ავტორი: გიორგი ბილანიშვილი
მსოფლიოში მშვიდობის დამყარების დღის წესრიგი პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკის გაცხადებულ პრიორიტეტს წარმოადგენს. თავად ტრამპიც საჯარო მიმართვებისას ხშირად ხაზს უსვამს, რომ მან დროის მოკლე პერიოდში შეძლო მსოფლიოში არსებული რვა ომის დასრულება. ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია აქტიურად ცდილობს მედიაციას რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის. გასული წლის 12 თებერვალს შედგა პირველი ოფიციალური სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საკითხი იყო. ამის შემდეგ საკმაოდ სწრაფად დაიწყო პირდაპირი კონტაქტების აღდგენა აშშ-სა და რუსეთს შორის და დაიწყო უკრაინის თემაზე პირდაპირი მოლაპარაკებები. იმ გარემოებამ, რომ უკრაინის თემაზე აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში არც უკრაინის მხარე და არც ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები არ იყვნენ პირდაპირ ჩართული თავიდანვე გააჩინა იმის შიში, რომ მოვლენები მოსკოვის ინტერესების სასარგებლოდ შეიძლება წარმართულიყო.
აშშ-ის მედიაციის შედეგად, 2025 წლის მაისში განახლდა უკრაინა-რუსეთის პირდაპირი დიალოგი, რომელიც 2022 წლის გაზაფხულის შემდეგ შეწყვეტილი იყო. მართალია აქამდე არსებული მოლაპარაკებების არც ერთ ფორმატს ომის დასრულების მიმართულებით წარმატება არ მოყოლია, მაგრამ ამ პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგად მაინც უნდა ჩაითვალოს სამშვიდობო შეთანხმების პროექტის შემუშავება. თავად ამ პროექტის გარშემო განვითარებული პროცესები იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ უკრაინული მხარის მდგომარება საკმაოდ რთულია.
სამშვიდობო შეთანხმების თავდაპირველი ვარიანტი, რომელიც ე.წ. 28 პუნქტიანი გეგმის სახელით არის ცნობილი, უმეტესად ასახავდა რუსეთის ინტერესებს, რადგან უკრაინის მხრიდან სერიოზულ დათმობებს მოითხოვდა. მათ შორის იყო, რუსეთისთვის დონეცკის ოლქის ტერიტორიის მთლიანად დათმობის და აშშ-ის მიერ ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსეთის ნაწილად აღიარების მოთხოვნა. უკრაინულმა მხარემ, ევროპელი პარტნიორების დახმარებით მოახერხა აშშ-თან კომპრომისული შეთანხმების მიღწევა და 28 პუნქტიანი გემა 20 პუნქტიანი გეგმით ჩანაცვლდა. ამ ახალ გეგმაში აღარ არის დონეცკიდან უკრაინული ძალების გაყვანის მოთხოვნა. ასევე, საუბარია დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ხერსონიდან და ზაპორჟიედან რუსეთის ძალების გაყვანა, რის შემდეგაც ამ ტერიტორიებზე თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიქმნება. თავის მხრივ, მოსკოვისთვის ასეთი მოთხოვნის შესრულება კატეგორიულად მიუღებელია, რადგან იგი ომის დასრულების წინაპირობად კვლავაც ფაქტიურად უკრაინის უპირობო კაპიტულაციას მოითხოვს.
რთული სიტუაციის მიუხედავად, აშშ-ს ძალისხმევა უკრაინა-რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიმართულებით არ შესუსტებულა. პირიქით, ბოლო პერიოდში ის კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და გააქტიურდა. 2026 წლის დასაწყისიდან, მოლაპარაკებები ახალ სამმხრივ ფორმატში (აშშ-რუსეთი-უკრაინა) განახლდა და დროის მოკლე მონაკვეთში, უკვე სამი შეხვედრა ჩატარდა. მოლაპარაკებების ამ ახალი რაუნდის წამოწყებით ტრამპის ადმინსტრაციის მიზანია დროის საკმაოდ მოკლე პერიოდში – 2026 წლის ივნისამდე, მიაღწიოს რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებას.
სამმხრივი მოლაპარაკებები
აშშ-რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები 23-24 იანვარს აბუ დაბიში დაიწყო. ამ შეხვედრის შემდეგ მხარეებს საჯაროდ არ უსაუბრიათ რაიმე, თუნდაც ტექნიკური ხასიათის შეთანხმების თაობაზე. თუმცა, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა აშშ-ის შუამავლობით დაწყებულ მოლაპარაკებებს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ტრამპი აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოლაპარაკებების მიმართ არსებულ ინტერესზე მიუთითებს ისიც, რომ მოლაპარაკებების პროცესში პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ ვიტკოფთან ერთად უშუალოდ ჩაერთო ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, რომელსაც მართალია თეთრ სახლში ოფიციალური თანამდებობა არ გააჩნია, მაგრამ როგორც ტრამპის პირველი, ისე მეორე პრეზიდენტობის პერიოდში საკმაოდ დიდი გავლენით სარგებლობს.
4-5 თებერვალს მეორე შეხვედრა, ასევე აბუ დაბიში გაიმართა. ამ შეხვედრის მთავარ შედეგად რუსეთის და უკრაინას მიერ 314 სამხედრო ტყვის გაცლაზე შეთანხმება გამოცხადდა. მოლაპარაკებებში ჩართულმა მხარეებმა, როგორც პირველი ისე მეორე შეხვედრის შემდეგ, ოფიციალურ განცხადებებისა და შეფასებების გაკეთებისგან, თავი შეიკავეს, თუმცა თავად პროცესი უმეტესად პოზიტიურად შეფასდა. უშუალოდ მოლაპარაკებების მიმდინარეობას, დასავლური წყაროები ადასტურებდნენ, რომ ამჯერად რუსული და უკრაინული მხარეების პოზიციები და მიდგომები უფრო კონსტრუქციული იყო ადრე გამართულ მსგავს შეხვედრებთან შედარებით. ასევე, დადებითად ფასდებოდა, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელად რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის იგორ კოსტიუკოვის დანიშვნა, რადგან მისი წინამორბედის, მედინსკინგან განსხვავებით იგი არა პოლიტიკურ, არამედ პრაქტიკულ საკითხებზე იყო უფრო მეტად ფოკუსირებული.
რამდენად შეიძლება ჩათვლილიყო კომპრომისად მედინსკის კოსტიუკოვით ჩანაცვლება მოსკოვის მხრიდან ეს სადავოა. მიუხედავად მაღალი რანგისა, კოსტიუკოვი მაინც სამხედრო პირია, ხოლო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამდენად, რუსეთის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება მაინც იმაზე მიუთითებდა, რომ პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში მისი პოზიცია კვლავ უკომპრომისოა და ომის დასრულებას მხოლოდ მისი პირობების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში განიხილავს.
17-18 თებერვალს სამმხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი აბუ დაბის ნაცვლად ჟენევაში გაიმართა. მოლაპარაკებების ამ რაუნდზე მოსკოვმა კვლავ მედისნკი დააბრუნა საკუთარი დელეგაციის ხელმძღვანელად. რუსული მხარის ინფორმაციით აშშ-მ დახმარება გაუწია რუსეთის დელეგაციას, რათა სანქციების გამო მათ ჟენევაში გამგზავრებაზე ხელი არ შეშლოდათ. თავად მოლაპარაკებების პროცესი ამჯერად, როგორც ჩანს უფრო რთულად მაგრამ მაინც საქმიანად წარიმართა. აბუ დაბისგან განსხვავებით ჟენევაში ჩასული იყვნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, რომელებიც ეროვნული უსაფრთხოების სფეროში საქმიანობენ. ყველაზე მაღალი რანგის დიდი ბრიტანეთის დელეგაცია იყო, რომელსაც პრემიერ კირ სტარმერის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონათან პაუელი ხელმძღვანელობდა. ეს დელგაციები სამმხრივ მოლაპარაკებებში არ ჩართულან, მაგრამ უკრაინის დელეგაციას აქტიურ კონსულტაციას უწევდნენ მოლაპარაკებების საკითხებზე. ტრამპის სპეცწარმომადგენლის სტივ ვიტკოფის შეფასებით, ჟენევაში არსებითი პროგრესი მოხდა და სამმხრივი მოლაპარაკებები ახლო მომავალში გაგრძელდება. უფრო კონკრეტული იყო პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ძირითადად ორ – სამხედრო და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიმდინარეობს და პოლიტიკურთან შედარებით სამხედრო საკითხებზე შეთანხმების მიღწევასთან მხარეები ახლოს არიან. CNN-ის თანახმად, სამხედრო საკითხებზე შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტასა და ამ პროცესის მონიტორინგის მექანიზმების დადგენას გულისხმობს.
რუსეთის პოზიცია
რუსული მხარე იმთავითვე თავშეკავებული იყო აშშ-ის შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებების ახალი რაუნდის შესაძლო შედეგების მიმართ. პუტინის პრეს-სპიკერის, პესკოვის შეფასებით, დღის წესრიგში საკმაოდ რთული საკითხები იდგა, რისთვისაც მომავალში სერიოზული სამუშაოს გაწევაა აუცილებელი და გათვლის გაკეთება, პირველივე კონტაქტებიდან სერიოზული შედეგების მიღწევაზე, შეცდომა იქნებოდა. პესკოვი ასევე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ რუსეთისთვის პრინციპული მნიშვნელობა ქონდა ტერიტორიულ საკითხს, რომელიც ე.წ. ანკორიჯის ფორმულის ნაწილია.
უნდა ითქვას, რომ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები „ანკორიჯის ფორმულას“ ხშირად ახსენებენ მაგრამ დეტალებზე არ საუბრობენ. ამ ფორმულაში რუსული მხარე გულისხმობს გასული წლის 15 აგვისტოს გამართულ ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის თითქოსდა მოსკოვის სასარგებლოდ შეთანხმებას. მათ შორის, უპირველეს ყოვლისა იგულისხმება, უკრაინის მხრიდან დონეცკის არაოკუპირებული ნაწილის მთლიანად დათმობა მოსკოვისთვის. ამ მიდგომას ადასტურებს სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაახლოებული რუსული წყარო, რომელის თანახმად, მოსკოვი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილად დონბასის რუსეთის შემადგენლობაში აღიარებას მიიჩნევს.
მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყების შემდეგ, რუსეთის მხრიდან რაიმე განსაკუთრებული ოპტიმიზმი არ შეინიშნება. საპირისპიროდ, მისი პოზიცია კვლავაც ხისტი და უკომპრომისო რჩება. ამის გარკვეული ნიშნები გამოჩნდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის TV BRICS-თვის 9 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში. ლავროვის განცხადებით, რუსული მხარე ანკორიჯში დათანხმდა აშშ-ის შემოთავაზებას უკრაინის პრობლემის დარეგულირების თაობაზე, რის შემდეგაც თითქოსდა რუსეთი და აშშ უნდა გადართულიყვნენ სრულფასოვან და ორივე მხარისთვის მომგებიან თანამშრომლობაზე. თუმცა, იმავე ინტერვიუში, ლავროვის შეფასებით, რეალურად პროცესები საპირისპიროდ ვითარდება. მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ იღებენ ახალ სანქციებს და აკავებენ რუსულ ტანკერებს. ასევე, ცდილობენ ინდოეთსა და სხვა ქვეყნებს აუკრძალონ რუსული ნავთობის შესყიდვა.
უკრაინის პოზიცია
უკრაინული მხარე კარგად აცნობიერებს, რომ ბაიდენისგან განსხვავებით ტრამპის ადმინისტრაციისას მისი პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან შემცირდა, მაგრამ ასევე თვლის, რომ ვაშინგტონთან პარტნიორობის შენარჩუნება მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, იგი ცდილობს რაციონალური კომპრომისების ხარჯზე შეინარჩუნოს ეს პარტნიორობა. თუმცა ამ ამოცანის შესრულება სულ უფრო რთულდება. დონეცკიდან უკრაინული სამხედრო დანაყოფების სრულად გაყვანის საკითხი, როგორც ჩანს მაინც არის აშშ-უკრაინის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. კერძოდ, აშშ-ს მხარე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას სწორედ ამ საკითხს უკავშირებს.
უკრაინა ამ ეტაპზე არ არის მზად ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, რასაც ბოლო პერიოდში პრეზიდენტ ზელენკის მიერ გაკეთებული არაერთი განცხადება ადასტურებს. . ამ საკითხთან მიმართებაში ერთგვარ კომპრომისულ ვარიანტად განიხილება აშშ-ს წინადადება დონბასში თავისუფალი ეკონომიკური ზონის ჩამოყალიბების თაობაზე. აბუ დაბის სამმხრივი მოლაპარაკებებების მეორე რაუნდზე რუსეთი პირველად დათანხმდა ამ წინადადების განხილვაზე. ეს მოდელი გულისხმობს დონეცკიდან უკრაინის სამხედრო ძალების გაყვანას, იმ პირობით, რომ იქ რუსული სამხედრო ძალები არ შევლენ, თუმცა რუსეთის მიერ დონეცკის ოკუპირებულ ნაწილში დარჩებიან. ამ შემთხვევაშიც კი ბევრი კითხვის ნიშანი რჩება. მათ შორის, გაუგებარია თუ რომელი მხარის მმართველობის ქვეშ მოექცევა ეს „თავისუფალი ეკონომიკური ზონა“.
საერთო ჯამში იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკრაინა საკმაოდ სერიოზულ ზეწოლას განიცდის, რათა იგი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში დათმობებზე წავიდეს. ამასვე უკავშირდება ჯერ-ჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომლის თანახმად უკრაინა 15 მაისამდე საპრეზიდენტო არჩვენებისა და სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე რეფერენდუმის ჩატარებას დათანხმდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ს უსაფრთხოების გარანტიებს დაკარგავდა.
დასკვნა
აშშ-ს მხრიდან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ფორსირებული მცდელობა რეალობაში სერიოზულ სირთულეებს აწყდება. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ვადები შემჭიდროვებულია, რადგან ვაშინგტონს ივნისამდე უნდა სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება. რეალურად, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ განზომილებაში სიტუაცია საკმაოდ რთულია. რუსეთის სამხედრო ძალებს ბრძოლის ველზე მართალია გარკვეული უპირატესობას ფლობენ, მაგრამ არსებული ტემპით დონეცკის ოლქის სრულად დაკავებისთვის მათ, სხვადასხვა შეფასებებით სულ ცოტა კიდევ ერთი წელი დაჭირდებათ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ კიევი დათანხმდება დონბასის სრულად დათმობას რუსეთისთვის სანაცვლოდ უნდა მიიღოს უსაფრთხოების ძალიან მყარი გარანტიები, როგორც აშშ-სგან, ისე ევროპის ქვეყნებისგან. ამ გარანტიების ფარგლებში, ევროპის ქვეყნები მზად არიან უკრაინაში საკუთარი სამხედრო კონტიგენტი განათავსონ. ასეთი რამ კი მოსკოვისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ უკრაინა ამ ეტაპზე მზად არის სერიოზული კომპრომისისთვის, მაგრამ არა უპირობო კაპიტულაციისთვის. მოსკოვი კი მისგან სწორედ ასეთ კაპიტულაციას მოელის და მის მიღწევას ვაშინგტონის მედიაციის ფარგლებში ცდილობს. ამ ეტაპზე, მხარეთა პოზიციები ერთმანეთისგან აცდენილია და მათი თანხვედრა მით უმეტეს შემჭიდროვებულ ვადებში ობიექტურად რთული ამოცანაა. ამავე დროს, რუსეთის პირობებით უკრაინაში ომის დასრულება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნები არ არიან უშუალოდ ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებებებში მათი როლი მაინც მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მოლაპარაკებების მიმდინარეობა და შედეგები გავლენას მოახდენს ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფორმირების პროცესზე.
