ასევე მოეწყობა საჯარო შეხვედრა-დისკუსია დაინტერესებულ მხარეებთან (_უწყებები, ბიზნესის წარმომადგენლები, კვლევითი და აკადემიური ცენტრები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და აშ. ).
პრობლემა თავისი არსით საკმაოდ კომპლექსური და მრავალმხრივია, ამასთანავე, შემოთავაზებული მოდელიც არ არის შეზღუდული კონკრეტული სპეციფიკით. თუმცა, გამომდინარე საგრანტო პროექტის ტექნიკური და ფინანსური მახასიათებლებიდან, ამ ეტაპისთვის შერჩეულია ერთი კონკრეტული საფრთხე – რუსული დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელება ან/და დანერგვა ქართულ საზოგადოებაში და პოლიტიკურ სივრცეში და მისი პოლიტიკური განზომილება. ვინაიდან აღნიშნული საფრთხის თავიდან აცილება პირდაპირ შედის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობაში, პროექტის ფარგლებში, შემუშავებული მოდელი სწორედ ამ უწყების და მისი ზედამხედველების, კონკრეტულად კი საქართველოს მთავრობის, პარლამენტის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მედეგობას შეაფასებს. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სამომავლოდ შემუშავებული მოდელის გამოყენება შესაძლებელი იქნება ნებისმიერი სხვა საფრთხისა თუ უწყების შემთხვევაშიც.