მოსკოვის და პეკინის პოზიციები ახლო აღმოსავლეთის კრიზისის მიმართ

მოსკოვის და პეკინის პოზიციები ახლო აღმოსავლეთის კრიზისის მიმართ

ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, UGSPN-ის უფროსი მკვლევარი

28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის მიერ დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ, რომელიც ბოლო ხანებში დაბალი ინტენსივობის კონფლიქტში გადავიდა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირებაში გარდაისახა, პოტენციურად სერიოზული გავლენა შეიძლება მოახდინოს ძალთა ბალანსზე არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. მოსკოვი და პეკინი დიდი ხანია მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა შეასუსტონ დასავლეთი და თავიანთი ინტერესების შესაბამისად შეცვალონ საერთაშორისო წესრიგი. ცხადია, რომ ამ ორ ქვეყანას, რომლებიც თავიანთ ურთიერთობას „ულიმიტო პარტნიორობას“ უწოდებენ, თავიანთი მიდგომა და პოლიტიკა გააჩნიათ ახლო აღმოსავლეთის კრიზისის მიმართაც. ამასთან, როგორც ჩანს, მოსკოვისა და პეკინის პოზიციები დიდწილად ერთმანეთთან თანხვედრაშია და გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთის კრიზისი ამ ორი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას უწყობს ხელს.      

რუსეთის და ჩინეთის პოლიტიკური პოზიციონირება ირანის მიმართ

ირანი რუსეთისთვის და ჩინეთისთვის მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს, რასაც ნათლად აჩვენებს როგორც ამ ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, ისე მათ შორის გაფორმებული შეთანხმებები. მათ შორის, შეიძლება გამოიყოს, 2021 წელს ჩინეთსა და ირანს შორის და 2025 წელს რუსეთსა და ირანს შორის ხელმოწერილი შეთანხმებები სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ამავდროულად, ორივე მათგანი აშშ-ირანის კონფლიქტს განიხილავს როგორც შესაძლებლობას, რათა შეასუსტოს აშშ-ის პოზიციები ახლო აღმოსავლეთში და შეარყიოს მისი ლიდერობა თანამდროვე მსოფლიო წესრიგში.

მიუხედავად ამისა, არც პეკინი და არც მოსკოვი ირანის განსაკუთრებით აქტიური პოლიტიკური მხარდაჭერით არ გამოირჩევიან და უფრო მეტად ზომიერ პოზიციას ინარჩუნებენ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისული ვითარების მიმართ. ჩინეთის ექსპერტთა შეფასებით, პეკინის რიტორიკის ზომიერებას ერთი მხრივ, განაპირობებს არაბულ ქვეყნებთან მისი მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, ხოლო მეორე მხრივ კი, აშშ-თან ურთიერთობების დაბალანსების სურვილი, განსაკუთრებით სი ძინპინი-ტრამპის სამიტის წინ, რომელიც პეკინში 14-15 მაისს უნდა გაიმართოს. ანალოგიური მიზეზების გამო, ჩინეთის მსგავსად მოსკოვის პოლიტიკური პოზიციაც ზომიერია, თუმცა იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს გაკეთებული განცხადებების დონეზე უფრო ხისტი და კრიტიკულია აშშ-ს მიმართ (უფრო მეტი ამ თემაზე შეგიძლიათ აქ იხილოთ).

რუსეთის და ჩინეთის დაბალანსებული პოლიტიკური პოზიცია და მათ შორის არსებული მაღალი დონის კოორდინაცია, ასევე ჩანს გაეროს უშიშროების საბჭოში ამ ორი ქვეყნის მოქმედებებში. კერძოდ, 2026 წლის მარტში არც პეკინმა და არც მოსკოვმა არ გამოიყენა ვეტოს უფლება, რათა დაებლოკათ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელმაც დაგმო ირანის მიერ არაბულ ქვეყნებზე განხორციელებული სარაკეტო იერიშები. თუმცა, ამის საპირისპიროდ, აპრილში მათ ვეტო დაადეს ბაჰრეინის მიერ ინიცირებულ და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციას, რომელიც ირანისგან ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნას მოითხოვდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ ეს ორი ქვეყანა ტრადიციულად გამოირჩევიან გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში თანამშრომლობით. ბოლო ოცი წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ ერთმანეთის საპირისპირო პოზიციები ჰქონდათ, როდესაც 2024 წლის ნოემბერში რუსეთმა ვეტო დაადო სუდანის სამოქალაქო ომში ცეცხლის შეწყვეტის მომთხოვნ რეზოლუციას, რომელსაც ჩინეთი მხარს უჭერდა.

სამხედრო მხარდაჭერა

აშშ-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ რუსეთის და ჩინეთის მხრიდან ირანისთვის გაწეული სამხედრო დახმარების თაობაზე ღია წყაროებში გავრცელებული ლიმიტირებული ინფორმაცია, საერთო ჯამში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამ დახმარებასაც შეზღუდული ხასიათი გააჩნია. რუსეთის მხრიდან საუბარია ირანისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებასა და დრონების უფრო ეფექტიანად გამოყენების მიზნით საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე. მარტის ბოლოს, ევროპის ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების მონაცემებით, რუსეთი ემზადებოდა გარკვეული რაოდენობის დრონების გასაგზავნად ირანში, თუმცა ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანის თაობაზე ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ გავრცელებულა. 30 აპრილს აშშ-ს კონგრესში გამართულ მოსმენაზე აშშ-ს გაერთიანებული შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინიმ დაადასტურა, რომ რუსეთი მართლაც ახორციელებს გარკვეულ ქმედებებსა და აქტივობებს ირანის დასახმარებლად აშშ-ს ინტერესების წინააღმდეგ, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია.

რაც შეეხება ჩინეთს, გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქვეყნის კომპანიები კვლავ აგრძელებენ ირანისთვის სანქცირებული ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების მიყიდვას, რომლებიც იარაღის  წარმოებისა და სანავიგაციო სისტემების შესაძლებლობების გაზრდისთვის გამოიყენება. აშშ-ს თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს შეფასებით, ორმა ჩინურმა კერძო კომპანიამ – MizarVision და Empostate ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს მიაწოდა თანამგზავრის მიერ გადაღებული მაღალი სიზუსტის ფოტომასალა, რომლებზეც ასახული იყო ახლო აღმოსავლეთში განლაგებული აშშ-ს სამხედრო ბაზები და სხვა ობიექტები. ასევე, დაუდასტურებელი სადაზვერვო მონაცემების თანახმად, ჩინეთმა ირანს მიაწოდა  გადასატანი საზენიტო-სარაკეტო საშუალებები (MANPADS), რომლებიც გამოიყენება დაბალ სიმაღლეზე მოძრავი საფრენი აპარატების წინააღმდეგ.  

მედიაცია ჩინეთის და რუსეთის მხრიდან       

საექსპერტო საზოგადოებაში საკმაოდ გავრცელებულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ჩინეთი იყენებს თავის კავშირებს პაკისტანთან აშშ-ირანს შორის მოლაპარაკებების პროცესის მონიტორინგისთვის და მედიაციის პროცესზე გარკვეული გავლენის მოსახდენადაც, თუმცა ხისტი ჩარევისგან თავს იკავებს. აქტიურად მუშაობს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე არაერთი სატელეფონო კომუნიკაცია განახორციელა თავსი კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნებში, აშშ-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ. აპრილის შუა რიცხვებში ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის სამუშაო გრაფიკი გადატვირთული იყო მაღალი დონის შეხვედრებით. კერძოდ, იგი შეხვდა ესპანეთის პრემიერ მინისტრს პედრო სანჩესს, არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს, ვიეტნამის ლიდერს ტო ლამს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს. შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს ხედავს როგორც ერთგვარ შესაძლებლობას იმისთვის, რომ  საკუთარი თავი საერთაშორისო ასპარეზზე სტაბილურ ძალად წარმოაჩინოს.

უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართულ, დასავლეთის ქვეყნებისგან იზოლირებულ და მრავალ სხვადასხვა სანქციის ქვეშ მოქცეულ რუსეთის, ჩინეთისგან განსხვავებით შეზღუდული აქვს არეალი ირანის თემაზე მედიაციისთვის. თუმცა, პუტინი-ტრამპს შორის პირდაპირი კომუნიკაცია და ირანთან მჭიდრო კავშირები მას ამისთვის სივრცეს მაინც უტოვებს. აშშ-ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, აპრილის ბოლოს, პუტინსა და ტრამპს შორის რიგით მეორე სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის ინიციატორი ამჯერად რუსული მხარე იყო. აღსანიშნავია, რომ ეს სატელეფონო საუბარი განხორციელდა მალევე მას შემდეგ, რაც ირანის საგრეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რუსეთში იმყოფებოდა, სადაც იგი  პუტინს შეხვდა. ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ პუტინის მხრიდან ტრამპთან სატელეფონო ზარის ინიცირება სწორედ ირანის თემაზე საუბრის სურვილით იყო განპირობებული. სატელეფონო საუბრის შესახებ ტრამპის კომენტარიდან გაირკვა, რომ ამჯერადაც, ისევე როგორც პირველი სატელეფონო საუბრისას, პუტინმა სავარაუდოდ წამოჭრა ბირთვული იარაღის შესაქმნელად საჭირო გამდიდრებული ურანის ირანიდან რუსეთში გატანის საკითხი, თუმცა ამაზე კვლავ უარი მიიღო.

ჰორმუზის სრუტის კრიზისის გავლენა ჩინეთსა და რუსეთზე

ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო საერთაშორის ენერგობაზარზე შექმნილმა კრიზისი და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა განსხვავებულად აისახება ჩინეთსა და რუსეთზე. ჩინეთი ნავთობის მთლიანი იმპორტის ნახევარს და გაზის იმპორტის მესამედს (გათხევადებული ბუნებრივი LNG აირის სახით) ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იღებდა ჰორმუზის სრუტის გავლით. მიუხედავად ამისა, საქსპერტო შეფასებების თანახმად, ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის მიწოდების  შეწყვეტა ნაკლებად პრობლემატურად ითვლება ჩინეთისთვის, რადგან მისი ეკონომიკა შედარებით ნაკლებად არის დამოკიდებული ნავთობზე და ამასთან, წლების განმავლობაში ჩინეთმა დიდი რაოდენობით ნავთობის რეზერვი დააგროვა. გარდა ამისა, მარტის მონაცემებით, 46 მლნ ბარელი ირანული ნავთობი აზიაში მცურავ საწყობებში იყო განთავსებული, ხოლო ირანული ნავთობის კიდევ უფრო დიდი რაოდენობა ჩინეთის ორ უმსხვილეს საპორტო ქალაქში ინახებოდა. უფრო პრობლემურად, განსაკუთრებით მოკლე ვადებში, ჩინეთისთვის ჰორმუზის სრუტის გავლით მიღებული LNG-ის ჩანაცვლება ითვლება. ივარაუდება, რომ ჩინეთი ამ დანაკლისის დასაკომპენსირებლად სხვა ენერგორესურსების გამოყენებაზე უნდა გადაერთოს. 

ჩინეთისგან განსხვავებით, ენერგორესურსების ექსპორტიორი რუსეთი ჰორმუზის სრუტის ბლოკირებისგან სარგებელს ღებულობს. მარტში ნავთობიდან მიღებული შემოსავალი რუსეთში 52%-ით, ხოლო ნავთობის ექსპორტი 16%-ით გაიზარდა. ნაკლებად, მაგრამ ასევე  5-5%-ით გაზიარდა LNG-ის და გაზსადენების მეშვეობით ექსპორტირებული გაზიდან მიღებული შემოსავალი. გასათვალისწინებელია, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკირება უშუალოდ რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობებისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია ენერგეტიკის სფეროში მათ შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე. კერძოდ, სწორედ რუსეთია ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი. ამასთან ერთად, იგი ჩინეთში გაზის ექსპორტსაც ახორციელებს. 2025 წელს „ციმბირის ძალის“ გაზსადენით რუსეთიდან ჩინეთისთვის მიწოდებულმა გაზის მოცულობამ 38 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, რაც ამ გაზსადენის გამტარუნარიანობის მაქსიმუმია. „ციმბირის ძალა 2“ გაზსადენის გაყვანის თაობაზე მოლაპარაკებები რუსეთსა და ჩინეთს შორის დასკვნით ფაზაშია. ხოლო 2027 წლის იანვრიდან იგეგმება „შორეული აღმოსავლეთის მარშრუტით“ ახალი გაზსადენის ამოქმედება, რომლის წლიური გამტარობა 12 მლრდ კუბურ მეტრი იქნება. გარდა ამისა, იზრდება LNG-ის ექსპორტი რუსეთიდან ჩინეთში. 2025 წლის ბოლოს, რუსეთმა კატარის შემდეგ მეორე ადგილზე გადაინაცვლა ჩინეთისთვის მიწოდებული LNG-ის რაოდენობით.

ჰორმუზის სრუტის ბლოკირების პირობებში, მოსკოვს ერთი მხრივ ეძლევა შესაძლებლობა გაზარდოს ენერგორესურსების ექსპორტი ჩინეთში. მეორე მხრივ კი, მიაღწიოს უკეთეს პირობებს ჩინეთის მიერ რუსული გაზის შესყიდვის ფასთან დაკავშირებით, რომელიც ევროპულ ფასთან შედარებით საგრძნობლად დაბალია. კერძოდ,  ჩინეთი 1000 კუბურ მეტრ გაზში რუსეთს საშუალოდ 248.7 აშშ დოლარს უხდის, რაც ევროპის ქვეყნებისთვის (თურქეთი, სლოვაკეთი, სერბეთი და უნგრეთი) მიწოდებულ გაზის საშუალო ფასზე დაახლოებით 38%-ით ნაკლებია.  

ლავროვის ვიზიტი ჩინეთში

14-15 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩინეთში იმყოფებოდა. ეს იყო პირველი მაღალი დონის შეხვედრა ჩინეთისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის 2026 წელს. ვიზიტისას მან შეხვედრები გამართა თავის კოლეგასთან ვან ისთან და ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან. ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთისა და რუსეთის მიერ სრულად უნდა იყოს გამოყენებული გეოგრაფიული სიახლოვისა და ურთიერთშემავსებლობის უპირატესობები, ასევე უნდა გაღრმავდეს ყოველმხრივი თანამშრომლობა და გაიზარდოს ერთმანეთის მდგრადი განვითარება.  საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯერეს პოზიციები 2026 წელს ორი ქვეყნის პირველი პირების შეხვედრების მომზადების თაობაზე და იმსჯელეს მნიშვნელოვან საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, ისეთებზე როგორიცაა აშშ-ირანის კონფლიქტი, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში არსებულ ვითარება და უკრაინის საკითხი.

16 ივლისს იწურება ჩინეთსა და რუსეთს შორის „კეთილმეზობლობის,  მეგობრობისა და თანამშრომლობის“ თაობაზე 2001 წელს გაფორმებული შეთანხმების ვადა. როგორც ჩანს მიმდინარეობს მუშაობა ამ  დოკუმენტის განახლებულ ვერსიაზე, რომელიც განავრცობს და შეავსებს ძველი შეთანხმების პირობებს, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული. თუკი მხარეები განახლებული დოკუმენტის ხელმოწერაზე შეთანხმდებიან, მოსალოდნელია, რომ მასში უფრო მკაფიოდ აისახება რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობა ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში. წინაღმდეგ შემთხვევაში, 2001 წლის შეთანხმების მოქმედება 5 წლით ავტომატურად გახანგრძლივდება.  

ვიზიტის დასასრულს სერგეი ლავროვმა პეკინში პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც შეაჯამა მისი ვიზიტი და ასევე არაერთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხო. პრესკონფერენციაზე ლავროვმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი რუსეთისა და ჩინეთის მეგობრობის, სტრატეგიული პარტნიორებისა და თანამდროვე პირობებში მხარდამხარ მოქმედებისთვის მზაობის მნიშვნელობას. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი შეავსებს ახლო აღმოსავლეთის კრიზისის შედეგად  ჩინეთის და სხვა ქვეყნების ენერგორესურსების დანაკარგს, რომლებიც დაინტერესებული არიან რუსეთთან იმუშავონ თანასწორ და ურთიერთსასარგებლო პირობებით. 

ამავე დროს, იგი ტრადიციულად საკმაოდ კრიტიკული იყო დასავლეთის მიმართ, რომელიც საკუთარი ჰეგემონიის შენარჩუნებაში დაადანაშაულა, რაც მისი შეფასებით „სხვის ხარჯზე ცხოვრებისა“ და სხვების დაქვემდებარების სურვილით არის განპირობებული. მან როგორც ვენესუელასთან, ისე ირანთან მიმართებაში აშშ-ს პოლიტიკის ძირითად მიზნად ამ ქვეყნების ენერგორესურსების ხელში ჩაგდება დაასახელა. ამასთან მისი შეფასებით, აშშ-ს სურს რუსეთზე პასუხისმგებლობა ევროპას გადააბაროს, რათა თავად ჩინეთზე გადაერთოს. 

პოსტ-საბჭოთა სივრციდან ლავროვმა განსაკუთრებით ცენტრალური აზია გამოყო, სადაც მისი შეფასებით, დასავლეთი გააქტიურებულია, რათა საკუთარი „თამაშის წესები“ დააწესოს და წამყვანი როლი შეასრულოს ამ რეგიონების ქვეყნების შიდა თუ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში. ლავროვის აზრით იგივე მცდელობა, მაგრამ უფრო ნაკლებად,  იკვეთება სამხრეთ კავკასიაშიც.      

დასკვნა

ირანთან მიმართებაში რუსეთის და ჩინეთის პოზიციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. მათთვის მნიშვნელოვანია ირანში თავიანთი მოკავშირე რეჟიმის გადარჩენა და ასევე აშშ-ის პოზიციებისა და გავლენის  შესუსტება საერთაშორისო ასპარეზზე. ამავე დროს, ორივე მათგანი ამ ამოცანის შესრულებას დაბალანსებული და ზომიერი ქმედებებით ცდილობს, რათა აშშ-ს, ისრაელისა და არაბული ქვეყნების გაღიზიანება არ გამოიწვიოს. პარალელურად, მოსკოვი და პეიკინი ცდილობენ, აშშ-ირანის მოლაპარაკებების პარალელურად, თავადაც აწარმოონ მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩართულ აქტორებთან და შექმნილი მდგომარეობა საკუთარი საერთაშორისო პოზიციების გასამყარებლად გამოიყენონ. რაც შეეხება  აშშ-ირანის მოლაპარაკებებში მედიაციას, ამ საკითხში ჩინეთის პოზიციები რუსეთზე უფრო სოლიდურად გამოიყურება. ამ მედიაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მართალია არ უნდა ველოდოთ პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების კარდინალურად გადატვირთვას, მაგრამ ჩინეთის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე გაუმჯობესდება.

ახლო აღმოსავლეთში დაბალი ინტენსივობის კონფლიქტის შენარჩუნებით, სავარაუდოდ დაინტერესებულია მოსკოვიც და პეკინიც, რადგან ამჟამად ირანის გარშემო შექმნილი ვითარება,  არ აძლიერებს აშშ-ს პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე. ამასთან,  ახდენს ახლო აღმოსავლეთისკენ მისი რესურსების გადამისამართებასა   და გახარჯვას, ისევე როგორც ხელს უწყობს ურთიერთობების გაურესებას დასავლეთის ქვეყნებს შორის. რუსეთის ინტერესი ამ შემთხვევაში მაინც უფრო მაღალია, რადგან იგი ჰორმუზის სრუტის ბლოკირებისგან ეკონომიკურ სარგებელსაც იღებს.  გარდა ამისა, კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში პოტენციურად კიდევ უფრო მეტად აახლოებს მოსკოვსა და პეკინს ერთმანეთთან და მათ შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს.