ავტორი: ნატა ქორიძე, UGSPN-ის უფროსი მკვლევარი
უკვე მეხუთე წელია, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი გრძელდება, ამ პერიოდის განმავლობაში დაგროვილი შედეგები სულ უფრო ზრდის ფსონებს და თანდათან ზღუდავს კრემლის სტრატეგიულ არჩევანს. კონფლიქტი საბოლოოდ გადაიქცა ძვირადღირებულ გამოფიტვის ომად, რომელმაც ვერ უზრუნველყო ის სწრაფი სტრატეგიული შედეგები, რომლებსაც მოსკოვი 2022 წელს ელოდა.
დღეს კრემლი მზარდი სამხედრო, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ზეწოლის წინაშე დგას, რაც ართულებს როგორც ომის გაგრძელებას, ისე მისგან შესაძლო გამოსვლის ნებისმიერ სცენარს.
2026 წლის 9 მაისის აღლუმი
2026 წლის 9 მაისის აღლუმი სწორედ ამ სტრატეგიული რეალობის სიმბოლურ გამოხატულებად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ღონისძიება ტრადიციულად სამხედრო ძალისა და გეოპოლიტიკური სტატუსის დემონსტრირებას ემსახურება, წლევანდელი აღლუმი შედარებით მოკრძალებული იყო და უფრო მეტად რუსეთის შეზღუდულ შესაძლებლობებზე მიანიშნებდა. მძიმე სამხედრო ტექნიკის ნაკლებობა, მაყურებლებისთვის მხოლოდ ერთი ტრიბუნის მოწყობა ტრადიციული სამის ნაცვლად, უცხოელი ლიდერების შეზღუდული მონაწილეობა და უსაფრთხოების უპრეცედენტოდ გაძლიერებული ზომები, რომლებიც შესაძლო უკრაინული დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო იქნა მიღებული, აჩვენებდა, რომ რუსეთი მოქმედებს ხანგრძლივი საომარი ზეწოლისა და საერთაშორისო იზოლაციის პირობებში.
აღსანიშნავია, რომ აღლუმში პირველად მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (СВО-Специальная военная операция) ვეტერანების აღლუმში მონაწილეობაზე გაკეთებული აქცენტი.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია უკრაინის ე.წ. СВО -ს ვეტერანების იმ სიმბოლურ სტატუსთან გათანაბრება, რომელიც ტრადიციულად მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა ვეტერანებისთვის იყო განკუთვნილი. კრიტიკოსების შეფასებით, ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა, რუსეთის უკრაინაში შეჭრა საბჭოთა კავშირის ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ეგზისტენციურ ბრძოლასთან გაეთანაბრებინათ. ეს სწორედ ის ანალოგიაა, რომელიც კრემლის საომარი პროპაგანდის ერთ-ერთ ცენტრალურ ელემენტად იქცა.
ფრონტის ხაზი
უკრაინაში საწყისი შეჭრის წარუმატებლობის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოახდინეს მობილიზაციის სისტემის რეორგანიზება, გააფართოვეს თავდაცვითი წარმოება (მათ შორის, დრონების წარმოება), შეცვალეს ბრძოლის ტაქტიკა და რამდენიმე მიმართულებით განაგრძეს შეტევითი ოპერაციები.
ეს ცვლილებები აჩვენებს, რომ ამ ეტაპზე რუსეთი არც სამხედრო თვალსაზრისით არის გამოფიტული და არც ომის გაგრძელების უნარი დაუკარგავს. თუმცა, სამხედრო ადაპტაცია არ უნდა აგვერიოს სტრატეგიულ წარმატებაში.
რუსეთის ტერიტორიული წინსვლა კვლავ შეზღუდულია და ხშირად მიიღწევა ადამიანური და მატერიალური რესურსების უკიდურესად მაღალი დანაკარგების ფასად, სტრატეგიული ბალანსის არსებითი ცვლილების გარეშე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უჭირს ისეთი რაოდენობის პირადი შემადგენლობის მოზიდვა, რომელიც არსებულ დანაკარგებს სრულად დააკომპენსირებს. სამხედრო სამსახურში მიღების ტემპი უკვე ჩამორჩება საჭირო დონეს. 2026 წლის პირველ კვარტალში გაფორმდა მხოლოდ 70 500 სამხედრო კონტრაქტი, რაც ჩამოუვარდება თვეში 33 500–34 600 კონტრაქტის დაგეგმილ მაჩვენებელს. მოსკოვმა ვერ მიაღწია უკრაინული წინააღმდეგობის სწრაფ კოლაფსს, რომელსაც ომის დასაწყისში ვარაუდობდა. უკრაინა კვლავ ინარჩუნებს პოლიტიკურ მდგრადობას, სამხედრო ბრძოლისუნარიანობას და საერთაშორისო მხარდაჭერას.
ამასთან, ომის მეხუთე წლისთვის სულ უფრო აშკარა ხდება, რომ უკრაინამ სამხედრო ინოვაციების სფეროში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა. უკრაინული დრონული ომის სწრაფმა განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ბრძოლის ველის დინამიკა. ამან კი მზარდი საფრთხე შეუქმნა რუსეთის ზურგის ინფრასტრუქტურას. უკრაინული დარტყმები უკვე აღწევს სამხედრო ობიექტებს, ლოჯისტიკურ ჰაბებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, აეროდრომებსა და ნავთობის ინფრასტრუქტურას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეშიც კი.
ადრეული გაზაფხულისთვის, ომის დაწყების შემდეგ პირველად, უკრაინამ რუსეთს გადააჭარბა შორი მოქმედების უპილოტო საფრენი აპარატების გაშვების რაოდენობით.
სამხედრო ანალიტიკოსები სულ უფრო ხშირად უსვამენ ხაზს უკრაინის მიღწევების სტრატეგიულ მნიშვნელობას უპილოტო სისტემების სფეროში, განსაკუთრებით დაბალი სიმაღლის ოპერატიულ ზონებში (low-altitude operational zones), რომლებიც გადამწყვეტ როლს ასრულებს დაზვერვისა და საცეცხლე მოქმედებების კოორდინაციაში. ამ შესაძლებლობების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დასავლელი მოკავშირეების ფინანსურმა დახმარებამ.
სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, უკრაინელებმა შეძლეს ე.წ. „ნაცრისფერი ზონის“ გაფართოება მოწინააღმდეგე მხარეებს შორის, რითაც მტერს, რაოდენობრივი უპირატესობის მიუხედავად, ახალი ტერიტორიების დაკავების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეუზღუდეს. თუ უკრაინა ამ შესაძლებლობების კიდევ უფრო განმტკიცებას შეძლებს, რუსეთის სამხედრო ეფექტიანობა უფრო სერიოზული შეზღუდვების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შეშფოთებას უკვე გამოხატავენ როგორც ე.წ. Z-ბლოგერები, ისე რუსი სამხედრო ანალიტიკოსები.
უკრაინელთა შთამბეჭდავ ტექნოლოგიურ და ოპერატიულ პროგრესს აღნიშნავენ და აღიარებენ ამერიკელი სამხედრო ლიდერებიც. როგორც აშშ-ის არმიის მდივანმა დენიელ დრისკოლმა განაცხადა: „უკრაინის Delta-საერთო ოპერატიული სისტემა, მათი მოდულური ღია სისტემური არქიტექტურა და მართვისა და კონტროლის სისტემა მართლაც გამორჩეულია. ის ერთიან ქსელში აერთიანებს თითოეულ დრონს, ყველა სენსორსა და ყველა საცეცხლე პლატფორმას. ჩვენ მსგავსი სისტემა არ გაგვაჩნია.“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელმაც აღნიშნა, რომ „რუსები ყოველთვიურად ხუთჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავენ, ვიდრე უკრაინელები“, ასევე განაცხადა: „ეჭვგარეშეა, რომ ამ ომის წარმოების აუცილებლობამ უკრაინელებს უბიძგა ახალი ტაქტიკის, ახალი ტექნიკის, ახალი აღჭურვილობისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნისკენ. შედეგად ჩამოყალიბდა ჰიბრიდული და ასიმეტრიული ომის შთამბეჭდავი მოდელი, ამაში ეჭვი არავის ეპარება.“ რუბიომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „დღევანდელ ევროპაში ყველაზე ძლიერი და ყველაზე ეფექტიანი შეიარაღებული ძალები“ უწოდა.
ომით გადაღლა და საზოგადოებრივი უკმაყოფილება
ომის სამხედრო განზომილებას პოლიტიკური შედეგებიც ახლავს. კრემლის ლეგიტიმაცია დიდი ხნის განმავლობაში ეფუძნებოდა კომპეტენტურობის, კონტროლისა და სტრატეგიული ეფექტიანობის იმიჯის შენარჩუნებას. ხანგრძლივი ომი, რომელსაც მკაფიო და დამაჯერებელი საბოლოო მიზანი არ გააჩნია, თანდათან ასუსტებს ამ იმიჯს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონფლიქტის რეალური შედეგები სულ უფრო თვალსაჩინო და ხელშესახები ხდება რუსეთის საზოგადოებისათვის.
ამჟამად რუსეთში არ იკვეთება მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის ომის დღევანდელი მიზნები და კონკრეტულად რას უნდა ნიშნავდეს „გამარჯვება“.
მიუხედავად იმისა, რომ ფართომასშტაბიანი ანტისაომარი მობილიზაცია არ მომხდარა, საზოგადოების დაღლილობისა და იმედგაცრუების ნიშნები სულ უფრო შესამჩნევი ხდება. სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად ჩნდება რიგითი მოქალაქეების პოსტები, რომლებშიც ისინი არსებული მდგომარეობით უკმაყოფილებას გამოხატავენ. ამავდროულად, ე.წ. Z-ბლოგერებმაც დაიწყეს შეშფოთების გამოთქმა ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
თუმცა ავტორიტარულ სისტემებში უკმაყოფილება ავტომატურად არ გადაიქცევა პოლიტიკურ არასტაბილურობად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალოვანი ინსტიტუტები კვლავ ძლიერ პოზიციებს ინარჩუნებენ. მიუხედავად ამისა, გაჭიანურებული ომი ქმნის მზარდ სოციალურ ზეწოლას, რომელმაც დროთა განმავლობაში შესაძლოა პასიური მორჩილებაც კი შეარყიოს.
რუსეთის მოქალაქეები სულ უფრო მეტად აწყდებიან საომარი მმართველობის პრაქტიკულ შედეგებს. ინფლაცია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები, კომუნიკაციის შეფერხებები, ციფრულ პლატფორმებზე დაწესებული შეზღუდვები, მაღალი სასურსათო ფასები, ზოგიერთ რეგიონში ინფრასტრუქტურის და კომუნალური მომსახურების გაუარესება და ბოლო პერიოდში სამხედრო დრონებით თავდასხმების მზარდი საფრთხე ომს უფრო ახლო და ნაკლებად აბსტრაქტულ მოვლენად ხდის.
როგორც ჩანს, საზოგადოებრივი უკმაყოფილება ნაკლებად არის განპირობებული იდეოლოგიური პროტესტით და უფრო მეტად განისაზღვრება მიმდინარე ომის ყოველდღიურ ცხოვრებაზე რეალური გავლენით. ადამიანებს ეჭვი უჩნდებათ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შესწევს უნარი სახელმწიფოს დაიცვას საკუთარი მოქალაქეები.
რუსებზე განსაკუთრებით ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ მაისის დასაწყისში უკრაინულმა დრონებმა მოსკოვსა და მის შემოგარენს დაარტყეს. მრავალი რუსი მოქალაქე სოციალურ ქსელებში თავად ავრცელებდა თავდასხმების ამსახველ ვიდეომასალას.
ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური სტაბილურობა ემყარებოდა დაუწერელ „სოციალურ კონტრაქტს“, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები შედარებით კეთილდღეობასა და პროგნოზირებადობას იღებდნენ პოლიტიკურ პროცესებში ჩაურევლობის სანაცვლოდ. გაჭიანურებულმა ომმა ეს შეთანხმება მნიშვნელოვნად დააზიანა.
კითხვები ჩნდება ასევე ოფიციალური ნარატივების მდგრადობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი მედია კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებს, სავარაუდოდ სულ უფრო ნაკლები ადამიანი იღებს ინფორმაციას სახელმწიფო ტელევიზიებიდან.
ოფიციალურ განცხადებებსა და ყოველდღიურ რეალობას შორის არსებული აშკარა წინააღმდეგობები თანდათან ამცირებს საზოგადოების ნდობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამხედრო წარმატებები არ შეესაბამება იმ პროპაგანდისტულ რიტორიკას, რომელიც უკვე ოთხნახევარი წელია თითქმის უცვლელი რჩება. აპრილში რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის (ВЦИОМ) ოფიციალური გამოკითხვების თანახმად, ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
ელიტურ წრეებში ღია წინააღმდეგობა კვლავ შეზღუდულია, რაც დიდწილად რუსეთის პოლიტიკური სისტემის უკიდურესად პერსონალიზებული და რეპრესიული ხასიათით აიხსნება. თუმცა რუსული ელიტა ერთგვაროვანი არ არის. თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა ომისგან მატერიალური და პოლიტიკური სარგებელი მიიღეს. სხვა ჯგუფები კი სანქციების, ფინანსური ზარალის, რეპუტაციული დანაკარგების, ქონების ჩამორთმევის, სამართლებრივი დევნისა და გადაადგილების შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდნენ.
კრემლის მხარდამჭერი ბლოგერებისა და ტელეწამყვანების ნაწილი უკვე აკრიტიკებს ომის სტრატეგიასა და ტაქტიკასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს. ისინი ამ კონტექსტში პუტინის სახელს ჯერ კიდევ არ ახსენებენ, თუმცა, შესაძლოა, დროის საკითხი იყოს, როდის დაუკავშირდება ომის წარუმატებლობა უშუალოდ მას.
მთავარი კითხვა ისაა, შეცვლის თუ არა თანდათან ხანგრძლივი კონფლიქტი ელიტის წარმოდგენას არსებული პოლიტიკური სისტემისადმი ლოიალობის გრძელვადიანი სარგებლიანობის შესახებ. ასეთ ვითარებაში თუნდაც მცირე რიტორიკული ცვლილებები შეიძლება მნიშვნელოვანი ანალიტიკური ინდიკატორი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით ისეთ სისტემაში, სადაც პოლიტიკური ენა მკაცრად კონტროლდება.
ამასთან, საინტერესოა, რომ რუსეთის პოლიტიკური რიტორიკა უკრაინის, მისი სამხედრო ძალებისა და პრეზიდენტის მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა. ომის საწყის ეტაპზე რუსული ოფიციალური დისკურსი გამოირჩეოდა უკრაინის ხელმძღვანელობის აშკარა დაკნინებითა და სწრაფ გამარჯვებაში თავდაჯერებულობით. ბოლო პერიოდში კი ოფიციალური ტონი უფრო გაწონასწორებული გახდა და ბევრი რუსი კომენტატორი უკვე ღიად აღიარებს უკრაინული შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმსა და ადაპტაციის უნარს, ანუ იმას, რაც ადრე პოლიტიკურად მიუღებელი იქნებოდა.
ამ ცვლილების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია თავად პუტინის რიტორიკის ევოლუცია. ომის პირველ ეტაპზე პუტინი და კრემლის წარმომადგენლები უკრაინის ხელმძღვანელობის მიმართ ხშირად დამამცირებელ და დეჰუმანიზებულ ენას იყენებდნენ. პუტინი და სხვა მაღალი რანგის რუსი პოლიტიკოსები ვოლოდიმირ ზელენსკის „კლოუნს“, „ნარკომანს“ და „ტერორისტს“ უწოდებდნენ.
ამის საპირისპიროდ, უფრო ოფიციალური მიმართვის ფორმის გამოყენება პუტინის მიერ, როდესაც მან „ბატონი ზელენსკი“ უწოდა უკრაინის პრეზიდენტს ა.წ. 9 მაისს და მასთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა საჯაროდ აღიარა, ამ რიტორიკაში არსებით ცვლილებაზე მიუთითებს.
გაძლიერებული რეპრესიები
რუსეთში შიდა პოლიტიკური კონტროლი კვლავ ძლიერია და ის სულ უფრო მეტად ეყრდნობა იძულებისა და რეპრესიის მექანიზმებს. სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ პოლიტიკური რეპრესიები მნიშვნელოვნად გაძლიერდა. დამოუკიდებელი მედიის საშუალებები ან მარგინალიზებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ან იძულებულნი გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ. ანტისაომარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვა კრიმინალიზებულია, ხოლო განსხვავებული აზრის მქონე პირების მიმართ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის ზეწოლა საგრძნობლად გაიზარდა. ათასობით რუსი მოქალაქე, რომელმაც ომის წინააღმდეგ პოზიცია გამოხატა, მკაცრად დასაჯეს. რამდენიმე პოლიტპატიმარი კი პატიმრობაში გარდაიცვალა.
ეს ვითარება ერთდროულად ასახავს როგორც რეჟიმის სიძლიერეს, ისე მის სტრუქტურულ მოწყვლადობას. რუსული სახელმწიფო კვლავ ინარჩუნებს ძლიერ რეპრესიულ პოტენციალს და ორგანიზებული ოპოზიციის ჩახშობის უნარი სრულად აქვს. თუმცა რეპრესიებზე სახელმწიფოს მზარდი დამოკიდებულება შესაძლოა იმაზეც მიუთითებდეს, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს უნარი პოლიტიკური ლეგიტიმაცია შეინარჩუნოს ნაკლებად ძალადობრივი საშუალებებით.
2026 წლის მაისში, მას შემდეგ, რაც აპრილის გამოკითხვებმა ვლადიმირ პუტინის რეიტინგის შემცირება აჩვენა, რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა (ВЦИОМ) ყოველკვირეული გამოკითხვების ჩატარების მეთოდოლოგია შეცვალა.13-19 აპრილის პერიოდში პუტინის მოწონების მაჩვენებელი უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე, 65.6 პროცენტამდე დაეცა, ხოლო ნდობის მაჩვენებელი 71 პროცენტს შეადგენდა.
ცვლილებების მიზანი, ოფიციალური განმარტებით, პრეზიდენტის, მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის უფრო ზუსტი გაზომვა იყო. და თუ მანამდე გამოკითხვები მხოლოდ სატელეფონო ინტერვიუების საშუალებით ტარდებოდა, მაისიდან დაემატა ე.წ. „კარდაკარ ვიზიტებიც“. მეთოდოლოგიის ცვლილების შემდეგ ცენტრმა განაცხადა, რომ პუტინის რეიტინგმა კვლავ ზრდა დაიწყო.
ამავე დროს, მედიაში გავრცელდა ცნობები, რომლებიც ძალაუფლების ვერტიკალში არსებული წყაროების მიერ გაჟონილ ინფორმაციას ეყრდნობოდა. ამ ცნობების მიხედვით, პუტინი სახელმწიფო გადატრიალების და შესაძლო მკვლელობის მცდელობის საფრთხით იყო შეშფოთებული.
“СВО” -ს ვეტერანების ფაქტორი
გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოების მილიტარიზაცია. ომის დასრულების შემდეგ დიდი რაოდენობით ვეტერანის სამოქალაქო ცხოვრებაში რეინტეგრაცია გახდება საჭირო, რაც ტრავმასთან, ძალადობასთან და სოციალურ დეზორგანიზაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს წარმოშობს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით რომ ომში წასულებს შორის მრავალია ნასამართლევი პირი.
დანაშაულისთვის სასჯელის გამოსყიდვის მიზნით სამხედრო სამსახურში გაწვევის პრაქტიკა ქმნის ციკლს, როდესაც პირები, ზოგჯერ უკვე ნასამართლევებიც, მიდიან ომში, ბრუნდებიან, კვლავ სჩადიან დანაშაულს და ბრალის გამოსყიდვის სანაცვლოდ ისევ ფრონტზე მიდიან.
ომიდან დაბრუნებულ მებრძოლებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების შესახებ ცნობები სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ სასამართლოებმა სამხედრო მოქმედებებში მონაწილე პირების წინააღმდეგ სულ მცირე 8 000 გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს, ხოლო მათ მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების – მკვლელობებისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევების – მსხვერპლთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა.
მეორე მხრივ, არსებობს ცნობები იმის შესახებაც, რომ დაბრუნებულ ვეტერანებს სამსახურზე უარს ეუბნებიან, მათზე ზეწოლას ახორციელებენ ან თავდასხმების მსხვერპლნი ხდებიან, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას კიდევ უფრო ართულებს.
ომზე დამოკიდებული ეკონომიკა
წლების მანძილზე რუსეთმა ეკონომიკური მდგრადობის უფრო მაღალი დონე აჩვენა, ვიდრე ამას ბევრი ადრეული პროგნოზი ვარაუდობდა. ფისკალური ინტერვენციების, სავაჭრო ნაკადების გადამისამართების, მონეტარული კონტროლის მექანიზმებისა და თავდაცვითი ხარჯების ზრდის კომბინაციამ შესაძლებელი გახადა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, მიუხედავად სანქციებისა და საერთაშორისო იზოლაციისა.
თუმცა ეს მდგრადობა არ უნდა აგვერიოს გრძელვადიან სტრუქტურულ სიჯანსაღეში. დღეს რუსეთის ეკონომიკა სერიოზული „გადახურების“, მაღალი ინფლაციისა და შრომითი რესურსების დეფიციტის წინაშე დგას. რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული ომთან დაკავშირებულ ხარჯებზე, სახელმწიფოს ჩარევასა და სამხედრო-სამრეწველო სექტორის წარმოებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო დანახარჯები მოკლევადიან პერიოდში ზრდის წარმოების მოცულობას, დასაქმებასა და სამრეწველო აქტივობას, ეს არ წარმოადგენს მდგრად მოდერნიზაციას ან ეკონომიკური ზრდის დივერსიფიცირებულ მოდელს.
სტრუქტურული შეზღუდვები სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. დემოგრაფიული პრობლემებით, მობილიზაციით, ემიგრაციითა და სამხედრო ინდუსტრიაში სამუშაო ძალის კონცენტრაციით გამოწვეული კადრების დეფიციტი ეკონომიკისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა. ინფლაცია და მაღალი საპროცენტო განაკვეთები მაკროეკონომიკურ მართვას კიდევ უფრო ართულებს, ხოლო თავდაცვით სექტორთან დაუკავშირებელი ბიზნესები მზარდ სირთულეებს აწყდებიან. ასევე იზრდება სურსათის ფასები.
რუსეთის ეკონომიკური ზრდა 2022 და 2023 წლებში დაახლოებით 4 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდა, თუმცა 2024 და 2025 წლებში დაახლოებით 1 პროცენტამდე დაეცა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კი ეკონომიკური ზრდა უკვე უარყოფით მაჩვენებელზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემებით ინფლაცია დაახლოებით 6 პროცენტს შეადგენს, რიგითი რუსებისთვის რეალური ინფლაცია, სავარაუდოდ, ორნიშნა რიცხვებით იზომება.
მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა ბიზნეს ინვესტიციები მნიშვნელოვნად შეამცირა, განსაკუთრებით იმ სექტორებში, რომლებიც სამხედრო წარმოებასთან არ არის დაკავშირებული.
რუსეთი და მსოფლიო
უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ რუსეთის საერთაშორისო პოზიციებსა და იმიჯს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. რუსეთი დასავლური სახელმწიფოებისგან იზოლირებულია და დაკარგა მრავალი მომგებიანი ბაზარი. სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთ ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთსა თუ აფრიკაში – ყველა ამ რეგიონში რუსეთის პოლიტიკური გავლენა შესუსტდა. უკრაინაში ომში ღრმად ჩაფლულ რუსეთს აღარ აქვს საკმარისი რესურსები, რათა ტრადიციულ მოკავშირეებს, მათ შორის სირიას, ვენესუელასა და ირანს, უწინდელი მასშტაბით დაეხმაროს.
რაც შეეხება ჩინეთს, ვლადიმირ პუტინის 2026 წლის 20 მაისის 25-ე ოფიციალურმა ვიზიტმა აჩვენა, რომ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საგარეო-ეკონომიკური მიზანი- ბუნებრივი აირის მილსადენის „ციმბირის ძალა 2“-ის (Power of Siberia-2) პროექტის დასრულება- კვლავ შეუძლებელი აღმოჩნდა. პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მხარეებმა მხოლოდ „ზოგად ურთიერთგაგებას“ მიაღწიეს და პროექტის რეალიზაციის მიმართულებით კონკრეტული პროგრესი არ დაფიქსირებულა. რუსეთი ამ პროექტის განხორციელებას უკვე რამდენიმე წელია ცდილობს, განსაკუთრებით კი უკრაინაში შეჭრის შემდეგ, როდესაც მისი ეკონომიკური დამოკიდებულება ჩინეთზე კიდევ უფრო გაიზარდა. დასრულების შემთხვევაში მილსადენი ჩინეთს ყოველწლიურად 50 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს მიაწვდის.
სანქციების ეფექტი
მასშტაბურ საერთაშორისო სანქციებზე საპასუხოდ, რუსეთმა შექმნა ალტერნატიული ფინანსური მექანიზმები, გადაამისამართა სავაჭრო ნაკადები, წაახალისა იმპორტის ჩანაცვლება და ეკონომიკური თანამშრომლობა გააღრმავა არადასავლურ პარტნიორებთან. თუმცა ამ პროცესს მნიშვნელოვანი ფასი ჰქონდა და სანქციების მიერ მიყენებული ზიანი დღეს უკვე თვალსაჩინოა.
გაიზარდა ტრანზაქციური ხარჯები, შემცირდა თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა, გართულდა სავაჭრო ლოჯისტიკა და შემცირდა ეკონომიკური მოქნილობა. მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები და კონტროლის მექანიზმები კვლავ პრობლემებს უქმნის იმ სექტორებს, რომლებიც უცხოურ კომპონენტებსა და ტექნოლოგიებზე არიან დამოკიდებული. რუსეთმა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.4 პროცენტამდე შეამცირა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული ეკონომიკა კვლავ ფუნქციონირებს, ეს ხდება უფრო შეზღუდულ და ნაკლებად ეფექტიან პირობებში.
ენერგეტიკა
ენერგეტიკული შემოსავლები რუსეთის საომარი ეკონომიკის შენარჩუნებისთვის კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მოსკოვმა შეძლო ნავთობის ექსპორტის მნიშვნელოვანი მოცულობის შენარჩუნება აზიური ბაზრებისკენ მიწოდების გადამისამართებით და სულ უფრო მეტად ეყრდნობა გაუმჭვირვალე საზღვაო გადაზიდვების ქსელებსა და სანქციების გვერდის ავლის მექანიზმებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაბიჯებმა რუსეთს შემოსავლების კატასტროფული შემცირება თავიდან ააცილებინა, მათ თან ახლავს ოპერაციული არაეფექტიანობა, ფასდაკლებით ვაჭრობის აუცილებლობა, სამართლებრივი გაურკვევლობა და სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული მზარდი რისკები.
რუსეთმა გარკვეული სარგებელი მიიღო ნავთობის ფასების ზრდიდან, რაც ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას უკავშირდებოდა, თუმცა ეს დადებითი ეფექტი ნაწილობრივ გაანეიტრალა უკრაინის წარმატებულმა დარტყმებმა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობის ინფრასტრუქტურაზე.
ამასთან, რუსეთის ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიანი ეკონომიკური შედეგი შესაძლოა იყოს ევროპის, როგორც პრემიუმ ენერგეტიკული ბაზრის, დაკარგვა, აგრეთვე რუსეთის ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გრძელვადიანი გაუარესება.
ენერგეტიკული სექტორის მომავალი პერსპექტივა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული როგორც გლობალური ბაზრების დინამიკაზე, ისე რუსეთის შესაძლებლობაზე, შეინარჩუნოს საექსპორტო ინფრასტრუქტურა და მოერგოს სანქციებით შექმნილ ახალ რეალობას.
ენერგეტიკული სექტორის მიმართ არსებული ზეწოლა, უკრაინული დარტყმების ზრდასთან ერთად, რუსეთის ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
დასკვნა
ზემოთ განხილული გამოწვევები არ მიუთითებს რეჟიმის გარდაუვალ კოლაფსზე ან უახლოეს მომავალში პოლიტიკური არასტაბილურობის გარდაუვალ დადგომაზე. ამავდროულად, რუსეთის სტრატეგიული წარმატების შესახებ ტრიუმფალისტური ნარატივები უკვე მოძველებულია და რეალობას აღარ ასახავს.
ომმა შექმნა სულ უფრო შეზღუდული სტრატეგიული გარემო, რომელშიც ნებისმიერი მნიშვნელოვანი პოლიტიკური არჩევანი სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ერთ-ერთ შესაძლო სცენარს წარმოადგენს ესკალაციის თანდათანობითი შემცირება ან მოლაპარაკებების გზით გარკვეული სტაბილიზაციის მიღწევა, რაც შეიძლება მზარდმა სამხედრო და ეკონომიკურმა ზეწოლამ განაპირობოს.
თუმცა ომის დასრულება ან მისი მასშტაბის არსებითი შემცირება საკუთარ შიდა პოლიტიკურ რისკებსაც წარმოშობს კრემლისთვის. მათ შორისაა პასუხისმგებლობის გადანაწილება ელიტურ ჯგუფებს შორის, ეკონომიკური ტრანზიციის შოკები, ომის ხარჯების მიმართ გაზრდილი ყურადღება და ფრონტიდან დაბრუნებული მებრძოლების სამოქალაქო ცხოვრებაში რეინტეგრაციის რთული პროცესი.
ალტერნატიული გზა კონფლიქტის გაგრძელებაა. კრემლიდან, გაჭიანურებული ომი, შესაძლოა პოლიტიკურად უფრო უსაფრთხო არჩევანად ჩანდეს, ვიდრე ომისშემდგომი ადაპტაციის გაურკვეველ პროცესთან დაპირისპირება. საომარი მდგომარეობა ამართლებს მმართველობის “განსაკუთრებულ” ფორმებს, ხელს უწყობს ეროვნული მობილიზაციის შენარჩუნებას და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გადავადებას.
თუმცა ომის გაგრძელებასაც საკუთარი საფრთხეები ახლავს. მათ შორისაა ეკონომიკური დისბალანსის გაღრმავება, სამხედრო გამოფიტვის გაგრძელება, საზოგადოების შემდგომი მილიტარიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტებზე მზარდი წნეხი.
ამგვარად, კრემლი სტრატეგიული დილემის წინაშე დგას. ამ თვალსაზრისით, კრემლის მთავარი გამოწვევა არჩევანის ნაკლებობა კი არ არის, არამედ ნებისმიერი არჩევანის მაღალი ფასია. რუსეთის ხელისუფლებას ჯერ კიდევ გააჩნია რესურსები ომის გასაგრძელებლად, თუმცა ყოველი მომდევნო წელი ზრდის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ დანახარჯებს. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მეხუთე წელს კრემლის მიერ მანევრის თავისუფლება სულ უფრო იზღუდება სამხედრო მიზნების მიუღწევლობის, ეკონომიკური პრობლემების, სოციალური დაღლილობისა და საერთაშორისო იზოლაციის ფონზე. ამ დილემის მართვა უახლოეს მომავალში რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება.
