ჩრდილოეთ კორეის მეცხრე პარტიული ყრილობა: სტაბილურობა, ბირთვული გაძლიერება და ახალი გეოპოლიტიკური რეალობა

ჩრდილოეთ კორეის მეცხრე პარტიული ყრილობა: სტაბილურობა, ბირთვული გაძლიერება და ახალი გეოპოლიტიკური რეალობა

ავტორი: რეზი თოფურია, UGSPN-ის მკვლევარი

ჩრდილოეთ კორეის კორეის მუშათა პარტიის მეცხრე ყრილობა, რომელიც 2026 წლის 19-25 თებერვალს ფხენიანში გაიმართა, ქვეყნის ხუთწლიანი პოლიტიკური ციკლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. ჩრდილოეთ კორეაში პარტიული ყრილობები წარმოადგენს უმაღლეს პოლიტიკურ ღონისძიებას, სადაც ფორმირდება სტრატეგიული მიმართულებები, ხდება პოლიტიკური ელიტების ძალაუფლების გადანაწილება და იგზავნება მესიჯები როგორც შიდა, ისე საერთაშორისო აუდიტორიისთვის.

თუმცა, მიუხედავად მასშტაბისა და სიმბოლური დატვირთვისა, ამ ყრილობის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო სწორედ ცვლილებების არქონა. კიმ ჩენ ინმა არ წარმოადგინა ახალი სტრატეგიული ხედვა, პირიქით, მან გაამყარა უკვე არსებული კურსი და მოახდინა მისი ინსტიტუციონალიზაცია ახალი საერთაშორისო წყობისთვის.

პარტიული ყრილობების როლი კიმ ჩენ ინის ეპოქაში

ისტორიულად, ყრილობები ჩრდილოეთ კორეაში არარეგულარული, თუმცა, პოლიტიკურად დატვირთული მოვლენები იყო. კიმ ირ სენი მათ იყენებდა ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის, ხოლო კიმ ჩენ ირი მსგავს ყრილობებს დიდად არ სწყალობდა.

კიმ ჩენ ინმა ეს პრაქტიკა შეცვალა და ყრილობები რეგულარულ, ხუთწლიანი ინტერვალით ჩატარებად ღონისძიებად აქცია. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა: რეჟიმი ცდილობს, თავი წარმოაჩინოს არა როგორც მუდმივად რევოლუციური სისტემა, არამედ როგორც სტაბილური და პროგნოზირებადი სახელმწიფო.

მეცხრე ყრილობაც ამ მოდელს მიჰყვა – ანგარიშგება, საკადრო ცვლილებები, ხუთწლიანი გეგმები და სამხედრო აღლუმი.

სტრატეგიული კონსოლიდაცია სტრატეგიული გარდატეხის ნაცვლად

ყრილობის მთავარ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ არ მომხდარა პოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილება. რეჟიმმა გაამყარა უკვე არსებული მიმართულებები სამხედრო, ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკაში.

სამხედრო სფეროში აქცენტი გაკეთდა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც უკვე ვითარდება: ბალისტიკური რაკეტები, ბირთვული შესაძლებლობების მქონე კონვეციური შეიარაღება, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული სისტემები და სადაზვერვო ტექნოლოგიები. თუმცა, ამ მხრივ საგულისხმოა ე.წ. „ბირთვული ტრიგერის“ (Haekpangasoe) სისტემის დანერგვა, რაც მიუთითებს უფრო სწრაფ და, შესაძლოა, ნაწილობრივ ავტომატიზებულ გადაწყვეტილების მიღებაზე ბირთვული იარაღის გამოყენების ჭრილში. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ძალების ტექნოლოგიურმა განახლებამ ფაქტობრივად ხაზი გაუსვა არამხოლოდ ბირთვული შემაკავებლის ფუნქციას არამედ მიანიშნა პრევენციული დარტყმის შესაძლებლობებიც.

ეკონომიკაში კი პრიორიტეტად დარჩა თვითკმარობა. ახალი ხუთწლიანი გეგმა ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის განვითარებას, ინდუსტრიული წარმოების გაფართოებას და რეგიონულ განვითარებას. რეალური ამოცანას კი რაღა თქმა უნდა წარმოადგენს ეკონომიკური მდგრადობა სანქციების პირობებში, და არა გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაცია.

ერთობლივად, ეს პოლიტიკა წარმოადგენს არა ახალ მიმართულებას, არამედ უფრო მეტად ჩრდილოეთ კორეის გრძელვადიანი ტრაექტორიის კონსოლიდაციას – ბირთვული იარაღით აღჭურვილი, ეკონომიკურად იზოლირებული და ტექნოლოგიური მიმართულებით ადაპტირებადი სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეას.

ელიტების გადალაგება და თაობათა ცვლილება

თუ პოლიტიკა უცვლელი დარჩა, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო ელიტებს. პარტიის ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიცვალა, ხოლო ძველი თაობის წარმომადგენლები ჩანაცვლდნენ კიმ ჩენ ინის ერთგული კადრებით.

მათ შორის დაწინაურდნენ კიმ იო ჩენი (კიმ ჩენ ინის და) და სხვა ახლო გარემოცვის წევრები. ამ პროცესმა კიდევ უფრო გაამყარა მმართველობის სისტემა, სადაც ძალაუფლება კონცენტრირებულია იმ ადამიანებში, რომლებიც პირადად კიმზე არიან დამოკიდებული.

ეს გადაადგილებები ასახავს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ რუტინულ საკადრო ცვლილებებს. კიმის მხრიდან ძველი ელიტების ჩანაცვლება პირდაპირი გაგებით არალოიალურობას არ უკავშირდება. ეს ნაბიჯი მეტწილად ასახავს ავტორიტარული მემკვიდრეობის სისტემის სტრუქტურულ ლოგიკას. მრავალი მაღალი რანგის ჩინოვნიკი საკუთარ ავტორიტეტს იმ ქსელებიდან იღებდა, რომლებიც ჩამოყალიბდა კიმ ჩენ ირის მმართველობის პერიოდში, რაც ქმნიდა გავლენის ალტერნატიული ცენტრების პოტენციალს. იმ ფიგურების დაწინაურებით, რომელთა კარიერაც უკვე მისი მმართველობის დროს განვითარდა, კიმ ჩენ ინი ახალი პოლიტიკური ელიტების ავტორიტეტს უშუალოდ თავის ლიდერობას უკავშირებს. ამრიგად კი, კიმი ცდილობს ფრაქციონალიზმის რისკის შემცირებას და ელიტური სტრუქტურის იმგვარად შეცვლას, რომ უზრუნველყოს რეჟიმის გრძელვადიანი სტაბილურობა.

იმის გამო, რომ პარტიული პოზიციები განსაზღვრავს დანიშვნებს როგორც მინისტრთა კაბინეტში, ისე სამხედრო სფეროში, ეს ცვლილებები მთელ სახელმწიფო აპარატზე გავრცელდება. შედეგად ყალიბდება უფრო ცენტრალიზებული და კიმ ჩენ ინის ერთგული მმართველობითი ქსელი.

ბირთვული სტატუსის საბოლოო ინსტიტუციონალიზაცია

მეცხრე ყრილობამ საბოლოოდ გაამყარა ჩრდილოეთ კორეის როგორც ბირთვული სახელმწიფოს თვითაღქმა. ეს უკვე წლებია ფაქტობრივი რეალობაა, მაგრამ ახლა იგი უფრო ღრმად ინტეგრირდა სტრატეგიულ და ინსტიტუციურ დონეზე.  მოწინავე გადამტანი სისტემების განვითარება, „ბირთვული ტრიგერის“ კონცეფციასთან ერთად, მიუთითებს ოპერატიული მზადყოფნისა და მოქნილობისკენ გადანაცვლებაზე. შედეგად, ჩრდილოეთ კორეისთვის ბირთვული იარაღი აღარ არის მხოლოდ შეკავების ინსტრუმენტი, ის ხდება ოპერატიული სამხედრო სტრატეგიის ნაწილი.  ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ იარაღზე აქცენტს აქამდეც აკეთებდა, თუმცა,  ამჟამინდელი დოქტრინალური განვითარებები მიუთითებს ოპერატიულ ინტეგრაციაზე გადასვლის ტენდენციაზე. ტაქტიკური ბირთვული იარაღის განვითარება, პრევენციული გამოყენების დებულებები და მართვისა და კონტროლის ახალი მექანიზმები მიუთითებს, რომ ბირთვული იარაღი სულ უფრო მეტად ერთვება სამხედრო დაგეგმვაში არა მხოლოდ როგორც შეკავების ინსტრუმენტი, არამედ როგორც პოტენციური საშუალება საბრძოლო მოქმედებების სტრატეგიაში. რაც თავის მხრივ სერიოზულ გამოწვევას ქმნის გლობალური უსაფრთხოების სისტემისთვის.

ურთიერთობები სამხრეთ კორეასთან

ყრილობის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი განცხადება სამხრეთ კორეასთან მიმართებით გაჟღერდა. ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალურად დააფიქსირა „ორი სახელმწიფოს“ მოდელი და სამხრეთ კორეა გამოაცხადა მუდმივ მტრულ სახელმწიფოდ.

ეს წარმოადგენს ფუნდამენტურ გარდატეხას ჩრდილოეთ კორეაში ათწლეულების განმავლობაში არსებული პოლიტიკაში, რომელიც დაძაბულობის პერიოდებშიც კი ინარჩუნებდა ეროვნული გაერთიანების რიტორიკულ მიზანს. ამ ჩარჩოს მიტოვებით კი ფხენიანმა ფაქტიურად გააუქმა იდეოლოგიური საფუძველი ჩრდილოეთ-სამხრეთ კორეის თანამშრომლობისთვის.

ცხადია კორეის რეუნიფიკაცია ახლო მომავალში ნაკლებად რეალისტური ჩანდა, თუმცა, ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მოსალოდნელია რომ ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გამწვავდება და დიპლომატიური არხებიც უფრო და უფრო შეიზღუდება.  ამავე დროს, ჩრდილოეთ კორეის მიერ სოფლის მეურნეობის თვითუზრუნველყოფაზე გაკეთებული აქცენტი პირდაპირ უკავშირდება ამ ცვლილებას, ფხენიანს სურს რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული სამხრეთზე.  

პირობითი სიგნალი აშშ-ს

სეულისგან განსხვავებით, ფხენიანმა შედარებით უფრო პოზიტიური სიგნალი გააგზავნა ვაშინგტონის მიმართულებით. ჩრდილოეთ კორეა მზადაა დიალოგზე და მეტ გახსნილობაზე აშშ-სთან მიმართებაში, თუმცა გზავნილი უცვლელია: ურთიერთობების ნორმალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეას ბირთვულ სახელმწიფოდ აღიარებს.

ეს პოზიცია შესაძლოა ფხენიანის სტრატეგიულ გათვლას ასახავდეს. გლობალური დინამიკის ცვლილების ფონზე  და ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ორი ქვეყნის ლიდერს შორის დამყარებული ურთიერთობების გათვალისწინებით,  როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეა ხედავს შესაძლებლობას, თავიდან გადახედოს საკუთარ ადგილს საერთაშორისო სისტემაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ამით კიმს ფაქტობრივად კომპრომისის ტვირთი ვაშინგტონზე გადააქვს. თუმცა, აშშ-ს წინა ადმინისტრაციების პოზიციის და საერთაშორისო ხელშეკრულებების გათვალისწინებით, აშშ-ს მხრიდან ეს ნაბიჯი ნაკლებად მოსალოდნელია.

მემკვიდრეობის საკითხი

მიუხედავად სპეკულაციებისა, ყრილობაზე არ დაფიქსირებულა მკაფიო ნაბიჯები კიმ ჩენ ინის მემკვიდრის განსაზღვრის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ კიმის ქალიშვილი დასკვნით სამხედრო აღლუმზე გამოჩნდა, მისი არყოფნა ოფიციალურ პროცედურებში მიუთითებს, რომ მემკვიდრეობის საკითხი რჩება გრძელვადიან საკითხად და არა დაუყოვნებელ პრიორიტეტად.

დასკვნა

ჩრდილოეთ კორეის მეცხრე პარტიული ყრილობა არ იყო გარდამტეხი მოვლენა, ის იყო კონსოლიდაციის მომენტი. კიმ ჩენ ინმა არ შეცვალა სისტემის ლოგიკა, მან ის გაამყარა და დაასტაბილურა. საკადრო ცვლილებები, ინსტიტუციური ნორმალიზაცია და სტრატეგიული უწყვეტობა მიუთითებს, რომ რეჟიმი დარწმუნებულია საკუთარ მოდელში.

საერთაშორისო საზოგადოებისთვის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩრდილოეთ კორეა ამკვიდრებს თავს როგორც ბირთვული სახელმწიფო, ამავე დროს აუქმებს ჩრდილოეთ-სამხრეთ კორეის დიალოგის საფუძვლებს და ცდილობს ისარგებლოს ფრაგმენტირებული გლობალური წესრიგით. დრამატული ცვლილებების არარსებობა არ უნდა იქნეს აღქმული სტაგნაციად. პირიქით, ჩრდილოეთ კორეის  მუშათა პარტიის მეცხრე ყრილობა განასახიერებს რეჟიმს, რომელსაც სჯერა, რომ იპოვა მდგრადი მოდელი გადარჩენისთვის – და ახლა ამ მოდელის დახვეწას ცდილობს გრძელვადიანი არსებობისთვის.