ბოსნიის დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისი

ბოსნიის დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისი

ავტორი: ხატია დავლიანიძე, UGSPN-ის მკვლევარი

როდის დაიწყო კრიზისი?

დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებით, რომლითაც ბოსნიის 1992-1995 წლების ომი დასრულდა, ბოსნია-ჰერცეგოვინას ტერიტორიაზე შეიქმნა სახელმწიფო, რომლის შემადგენლობაშიც ბოსნიურ-ხორვატიული ფედერაცია და სერბული რესპუბლიკა (სრპსკა) შევიდა. ავტონომიის მაღალი ხარისხის მიუხედავად, წლებია სერბული რესპუბლიკის ლიდერი სრპსკაში პარალელური ინსტიტუტების შექმნას, ბოსნია-ჰერცეგოვინისგან გამოყოფას და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას ცდილობს, რის გამოც ქვეყანაში მუდმივად არასტაბილური პოლიტიკური ვითარებაა.

ბოსნიის დაუსრულებელი კრიზისის უკანასკნელი ეპიზოდი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2025 წლის თებერვალში ბოსნია-ჰერცეგოვინის სასამართლომ სერბული რესპუბლიკის ლიდერს, მილორად დოდიკს გაეროს უზენაესი წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის დაუმორჩილებლობისთვის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა (მოგვიანებით ჯარიმით ჩანაცვლდა) და საჯარო თანამდებობის დაკავება ექვსი წლით აუკრძალა.

უმაღლესი წარმომადგენლის ოფისი დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების სამოქალაქო იმპლემენტაციის მიზნით შეიქმნა და მას ბოსნია-ჰერცოგოვინის ფედერაციის სუბიექტებისთვის შესასრულებლად სავალდებულო კანონების მიღების და ასევე, გაუქმების უფლებამოსილება აქვს.

2023 წელს სერბული რესპუბლიკის (სრპსკა) ასამბლეის მიერ მიიღებული კანონი, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების სრპსკას ტერიტორიაზე აღსრულებას ხელს უშლიდა, კრისტიან შმიდტმა გააუქმა. უფრო მეტიც, მან ბოსნია და ჰერცეგოვინის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომლითაც უმაღლესი წარმომადგენლის გადაწყვეტილებების უგულებელყოფა კრიმინალიზდა. შმიდტის მიერ კანონის გაუქმების მიუხედავად, მილორად დოდიკმა კანონებს ხელი მოაწერა და სრპსკას ოფიციალურ გაზეთში გამოაქვეყნა.

სრპსკას ურჩი მმართველი

თუ 2023 წელს მილორად დოდიკმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების სერბული ერთეულის ტერიტორიაზე აღსრულება სცადა, 2025 წელს სრპსკას ტერიტორიაზე ბოსნია-ჰერცეგოვინის პროკურატურის, სახელმწიფო საგამოძიებო და დაცვის სააგენტოს, ასევე, სასამართლო და პროკურატურის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის აკრძალვა გადაწყვიტა. გარდა ამისა, მიღებულ იქნა კონსტიტუციის პროექტი, რომელიც სრპსკას საკუთარი არმიისა და სადაზვერვო სამსახურის შექმნის უფლებამოსილებას ანიჭებდა, თუმცა ბოსნია-ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლომ იგი მაისში გააუქმა.

მილორად დოდიკი, რომელიც კრისტიან შმიდტს არალეგიტიმურ წარმომადგენელს უწოდებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს არ აღიარებს, 25 ოქტომბერს საპრეზიდენტო მანდატის გაუქმების „სამართლიანობის“ თაობაზე სრპსკაში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს.

სრპსკას ლიდერის მიერ უმაღლესი წარმომადგენლის გადაწყვეტილების უგულებელყოფა და დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების ხელყოფა ახალი არ არის. 2021 წელს როდესაც მაშინდელი უმაღლესი წარმომადგენელის, ვალენტინ ინზკოს გადაწყვეტილებით, სრებრენიცის გენოციდის უარყოფისა და ომის დამნაშავეების განდიდებისთვის პატიმრობა დაწესდა, დოდიკი არ დაემორჩილა და რადოვან კარაჯიჩისა და რატკო მლადიჩის „ლეგენდებად“ მოხსენიება განაგრძო.

წლებია სერბული ერთეულის ლიდერი ბოსნია-ჰერცეგოვინას ცენტრალური სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტებასა და პარალელური სტრუქტურების გაძლიერებას ცდილობს. დოდიკი, რომელმაც პოლიტიკური კარიერის დასაწყისში სრებრენიცას გენოციდი საჯაროდ აღიარა და ბოსნიის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ღიად უჭერდა მხარს, ამჟამად აცხადებს, რომ სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტა „გაყალბებული მითია“ და მისი მიზანი უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის დახურვა, დეიტონის შეთანხმების სამხედრო ასპექტის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი EUFOR-ის მანდატის გაუქმება, სერბული რესპუბლიკის ბოსნია-ჰერცეგოვინასგან გამოყოფაა.

დოდიკი დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას ჯერ კიდევ 2018 წელს გეგმავდა, თუმცა, საერთაშორისო წნეხისა და დამატებითი სანქციების დაწესების საფრთხის გამო, გადაიფიქრა.

სამართლებრივად, ბოსნია-ჰერცეგოვინაში შემავალ ერთეულებს  – ბოსნიურ-ხორვატიულ ფედერაციასა და სერბულ რესპუბლიკას სესეციის კონსტიტუციური უფლება არ გააჩნიათ. შესაბამისად, სერბული რესპუბლიკის მიერ ჩატარებული რეფერენდუმი ნებისმიერ შემთხვევაში არალეგიტიმურად ჩაითვლება და ის ან საკონსტიტუციო სასამართლოს, ან გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გაუქმდება.

დოდიკმა კარგად იცის, რა პოლიტიკური შედეგის მომტანია დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის დანიშვნა. უკვე დაწესებული სანქციებისა და მზარდი საერთაშორისო იზოლაციის პირობებში, მის ინტერესში დამატებითი შეზღუდვები არ შედის. შესაბამისად, შესაძლებელია ითქვას, რომ დოდიკის ხელში რეფერენდუმის თემა ერთგვარი პოლიტიკური ინსტრუმენტი უფროა, რომელსაც ის სერბი ნაციონალისტი ამომრჩევლის გულის მოსაგებად იყენებს, ვიდრე სრპსკას მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების იარაღი.

„საერთაშორისო“ მხარდაჭერის ძიებაში

2016 წლის რეფერენდუმის შემდეგ, რომელიც 9 იანვრის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადებას ეხებოდა და დეიტონის შეთანხმებას არღვევდა, აშშ-მ მილორად დოდიკს სანქციები დაუწესა. „კორუფციული საქმიანობისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობისთვის“ 2022 წელს აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან მის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები ამოქმედდა.

დასავლეთთან კონფრონტაციის პირობებში, სერბული რესპუბლიკის სეპრატისტული მისწრაფებების ლიდერის მთავარი „გულშემატკივარი“ რუსეთის ფედერაციაა. აღსანიშნავია, რომ მილორად დოდიკი, პრეზიდენტის მანდატის გაუქმებისა და დაპატიმრების ორდერის გაცემიდან რამდენიმე დღეში, „დახმარების“ სათხოვნელად სწორედ მოსკოვში გაემგზავრა.

რუსეთმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრმა ბოსნია და ჰერცეგოვინაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დახურული კონსტულტაციების გამართვა მოითხოვა. მოსკოვის განცხადებით, დოდიკის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.

მილორად დოდიკის უკანასკნელი ვიზიტი რუსეთში 9 სექტემბერს შედგა და ის სერგეი ლავროვს შეხვდა. სრპსკას ურჩი ლიდერის თქმით, ვიზიტის მიზანი გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის დასახურად, EUFOR-ის მანდატის გასაუქმებლად და სრპსკას მიერ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად რუსეთის მხარდაჭერის უზრუნველყოფა უნდა ყოფილიყო, თუმცა შეხვედრის შემდეგ ორი პოლიტიკოსის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე სერბული ერთეულის დამოუკიდებლობა და სამშვიდობო მისიის მანდატის გაუქმება ნახსენები არ იყო. რუსეთმა განაცხადა, რომ დეიტონის შეთანხმებას უჭერს მხარს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ოქტომბერში ჩანიშნული რეფერენდუმის შემდეგ, დოდიკი კიდევ ერთ ვიზიტს გეგმავს მოსკოვში.

რუსეთის ინტერესი

წლებია კრემლისა და მილორად დოდიკის პოზიციები გაეროს უმაღლეს წარმომადგენელთან დაკავშირებით იდენტურია. სერბული ერთეულის ლიდერის მსგავსად, რუსეთიც აცხადებს, რომ კრისტიან შმიდტი არალეგიტიმური წარმომადგენელია.

2021 წელს, როდესაც ვალენტინ ინზკო კრისტიან შმიდტმა შეცვალა, რუსეთმა მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. რუსეთის წინააღმდეგობის პირობებში, შმიდტი უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობაზე „მშვიდობის იმპლემენტაციის საბჭოს“ მიერ დაინიშნა, რომელიც დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების პირობების განხორციელების მიზნით შექმნილი საერთაშორისო ორგანოა. რუსეთის თქმით, ის არალეგიტიმური წარმომადგენელია, რადგან მისი დანიშვნა არა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით, არამედ „მშვიდობის იმპლემენტაციის საბჭოს“ გადაწყვეტილებით მოხდა.

მოსკოვის ინტერესი დოდიკის ხელით ბოსნიაში საერთაშორისო მექანიზმებისთვის ძირის გამოთხრა უფროა, ვიდრე სრპსკას მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების ღია მხარდაჭერა.

სერბული რესპუბლიკის ულტრანაციონალისტის ლიდერის მხარდაჭერით რუსეთი ბოსნია-ჰერცეგოვინაში პოლიტიკური ქაოსის წახალისებით, დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის დესტაბილიზაციას ცდილობს.

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, დღის წესრიგში ევროპის კავშირის გაფართოების საკითხი დადგა, რამაც ბოსნიას კანდიდატის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა მისცა.

სამართლებრივად, ფედერაციის ორივე სუბიექტის თანხმობისა და მონაწილეობის გარეშე, ბოსნიის ცენტრალურ ხელისუფლებას ევროპის კავშირში გასაწევრინებლად საჭირო რეფორმების განხორციელებისა და ხელშეკრულებების რატიფიცირების უფლებამოსილება არ გააჩნია, შესაბამისად, რუსეთის ინტერესშია, რომ სერბულ ერთეულში არსებობდეს ძალა, რომლის სეპარატისტული მისწრაფებების გამოც ქვეყანა მუდმივად დისფუნქციური იქნება და ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეფერხდება.

სავარაუდოა, რომ მოსკოვი გააგრძელებს გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის დისკრედიტაციას, რომელიც მილორად დოდიკის სეპარატისტულ მისწრაფებებს ზღუდავს, თუმცა, დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით ღია მხარდაჭერას არ გამოხატავს. გარდა ამისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრმა, დეიტონის შეთანხმების სამხედრო ასპექტის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი EUFOR-ის მისია დაბლოკოს.

ბუნებრივია, რუსეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, ვეტოს უფლების გამოყენება შეუძლია, თუმცა, დიდი ალბათობით, ამას არ გააკეთებს, რადგან არსებობს შანსი, რომ თუ EUFOR-ი გაუქმდება, მას NATO-ს წარმომადგენლობა ჩაანაცვლებს, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერა არ სჭირდება.

როგორ განვითარდება მოვლენები?

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, ბოსნიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სერბულ ერთეულში მიმდინარე წლის 23 ნოემბერს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საერთო კანდიდატის წარდგენას აპირებენ, მილორად დოდიკის პარტიამ თავდაპირველად განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ამჟამად უცნობია. ბოიკოტის გამოცხადების შემთხვევაშიც კი, „დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატთა ალიანსი“ არჩევნების ჩაშლას ვერ შეძლებს, რადგან ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა უკვე დათანხმდა მონაწილეობის მიღებაზე.

არჩევნებში მონაწილეობის გარდა, მილორად დოდიკმა უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ გახდება „დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატთა ალიანსის“ ლიდერი. გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობას მისი შვილი, იგორ დოდიკი, ან ჟელკა ცვიანოვიჩი (ბოსნია-ჰერცეგოვინის სამწევრიანი პრეზიდიუმის სერბი წევრი) დაიკავებს.

თუ ზემოაღნიშნული პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, კენჭისყრას გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი მოიგებს. „დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატთა ალიანსი“ აღიარებს თუ არა შედეგებს, არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვლება.

არჩევნებამდე, სერბული რესპუბლიკის მოქალაქეებს, დოდიკის მიერ ჩანიშნულ რეფერენდუმზე შემდეგ კითხვაზე მოუწევთ პასუხის გაცემა – „ეთანხმებით თუ არარჩეული უცხოელის, კრისტიან შმიდტისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას არაკონსტიტუციური სასამართლოს მიერ რესპუბლიკა სრპსკას პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებს, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მილორად დოდიკისთვის მანდატის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას?“

დასავლეთმა რეფერენდუმის ინიციატივა დაგმო და აღნიშნა, რომ უმაღლესი წარმომადგენლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესახებ სახალხო კენჭისყრის ჩატარება სასამართლო დამოუკიდებლობასა და ბოსნია-ჰერცეგოვინის კონსტიტუციურ წესრიგს ძირს უთხრის.

სამართლებრივი თვალსაზრისით, რეფერენდუმის ლეგიტიმურობის საკითხი ეჭვქვეშაა, რადგან ბოსნია-ჰერცეგოვინას კონსტიტუცია ფედერაციის ერთეულებს სახელმწიფო დონის გადაწყვეტილებებზე რეფერენდუმის ჩატარების უფლებამოსილებას არ ანიჭებს. გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს, როგორც რეფერენდუმის, ასევე, მისი შედეგების გაუქმების უფლებამოსილება აქვს. 2016 წელს, როდესაც მილორად დოდიკმა 9 იანვრის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადებასთან დაკავშირებით საყოველთაო გამოკითხვა გამართა, უმაღლესმა წარმომადგენელმა არაკონსტიტუციურად ცნო. დიდი ალბათობით, ოქტომბერში ჩანიშნულ რეფერენდუმიც უმაღლესი წარმომადგენლისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არალეგიტიმურად ჩაითვლება და შედეგს არ ექნება სამართლებრივი ძალა.

თუ დოდიკი დაუმორჩილებლობას განაგრძობს და სრპსკაში პარალელური ინსტიტუტების გაძლიერებას ეცდება, ბოსნიის საკონსტიტუციო სასამართლო და უმაღლესი წარმომადგენელი მის სეპარატისტულ მისწრაფებებს კვლავ შეზღუდავენ. გარდა ამისა, მასზე საერთაშორისო წნეხი უფრო გაიზრდება და იძულებული გახდება უკან დაიხიოს. მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელია სრპსკაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც კი დაინიშნოს.

27-წლიანი მმართველობის მანძილზე მილორად დოდიკს არაერთი პოლიტიკური კრიზისიდან დაუძვრენია თავი და, დიდი ალბათობით, უბრძოლველად არც ახლა დანებდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ამ მდგომარეობიდან გამოსვლას შეძლებს, რადგან საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე, პოლიტიკურად გაკოტრებულ ძალად იქცა. საჯარო თანამდებობის დაკავების 6 წლის ვადით აკრძალვისა და მზარდი საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, მხოლოდ სერბეთისა და რუსეთის იმედად ყოფნა, წარმატებას ვერ მოუტანს.