ავტორი: ხატია დავლიანიძე, UGSPN-ის მკვლევარი
„ბოსნიელი ყასაბი“
ბოსნიელი სერბი რატკო მლადიჩი 1942 წლის მარტში, ქალაქ კალინოვიკის მახლობლად, სოფელ ბოჟანოვიცში (დღევანდელი ბოსნია და ჰერცეგოვინა) დაიბადა. მამა ფაშისტური ბლოკის წინააღმდეგ მებრძოლი კომუნისტი პარტიზანი იყო, რომელიც 1945 წელს აჯანყებულ ხორვატებთან (უსტაშებთან) ბრძოლისას დაიღუპა. 1961 წელს მლადიჩი ბელგრადის სამხედრო სკოლაში შევიდა და 1965 წლიდან იუგოსლავიის სახალხო არმიას შეუერთდა.
1989 წელს ის სკოპიეს მე-3 სამხედრო ოლქის სასწავლო განყოფილების უფროსად დაინიშნა. 1991 წლის ივნისში, როდესაც კოსოვოში მცხოვრებ სერბებსა და ალბანელებს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მლადიჩი პრიშტინას კორპუსის მეთაურის მოადგილედ გადაიყვანეს. იმავე წელს, ხორვატიის დამოუკიდებლობისთვის ომის დაწყებისთანავე, მლადიჩი, რომელიც იმ დროს პოლკოვნიკი იყო, კნინში, იუგოსლავიის სახალხო არმიის მე-9 კორპუსის შტაბის უფროსად (და სარდლის მოადგილედ), გენერალ-მაიორის წოდების მოპოვების შემდეგ კი სარდლად დანიშნეს.
1992 წელს გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიენიჭა და სარაევოში იუგოსლავიის სახალხო არმიის მე-2 სამხედრო ოლქის შტაბის სარდლობა ჩაიბარა. სწორედ მე-9 კორპუსის სარდლობიდან აიწია მლადიჩმა სამხედრო იერარქიაში – 1994 წლის ივნისში მას გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.
1992 წლის აპრილიდან 1996 წლის თებერვლამდე მლადიჩის მეთაურობით სარაევოს ალყა მიმდინარეობდა, რომელმაც 11 500-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. 1995 წლის ივლისში მისმა ჯარებმა გაეროს დაცვის ქვეშ მყოფი სრებრენიცა დაიკავეს, 8 000 ბოსნიელი მუსლიმი მამაკაცი დახოცეს და 25 000-30 000 ადამიანი გააძევეს. ბოსნიელი სერბების არმიამ და სერბულმა პარამილიტარულმა ფორმირებებმა დანაშაულის მასშტაბის დამალვა მსხვერპლთა მასობრივ საფლავებში დამარხვით სცადეს (სრებრენიცას ტერიტორიაზე 95 მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს).
1995 წელს მლადიჩს ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალმა ბრალი წაუყენა და დამნაშავედ ცნო 1995 წელს სრებრენიცაში ბოსნიელების გენოციდში, ქვეყნის მასშტაბით ბოსნიელებისა და ხორვატების დევნასა და განადგურებაში, სარაევოს მოსახლეობის ტერორსა და გაეროს სამშვიდობოების მძევლად აყვანაში.
ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ ბრალის წაყენებისა და საერთაშორისო დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, მლადიჩი წლების განმავლობაში იმალებოდა სერბეთში და მას სამხედრო ისტებლიშმენტი იცავდა. საწყის პერიოდში ის ბელგრადში ცხოვრობდა და თავისუფლად გადაადგილდებოდა, თუმცა მილოშევიჩის მმართველობის დასრულების შემდეგ, როდესაც სერბეთმა ჰააგის ტრიბუნალთან თანამშრომლობის შესახებ კანონი მიიღო და საერთაშორისო ზეწოლა გაიზარდა, ის იძულებული გახდა გასაიდუმლოებულ ადგილებში ეცხოვრა.
რატკო მლადიჩი სერბეთის სპეცსამსახურებმა 2011 წლის მაისში სერბეთის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ლაზარევოში, ნათესავის სახლში დააკავეს. დაკავებიდან მალევე, სერბეთის მთავრობამ დააკმაყოფილა ტრიბუნალის მოთხოვნა და მლადიჩი მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად ჰააგაში გადაიყვანა.
ცხრა წლიანი სასამართლო პროცესის განმავლობაში, მლადიჩი ბრალდებებს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ „სერბეთის ტერიტორიასა და იქ საუკუნეების განმავლობაში მცხოვრებ ხალხს იცავდა“.
სრებრენციას გენოციდისთვის, სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის მლადიჩს 2017 წლის ნოემბერში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
პატიმრობის განმავლობაში დაცვის მხარე მუდმივად მიუთითებდა მის მკვეთრად გაუარესებულ ჯანმრთელობაზე, რის გამოც მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვებასაც ითხოვდნენ. 2025 წლის ივნისში მლადიჩის ადვოკატებმა მისი გათავისუფლების შესახებ გადაუდებელი შუამდგომლობა წარადგინეს – მათი თქმით, მლადიჩს მხოლოდ რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი. ტრიბუნალმა მოთხოვნა უარყო.
რატკო მლადიჩი 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 2026 წლის 27 აგვისტოს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ომის დამნაშავის საზეიმო დაკრძალვა
რატკო მლადიჩის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სერბთა რესპუბლიკის (ბოსნია და ჰერცეგოვინა) ქალაქებში ასობით ადამიანი გამოვიდა. შეკრებილები ტაშითა და ხმამაღალი შეძახილებით მიაგებდნენ პატივს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ჩადენილი ყველაზე სასტიკი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულს და ერთხმად სკანდირებდნენ მის სახელს. მოქალაქეებს „გენერლისთვის პატივის მიგებისკენ“ მილორად დოდიკმაც მოუწოდა.
ბანია-ლუკაში, საფეხბურთო მატჩზე გამოფინეს ბანერი წარწერით „მარადიული დიდება“, ხოლო სრებრენციაში, ქალაქში, რომლის გამოც ის ჰააგის ტრიბუნალმა გაასამართლა და გენოციდში დასდო ბრალი, „გენერლის სულის მოსახსენიებელი“ ღონისძიება ჩატარდა. გარდა ამისა, ანთებული ჩირაღდნებითა და სანთლებით პატივი მიაგეს აღმოსავლეთ სარაევოში, ზვორნიკში, ვიშეგრადში, ბიელინასა და ტრებინეშიც.
2026 წლის 3 სექტემბერს რატკო მლადიჩის ცხედარი ჰააგადან სერბეთში სამთავრობო თვითმფრინავით ჩამოასვენეს. იმყოფებოდნენ მლადიჩის ვაჟი და შვილიშვილი, აგრეთვე სერბეთის იუსტიციის მინისტრი, ნენად ვუიჩი. სერბეთისა და რესპუბლიკა სრპსკას დროშებშემოხვეული კუბო თვითმფრინავიდან სერბეთის არმიის ჯარისკაცებმა გადმოიტანეს.
6 სექტემბერს ბელგრადის „რაიკო მიტიჩის“ სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა „წითელმა ვარსკვლავმა“ სამხედრო დამნაშავეს წუთიერი დუმილით მიაგო პატივი. ამის შემდეგ, სტადიონზე მყოფმა ხულიგანთა ჯგუფებმა მლადიჩის ცნობილი მოწოდებების სკანდირება დაიწყეს და რასობრივი და რელიგიური სიძულვილი გააღვივეს, რა დროსაც ხელისუფლებას არავინ დაუკავებია.
7 სექტემბერს მლადიჩის ცხედარი ბელგრადის წმინდა ლუკას სახელობის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდისა და გამოსამშვიდობებელი ცერემონიისთვის დაასვენეს, სადაც სერბეთის პატრიარქმა პორფირემ წესი აუგო. ის ტოპჩიდერის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, კუბოზე კი სერბეთის დროშა, ოფიცრის ქუდი და ხმალი იდო.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკრძალვას დაახლოებით 16 000 ადამიანი დაესწრო. თვალშისაცემი იყო, რომ რატკო მლადიჩს უამრავი ახალგაზრდა მიაგებდა პატივს – მათი უმრავლესობა ბოსნიის ომის დროს დაბადებულიც კი არ იქნებოდა.
დაკრძალვას არ დასწრებია ალექსანდარ ვუჩიჩი, რომელსაც უზბეკეთიდან სტუმარი ჰყავდა, თუმცა ცერემონიაზე იმყოფებოდა მისი შვილი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სერბეთისა და სერბთა რესპუბლიკის მაღალი რანგის ოფიციალური პირები. სერბეთის მთავრობის მინისტრებს შორის იყვნენ თავდაცვის მინისტრი ბრატისლავ გაშიჩი, იუსტიციის მინისტრი ნენად ვუიჩი და კულტურის მინისტრი ნიკოლა სელაკოვიჩი. სერბთა რესპუბლიკის წარმომადგენლებს შორის იყვნენ მილორად დოდიკი და ჟელკა ცვიანოვიჩი, ბოსნია და ჰერცეგოვინის სამმხრივი პრეზიდიუმის სერბი წევრი.
სერბეთის ხელკისუფლების მიერ ცხედრის ჩამოსასვენებლად გამოყოფილი სამთავრობო თვითმფრინავი, სამხედრო პერსონალი, საპატიო ყარაული და საზეიმო ზალპი ცხადი დასტურია იმისა, რომ ვუჩიჩის რეჟიმმა მლადიჩი სასტიკი დანაშაულებისთვის სიკვდილის შემდეგაც კი „დააჯილდოვა“. პროსამთავრობო მედია მთელ ამ პროცესს პირდაპირ ეთერში აშუქებდა და ეროვნულ მოვლენად წარმოაჩენდა.
სარაევოს უმოქმედობა
2021 წლის ივლისში გაეროს მაშინდელი უმაღლესი წარმომადგენლის, ვალენტინ ინზკოს გადაწყვეტილებით, სრებრენიცის გენოციდისა და ბოსნიაში ჩადენილი ომის დანაშაულების საჯაროდ უარყოფისთვის, გამართლებისა და ომის დამნაშავეთა განდიდებისთვის პატიმრობა დაწესდა.
პლატფორმა „Register 145a“, რომელიც შეიქმნა გენოციდის უარყოფისა და მსჯავრდებული სამხედრო დამნაშავეების განდიდების ფაქტების აღრიცხვისა და ხელისუფლებისთვის შეტყობინების მიზნით (მას შემდეგ, რაც შეტყობინება შემოწმებულია „Register 145a“-ს მიერ, ის პირდაპირ ეგზავნება ბოსნიის სახელმწიფო პროკურატურას), აცხადებს, რომ მლადიჩის გარდაცვალების შემდეგ, მხოლოდ 27-28 აგვისტოს, დაახლოებით 5 000 ახალი შეტყობინება მიიღო, მათ შორის სიძულვილის ენის წაქეზების ფაქტებზე, თუმცა პროკურატურას გამოძიება არ დაუწყია. პოლიციას არ მიუღია არანაირი ზომა მლადიჩისთვის პატივის მიგების მიზნით გამართულ ღონისძიებებთან დაკავშირებით. (ბოსნიის სასამართლოს ამ დრომდე მხოლოდ ორი განაჩენი აქვს გამოტანილი ომის დამნაშავებიის განდიდებისა და გენოციდის უარყოფისთვის).
მლადიჩის პატივით დაკრძალვა, ომის დამნაშავის განდიდება და ამ ფაქტებზე შესაბამისი უწყებების უმოქმედობა „დიადი სერბეთის“ იდეოლოგიის მომხრეებს შესაძლებლობას ქმნის, რომ დაუსჯელად განაგრძონ „ბოსნიელი ყასაბის“ განდიდება და თავიანთი ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის ქადაგება.
„დაუბერებელი“ მუსლიმი ბოსნიელები
ჰააგის ტრიბუნალის მიერ რატკო მლადიჩის გასამართლებამ და სამუდამო პატიმრობის მისჯამ დამნაშავეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა, თუმცა მსხვერპლთა ოჯახებისთვის სამართლიანობის განცდა ვერ აღადგინა.
დაღუპულთა ძებნა და იდენტიფიკაცია ამ დრომდე გრძელდება. ბევრმა ოჯახმა საყვარელი ადამიანების ნეშტი ნაწილ-ნაწილ, მასობრივ საფლავებში აღმოაჩინა, ნაწილმა კი ერთი ძვლის პოვნაც ვერ შეძლო. ათასობით ბავშვს მამისგან სამახსოვროდ სამარხებიდან ამოთხრილი ნივთი დარჩა.
„ბოსნიელი ყასაბის“ პატიმრობის პირობები გაცილებით მსუბუქი იყო იმ ჯოჯოხეთთან შედარებით, რაც მუსლიმმა ბოსნიელებმა და მათმა ოჯახის წევრებმა გამოიარეს. სახელმწიფოს ოფიციალური პოლიტიკა კი, ფორმალური საერთაშორისო წესების აღსრულების მიღმა, დუმილითა თუ ომის დამნაშავეების განდიდებით, მსხვერპლთა ოჯახებს ჭრილობების მოშუშების, წარსულის ტრავმებისა და ჩაგვრის შეგრძნებისგან გათავისუფლების შესაძლებლობას არ აძლევს.
ბრიუსელის კრიტიკა
რატკო მლადიჩის დაკრძალვამ სერბეთის ევროპულ მომავალზე მწვავე დისკუსია გამოიწვია.
4 სექტემბერს მარტა კოსმა სერბეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. მისი თქმით, მლადიჩის ნეშტის ჩამოსვენება ევროპას ისტორიის ბნელ გვერდებს ახსენებს. გენოციდის შემოქმედის განდიდება და სახელმწიფო პატივით დაკრძალვა სრულად შეუთავსებელია ევროპის კავშირის იმ ღირებულებებთან, რომლებიც წარსულთან პირისპირ შეხვედრას, ომის დანაშაულების მსხვერპლთა პატივისცემასა და რეგიონული შერიგების ხელშეწყობას მოითხოვს, რაც ევროინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი პირობაა. კოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ღირებულებები ვაჭრობის საგანი ვერ იქნება“.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, მლადიჩის დაკრძალვიდან გავრცელებულ კადრებს „შოკისმომგვრელი“ უწოდა და დასძინა, რომ ცერემონიის „ოფიციალური მხარდაჭერის ელემენტები და დაკრძალვაზე ზოგიერთი მაღალი რანგის სერბი ოფიციალური პირის ყოფნა ღრმად სანანებელია. ისინი აჩვენებენ ევროპის უახლესი ისტორიის ბნელ თავთან დაპირისპირების უუნარობას და ეწინააღმდეგებიან იმ ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს სერბეთის გზას ევროპის კავშირისკენ.“
პაულა პინიომ, ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ბრიუსელი „სწავლობს“ იმ შედეგებს, რომელთა წინაშეც შესაძლოა სერბეთი აღმოჩნდეს.
გიომ მერსიეს, გაფართოების საკითხში კომისიის პრესსპიკერის თქმით, ეს „უახლესი პოლიტიკური მოვლენები“ გათვალისწინებული იქნება სერბეთის გაწევრიანების პროცესის შემდეგი ეტაპის დაწყებისას, კერძოდ, მოლაპარაკებების მე-3 კლასტერის გახსნისას, რომელიც მოიცავს ფუნდამენტურ უფლებებს, სასამართლო სისტემასა და გამოხატვის თავისუფლებას.
ალექსანდარ ვუჩიჩმა ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით მარტა კოსის გადაწყვეტილება „სულელურად“ შეაფასა. მისი თქმით, თავად დაკრძალვას არ დასწრებია, თუმცა „გააკეთა ყველაფერი, რაც აუცილებელი და შესაძლებელი იყო იმისათვის, რომ დაკრძალვა ღირსეულ, სერიოზულ და პასუხისმგებლიან ვითარებაში ჩატარებულიყო“. ასევე, აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ შეეძლო ხალხისთვის დაკრძალვაზე დასწრება აეკრძალა, ან „ე.წ. ძაღლების სასაფლაოები შეექმნა“.
სერბეთის გაორებული იდენტობა
სერბეთის გაორებული იდენტობა მხოლოდ რატკო მლადიჩის საზეიმო დაკრძალვითა და მემკვიდრეობის ირაციონალური შეფასებით არ განისაზღვრება – წლებია, ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა დემოკრატიის ეროზიისა და ავტორიტარიზმისკენ გადახრის მძიმე ტენდენციას აჩვენებს. Freedom House-ის შეფასებით, სერბეთი, რომელიც ფორმულად მრავალპარტიულ არჩევნებს ატარებს, რეალურად ნახევრად კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმისკენ მიდის, სადაც საკვანძო ინსტიტუტები და მედია მმართველი პარტიის მიერაა მიტაცებული.
სერბეთის ევროპის კავშირში გაწევრიანების პერსპექტივას ბუნდოვანს ხდის არა მხოლოდ ომის დამნაშავეების განდიდება, არამედ ხელისუფლების მიერ ოპოზიციის დევნა, პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვა, დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა, ბრიუსელის რეკომენდაციების იგნორირება და რუსეთთან და ჩინეთთან მუდმივი პოლიტიკური ფლირტი, რაც ქვეყანას ღრმა იდენტობის კრიზისში ამყოფებს.
დასკვნა
გენოციდის შემოქმედის „საზეიმო გაცილება“ მცდელობაა, რომ სასტიკი დანაშაულებები „გმირობად“ შეფასდეს, ხოლო წარსულზე პასუხისმგებლობა ომის დამნაშავეზე შექმნილი „ზღაპრით“ ჩანაცვლდეს.
რატკო მლადიჩის პატივით დაკრძალვა მიუთითებს სერბეთის წარსულთან ტყვეობაზე, ევროპულ ღირებულებებსა და ულტრანაციონალისტურ რევიზიონიზმს შორის არსებულ ღრმა მორალურ უფსკრულზე. იმის ნაცვლად, რომ მმართველმა ძალამ ისტორიის ბნელს გვერდებს თვალი გაუსწოროს, ბოდიში მოიხადოს და მსხვერპლს პატივი მიაგოს, ათასობით ადამიანის მკვლელს „აჯილდოებს“.
ვიდრე ბელგრადს ათასობით ადამიანის მკვლელი დიდების კვარცხლბეკზე აჰყავს, მსხვერპლთა ოჯახებისთვის ჯერ კიდევ ვერნაპოვნი ნეშტისა და სამართლიანობის ძიების გზა დაუსრულებელ კოშმარად რჩება – ამ ფონზე კი სერბეთის ევროინტეგრაციის პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი და გაურკვეველია.
