ჩინეთის გლობალური ამბიციები ახალი საერთაშორისო წესრიგისთვის

ჩინეთის გლობალური ამბიციები ახალი საერთაშორისო წესრიგისთვის

 ავტორი: რეზი თოფურია

ცალსახაა რომ ბოლო პერიოდში გასულ საუკუნეში შექმნილი საერთაშორისო წესრიგი იცვლება, თუმცა, ჯერ კიდევ ბუნდოვანია თუ საით წაგვიყვანს ეს ცვლილება და როგორი იქნება ახალი წყობა. ცხადია, არსებული ბუნდოვანების სათავისოდ გამოყენებას ბევრი აქტორი ცდილობს, თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მცდელობებია.

ჩინეთი სწორედ ის სახელმწიფოა, რომელიც უკვე არაერთი წელია ღიად აცხადებს პრეტენზიას უნიპოლარული საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ. მეტიც, სი ძინპის გაეროს ტრიბუნიდანაც კი გაუჟღერებია ჩინეთის სურვილი შეცვალოს არსებული წყობა და მასში უფრო დიდი როლი ითამაშოს. თუ ჩინეთი აქამდე დენ სიაოპინის ცნობილ დოქტრინას – „დამალე შენი სიძლიერე და დაელოდე შენს დროს“ მიჰყვებოდა, სი ძინპინის ერაში „შუა სამეფო“ უფრო აქტიურ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს. ამის თვალსაჩინო გამოხატულებაა ჩინეთის არაერთი საერთაშრისო ინიციატივა.

ადგილობრივ დონეზე ძალაუფლების გამყარების შემდეგ, სიმ ჩინეთის გავლენის ზრდა დააანონსა. ჩინეთის გლობალური ამბიციების პირველი ნათელი გამოხატულება იყო 2013 წელს პრეზიდენტი სი ძინპინის მიერ დაანონსებული სარტყელისა და გზის ინიციატივა (რომელსაც მაშინ ერთი სარტყელი ერთი გზა უწოდეს). ინიციატივის გაცხადებული მიზანია გააძლიეროს კავშირი და თანამშრომლობა ქვეყნებს შორის აზიის, ევროპის, აფრიკის და მის ფარგლებს გარეთ ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და კულტურული გაცვლის გზით. BRI ერთგვარად ცდილობს გააცოცხლოს და გააფართოოს უძველესი აბრეშუმის გზის სავაჭრო გზები და ამრიგად ხელი შეუწყოს გლობალურ ვაჭრობას და ინვესტიციებს. თუმცაღა, კრიტიკოსების აზრით BRI უფრო მეტად აქცენტირებული იყო ჩინეთის შიდა და გარე იმიჯის გასაზრდელად. ერთი მხირვ, ჩინეთში სი ძინპინის რეიტინგის წამოსაწევად და მეორე მხირვ, საერთაშორისო ასპარეზზე ახალი, გლობალური ჩინეთის დასამკვიდრებლად.

დაანონსების შემდეგ, 140-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულებები ჩინეთთან BRI-ს ფარგლებში. ამავდროულად, ჩინეთმა მილიარდობით დოლარი დახარჯა სხვადასხვა ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში. მაგრამ, BRI-ს ათწლიანმა ისტორიამ ასევე აჩვენა, რომ აღნიშნული პროექტი პრაქტიკაში არ აღმოჩნდა ისეთი მაშტაბური, როგორც ჩანაფიქრებში ჩანდა.  

თუმცა, ჩინეთის გლობალური ხედვა არ შემოიფარგლება მხოლოდ სარტყელისა და გზის ინიაციატივით. მეტიც, ჩინეთი ეტაპობრივად ცვლის თავის დამოკიდებულებას BRI-ს მიმართ, ამ ეტაპისთვის „შუა სამეფო“ სხვა ქვეყნებში დიდი თანხის ინვესტირებასაც ერიდება და აქცენტი სხვა ინიციატივებზე აქვს გადატანილი.

ჩინეთის გლობალური მისწრაფებები და ამბიციები დეტალურადაა აღწერილი ისეთ ინიციატივებში, როგორიცაა გლობალური განვითარების ინიციატივა (GDI), გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა (GCI) და გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა (GSI). აღსანიშნავია, რომ სამივე ინიციატივა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაშია დაანონსებული და ის BRI-ზე უკეთ ასახავს ჩინეთის ამჟამინდელ ხედვას და გეგმებს.

ჩინეთის ახალი ინიციატივები

ჩინეთის გლობალური განვითარების ინიციატივა (GDI) არის ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც ოფიციალური პეკინის განცხადებით შექმნილია გლობალური განვითარების ხელშეწყობისთვის ინკლუზიური, მდგრადი და თანამშრომლობითი მიდგომების მეშვეობით. აღნიშნული ინიციატივა პრეზიდენტმა სი ძინპინმა 2021 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე წარადგინა და ის ფოკუსირებულია ისეთ ძირითად სფეროებზე, როგორიცაა სიღარიბის შემცირება, სურსათის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და კლიმატის ცვლილება.

გაცხადებულად, ინიციატივის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა გლობალური თანამშრომლობის ინკლუზიური პლატფორმის შექმნა, განსაკუთრებული აქცენტით „პატარა და დახმარების გამწევ პროექტებზე“, რომლებიც პირდაპირ სარგებელს მოუტანს ადამიანების ცხოვრებას.

აღსანიშნავია, რომ GDI-ს საწყისი პროექტები ნაკლებადაა მიმართული ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე და აქცენტი უმეტესწილად ჰუმანიტარულ პროექტებზეა გაკეთებული – მაგ.: სიღარიბის დაძლევა მოზამბიკში, საკვებთან წვდომის პროგრამა ტოგოში და ა.შ. საქართველო GDI-ს პირველად პროექტებში მოხსენიებული არ არის.

გლობალური განვითარების ინიციატივას ემატება 2023 წლის 15 მარტს სი ძინპინის მსოფლიო პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მაღალი დონის შეხვედრაზე საკვანძო სიტყვა – „ჩინეთის გლობალური ხედვა: მოდერნიზაციისა და განვითარების ყოვლისმომცველი მიდგომა“. ამ გამოსვლის დოკუმენტს გლობალური ცივილიზაციის ინიციატივას (GCI) უწოდებენ. აღნიშნულ გამოსვლაში, სი ძინპინმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ჩინეთის გლობალური ხედვის ცენტრალური პრინციპი არის რწმენა იმისა, რომ ქვეყნები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ წარმატების მიღწევაში. მოდერნიზაცია, პრეზიდენტი სი-ს თქმით, უნდა იყოს კოლექტიური ძალისხმევა, რომლის შედეგითაც ყველა ერი ისარგებლებს. ეს, ინიციატივის ხედვით, გულისხმობს საერთო განვითარების ხელშეწყობას სოლიდარობისა და თანამშრომლობის გზით, ერთობლივი წვლილისა და საერთო სარგებლის პრინციპების დაცვით. აღნიშნული დოკუმენტი ხაზს უსვამს რომ მოდერნიზაცია არ უნდა იყოს ყველასთვის სტანდარტული, ერთნაირი მიდგომა, არამედ ქვეყნებს უნდა მისცეს საშუალება განვითარდნენ იმ გზებით, რომლებიც საუკეთესოდ შეეფერება მათ ვითარებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად GCI-საც არ აქვს ფორმალური სტრუქტურა ან ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქვეყნებს. CGI არის ბუნდოვანი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც პეკინი ითხოვს დიალოგის ხელშეწყობას ცივილიზაციებს შორის და ამავდროულად, საკუთარ თავს წარმოაჩენს როგორც მშვიდობის გარანტორს და მედიატორს ქვეყნებს შორის.

და ბოლოს, ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა (GSI), რომელიც ასევე შემოთავაზებულია პრეზიდენტის სი ძინპინის მიერ, არის ჩინეთის პასუხი თანამედროვე მსოფლიოს უსაფრთხოების მრავალმხრივ გამოწვევებზე. GSI ფაქტიურად ავსებს ზემოთხსენებულ ორ ინიციატივას და ხაზს უსვამს სწრაფად ცვალებად საერთაშორისო ლანდშაფტთან ადაპტაციის მნიშვნელობას და ცდილობს აღმოფხვრას გლობალური კონფლიქტების ძირითადი მიზეზები.

აღნიშნული ინიციატივებით, ჩინეთი ამავდროულად უპირისპირდება დასავლურ ჰეგემონიას საერთაშორისო პოლიტიკაში და აცხადებს, რომ მოდერნიზაცია არ ნიშნავს ვესტერნიზაციას. სანაცვლოდ, თავად სთავაზობს ქვეყნებს სხვა გზების ძიებას განვითარებისთვის, უსაფრთხოებისთვის და ამავდროულად საკუთარი სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. ამასთანავე, თუ დასავლური ინიციატივების შემთხვევაში ქვეყნების დახმარება პირდაპირ არის დაკავშირებული მათ მიერ ლიბერალური რეფორმების გატარებასთან, ჩინეთის ინიციატივების შემთხვევაში მსგავს პირობებს ვერ ვხედავთ, რაც ზრდის იმის ეჭვს, რომ ჩინეთის ინტერესები სხვა რამეში მდგომარეობს.

ჩინეთის ინიციატივები დღეს

თუ ჩინეთის აღნიშნული ინიციატივები აქამდე უფრო აბსტრაქტული იყო, ბოლო პერიოდში ჩინეთი ცდილობს უფრო აქტიურად გააჟღეროს ისინი.

მაგალითისთვის, 2025 წლის სექტემბერში სი ძინპინმა კიდევ ერთი ახალი ინიციატივა, ამჯერად გლობალური მმართველობის ინიციატივა წარადგინა, რომელიც უკვე არსებულ სამ ინიციატივას ემატება და მიზნად ისახავს გლობალური მმართველობის რეფორმასა და დასავლური (უმეტესწილად ამერიკული) გავლენების შემცირებას. გასული წლის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩინეთის პრემიერ მინისტრმა ლი ქციანმა გააკრიტიკა უნილატერალიზმი, ამერიკული ჰეგემონიზმი და კვლავ ჩინურ ინიციატივებს გაუსვა ხაზი.

ამ წლის იანვარში კანადაში ჩინეთის ელჩმა გამოაქვეყნა საავტორო სტატია სათაურით „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის წინსვლა – საერთაშორისო სამართალდამცავი თანამშრომლობის გაღრმავება“, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა უნდა იქნას გამოყენებული თანამედროვე გლობალური უსაფრთხოების ახალ გამოწვევებზე საპასუხოდ, როგორიცაა სატელეკომუნიკაციო თაღლითობა და ტრანსნაციონალური დანაშაული. სტატიაში GSI წარმოდგენილია როგორც ხედვა, რომელიც ხელს უწყობს დიალოგს, პარტნიორობასა და საერთო უსაფრთხოებას, და არა კონფრონტაციას ან ბლოკებზე დაფუძნებულ პოლიტიკას.

ამ გზით ჩინეთი ცდილობს წარმოაჩინოს GSI როგორც პრაქტიკულად მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც რელევანტურია კონკრეტული უსაფრთხოების პრობლემებისთვის ტრადიციული სამხედრო საფრთხეების მიღმა, განსაკუთრებით სამართალდამცავი თანამშრომლობის კონტექსტში ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს შორის.

მეტიც, ბოლო პერიოდში ჩინეთი აგრძელებს გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის აქტიურ წარმოჩენას სამხრეთ აზიაში, როგორც უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილს, რომლის მიზანია საკუთარი უსაფრთხოების გავლენის გაფართოება ფორმალური სამხედრო ალიანსების შექმნის გარეშე. რეგიონში პეკინი ავითარებს GSI-ის ნარატივს მნიშვნელოვან რეგიონულ ფორუმებსა და დიპლომატიურ შეხვედრებზე, წარმოაჩენს მას როგორც ჰოლისტურ უსაფრთხოების ჩარჩოს, რომელიც ეფუძნება ისეთ პრინციპებს, როგორიცაა „განუყოფელი უსაფრთხოება“, სუვერენიტეტის პატივისცემა და ბლოკებზე დაფუძნებული უსაფრთხოების წესრიგის წინააღმდეგობა.

თუმცა პრაქტიკაში ინიციატივა უფრო მეტად ფუნქციონირებს როგორც სტრატეგიული ნარატიული ქოლგა, რომელიც არსებულ ორმხრივ უსაფრთხოების კავშირებს ლეგიტიმაციას ანიჭებს და ახალ ჩარჩოში აქცევს, ვიდრე როგორც კოლექტიური უსაფრთხოების ინსტიტუტი. ეს ნათლად ჩანს პაკისტანის მაგალითზე, სადაც სამხედრო და კონტრტერორისტული თანამშრომლობა GSI-ის გაჩენამდეც არსებობდა, თუმცა დღეს ის რეგულარულად გადაფორმდება ჩინეთის გლობალური სტაბილურობის ხედვის ნაწილად. მსგავსი დინამიკა შეინიშნება ბანგლადეშში, ნეპალსა და მალდივებში, სადაც თანამშრომლობა ხშირად კონცენტრირებულია სამართალდამცავ სფეროზე, წვრთნებზე და ტექნოლოგიურ მხარდაჭერაზე, და არა მრავალმხრივ ვალდებულებებზე.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ GSI-ის მოქნილობა, ვალდებულებებისა და ფორმალური სტრუქტურის არქონა, ჩინეთს აძლევს მნიშვნელოვან სივრცეს, საკუთარი ჩართულობა სამხრეთ აზიასა და ფართო აზიურ რეგიონში მოარგოს არსებულ პოლიტიკურ შესაძლებლობებს. კოლექტიური რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის ნაცვლად, ჩინეთი აკეთებს აქცენტს დისკურსსა და ნორმებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება დასავლურ, ალიანსებზე დაფუძნებულ მოდელებს, თანაც საკუთარ თავს წარმოაჩენს სუვერენიტეტისა და სტრატეგიული ავტონომიის დამცველად. ამავე დროს, მცირე აზიური სახელმწიფოები ხშირად იყენებენ GSI-ს როგორც ერთგვარ ინსტრუმენტს, ისინი ცდილობენ დააბალანსონ ურთიერთობები ჩინეთთან, ინდოეთთან და დასავლურ ძალებთან, პარალელურად კი იღებენ შესაძლებლობების განვითარებისა და დიპლომატიური მხარდაჭერის სარგებელს;

დასკვნა

აღნიშნული ინიციატივებით, განსაკუთრებით კი გლობალური უსაფრთხოების ინიციატივით ჩინეთი ცდილობს წარმოაჩინოს საკუთარი თავი როგორც გლობალური სუპერსახელმწიფო. ამისთვის დროც საკმაოდ სწორადაა შერჩეული – კოვიდ პანდემიის შემდგომი აღდგენა, უკრაინაში მიმდინარე ომი, პოლარიზებული სამყარო ჩინეთს კარგ ნიადაგს სთავაზობს საკუთარი ინიციატივის უფრო ფართოდ გასავრცელებლად. მეტიც, ამ ეტაპისთვის აშკარადაა გამოკვეთილი ვაკუუმი ძველი საერთაშორისო წყობის დაშლასა და ახალის ჩამოყალიბებას შორის, რაც ჩინეთს აძლევს საშუალებას საკუთარი სიტყვა თქვას.

თუმცა, აღნიშნული ინიციატივაც ჯერ-ჯერობით ძალიან ზოგადი და თეორიულია, მეტიც, აღნიშნულ ინიციატივებს ფორმალური სტრუქტურა და ქმედითი მექანიზმები არ გააჩნიათ.მიუხედავად გაცხადებული გლობალური ამბიციებისა, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა საწყის ეტაპზე უფრო მეტად ცენტრალური და სამხრეთ აზიის ქვეყნებზეა გათვლილი, რათა მან შეარყიოს აშშ-ს როლი და ხედვა აზიის უსაფრთხოების წესრიგში. ჩინეთი წლების განმავლობაში ცდილობს ამ რეგიონის ქვეყნებში ფინანსური და გეოპოლიტიკური გავლენის გაზრდას სხვადასხვა ხერხებით, იქნება ეს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, შანხაის კოოპერაციის ორგანიზაცია თუ BRICS, ისევე როგორც სარტყელისა და გზის ინიციატივა. მიზანი ყველა შემთხვევაში ერთია, საკუთარი გავლენის გაზრდა და ამერიკული გავლენის შემცირება.

ამ ეტაპისთვის მხოლოდ რუსეთს აქვს გაცხადებული მზაობა ამ ინიციატივისთვის, სხვები მას სკეპტიკურად უყურებენ. ცხადია დიდი დაინტერესება არ არის არც ევროკავშირის და არც ჩინეთის მეზობელი ქვეყნების მხრიდან. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში და ტაივანთან მიმართებაში ჩინეთის მიმდინარე პოლიტიკის ფონზე, ნაკლებად რეალისტურია ქვეყნები ჩინეთს მიენდონ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ინიციატივა მიმართულია არა იმდენად გლობალურ უსაფრთხოებაზე, არამედ ცალსახად ჩინეთის როლის გაზრდაზე საერთაშორისო პოლიტიკაში.

აღნიშნული ინიციატივები პირველ რიგში, ჩინეთის პოსტ-დასავლური მულტიპოლარული სამყაროს შექმნის და გლობალურ დღის წესრიგში საკუთარი ინტერესების შეტანის მცდელობაა. ჯერ-ჯერობით რთულად წარმოსადგენია თუ რამდენად შეძლებს ჩინეთი საკუთარი მიზნების მიღწევას და აღნიშნული ინიციატივების დამკვიდრებას, თუმცა, ეს ინიციატივები ამ ეტაპისთვის გვთავაზობენ ჩინეთის გლობალური ამბიციების მკაფიო დემონსტრაციას.