ავტორი: ხატია დავლიანიძე, UGSPN-ის მკვლევარი
მიმდინარე წლის სექტემბერში პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ეროვნული ასამბლეა დაშალა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს დანიშნა.
სერბეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის თანამდებობის მესამე ვადით დაკავება შეუძლებელია, შესაბამისად 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვუჩიჩი კენჭს ვეღარ იყრის. პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ის პრეზიდენტის პოსტიდან საკუთარი ნებით გადადგა და პრემიერ-მინისტრობისთვის ბრძოლა დაიწყო.
პოლიტიკური კრიზისის დასაწყისი და სტუდენტური პროტესტი
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა სერბეთის უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პოლიტიკური კრიზისის ფონზე მოხდა.
პროტესტი 2024 წლის 1 ნოემბერს ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევაის მოჰყვა, რასაც 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საპროტესტო გამოსვლები თავდაპირველად ქალაქ ნოვი-სადში დაიწყო, თუმცა მალევე მთელი ქვეყანა მოიცვა.
პროტესტის მთავარ მამოძრავებელ ძალას სტუდენტები წარმოადგენდნენ, რომლებიც საწყის ეტაპზე სადგურის რეაბილიტაციის დოკუმენტაციის გასაჯაროებას, ობიექტური გამოძიების ჩატარებასა და ტრაგედიაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვდნენ, თუმცა, ხელისუფლების მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ძალისმიერი მეთოდების გამოყენების შემდეგ, მოძრაობამ ალექსანდარ ვუჩიჩის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.
ვითარების განმუხტვის მიზნით, პრეზიდენტმა ვუჩიჩმა მის მმართველობაზე სარეკომენდაციო ხასიათის რეფერენდუმის ჩატარების იდეა გააჟღერა, თუმცა სტუდენტებმა აღნიშნული შეთავაზება უარყვეს.
მზარდი დაძაბულობის ფონზე, 2025 წლის იანვარში პრემიერ-მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა, ხოლო აპრილში ჯურო მაცუტის ხელმძღვანელობით ახალი კაბინეტი დამტკიცდა.
რიგგარეშე არჩევნები, როგორც მმართველი პარტიის კოზირი და ოპოზიციური ფლანგი სტუდენტურ მოძრაობამდე
2012 წელს ხელისუფლების სათავეში „სერბეთის პროგრესული პარტიის“ მოსვლის შემდეგ, ქვეყანა არაერთმა მასშტაბურმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა. მიუხედავად ამისა, მმართველი ძალა კრიზისების განმუხტვას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით ყოველთვის წარმატებით ახერხებდა.
14 წლიანი მმართველობის განმავლობაში „პროგრესულმა პარტიამ“ სრული კონტროლი დაამყარა პოლიტიკურ ინსტიტუტებზე, მედიასა და ადმინისტრაციულ რესურსებზე, რამაც რეჟიმს არჩევნებში დამარცხების შიში გაუქრო. სერიოზული მეტოქის არარსებობის პირობებში, ვადამდელი არჩევნები ძალაუფლების ხელახლა განმტკიცების მთავარ იარაღად იქცა.
სისტემურ უპირატესობას კიდევ უფრო ამყარებდა სერბეთის ტრადიციული ოპოზიციის ქრონიკული სისუსტე და ფრაგმენტაცია. 2018 წლიდან მოყოლებული, ოპოზიციამ ვუჩიჩის წინააღმდეგ რამდენჯერმე სცადა გაერთიანება, თუმცა კოალიციები იდეოლოგიური უთანხმოებებისა და პირადი ინტერესების გამო მალევე იშლებოდა.
2023 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ მხოლოდ პარტიული გაერთიანება საკმარისი არ არის. ამომრჩეველი აქამდე არსებული პოლიტიკური პარტიების დაპირებებით გადაღლილია და სრულიად ახალი ალტერნატივის ძიებაშია.
სტუდენტური სიის სტრუქტურა და ხედვა
2026 წლის 15 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიამ ოფიციალურად დაარეგისტრირა „სტუდენტური სია – სტუდენტები იმარჯვებენ“ (69 099 ვალიდური ხელმოწერითა და 250 კანდიდატით), საპროტესტო გამოსვლებსა და უნივერსიტეტების ბლოკადებში აღმოცენებული მოძრაობა საარჩევნო სუბიექტად იქცა.
მოძრაობის შექმნის იდეა 2025 წლის მაისში გაჩნდა, როდესაც ხელისუფლების მხრიდან პროტესტის მონაწილეების მოთხოვნების იგნორირების გამო სტუდენტებმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს. „სტუდენტური სია“ პირდაპირი დემოკრატიის პრინციპებს (საუნივერსიტეტო პლენუმებს) ეფუძნება და მისი მთავარი მიზანი ავტორიტარული რეჟიმის დამარცხება და ვუჩიჩის მიერ მიტაცებული სახელმწიფოს გათავისუფლებაა. ეს არ არის კლასიკური ოპოზიციური გაერთიანება, რადგან მათი პრიორიტეტი არა პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდება, არამედ ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა, ფუნდამენტური სამართლებრივი რეფორმები და კონკურენტული პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებაა. „სტუდენტური სიის“ 11-პუნქტიანი საარჩევნო პროგრამა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს – კორუფციასთან ბრძოლასა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმასა და სოციალურ პოლიტიკას.
სტუდენტების გადაწყვეტილებით, სიაში არც თავად სტუდენტები და არც პროფესიონალი პოლიტიკოსები არიან. ის დაკომპლექტდა მკაცრი კრიტერიუმებით შერჩეული დარგის ექსპერტებით, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებით, სამოქალაქო აქტივისტებითა და ექიმებით. სიის სათავეშია ნოვი-სადის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი, ცნობილი კარდიოლოგი ილია სრდანოვიჩი. კანდიდატობის მთავარი პირობა იყო, რომ პირი არ უნდა ყოფილიყო მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ან რომელიმე ოპოზიციური გაერთიანების ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ სტუდენტების გარშემო უპრეცედენტო კონსოლიდაცია განხორციელდა – პროევროპულმა, მემარცხენე-ეკოლოგიურმა და კონსერვატიულმა (როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო) პარტიებმა, აგრეთვე ეთნიკური უმცირესობების (უნგრელთა, რუმინელთა, მონტენეგროელთა) გაერთიანებებმა უარი თქვეს კენჭისყრაში დამოუკიდებლად მონაწილეობაზე და „სტუდენტურ სიას“ ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს.
წინასაარჩევნო გარემო
25 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით (3%-იანი ბარიერითა და დახურული სიებით) ტარდება, სადაც მანდატები დ’ონტის მეთოდით გადანაწილდება. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების (მათ შორის CRTA-ს) შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო უსამართლო და მკვეთრად პოლარიზებულია. მმართველი „სერბეთის პროგრესული პარტია“ სრულიად აკონტროლებს ფინანსურ, მედია და ადმინისტრაციულ რესურსებს (მისი 2025 წლის შემოსავალი 9.8 მლნ ევროს აჭარბებდა), მაშინ როცა „ქრაუდფანდინგზე“ დამოკიდებული „სტუდენტური სია“ მკვეთრად შეზღუდულ პირობებშია.
CRTA-ს მონიტორინგის თანახმად, სახელისუფლებო კამპანიის ყოველი მესამე აქტივობა მანიპულაციისა და სამართალდარღვევის ელემენტებს შეიცავს, მათ შორის ხელმოწერების გაყალბებას, სახელმწიფო აპარატის ბოროტად გამოყენებასა და ამომრჩეველთა მოსყიდვას (მათ შორის ფულის, ან სამუშაო ადგილების შეთავაზებით), რაც ადასტურებს, რომ მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ფაქტობრივად წაშლილია. ინსტიტუციურ უპირატესობას ემატება მედია ბლოკადა და დეზინფორმაცია. საზოგადოებრივ მაუწყებელსა (RTS) და ეროვნულ ტელევიზიებში მმართველი ძალა აბსოლუტურად დომინირებს, მაშინ როცა ოპოზიცია 2-ჯერ ნაკლებ საეთერო დროს იღებს (RTS-ზე მხოლოდ 15%).
პროსახელისუფლებო ონლაინმედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, არჩევნების დღეს მოსალოდნელია პოლიტიკური არეულობა და ვითარების ესკალაცია. გარდა ამისა, ოპოზიცია წარმოჩენილია, როგორც „ფერადი რევოლუციისა“ და სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ორგანიზატორი.
პარალელურად, ხელისუფლება დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს (მათ შორის CRTA-ს) უცხოური დაზვერვის პროექტად და გავლენის აქტორად მოიხსენიებს. გარდა ამისა, წინასაარჩევნო პერიოდი გამოირჩევა უპრეცედენტო მასშტაბის ციფრული რეპრესიებითა და საარჩევნო ინჟინერიით. CRTA-ს, Citizen Lab-ისა და SHARE Foundation-ის მიერ დადასტურდა, რომ სერბეთის უსაფრთხოების სამსახურებმა ოპოზიციონერებისა და სტუდენტური მოძრაობის წევრების წინააღმდეგ ისრაელის წარმოების Pegasus-ის ტიპის ჯაშუშური პროგრამა (Spyware) გამოიყენეს, რაზეც სისხლის სამართლის სარჩელიც აღიძრა.
სერბეთის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მცხოვრებმა ამომრჩეველმა ხმა ცენტრალური ევროპის დროით (CET) უნდა მისცეს, რაც კენჭისყრას (მაგ. აშშ-სა და ავსტრალიაში) ადგილობრივი დროით ღამის საათებში გადაიტანს.
კენჭისყრის ღამის საათებში გადატანის გარდა, ბევრ ისეთ ადგილას, სადაც საკმარისი რაოდენობის ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული, საარჩევნო უბანი საერთოდ არ გაიხსნა. ეს ნაბიჯი საზღვარგარეთ მცხოვრები სერბეთის მოქალაქეების დისკრიმინაციად და „სტუდენტური სიის“ მხარდამჭერი დიასპორის ხმების ხელოვნურ ნეიტრალიზებად შეფასდა.
სახელისუფლებო წნეხის, მედიაბლოკადისა და ციფრული მანიპულაციების საპასუხოდ, „სტუდენტურმა სიამ“ სრულიად უნიკალური კამპანია წამოიწყო. სტუდენტებმა ფეხით გაიარეს 1 000 კილომეტრზე მეტი და კარდაკარ მოიარეს სერბეთის რეგიონები, მცირე ქალაქები და სოფლები – ისეთი ადგილები, რომლებიც ადრე საარჩევნო კამპანიების სამიზნე არასდროს ყოფილა. მოძრაობამ განსაკუთრებული ძალისხმევა დაუთმო უფროსი თაობის ამომრჩევლებთან პირდაპირ კომუნიკაციას, რომელთაც ალტერნატიულ ინფორმაციაზე წვდომა არ აქვთ. ამასთანავე, მოსალოდნელი მასშტაბური გაყალბების აღსაკვეთად, სტუდენტებმა მოქალაქეთა მობილიზებითა და დამკვირვებელთა გადამზადებით ძლიერი სადამკვირვებლო ქსელი შექმნეს, რომელიც ქვეყნის ყველა საარჩევნო უბანს დააფარავს.
მოლოდინები და პოსტ–საარჩევნო პერსპექტივები
2026 წლის 25 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სერბეთი უპრეცედენტო პოლიტიკური მობილიზაციითა და უკიდურესი პოლარიზაციის ფონზე ხვდება. თითქმის ორწლიანი უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ერთმანეთს ავტორიტარული რეჟიმი და სტუდენტური მოძრაობა დაუპირისპირდებიან.
2012 წლის შემდეგ პირველად, რეჟიმს „სტუდენტური სიის“ სახით რეალური და ძლიერი ალტერნატივა გამოუჩნდა. წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, საპარლამენტო მანდატებს, სავარაუდოდ, სამი პოლიტიკური ძალა მოიპოვებს: მმართველი კოალიცია „გაერთიანებული სერბეთი“, „სტუდენტური სია“ და ივიცა დაჩიჩის „სოციალისტური პარტია“. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ სიებს – დრაგან ჯილასისა და ზდრავკო პონოშის „ევროპულ სერბეთსა“ და „ეროვნულ-დემოკრატიულ ალტერნატივას“ – დიდი ალბათობით, ისინი 3%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებენ.
NSPM-ის და CRTA-ს მონაცემებით, „სტუდენტური სიის“ რეიტინგი 39%-დან 44%-მდე მერყეობს, რაც ხშირად უთანაბრდება, ან აჭარბებს კიდეც „პროგრესული პარტიის“ მაჩვენებელს (35%-45%). პროსახელისუფლებო სააგენტოების (მაგ. Faktor Plus) მონაცემებითაც კი, სადაც მმართველი ძალა 47%-48%-ს ინარჩუნებს, სტუდენტურ სიას საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა (37%) აქვს.
აქამდე ჩატარებულ არცერთ საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური ცვლილების რეალური შანსი არ არსებობდა. „პროგრესული პარტიის“ 14-წლიანი მმართველობის განმავლობაში ეს იქნება პირველი საპარლამენტო არჩევნები, როდესაც ხელისუფლებას ძლიერი კონკურენტი ეყოლება და მისი დამარცხების რეალური პერსპექტივა გაჩნდება.
რას შეცვლის ოპოზიციის გამარჯვება?
ოპოზიციის გამარჯვება სერბეთს ინსტიტუციური დემოკრატიზაციის რეალურ შანსს მისცემს. „პროგრესული პარტიის“ 14 წლიანი მმართველობის დასრულებით, გაიზრდება ალბათობა, რომ სახელმწიფოს მიერ მიტაცებული პოლიტიკური ინსტიტუტები სამთავრობო წნეხიდან თანდათანობით გათავისუფლდეს, ხოლო მედიასივრცე უფრო პლურალისტური და დეპოლიტიზებული გახდეს. გარდა ამისა, ქვეყანას გაუჩნდება შესაძლებლობა, დაიწყოს სისტემურ კორუფციასთან ბრძოლა და დასრულდეს ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა თუ ოპოზიციის წევრების დაშინებისა და დევნის მრავალწლიანი პრაქტიკა.
სერბეთში არსებული სისტემური პრობლემების გათვალისწინებით, პროევროპული მთავრობა არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება და ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება მარტივი არ იქნება. თუმცა, მთავრობის ცვლილება ქვეყანას ამ რეფორმების წამოწყების შანსს მისცემს – პერსპექტივას, რომელიც ვუჩიჩის მმართველობის პირობებში ნამდვილად არ არსებობს.
ხელისუფლების ცვლილება პირდაპირ აისახება ქვეყნის პროდასავლური კურსის განმტკიცებაზე. სერბეთი ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს 2012 წლიდან ფლობს, ხოლო გაწევრიანების მოლაპარაკებები ფორმალურად 2014 წელს დაიწყო. მიუხედავად ამისა, 35-დან ამ დრომდე მხოლოდ 22 თავია გახსნილი, საიდანაც მხოლოდ ორია წარმატებით ჩახურული. სახელმწიფოს მიტაცების, ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან აცდენის გამო, ევროინტეგრაცია ფაქტობრივად გაყინულია, თუმცა ხელისუფლების ცვლილებისა და პროევროპული მთავრობის დამტკიცების შემთხვევაში, პროცესი განახლდება და აქტიურ ფაზაში გადავა.
ევროპის კავშირში გაწევრიანების მთავარი წინაპირობა კოსოვოსთან ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევა და ურთიერთობების ნორმალიზებაა. ევროპის კავშირის შუამავლობით მოლაპარაკებები 2011 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა შიდაპოლიტიკური კრიზისებისა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ბელგრად-პრიშტინას დიალოგი ხელშესახებ პროგრესს ვერ აღწევს. ოპოზიციის გამარჯვება კოსოვოსთან ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივას მნიშვნელოვნად გაზრდის.
გარდა იმისა, რომ ხელისუფლების ცვლილება ქვეყანაში მრავალწლიან ავტოკრატიულ მმართველობას დაასრულებს, ასევე, ბოლოს მოუღებს „პროგრესული პარტიის“ მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას, რაც დასავლეთსა და რუსეთ-ჩინეთს შორის სტრატეგიულ ლავირებას გულისხმობს. ვლადიმირ პუტინთან და სი ძინპინთან პოლიტიკური ფლირტის დასრულებითა და მკაფიო პროდასავლურ კურსზე გადასვლით, კრემლი სერბეთს, როგორც ბალკანეთის რეგიონში საკუთარი პოლიტიკური გავლენის გავრცობის ინსტრუმენტს, დაკარგავს, რაც რუსეთისთვის სერიოზული გეოპოლიტიკური დარტმა იქნება.
