ნატა კორიძე
UGSPN-ის უფროსი მკვლევარი
შავი ზღვა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო საზღვაო რეგიონად იქცა. უკრაინის პორტებზე რუსეთის უწყვეტ თავდასხმებთან ერთად, კომერციულ გემებზე თავდასხმები სულ უფრო მეტად ვრცელდება NATO-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების – რუმინეთისა და ბულგარეთის – სანაპიროების მიმდებარე წყლებზეც. 16 სექტემბერს Joint War Committee-მ შავი ზღვის მთელი აუზი მაღალი რისკის ზონად გამოაცხადა, თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და საქართველოს ტერიტორიული წყლების გამოკლებით. თუმცა, 14 ოქტომბერს კომორის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს, Yara J-ს, რუმინეთის შავი ზღვის სანაპიროსთან, ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში, დრონები დაესხა თავს. იმავე ღამეს რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში კიდევ ორ გემზე ხანძარი გაჩნდა, რაც, სავარაუდოდ, დრონებით განხორციელებულ დარტყმებს უკავშირდებოდა. 15 ოქტომბრის დილას სან-მარინოს დროშის ქვეშ მცურავმა ქიმიურმა ტანკერმა Wine Trader-მა, რუმინეთის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს ყოფნისას, ბორტზე გაჩენილი ხანძრის გამო დახმარება ითხოვა. მისი ეკიპაჟის 12 წევრიდან შვიდი კვლავ დაკარგულად ითვლება. მხოლოდ ოქტომბერში, ამავე სანაპირო ზოლთან, სულ შვიდ გემს დაესხნენ თავს, ხოლო ზღვაში 27 მეზღვაური დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
თავდასხმები ფართოდ მიიჩნევა რუსეთის მიერ განხორციელებულად, ხოლო სამიზნე გემები, როგორც ჩანს, უკრაინასთან სავაჭრო საქმიანობაში იყვნენ ჩართული. თავდასხმების სავარაუდო მიზანი უკრაინის საზღვაო ექსპორტის შეფერხებაა, განსაკუთრებით მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის. არც ბულგარეთი დარჩენილა თავდასხმებისგან დაზღვეული, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენისკენ მოუწოდებდა და ბულგარეთი უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიციიდან“ გავიდა.
შედეგები სცილდება გემების დაზიანებასა და ადამიანთა სიცოცხლის დაკარგვას. დარტყმების შედეგად საზღვაო დაზღვევის ტარიფები მკვეთრად გაიზარდა, ხოლო მეზღვაურები სულ უფრო ხშირად არ სურთ შავი ზღვის აუზში შესვლა. ამან უკრაინის პორტებში შემოსული გემების რაოდენობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია, და იმ გემებისაც, რომელთა საბოლოო დანიშნულების ადგილი უკრაინა არ არის. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან კომერციულ გემებზე თავდასხმების შედეგად 60-ზე მეტი მეზღვაური დაიღუპა. ამ შემთხვევების უმეტესობა კი გასული წლის განმავლობაში მოხდა.
რუსეთის მიერ ამ თავდასხმების გასამართლებლად მოყვანილი არგუმენტი- შავი ზღვის გავლით უკრაინისთვის იარაღის სავარაუდო მიწოდება – სარწმუნოობას მოკლებულია, რადგან არ არსებობს საჯაროდ ხელმისაწვდომი და დამოუკიდებლად დადასტურებული მტკიცებულება იმისა, რომ დასავლური სამხედრო დახმარება საზღვაო გზით, უშუალოდ უკრაინის შავი ზღვის პორტებში მიეწოდება.
რატომ ესხმის რუსეთი შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს?
თავდასხმები რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ სტრატეგიულ მიზანს ემსახურება. პირველ რიგში, ისინი ძირს უთხრის უკრაინის შესაძლებლობას, ექსპორტზე გაიტანოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და შეინარჩუნოს წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე, რაც დამატებით ზეწოლას ახდენს ისედაც ომით დასუსტებულ ეკონომიკაზე. კომერციული გემებისთვის და იმ საზღვაო მარშრუტებისთვის საფრთხის შექმნით, რომლებზეც უკრაინის ექსპორტია დამოკიდებული, მოსკოვს შეუძლია შეასუსტოს ქვეყნის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო და კიევს დამატებითი ეკონომიკური ზიანი მიაყენოს, რომელიც უშუალოდ ბრძოლის ველს სცდება.
მეორე, ეს თავდასხმები ომის ეკონომიკურ შედეგებს უკრაინის ფარგლებს გარეთაც ავრცელებს. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შეფერხებამ ან თუნდაც კომერციული ნაოსნობისთვის რისკის ზრდის აღქმამ შეიძლება საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვები დააზიანოს და გაამწვავოს სასურსათო დაუცველობა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც შავი ზღვის რეგიონიდან იმპორტზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული. ამგვარად, საზღვაო უსაფრთხოების დარღვევა ხდება არა მხოლოდ კიევზე, არამედ მის საერთაშორისო პარტნიორებსა და სხვა ქვეყნებზე ზეწოლის საშუალებაც, რომელთა ინტერესებში შავი ზღვის სავაჭრო ნაკადების უწყვეტობაა.
მესამე, რუმინეთისა და ბულგარეთის სანაპიროებთან განხორციელებული თავდასხმები NATO-სა და ევროკავშირის წევრებს, და შესაბამისად ამ ორგანიზაციებს, სტრატეგიულ გზავნილს უგზავნის. NATO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიულ წყლებთან ომის შედეგების მიახლოებით, მოსკოვი ამოწმებს მათ რეაგირების შესაძლებლობებსა და მზადყოფნას, ამავდროულად კი არსებული რეგიონული უსაფრთხოების მექანიზმების შეზღუდულ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. ეს ინციდენტები ამ ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტსაც წარმოადგენს, ქმნის რა გაურკვევლობას, ზრდის საზღვაო ვაჭრობის ეკონომიკურ ხარჯებს და ძირს უთხრის კომერციული ნაოსნობის უსაფრთხოებისადმი ნდობას. საზღვაო ზეწოლა უნდა განვიხილოთ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო და ჰიბრიდული აქტივობების უფრო ფართო კონტექსტში. ეს მოიცავს 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ შეჭრას და საქართველოს ტერიტორიების, მათ შორის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე აფხაზეთის, მიმდინარე ოკუპაციას, ასევე რეგიონში რუსეთის ჩარევასა და გავლენის მოპოვების მცდელობებს.
და ბოლოს, უსაფრთხოების გარემოს გაუარესება რუსეთს ევროპულ სახელმწიფოებზე გეოპოლიტიკური ზეწოლის პოტენციურ ბერკეტს აძლევს, რადგან ყველა მათგანი დაინტერესებულია შავ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებითა და სტაბილურობით. საზღვაო ვაჭრობის ხარჯებისა და რისკების გაზრდით, რუსეთი შესაძლოა ცდილობდეს გავლენა მოახდინოს ევროპის, ომის მიმართ დამოკიდებულებაზე და განსაზღვროს უკრაინისა და რეგიონული უსაფრთხოების უფრო ფართო წესრიგის შესახებ მომავალი მოლაპარაკებების პირობები.
ამ თავდასხმების საერთო შედეგი განსაკუთრებით საყურადღებოა: პრობლემას მხოლოდ თავდასხმების რაოდენობა კი არ წარმოადგენს, არამედ სამოქალაქო კომერციულ გემებზე თავდასხმების მზარდი ტენდენციაც, რაც სულ უფრო მეტად საზღვაო დაშინების კამპანიას ემსგავსება და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით სერიოზული დანაშაულია.და ამასთან ერთად, ეს შავ ზღვაში კომერციულ ნაოსნობას უფრო ძვირადღირებულსა და სახიფათოს ხდის.
თავდასხმებმა მკვეთრი რეაქცია გამოიწვია ეუთოს, ევროკავშირისა და NATO-ს ფარგლებში და რეგიონში საზოგადოებრივი შეშფოთებაც გააძლიერა. 20 ოქტომბერს სოფიაში დემონსტრანტები შეიკრიბნენ ლოზუნგით „თქვენი მშვიდობა კაპიტულაციაა!“ და ბოლო საზღვაო ინციდენტებთან დაკავშირებით განმარტებებს მოითხოვდნენ. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა ევროკავშირსა და NATO-ს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევას.
NATO, ევროკავშირი და შავი ზღვა
ევროკავშირსა და NATO-ს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პირდაპირი ინტერესები აქვთ. თუმცა, ათწლეულების განმავლობაში ორივე ორგანიზაცია არ ჩქარობდნენ თანმიმდევრულ ხედვისა და სტრატეგიის ჩამოყალიბებას რეგიონის მიმართ, რომელიც მათ დღის წესრიგში შედარებით დაბალ პრიორიტეტს წარმოადგენდა. მხოლოდ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ორივე ორგანიზაციამ სრულად გააცნობიერა შავი ზღვის მნიშვნელობა ევროპის უსაფრთხოების უფრო ფართო არქიტექტურის კონტექსტში.
მყარი უსაფრთხოების (hard security) განზომილების გარდა, შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვანია ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისითაც. მაგალითად, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ევროკავშირის Global Gateway-ის ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზია, რომელმაც აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სექტორი საქართველოსა და რუმინეთის გავლით ევროკავშირს უნდა დაუკავშიროს. შავი ზღვა ასევე მოიცავს რუმინეთის ოფშორულ გაზის საბადოებს და ქარის ენერგიის წარმოების მნიშვნელოვან პოტენციალს. ამასთან, შავი ზღვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების- რუმინეთისა და ბულგარეთის, ასევე კანდიდატი ქვეყნების- უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ეკონომიკებისთვის.
მზარდი ამბიციების მიუხედავად, ევროკავშირს არ გააჩნია აუზში საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობები და ამ მიმართულებით კვლავ NATO-ზეა დამოკიდებული. ამასთან, თურქეთი, რომელიც რეგიონში აუცილებელი პარტნიორია, ევროკავშირის წევრი არ არის და შავ ზღვასთან დაკავშირებით საკუთარი სტრატეგიული ინტერესები და მგრძნობიარე საკითხები აქვს, რაც ევროკავშირის ჩართულობას კიდევ უფრო ართულებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირი სულ უფრო მეტად აღიქვამს რეგიონს, როგორც მნიშვნელოვან სტრატეგიულ საზღვარს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის 2025 წლის შავი ზღვის სტრატეგიამ, რომელმაც საბოლოოდ აღიარა რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა, ვერ შეძლო უსაფრთხოების ოპერატიული ჩარჩოს ჩამოყალიბება. ამის ნაცვლად, სტრატეგიაში მეტი ყურადღება დაეთმო საზოგადოების მდგრადობის გაძლიერებას, დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედებას. ომმა, უსაფრთხოების გარემოს გაუარესებამ და, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ რუმინეთისა და ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებთან და მათ ფარგლებში კომერციულ გემებზე განხორციელებულმა დრონებისა და სარაკეტო დარტყმებმა ევროკავშირის მასშტაბით უსაფრთხოების შეშფოთება კიდევ უფრო გაამძაფრა.
20 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საექსპორტო მარშრუტებზე, შავი ზღვისა და დუნაის პორტებზე, გემებზე, სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაზე, სასაზღვრო გადასასვლელებსა და მარცვლეულის შესანახ ობიექტებზე გახშირებული თავდასხმები „სახიფათო ესკალაციას“ წარმოადგენს. მან ევროკავშირის საპასუხო მოქმედების სამი პრიორიტეტი გამოყო: უკრაინისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის შენარჩუნება, საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერება და დიპლომატიური ზეწოლის გაზრდა ნაოსნობის თავისუფლების უზრუნველსაყოფად.
22 ოქტომბერს, სამოქალაქო კომერციულ გემებზე განხორციელებული არაერთი სასიკვდილო თავდასხმის შემდეგ, ევროპარლამენტმა ევროკავშირს შავ ზღვაში სპეციალური საზღვაო ოპერაციის განთავსების შესაძლებლობის განხილვისკენ მოუწოდა. ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც 432 ხმით მომხრე, 52 წინააღმდეგ და 88 თავი შეიკავა, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნაოსნობის თავისუფლება და საზღვაო უსაფრთხოება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონისა და დუნაის დელტასთვის, არამედ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებისთვისაც. ევროპარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა, SAFE-ის ინსტრუმენტის აუთვისებელი თანხების გამოყენებით დაეხმაროს რუმინეთსა და ბულგარეთს მტრული დრონების აღმოჩენასა და თვალთვალში. მან ასევე მოუწოდა NATO-ს, განიხილოს შავი ზღვისთვის სპეციალური ინიციატივის შექმნა, და ხაზი გაუსვა ორივე ორგანიზაციის მხრიდან ბულგარეთისა და რუმინეთის მხარდაჭერის აუცილებლობას, ასევე ვარნასა და კონსტანცაში ევროკავშირის შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბების ამოქმედების დაჩქარებას. ევროპარლამენტმა ასევე გააკრიტიკა ბულგარეთის მიერ „რუსული საფრთხის“ საკითხის მართვა და სოფიას მოუწოდა, შეწყვიტოს NATO-ს ანტიდრონულ ინიციატივაში მონაწილეობის გაჭიანურება.
ცხადია, უსაფრთხოების გარემოს გაუარესებასთან დაკავშირებული შეშფოთება სანაპირო ქვეყნების უშუალო უსაფრთხოებას სცდება. ის ასევე მოიცავს კრიტიკულ წყალქვეშა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის მონაცემთა კაბელებს, ელექტროგადამცემ ხაზებსა და წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო ქსელებს. საპასუხოდ, ბულგარეთმა, რუმინეთმა და თურქეთმა პრაქტიკული თანამშრომლობა გააძლიერეს, მათ შორის შავი ზღვის ნაღმსაწინააღმდეგო ძალების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. მიმდინარე წელს მისი მანდატი გაფართოვდა და კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვაც მოიცვა, მათ შორის რუმინეთის Neptun Deep-ის ოფშორული გაზის საბადო და თურქეთის Sakarya-ს საბადო. ევროკავშირის თავდაცვის სააგენტოს საზღვაო მეთვალყურეობის ქსელი (MARSUR) მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საზღვაო მონიტორინგის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობაში. ამავდროულად, NATO-სთან კოორდინაციის გასაუმჯობესებლად, ევროკავშირი საგანგებო პროტოკოლზე მუშაობს, რომელიც ალიანსთან დაუყოვნებლივი პოლიტიკური კონსულტაციების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს, განსაკუთრებით ე.წ. „ნაცრისფერი ზონის“ თავდასხმების შემთხვევაში. ეს ინიციატივები უნდა ავსებდეს ევროკავშირის ახლახან დამტკიცებულ Eastern Flank Watch-ს, რომელიც ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალისხმევის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
რაც შეეხება NATO-ს, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება სულ უფრო მოწყვლადი ხდება, რადგან რუსეთის ომის შედეგები ალიანსის წევრი რუმინეთისა და ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებზეც ვრცელდება. ბოლო ინციდენტების შემდეგ NATO-ს გენერალური მდივანი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ რადევსა და რუმინეთის პრეზიდენტ დანს შეხვდა რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. მან შავი ზღვის მოკავშირეებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და NATO-ს შეკავებისა და თავდაცვითი პოზიციონირების (defense posture) ადაპტირება დააანონსა.
NATO-მ 2022 წლის სტრატეგიულ კონცეფციაში პირველად აღნიშნა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა ალიანსისთვის. მას შემდეგ ზღვაში უსაფრთხოების გარემო კიდევ უფრო გაუარესდა. რუმინეთისა და ბულგარეთის მახლობლად რუსეთის გახშირებული თავდასხმების ფონზე, NATO-მ 20 ოქტომბერს შავ ზღვაში დამატებითი საზღვაო საპატრულო თვითმფრინავების, რადარის სისტემებისა და დრონების განთავსების გეგმების შესახებ განაცხადა. მოკავშირეები ასევე გაგზავნიან დაზვერვის სპეციალისტებსა და ექსპერტთა ჯგუფებს თავდასხმებში გამოყენებული ასაფეთქებელი ნივთიერებების სასამართლო-ექსპერტიზული კვლევების ჩასატარებლად.
არსებული ვითარება რთულ კითხვებს აჩენს NATO-ს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებების, მათ შორის მე-5 მუხლის, შესახებ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო გემებზე თავდასხმები მომდევნო ესკალაციას გამოიწვევს ან მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიასა და უსაფრთხოებას უშუალო ზიანს მიაყენებს. ამავდროულად, რუსეთი სარგებლობს ორივე ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღების შედარებით ნელი პროცედურებით. ამასობაში კი უკრაინა, რომელსაც რუსეთის საზღვაო და დრონებით გამოწვეული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე დიდი ოპერატიული გამოცდილება აქვს, შეზღუდვების წინაშე აღმოჩნდა, რაც აშშ-ის მხრიდან ადრეული გაფრთხილების სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვებსა და Starlink-ისა და Starshield-ის სატელიტურ სისტემებზე წვდომის შეფერხებებს უკავშირდება. ეს კიდევ უფრო ართულებს რეგიონში უსაფრთხოების ვითარებას და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობებს ზღუდავს.
თურქეთის მნიშვნელობა
თურქეთს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში განსაკუთრებული, თუმცა დელიკატური პოზიცია უკავია. როგორც NATO-ს წევრი, მაგრამ ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, თურქეთი ცდილობს შეინარჩუნოს რეგიონში მთავარი კარიბჭის როლი და 1936 წლის მონტროს კონვენციის საფუძველზე ბოსფორის სრუტეში სამხედრო ხომალდების გადაადგილებაზე კონტროლს ახორციელებს. მისი პოლიტიკა რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მოსკოვთან პრაგმატულ ურთიერთობებსა და კიევთან განგრძობად დიპლომატიური ჩართულობის აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობები საკმაოდ დაძაბული ეპიზოდებით ხასიათდებოდა, მათ შორის 2015 წელს თურქეთის მიერ სირიის საზღვართან რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებისა და 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთის მიერ ყირიმელი თათრების მიმართ განხორციელებულ პოლიტიკასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, თურქეთი, როგორც წესი, რუსეთთან ურთიერთობების მართვას ცდილობდა, მასთან პირდაპირი დაპირისპირების სანაცვლოდ. 2022 წელს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების მიღწევაში გაეროსთან ერთად მნიშვნელოვანი როლის შესრულების შემდეგ, ანკარა კვლავ ცდილობს ესკალაციის თავიდან აცილებას. თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას კომერციულ გემებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ან თურქეთის საკუთრებაში არსებული გემების სამიზნედ ამოღების შემთხვევაში სამართლებრივი ზომების მიღების უფლებას იტოვებს. ეს ასახავს თურქეთის უფრო ფართო მიზანს არ დაუშვას კონფლიქტის შედეგად შავი ზღვის ვაჭრობის დესტაბილიზაცია და ამავდროულად შეინარჩუნოს გავლენა რეგიონში უსაფრთხოების მექანიზმებზე.
შუა დერეფნის ფაქტორი
შავი ზღვის უსაფრთხოების გარემოს გაუარესება პოტენციურ გამოწვევას უქმნის შუა დერეფნის პროექტს, რომლის სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გაიზარდა. ეს მარშრუტი რუსეთის გავლით არსებული ტრადიციული სავაჭრო გზების ალტერნატივას წარმოადგენს და ცენტრალურ აზიას, კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით, ევროპულ ბაზრებთან აკავშირებს. თუმცა, მისი სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ლოგისტიკური კოორდინაციის გაუმჯობესებაზე, არამედ მთელი სატრანზიტო ქსელის, მათ შორის საზღვაო კომპონენტის, უსაფრთხოებაზეც. შუა დერეფანი კვლავ მოწყვლადია გარე სამხედრო საფრთხეების, ჰიბრიდული თავდასხმებისა და სატრანსპორტო ქსელის კრიტიკულ მონაკვეთებზე შეფერხებების მიმართ, თუმცა მისი განვითარების უსაფრთხოების ასპექტს სათანადო ყურადღება არ ეთმობა. შავ ზღვაში რუსეთის მიერ დრონებისა და რაკეტების გამოყენებით განხორციელებული ბოლო თავდასხმების ესკალაცია კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ამ მოწყვლადობას. მსგავსი თავდასხმები ზრდის საზღვაო რისკებსა და დაზღვევის ხარჯებს, ამცირებს ნაოსნობის უსაფრთხოებასა და პროგნოზირებადობას და საფრთხეს უქმნის დერეფნის საიმედოობას, რაც, თავის მხრივ, მის კონკურენტუნარიანობას ასუსტებს. რამდენადაც შუა დერეფანი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობის თვალსაზრისით, მისი საზღვაო კავშირებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა განვითარების პროცესის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს.
დასკვნა
უკანასკნელ პერიოდში შავ ზღვაში გემებზე განხორციელებული დრონებით თავდასხმები ნათლად აჩვენებს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია. რუსეთის თავდასხმები მხოლოდ უკრაინის ექსპორტს კი არ უქმნის საფრთხეს, არამედ ძირს უთხრის ნაოსნობის თავისუფლებას, საფრთხეს უქმნის NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგს და არღვევს გლობალურ ვაჭრობას, ენერგეტიკულ კავშირებსა და დაკავშირებადობას. ეს ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება საზღვაო ინფრასტრუქტურა და კომერციული ნაოსნობა ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებად იქცეს, რაც რუსეთს ევროპულ სახელმწიფოებზე ზეწოლის შესაძლებლობას უქმნის და უსაფრთხოების სფეროში არსებული ხარვეზებით სარგებლობის საშუალებას აძლევს.
ევროკავშირისა და NATO-ს უფრო კოორდინირებული რეაგირებაა საჭირო. პირველ რიგში, ევროკავშირმა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც აშშ NATO-ში საკუთარი როლის გადახედვას განაგრძობს. ამისათვის საჭიროა უფრო ერთიანი და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ევროკავშირი და NATO, რომლებიც დეკლარაციებს გასცდებიან და პრაქტიკული ოპერაციების განხორციელებას შეძლებენ. ევროკავშირის მზარდი თავდაცვის ინსტრუმენტები და რეგიონული ინიციატივები ამგვარი ჩართულობის საფუძველს ქმნის, თუმცა მათი ეფექტიანობა განხორციელებაზე, რესურსებსა და მკაფიო სტრატეგიულ ხედვაზეა დამოკიდებული. მეორე, ევროკავშირმა და NATO-მ უნდა გააძლიერონ ურთიერთშემავსებელი თანამშრომლობა, პასუხისმგებლობების მკაფიო განსაზღვრის, ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლისა და სწრაფი კონსულტაციისა და რეაგირების მექანიზმების მეშვეობით. ბოლო თავდასხმები ცხადყოფს, რომ არსებული მექანიზმები არასაკმარისია ახალი საზღვაო და ჰიბრიდული საფრთხეების დასაძლევად. აუცილებელია რეგიონული მონიტორინგის, დრონების აღმოჩენისა და მათგან დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება. მესამე, თურქეთი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართულ მნიშვნელოვან მრავალმხრივ ძალისხმევაში, როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიურ სფეროში, ჩართული უნდა იყოს. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა განპირობებულია მონტროს კონვენციის საფუძველზე ბოსფორის სრუტეში გადაადგილებაზე კონტროლით, მნიშვნელოვანი საზღვაო სამხედრო შესაძლებლობებითა და რეგიონში არსებითი პოლიტიკური გავლენით. ამასთან, როგორც NATO-ს წევრი, მაგრამ ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, თურქეთი აუცილებელია ორივე ორგანიზაციის პოზიციების დაახლოებისა და კოორდინაციის უზრუნველსაყოფად. მოსკოვთან ურთიერთობებისა და სრუტეების სამართლებრივი რეჟიმის შენარჩუნებაზე მისი განსაკუთრებული აქცენტის გათვალისწინებით, თურქეთთან მუდმივი პოლიტიკური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მეოთხე, უკრაინა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში მთავარ უსაფრთხოების პარტნიორად უნდა იყოს ჩართული. რუსეთის საზღვაო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად დაგროვილი ფართო ოპერატიული გამოცდილების გათვალისწინებით, უკრაინას გააჩნია შესაძლებლობები და ცოდნა, რომლებიც რეგიონში უსაფრთხოების ნებისმიერი მნიშვნელოვანი ჩარჩოსთვის აუცილებელია. უკრაინის გამორიცხვა ან მისი როლის შეზღუდვა რეაგირების ეფექტიანობას შეასუსტებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა რუსეთის თავდასხმების მთავარ სამიზნედ რჩება და ნაოსნობის თავისუფლებისა და საზღვაო ვაჭრობის უსაფრთხოების შენარჩუნებაში პირდაპირი ინტერესი აქვს.
საბოლოო ჯამში, შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოითხოვს თანმიმდევრულ რეგიონულ მიდგომას, რომელიც სამხედრო შეკავებასა და საზღვაო მონიტორინგს სამოქალაქო გემების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და ნაოსნობის თავისუფლების დაცვასთან, ასევე რეგიონული დაკავშირებადობის უზრუნველყოფასთან გააერთიანებს. ამის მიღწევა შეუძლებელია ევროპის უფრო აქტიური ჩართულობის, ევროკავშირისა და NATO-ს მჭიდრო კოორდინაციისა და თურქეთისა და უკრაინის მნიშვნელოვანი მონაწილეობით. უსაფრთხოების არსებული ხარვეზების აღმოუფხვრელად დატოვება რუსეთს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, დაშინების გზით ზეწოლა მოახდინოს კომერციულ ნაოსნობაზე, შეაფერხოს რეგიონული ვაჭრობა და შავი ზღვის ფარგლებს გაცილებით ფართოდ გააუარესოს უსაფრთხოების გარემო.
