ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები

ავტორი: რეზი თოფურია, UGSPN-ის აღმასრულებელი დირექტორი

2023 წლის 31 ივლისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის დროს, საკმაოდ მოულოდნელად, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. მაშინვე, ქართულმა ოცნებამ აღნიშნული შეთანხმება დიდ საერთაშორისო წარმატებად შერაცხა, ექსპერტთა ნაწილმა კი შეთანხმების ასიმეტრიულობაზე და პრო-დასავლური კურსის ცვლილების საშიშროებაზე გაამახვილა ყურადღება.

აღნიშნული შეთანხმების დადებიდან თითქმის ორი წელი გავიდა და ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუ რა მოუტანა ქვეყანას ჩინეთთან გაფორმებულმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ.

რას მოიცავს ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ზოგადად?

საქართველო ნამდვილად არაა ერთადერთი ქვეყანა ვისაც ჩინეთთან მსგავსი ხელშეკრულება აკავშირებს, მეტიც, ჩინეთის საგარეო პოლიტიკა საკმაოდ დიდ აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ქვეყნებთან პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. ამავდროულად, ჩინეთს პარტნიორობის განსხვავებული ფორმები აქვს, რომელიც ხუთ კატეგორიად შეიძლება დაიყოს:

  • ზოგადი პარტნიორობა: შედარებით დაბალი დონის დიპლომატიური შეთანხმება, რომელიც აჩვენებს მხარეებს შორის კეთილ ნებას. მაგალითისთვის „მეგობრული პარტნიორობა“ იამაიკასთან და „ახალი ტიპის კოოპერატიული თანამშრომლობა“ ფინეთთან. ჩინეთს მსგავსი ტიპის შეთანხმებები 20-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.
  • ყოვლისმომცველი ან ყოველმხრივი პარტნიორობა: ერთი საფეხურით უფრო მაღლა მდგომი შეთანხმება, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის რამდენიმე სფეროს უფრო მეტად ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის სახე აქვს, გამოკვეთილი სტრატეგიული თანხვედრის გარეშე.
  • მაგალითად „ყოვლისმომცველი კოოპერატიული თანამშრომლობა“ ხორვატიასთან და „ყოვლისმომცველი მაღალი ხარისხის, მომავალზე ორიენტირებული პარტნიორობა“ სინგაპურთან. მსგავსი ტიპის შეთანხმება ჩინეთს დაახლოებით 40-მდე ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.
  • ზოგადი სტრატეგიული პარტნიორობა: ამ ტიპის შეთანხმება გამოხატავს უფრო მკაფიო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანხვედრას, მოიცავს რეგულარულ მაღალი რანგის დიალოგს და ურთიერთმხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე.
  • მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ სტრატეგიული თანამშრომლობითი პარტნიორობა ინდოეთთან და სამხრეთ კორეასთან, ან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება ნიგერიასთან, კანადასთან. მსგავსი ტიპის შეთანხმება ჩინეთს 30-ზე მეტ სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული.
  • ყოვლისმომცველი, გლობალური ან ყოველმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა: მსგავსი ტიპის შეთანხმება მოიცავს მაღალი რანგის კოორდინაციას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების და გლობალურ საკითხებზე. ხშირად თან სდევს დიდი ოდენობით ინვესტიციები და ინფრასტრუქტურის განვითარება.
  • მაგალითისთვის „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“ იტალიასთან, მალაიზიასთან, სერბეთთან. მსგავსი ტიპის შეთანხმება ჩინეთს 20-მდე სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული.
  • მუდმივი სტრატეგიული პარტნიორობა ან სტრატეგიული პარტნიორობა ყველა ამინდის პირობებში: მსგავსი ტიპის შეთანხმებებით ჩინეთი ხაზს უსვამს ყველაზე სანდო და მდგრად ურთიერთობებს. შეთანხმების მიზანია ძლიერი ურთიერთდახმარება ყველა ასპექტში – პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო მიმართულებით. ასევე ითვალისწინებს ერთობლივ წვრთნებს, სატელიტურ თანამშრომლობას, დაზვერვის კოორდინაციას და დიპლომატიურ სინქრონიზაციას.
  • მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ “სტრატეგიული თანამშრომლობა ყველა ამინდის პირობებში” პაკისტანთან და “ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობა და კოორდინაცია ახალი ეპოქისთვის” რუსეთთან. მსგავსი ტიპის ხელშეკრულება ჩინეთს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანასთან აქვს გაფორმებული.

ჩინეთი ხშირად სხვადასხვა ტერმინს იყენებს ქვეყნებთან საკუთარი თანამშრომლობის ხაზგასასმელად, ამჟამად, ჩინეთის საგარეო ურთიერთობებში 80-ზე მეტი ორმხრივი პარტნიორობაა აღწერილი სიტყვით „სტრატეგიული“.

თუმცა, შეთანხმებები რომელთა სათაური ან დასახელება სცდება ზოგად სტრატეგიულ პარტნიორობას, აჩვენებს ჩინეთის უფრო სიღრმისეულ ინტერესს და კავშირებს ხელმომწერ ქვეყანასთან. მაგალითისთვის,  „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“ მოიცავს უფრო ფართო სპექტრს, მათ შორის პოლიტიკას, ეკონომიკასა და ვაჭრობას, უსაფრთხოებას, კულტურას და საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს. ეს აჩვენებს, რომ ორივე მხარე აღიარებს და ცდილობს ორმხრივი ურთიერთობების უფრო მაღალი საფეხურზე აყვანას.

„სტრატეგიული პარტნიორობა ყველა ამინდის პირობებში“ ხაზს უსვამს კიდევ უფრო მყარ და მჭირდო თანამშრომლობას ნებისმიერ პირობებში და მიანიშნებს ქვეყნებს შორის მეგობრობის უფრო მაღალ ხარისხზე.

როგორც წესი, საწყის ეტაპზე ჩინეთი ქვეყნებთან ზოგადი ტიპის სტრატეგიულ შეთანხმებას აფორმებს და შემდგომ, თუ აღნიშნულ ქვეყანასთან ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივას ან კონკრეტულ გეოპოლიტიკურ ინტერესს ხედავს, ხელშეკრულების ტიპიც იცვლება და უფრო მაღალი დონის პარტნიორობას მოიცავს. მაგალითად, 2009 წელს ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება 2016 წელს ყოვლისმომცველმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ ჩაანაცვლა. 2005 წელს ყაზახეთთან დადებული სტრატეგიული პარტნიორობა ჯერ 2011 წელს ჩაანაცვლა ყოვლისმომცველმა სტრატეგიულმა პარტნიორობამ, შემდეგ კი 2019 წელს ახალი ხელშეკრულება გაფორმდა მუდმივი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის სახელით.

რას მოიცავს საქართველოსთან გაფორმებული შეთანხმება?

საქართველოს შემთხვევაში, საუბარია ზოგადი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე, რომელიც მოიცავს ოთხ მიმართულებას:

პოლიტიკური განზომილება: როგორც შეთანხმების ტექსტში წერია, საქართველო და ჩინეთი ადასტურებენ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი ურთიერთობები მათი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია და აუცილებელია მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციების გაღრმავება. საქართველო მიესალმება ჩინეთის მოდერნიზაციას, როგორც კაცობრიობისთვის ახალი განვითარების გზას, და მხარეები მზად არიან მმართველობის გამოცდილების გასაზიარებლად. მათ ასევე სურთ გააძლიერონ კავშირები სხვადასხვა დონეზე –  საკანონმდებლო ორგანოებს, პარტიებსა და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის ჩათვლით.

ეკონომიკური განზომილება: შეთანხმების მიხედვით,ჩინეთი და საქართველო მიესალმებიან ორმხრივი ვაჭრობის ზრდას და მზად არიან გააძლიერონ ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობით. მხარეები აქტიურად თანამშრომობენ „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის, ციფრული ტექნოლოგიებისა და გარემოს დაცვის მიმართულებებში პროექტების განხორციელებას. მათ სურთ გააღრმავონ სავაჭრო ურთიერთობები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში და მხარს უჭერენ კომისიის მუშაობას ინფორმაციის გაზიარებისა და ეფექტიანობის გასაზრდელად. ჩინეთი ასევე მიესალმება საქართველოს მონაწილეობას ტურისტულ და იმპორტის გამოფენებში და მზად არის განიხილოს მისთვის პრეფერენციული დაკრედიტების შესაძლებლობა.

ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობების განზომილება: ამ თავში არსებული ჩანაწერით,ჩინეთი და საქართველო მზად არიან განაახლონ სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა და განამტკიცონ ურთიერთობები ამ სფეროში არსებული შეთანხმების საფუძველზე. მხარეები გააძლიერებენ კულტურულ კავშირებს, ხელს შეუწყობენ ტურიზმის, ჯანდაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობას, ასევე განიხილავენ კულტურის წლების აღნიშვნას და კულტურული ცენტრების გახსნას. განათლების მიმართულებით იგეგმება პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი სასწავლო გეგმების შექმნა და ციფრული რესურსების გამოყენება. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება ენის სწავლას, მათ შორის ქართული და ჩინური ენების პოპულარიზაციას სკოლებსა და უნივერსიტეტებში, ასევე კონფუცის ინსტიტუტების განვითარებას.

საერთაშორისო განზომილება: როგორც ვკითხულობთ, ჩინეთი და საქართველო შეთანხმდნენ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე, გაეროს პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერით. მხარეები ერთობლივად ემხრობენ მშვიდობის, განვითარების, სამართლიანობისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს და სუვერენული განვითარების გზების პატივისცემას. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის სამ გლობალურ ინიციატივას განვითარებაზე, უსაფრთხოებასა და ცივილიზაციებზე და მზად არის აქტიურად ჩაერთოს მათ განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევასა და მშვიდობისმყოფელი საერთაშორისო გარემოს შექმნას.

რა მივიღეთ ხელშეკრულების გაფორმების შედეგად?

ჩინეთთან სხვადასხვა ტიპის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შედეგად, მთელ რიგ ქვეყნებში ვხედავთ ჩინური ინვესტიციების საგრძნობ ზრდას. მაგალითისთვის, უნგრეთთან „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა ყველა ამინდის პირობებში ახალი ეპოქისთვის“ ფარგლებში, ჩინურმა ინვესტიციებმა 2023 წლისთვის 7 მილიარდ ევროს გადააჭარბა, ჩინურმა ელექტრო მანქანების მწარმოებელმა BYD-მ უნგრეთში ქარხნის აშენება დაანონსა, ხოლო ჩინურმა ბატარეების მწარმოებელმა კომპანია CATL-მა 7,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ახალი ქარხნის ასაშენებლად.

ირანთან გაფორმებული 25 წლიანი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩინეთმა მზაობა გამოთქვა შემდეგი 25 წლის განმავლობაში 400 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადოს ირანში. ასევე შეგვიძლია ვახსენოთ, მოროკოშიც 13 მილიარდი დირჰამის ინვესტიცია ელექტრონული ბატარეების საწარმოში, პაკისტანშიც გაცხადებული 20 მილიარდიანი ინვესტიცია სხვადასხვა პროექტში.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, თუ რა მოუტანა აღნიშნული შეთანხმების გაფორმებამ საქართველოს ამ ორი წლის განმავლობაში.

თუ სხვა ქვეყნების შემთხვევაში, ყველაზე თვალსაჩინო ეკონომიკური ასპექტებია, მსგავს ზრდას ვერ ვნახავთ საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების სტიმულირებას განიხილავს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით ჩინეთი 2024 წელს ტოპ 10 ქვეყანაშიც კი არ შედიოდა. 2023 წელს ჩინეთიდან შემოსულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა  98 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2024-ში კი მხოლოდ  29 044,0 ათასი აშშ დოლარი.

ამავდროულად, ჩინეთში საქართველოს ექსპორტი 2023-2024 წლებში წინა წლებთან შედარებით  განახევრდა.

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს პოლიტიკურ და საერთაშორისო განზომილებას, რომლის თანახმადაც მხარეები თანხმდებიან რომ გააძლიერებენ კოორდინაციას და თანამშრომლობას რეგიონულ და საერთაშორისო საქმეებში. თუმცა, ამის მიუხედავად ჩინეთმა მხარი არ დაუჭირა გაეროში საქართველოს რეზოლუციას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა დაბრუნების შესახებ არც 2024 და არც 2025 წლებში.

ერთი მიმართულება, სადაც წინსვლა აშკარად იკვეთება, ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილებაა. 2024 წლის 28 მაისიდან სსაქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა, მანამდე კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის იქნა შემოღებული შეღავათიანი სავიზო რეჟიმი. შედეგად, სწორედ ტურიზმია ის მიმართულება, რომელიც ირაკლი კობახიძემ თავის ანგარიშში ხაზგასმით გამოყო. ანგარიშიდან ვიგებთ, რომ 2023 წელს საქართველოს ეწვია 48304 ჩინელი ტურისტი (ზრდა, გასულ წელთან შედარებით, 555%). გასულ წელს კი საქართველოს 88.583 ჩინელი ტურისტი სტუმრობდა (ზრდა 83%-ით, 2023 წელთან შედარებით). მიუხედავად შთამბეჭდავი პროცენტული ზრდისა, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდიდან ვიგებთ, რომ 2024 წელს საქართველოში რეკორდული ოდენობის ტურისტული ვიზიტი განხორციელდა და ისტორიული მაქსიმუმი – 5.1 მილიონი ვიზიტი შეადგინა. ამ ვიზიტებში კი ჩინელი ტურისტების პროცენტული წილი მიზერულია.

აშკარაა, რომ ჩინეთთან გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, ბოლო ორი წლის განმავლობაში არ მოუტანია დიდი პრაქტიკული შედეგი. რაც ბუნებრივად აჩენს კითხვას, რისთვის სჭირდებოდა საქართველოს ამ კონკტროვერსიული ნაბიჯის გადადგმა.

ცალსახაა რომ მთავარი გათვლა არ ეფუძნება საინვესტიციო წყაროების დივერსიფიკაციას ან ტურისტების ახალი ნაკადის მოზიდვას. ქართული მხარისთვის ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ერთი მხრივ შიდა აუდიტორიაზე გათვლილი კარგი საიმიჯო ნაბიჯია, რომელიც ამავდროულად მათ ეხმარებათ დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე ჩინეთის მსგავსი სტატუსის მქონე სახელმწიფოსგან სიმბოლურ ლეგიტიმაციაში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ერთ-ერთია იმ 6 ქვეყნას შორის, რომელმაც “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა ცნო. ამავდროულად, თუ დასავლური ინსტიტუტები და ქვეყნები გრანტებისა თუ სესხების სანაცვლოდ ხშირ შემთხვევაში დემოკრატიულ რეფორმებს ითხოვენ და კრიტიკასაც არ იშურებენ, ჩინეთი არის ალტერნატივა, რომელიც ცნობილია თავისი სესხის ხაფანგის პოლიტიკით. ამ მხრივაც, ჯერ კიდევ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებამდე, იყო შემთხვევა როცა საქართველოს  მთავრობამ ევროკავშირის დაბალპროცენტიან სესხზე უარი თქვა და შემდგომ, გაცილებით დიდი სესხი აიღო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან.

ამავდროულად, ქართულ ოცნებას შესაძლოა ჰქონდეს იმედი, რომ აღნიშნული შეთანხმებით ჩინეთის ინტერესს გაზრდის და ქვეყანა თავის სტრატეგიულ მდებარეობას გამოიყენებს სარტყელი და გზის პროექტში შუა დერეფნის ფარგლებში, თუმცა, ამ მხრივ, ჯერ-ჯერობით ჩინეთის აშკარა ინტერესები, რომელიც ზოგად განცხადებებს გასცდება, ჯერ-ჯერობით არ იკვეთება.

თავის მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებით, რეგიონში საკუთარი გავლენა გაზარდა, თუმცა, ჯერ-ჯერობით ყოველგვარი სერიოზული ფინანსური თუ პოლიტიკური დივიდენდების გაცემის გარეშე. მოიტანს თუ არა აღნიშნული შეთანხმება სამომავლოდ უფრო ხელჩასაჭიდ შედეგებს, ამას დრო გვიჩვენებს.