ავტორი: რეზი თოფურია, UGSPN-ის მკვლევარი
2026 წლის 14 მაისის დილას პეკინის საერთაშორისო აეროპორტში Air Force One დაეშვა. ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ამერიკელ სტუმარს საპატიო სამხედრო გვარდიით და ისეთი საზეიმო სიდიადით დახვდა, რასაც პეკინი ლამის მხოლოდ ისტორიის წიგნებში შესატან მომენტებში მიმართავს. თავის მხრივ, პატივისცემა არც ტრამპს დაუკლია და პირველი წუთები სის გულუხვ ქებაში გაატარა, Fox News-ს ისიც კი უთხრა, რომ სი იმდენად შთამბეჭდავი პიროვნებაა, რომ ჰოლივუდსაც კი გაუჭირდება მისი ტოლი კაცის პოვნა ჩინელი ლიდერის როლის სათამაშოდ. თუმცა, ამ დიპლომატიური გაცვლა-გამოცვლის მიღმა, სამიტის ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი გამოჩნდა.
პირველ რიგში, საინტერესო იყო ამერიკული დელეგაციის შემადგენლობა: ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან ერთად, როგორებიც არიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო (რომელსაც ჩინელმა ბიუროკრატებმა სახელი ოდნავ შეუცვალეს, რათა მას პეკინში ჩასვლა შესძლებოდა, მიუხედავად მანამდე დაწესებული აკრძალვისა), თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი, ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელ ჯეიმსონ გრირი, ტრამპმა ჩინეთში კორპორაციული ამერიკის უჩვეულო შემადგენლობა ჩაიყვანა. სამიტს Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი შვილთან ერთად ესწრებოდა; Nvidia-ს CEO ჯენსენ ჰუანგი სიას ბოლო მომენტში დაემატა, ტრამპის პირადი ზარის შემდეგ; დელეგაციაში ასევე იყო Apple-ის CEO ტიმ კუკი, ისევე როგორც Qualcomm-ის კრისტიანო ამონი, Micron-ის სანჯეი მეჰროტრა, Boeing-ის კელი ორტბერგი, GE Aerospace-ის ლარი კალპი, ჯამში ჩვიდმეტი ბიზნეს-ლიდერი. დელეგაცია, სპეციალური განზრახვით, გამიზნული სიგნალის გასაგზავნად იყო შედგენილი – შეერთებული შტატები ჩინეთში ჩავიდა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ეკონომიკური სუპერსახელმწიფოს სახითაც.
სამოცდასამი საათის შემდეგ ტრამპი და მისი დელეგაცია ვაშინგტონისკენ გამოეშურა. ვიზიტის ცერემონიული ნაწილი მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა, მისი შედეგები კი აშშ-სთვის გაცილებით მოკრძალებული.
რა იდო მოლაპარაკებების მაგიდაზე და რას მიაღწიეს მხარეებმა?
ვაჭრობა: სამი B და ტარიფები
სამიტის ერთ-ერთ მთავარ საკითხს ცალსახად ვაჭრობა წარმოადგენდა. აშშ-ს სავაჭრო პრიორიტეტების შემოკლებული ფორმულა იყო სამი B: Boeings (თვითმფრინავები), beef (საქონლის ხორცი) და (soy)beans (სოიო). ტრამპმა სამივე მიმართულებით წარმატება დაიკვეხნა, მისი მტკიცებით ჩინეთი დათანხმდა შეიძინოს მინიმუმ 200 Boeing-ის სამგზავრო თვითმფრინავი (2017 წელს ტრამპის პეკინის ვიზიტის შედეგად ჩინეთი 300 Boeing-ის ყიდვას დათანხმდა, თუმცა, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაფუჭების ფონზე შეთანხმება ჩაიშალა). ტრამპმა დამატებით გამოაცხადა, რომ ჩინეთი ამერიკული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს, მათ შორის სოიოს, დიდ რაოდენობას შეიძენდა. ამ თემაზე, სავაჭრო წარმომადგენელმა გრირმა დაამატა, რომ მისი მოლოდინით პეკინი ამერიკული სასოფლო-სამეურნეო საქონლის ყიდვის რამდენიმე მილიარდიან ვალდებულებას მალე აიღებდა.
თუმცა, ტრამპის განცხადებების მიუხედავად, ჩინეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული კომუნიკეები Boeing-ის შეძენას არ ადასტურებდნენ. ამასთანავე, ხაზინის მდივანმა ბესენტმა აღიარა, რომ სოიოს შეძენის ვალდებულებები დიდწილად ბუსანის წინა ზავით იყო გათვალისწინებული, რომლის მიხედვითაც ჩინეთმა უკვე დადო პირობა, რომ 2026 წლიდან სამ წელიწადში არანაკლებ 25 მილიონი მეტრული ტონა ამერიკული მარცვლეული შეიძინოს.
მოსალოდნელი იყო, რომ როგორც მინიმუმ ბუსანის ზავის გასაგრძელებლად, მხარეები იმსჯელებდნენ სატარიფო არქიტექტურის გადახედვასთან დაკავშირებით, თუმცა, ამ მხრივ სამიტს პროგრესი არ მოუტანია. მხარეებმა აღნიშნეს, რომ არაკრიტიკული ინდუსტრიებიდან დაახლოებით ოცდაათი მილიარდი დოლარის ჩინური საქონელზე ტარიფების ეტაპობრივი შემცირების გეგმა განიხილება, მაგრამ საბოლოო შეთანხმებას, სავარაუდოდ, რამდენიმე თვის ადმინისტრაციული სამუშაო დასჭირდება.
ტაივანი
სამიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი შესაძლოა სწორედ ის იყოს, რაზეც ამერიკული მხარე ოფიციალურად ყველაზე ნაკლებად საუბრობს. ჩინური სახელმწიფო მედიის მიხედვით, სი-მ ტრამპს პირდაპირ განუცხადა, რომ ტაივანი ამერიკულ-ჩინური ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია და გააფრთხილა, რომ სიტუაციის არასწორი მართვის შემთხვევაში ორი ქვეყანა შეიძლება ერთმანეთთან კონფლიქტში აღმოჩნდეს. სი-მ დასძინა, რომ ტაივანის დამოუკიდებლობა ტაივანის სრუტეში მშვიდობასთან ფუნდამენტურად შეუთავსებელია. მსგავსი განცხადება პეკინის სტანდარტულ ფორმულირებაზე გაცილებით უფრო მძაფრია.
აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის კომუნიკე ტაივანს საერთოდ არ ახსენებს. რუბიომ, ტაიპეიში და ამერიკელ მოკავშირეებში შეშფოთების შესამცირებლად, NBC News-ს განუცხადა, რომ „ტაივანთან დაკავშირებული ამერიკის პოლიტიკა დღეს უცვლელია“. მაგრამ რეალური დინამიკა მხოლოდ Air Force One-ზე ასვლის შემდეგ გამოვლინდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სი-მ მას პირდაპირ ჰკითხა, დაიცავდა თუ არა შეერთებული შტატები ტაივანს სამხედრო კონფლიქტის დროს, პასუხად კი ტრამპმა მიუგო, რომ „ამ თემაზე არ საუბრობს“. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა, რომ კვლავ განიხილავს, გაგრძელდეს თუ არა ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის შეიარაღების გეგმიური პაკეტი. საუბარია ტაივანისთვის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და რაკეტების მიყიდვაზე, რასაც ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ტაივანისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება არღვევს პეკინის „ერთი ჩინეთის“ პრინციპს და ზრდის სამხედრო დაპირისპირების რისკს. თავად ტაივანი კი ამ პაკეტს კრიტიკულად მნიშვნელოვან შემაკავებელ ფაქტორად მიიჩნევს, განსაკუთრებით კუნძულის გარშემო ჩინეთის მზარდი სამხედრო აქტივობის ფონზე. ტრამპის მტკიცებით, სი-სთან ამ საკითხზე არანაირი ვალდებულება არ აუღია. თუმცა, პარასკევს Fox News-სთან ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ ტაივანმა ოფიციალურად დამოუკიდებლობის გამოცხადებისგან თავი უნდა შეიკავოს.
რთულია დაზუსტებით იმის თქმა, თუ როგორ გაგრძელდება აშშ-ტაივანის ურთიერთობები, თუმცა, ცალსახაა რომ პეკინმა ამჯერად უკვე თავს უფლება მისცა უფრო აგრესიული ენით ესაუბრა აშშ-სთან ტაივანის საკითხზე, პასუხად კი ტრამპისგან მხოლოდ ბუნდოვანება მიიღო. ეს კი, უდაოდ სი ძინპინის წისქვილზე ასხამს წყალს.
ირანი და ჰორმუზის სრუტე
ირანის კონფლიქტი სამიტის ერთ-ერთ განსახილველ თემა იყო, თუმცა, შინაარსობრივი შედეგი ნაკლებად ჰქონდა. ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანის საკითხი განიხილეს და განაცხადა, რომ ორივე ლიდერს ერთნაირად აქვს კონფლიქტის დასრულების და ჰორმუზის სრუტის გახსნის სურვილი. ამის გარდა, ირანთან მიმართებით არანაირი მნიშვნელოვანი განცხადება არ გაკეთებულა. ამავდროულად, რუბიომ NBC-ს განუცხადა, რომ „შეერთებული შტატები ირანის საკითხში პეკინის დახმარებას არ ითხოვს“. სამიტამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ტრამპის ერთ-ერთი პრიორიტეტი პეკინის მხრიდან ირანზე ზეწოლის მოხდენა იქნებოდა, რუბიოს განცხადება კი თითქოს წარუმატებელი ცდის შემდეგ, მანამდე არსებული ნარატივის გაქარწყლებას ისახავს მიზნად.
ამ საკითხზე, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „კონფლიქტი არასოდეს უნდა მომხდარიყო“, სი-ს ოთხპუნქტიანი სამშვიდობო წინადადებაზე მიუთითა და პეკინი პასუხისმგებლიან მხარედ წარმოაჩინა, კონკრეტული ვალდებულების აღების გარეშე. შედეგად, გასაკვირი არ არის, რომ იმ ჩინური კომპანიებისთვის, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ, სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით, რაზეც ტრამპი სამიტამდე მიანიშნებდა, განცხადება არ გაკეთებულა.
ხელოვნური ინტელექტი
დღის წესრიგში ერთი ნამდვილად ახალი საკითხი იყო ხელოვნური ინტელექტი (AI). ბესენტმა აღნიშნა, რომ ორივე მხარემ განიხილა საგანგებო კომუნიკაციის პროტოკოლების შექმნა, რათა არასახელმწიფო სუბიექტებს არ ჰქონდეთ ძლიერი AI სისტემების საზიანო მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობა. ეს მნიშვნელოვანი, თუმცა, მცირე პირველი ნაბიჯია: AI ამერიკულ-ჩინურ საპრეზიდენტო სამიტებზე ადრე ოფიციალურად არ ყოფილა განხილული. ოფიციალური შეთანხმება არც ახლა გამოცხადებულა, მაგრამ სიგნალი, რომ AI-ს მიმართულებით ორი სუპერსახელმწიფო საკითხს არამხოლოდ ერთმანეთში კონკურენციის ჭრილში განიხილავს, არამედ პოტენციური რისკების დაზღვევასაც ცდილობს, ცალსახად პოზიტიურია და საკმაოდ მნიშვნელოვანი გზავნილია.
სამიტის შედეგები – ვინ უფრო იხეირა?
სამიტის შედეგების შეფასება ოფიციალური განცხადებებისა და აშშ-ს პრეზიდენტისთვის დამახასიათებელი ჰიპერბოლების გარდა, უფრო ფართო სურათის ანალიზს მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ვიზიტს ისტორიულს უწოდებს, ცალსახაა, რომ სამიტიდან სი ძინპინი გამოვიდა იმაზე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე სამიტის დაწყებამდე იყო.
ჩინეთის ხელისუფლებას აქამდეც არაერთხელ გაუჟღერებია უნიპოლარული მსოფლიო წესრიგის ცვლილების საჭიროება და ჩინეთის გაზრდილი როლი ახალ მსოფლიო წყობაში. აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის იზოლაციონისტური პოლიტიკის და ევროპელ მოკავშირეებთან ხისტი ურთიერთობების ფონზე, სიმ მომენტით ისარგებლა და ყველას აჩვენა, რომ ჩინეთს აღარ სჭირდება აღიარება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. მეტიც, უკვე ჩინეთი ცდილობს დაიმკვიდროს არამხოლოდ საწარმოო სუპერძალის, არამედ ასევე ტექნოლოგიური და სამეცნიერო ზე-სახელმწიფოს იმიჯი. Foreign Policy-ს ანალიტიკოსი, საერთოდ იმასაც კი წერს, რომ პირველად ამ ორი მხარის შეხვედრის დროს, ვალიდაციას არა ჩინეთი, არამედ პირადად ტრამპი ეძებდა, რათა სი-სთან შეხვედრა შიდა აუდიტორიისთვის დიდ წარმატებად წარმოეჩინა.
ჩინეთისთვის სამიტის გლობალური იმიჯისთვის მნიშვნელობის გასაგებად, ის უფრო ფართო კონტექსტში უნდა მოვათავსოთ. მიმდინარე წლის განმავლობაში, სი-მ პეკინში უკვე უმასპინძლა საფრანგეთის პრეზიდენტს, კანადის და ბრიტანეთის პრემიერებს, გერმანიის კანცლერს. თითოეული ვიზიტი ერთსა და იმავე სიგნალს აძლიერებდა, მსოფლიო წყობა გადანაცვლების პროცესშია, პეკინი კი ამის ფონზე სულ უფრო ცენტრალურ ადგილს იკავებს. ტრამპის ჩინეთში ჩასვლა, “Silicon Valley-ს” და კორპორაციული ამერიკის ყველაზე ცნობადი სახეებისგან შემდგარ დელეგაციასთან ერთად, ამ ფართო ნარატივს ორგანულად ერგებოდა. რაც არ უნდა განეზრახა ტრამპს მასკის, ჰუანგისა და კუკის პეკინში ჩაყვანით, ჩინური აუდიტორიისთვის ეს გლობალურ ეკონომიკურ წესრიგში პეკინის ცენტრალური როლის დადასტურებად აღიქმებოდა.
ვიზუალური ეფექტის გარდა, სი-მ ჩინეთის გაზრდილ როლს ტერმინებითაც გაუსვა ხაზი. ჩინეთის პრეზიდენტმა, ჯერ ტაივანთან მიმართებაში გამოიყენა ახალი და უფრო ხისტი ლექსიკა, შემდეგ კი აშშ-ჩინეთის ურთიერთობის ახალი ჩარჩოს აღსაწერად ტერმინი კონსტრუქციული სტრატეგიული სტაბილურობა შემოიტანა. რითიც, ანალიტიკოსების აზრით, ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი თავს ამერიკის თანასწორ მოთამაშედ მიიჩნევს.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ სამიტი ჩინეთისთვის წარმატებული აღმოჩნდა. სი-მ თავისი პროპაგანდისტული გამარჯვება მოიპოვა: ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი პეკინში ჩავიდა, გულუხვად შეაქო, ტაივანზე ან ადამიანის უფლებებზე ჩინეთი საჯაროდ არ გააკრიტიკა, ჩინეთს არც რაიმე ახალი ვალდებულების აღება მოუწია და ახალი კონსტრუქციული სტრატეგიული სტაბილურობის ჩარჩოც შემოიტანა გლობალურ წესრიგში ამერიკის ტოლ-სწორად წარმოსაჩენად. შეერთებულმა შტატებმა, კი თავის მხრივ, მიიღო მეგობრული ატმოსფერო, Boeing-ის თვითმფრინავების შესყიდვის დაპირება (2017 წლის პირობებზე ოდნავ უარესი პირობებით) და AI-ს რისკის პროტოკოლებზე შეთანხმება, რომლის მასშტაბი ჯერ-ჯერობით რთული დასადგენია.
სი ამერიკას შემოდგომაზე საგრძნობი უპირატესობით ესტუმრება, ამერიკულ მხარეს კი მეტი ძალისხმევა დასჭირდება მომდევნო შეხვედრის დროს უკეთესი შედეგების მისაღწევად.
