რას უნდა ველოდოთ ტრამპისა და სის პეკინის სამიტიდან

რას უნდა ველოდოთ ტრამპისა და სის პეკინის სამიტიდან

ავტორი: რეზი თოფურია, UGSPN-ის მკვლევარი

2026 წლის 14-15 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით პეკინს ესტუმრება,  ეს იქნება მოქმედი აშშ-ს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი 2017 წლის შემდეგ.  ამ წლების განმავლობაში მსოფლიოს წამყვან ორ ეკონომიკას შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბა სავაჭრო ომმა, გლობალურმა პანდემიამ, სადაზვერვო ბუშტის კრიზისმა, ნახევარგამტარების საექსპორტო ომებმა და ტაივანის გარშემო არსებულმა სიტუაციამ. სამიტი თავდაპირველად 2026 წლის მარტში იყო დაგეგმილი, თუმცა აშშ-ს მიერ ირანში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო ის გადაიდო.

აღსანიშნავია, რომ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ბაიდენი ჩინეთს არ ეწვია, რითიც გახდა პირველი ამერიკელი პრეზიდენტი ჯიმი კარტერის შემდეგ, ვინც პრეზიდენტობა ჩინეთში ვიზიტის გარეშე დაასრულა. ეს არა უმნიშვნელო ფაქტი, არამედ იმის ერთ-ერთი მკაფიო ინდიკატორია, რომ ვაშინგტონსა და პეკინს შორის ლიდერთა დონეზე დიპლომატიური ურთიერთობები წლების განმავლობაში ჩუმად სუსტდებოდა. Asia Society Policy Institute-ის Center for China Analysis-ის მონაცემების მიხედვით, ორი ქვეყნის ლიდერები ამ ათწლეულში წელიწადში საშუალოდ 2.5 -ჯერ ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაშინ როცა 2010-იან წლებში საშუალოდ წელიწადში 4.6, ხოლო 2000-იან წლებში 5,6 შეხვედრა ეწყობოდა. ამრიგად, მსგავსი სამიტები გახდა უფრო იშვიათი და სწორედ ამ იშვიათობის გამო, უფრო მეტ ყურადღებასაც იპყრობს.

კონტექსტი სამიტამდე

სამიტის მნიშვნელობის გასაგებად, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ ის ტრაექტორია, რომელმაც ორივე მხარე ამ მომენტამდე მიიყვანა. ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადა დაიწყო ჩინეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდით, მალევე აშშ-მ ჩინური იმპორტისათვის 145 პროცენტამდე ტარიფებიც დააწესა. პეკინმა საპასუხო ტარიფებით, იშვიათი მიწის მინერალების საექსპორტო კონტროლით და ამერიკული სასოფლო-სამეურნეო საქონლის, მათ შორის სოიოს, ბოიკოტით გასცა პასუხი. შედეგად წარმოქმნილმა დაპირისპირებამ გლობალური ბაზრები შეარყია და ორივე მხარეს მიწოდების ჯაჭვების ფრაგმენტაცია დააჩქარა.

გარდამტეხი მომენტი 2025 წლის ოქტომბერში დადგა, როდესაც ტრამპი და სი სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში, APEC-ის სამიტის ფარგლებში, შეხვდნენ ერთმანეთს. აღნიშნული შეხვედრის შედეგად, მხარეები ერთწლიან სატარიფო ზავზე შეთანხმდნენ და სახელმძღვანელო პრინციპების ჩარჩო ჩამოაყალიბეს, რომლის მიზანი ორივე მხარისთვის ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური ურთიერთობების სტაბილიზაცია იყო. ეს ზავი 2026 წლის ნოემბერში იწურება, და პეკინის სამიტი არსებითად მისი შემდეგი ეტაპის განსაზღვრის მცდელობაა.

აღსანიშნავია, რომ ბუსანის შეხვედრის შემდეგ გლობალური გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა. ირანის ომმა ენერგეტიკული ბაზრები ისე შეარყია, რომ შედეგმა ვაშინგტონშიც ჩააღწია და პეკინშიც. ჩინეთი სპარსეთის ყურის ნავთობზეა დამოკიდებული, ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივმა ბლოკადამ კი ჩინური ენერგიის იმპორტის ხარჯები გაზარდა და პეკინს ქვანახშირის მოხმარების გაზრდა მოუწია. ამასთანავე, 2026 წლის თებერვალში, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ბევრი ტარიფი, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია ეყრდნობოდა, დაადგინა რა, რომ მათი სამართლებრივი საფუძველი – საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ კანონი (IEEPA) – საკმარისი არ იყო, და ამით ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი შეასუსტა.

აღნიშნული ფაქტორები მოსალოდნელ სამიტს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, თუმცა სწორი მოლოდინების განსაზღვრა აუცილებელია. ამერიკულ-ჩინური საპრეზიდენტო სამიტების ხუთ ათწლეულიან ისტორიაზე დაყრდნობით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს შეხვედრები იშვიათად ცვლიან ქვეყნებს შორის ურთიერთობებს რადიკალურად. თუმცა, მსგავს შეხვედრებს შეუძლიათ აშშ-ჩინეთს შორის არსებული პოტენციურად საშიში მეტოქეობა ნაკლებად არასტაბილური გახადონ. ბოლო წლების მოვლენების გათვალისწინებით, ორივე მხარე იაზრებს, რომ მათ აქვთ ერთმანეთისთვის ზიანის მიყენების ინსტრუმენტები, თუმცა ასევე ხედავენ საპასუხო ზომების ფასსაც. ეს გაზიარებული მოწყვლადობა ახლა ზავის შენარჩუნების ორმხრივ სტიმულს ქმნის, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მხარე სრულად კმაყოფილი არ არის. შედეგად, ექსპერტები თანხმდებიან, რომ აღნიშნული სამიტი უფრო მეტად ისახავს მიზნად ურთიერთობების კოლაფსის თავიდან აცილებას, ვიდრე რაიმე ახალი განვითარების მიღწევას.

CSIS-ის China Power Project-ის 2026 წლის კვლევა ზოგად ექსპერტულ განწყობას კარგად ასახავს: ამერიკელი ანალიტიკოსების 57 პროცენტი ურთიერთობის სტაბილიზაციას ვერ ხედავს, მხოლოდ 26 პროცენტი იმედოვნებს გაუმჯობესებას, და სულ 3 პროცენტი ელოდება ორმხრივი ვალდებულებების სრულ შესრულებას. ეს ერთი მხრივ ღრმა უნდობლობას ასახავს, თუმცა ასევე მიანიშნებს გაზიარებულ მოლოდინზე, რომ შეზღუდული თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ალტერნატივა ყველასთვის უარესია.

დღის წესრიგი – რა იქნება მოლაპარაკების მაგიდაზე

ვაჭრობა და სატარიფო არქიტექტურა – ვაჭრობა, სავარაუდოდ, ტრამპის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, ამავდროულად ნოემბრის შუალედური  არჩევნები ამ მხრივ წნეხს ზრდის. სამიტის შედეგად, სავარაუდოდ დაანონსდება ჩინეთის მხრიდან ამერიკული პროდუქტების შეძენის გეგმები. ასევე ვარაუდობენ ორმხრივი სავაჭრო საბჭოს მექანიზმის შექმნას, რომელიც განკუთვნილია არამგრძნობიარე სექტორებში შესყიდვების ვალდებულებების და სატარიფო კორექტირებების განსაზღვრისათვის.

თუმცა სატარიფო არქიტექტურა კვლავ არასტაბილური რჩება. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ IEEPA-ზე დაფუძნებული ტარიფების შესახებ ტრამპის ადმინისტრაციას სამართლებრივი ჩარჩოს გადამუშავება დააკისრა. პეკინს შეუძლია განაცხადოს, რომ ტარიფების ყოფილ დონეზე აღდგენა ბუსანის ზავს დაარღვევს, რაც ესკალაციის განახლებულ ციკლის დაიწყებს. ბუსანის ზავი 2026 წლის ნოემბერში იწურება, რაც აჩქარებს ორ ქვეყანას შორის ახალი სატარიფო პოლიტიკის განსაზღვრის დროს.

ირანი, ენერგეტიკა და ჰორმუზის სრუტე – ირანის კონფლიქტი, სავარაუდოდ, დღის წესრიგის საკმაოდ დიდ ნაწილს დაიკავებს, განსაკუთრებით იმ მოცემულობის ფონზე, რომ არაერთი წყაროს ინფორმაციით, ჩინური კომპანიები, ამერიკული სანქციების მიუხედავად, მაინც აწვდიან ირანს დრონების საწარმოებლად აუცილებელ ორმაგი-დანიშნულების საქონელს. წყაროების მიხედვით,  ტრამპს სურს პეკინი დაარწმუნოს გამოიყენოს საკუთარი გავლენა და ზეწოლა მოახდინოს თეირანზე ცეცხლის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნისათვის.  ირანის კონფლიქტი პრობლემაა ჩინეთისთვისაც, იმპორტის ხარჯების გაზრდა და ქვანახშირზე დამოკიდებულება სი-ს გამოწვევებს უქმნის.  6 მაისს, პეკინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ ი-მ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაგჩი მიიღო და მოუწოდა, დაუყოვნებლივ დასრულდეს საომარი მოქმედებები და სრუტეში გადაზიდვები სწრაფად განახლდეს. ეს შეგვიძლია აღვიქვათ როგორც ერთგვარი სიგნალი, რომ პეკინი სამიტამდე პასუხისმგებელი შუამავლის პოზიციის ჩამოყალიბებას ცდილობს.

ტექნოლოგია და ხელოვნური ინტელექტი – ტექნოლოგიური კონკურენცია აშშ-ჩინეთის სტრუქტურული მეტოქეობის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. პეკინის სამიტი შეიძლება პირველი სამიტი იყოს, სადაც ხელოვნური ინტელექტი საპრეზიდენტო დონეზე ოფიციალურად მოხვდება დღის წესრიგში.

ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია, 2026 წლის აპრილში, თეთრმა სახლმა საჯაროდ დაადანაშაულა ჩინეთი ამერიკული AI-მოდელების მასიური ინტელექტუალური საკუთრების მიტაცებაში, ხოლო პეკინმა Meta-ს ჩინური AI სტარტაპის, Manus-ის შეძენაში შეუშალა ხელი. თუმცა, დაძაბულობის მიუხედავად, სწორედ ამერიკა და ჩინეთია ტექნოლოგიებისა და AI-ს კუთხით ორი წამყავნი სახელმწიფო და მათ შორის ამ სფეროში თანამშრომლობა აუცილებელიცაა და გარდაუვალიც.

ჩინეთს სურს აშშ-მ შეამციროს ნახევარგამტარების საექსპორტო შეზღუდვები; აშშ-ს სურს, პეკინმა შეამსუბუქოს იშვიათი მიწების მინერალების საექსპორტო კონტროლი. არც ერთი მხარე სრულად არ დათმობს, თუმცა ორივე იაზრებს ერთმანეთზე დამოკიდებულებას.

სხვა საკითხები: ფენტანილი, ტაივანი –  დღის წესრიგში სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც მოხვდება. დიდი ალბათობით საუბარი შეეხება ტაივანსაც. პეკინისთვის აშშ-ს მხრიდან ტაივანთან მიმართებით რიტორიკის ნებისმიერ, თუნდაც ნიუანსური, ცვლილებას კოლოსალური გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ექნება.

ტრამპის საარჩევნო კამპანიაში დიდ როლს თამაშობდა აქცენტი ჩინეთიდან შეტანილ ფენტანილზე, თუმცა, ბოლო პერიოდში ვაშინგტონმა ამ თემაზე ჩინეთთან ბერკეტი თითქოს დაკარგა. 2025 წლის ოქტომბრის სატარიფო დაპირისპირების შედეგად, ტრამპმა მიიღო ის, რაც პეკინმა ბაიდენს 2024-ში უკვე შესთავაზა, გარკვეული პრეკურსორი ქიმიკატების კლასიფიკაცია, რომლებიც ისედაც კონტროლდებოდა.  „ჩინური ფენტანილის შეჩერების აქტი“ (H.R.747), აშშ-ის ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ვიზების აკრძალვას და სხვა სანქციებს ჩინელი ოფიციალური პირებისა და სხვა აქტორებისთვის, თუ ჩინეთი არ ითანამშრომლებს სინთეტიკური ნარკოტიკების ნაკადის წინააღმდეგ, სენატში გაიჭედა. ტარიფებთან მიმართებაში სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა რომ ტრამპი ამ საკითხის გარშემო სამიტზე მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწევს. 

რა შეიძლება ჩაითვალოს აშშ-სთვის წარმატებულ შედეგად?

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუ რა ჩაითვლება ტრამპისთვის წარმატებულ შედეგად.

როგორც უკვე აღინიშნა, სამიტისგან არ უნდა ველოდეთ ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას ან საკვანძო გარღვევებს. თუმცა, მნიშვნელოვანი იქნება თუნდაც მცირე პოზიტიური ტონის შენარჩუნება კონკრეტულ საკითხებში მკაცრ პოზიციებთან ერთად, მაგ.: რუსეთისადმი სამხედრო დახმარება, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერა, ინტელექტუალური საკუთრების მიტაცება.

გამომდინარე იქედან, რომ ბუსანის ზავი ნოემბერში იწურება, აღნიშნული სამიტის მნიშვნელობა არ მდგომარეობს ურთიერთობის გარდაქმნაში, არამედ პროგნოზირებადობის მინიმალური დონის შენარჩუნებაში, სიგნალი, რომ კონკურენცია გაგრძელდება, მაგრამ ასევე განისაზღვრება ურთიერთობების ჩარჩოები.

შედეგად, აშშ-სთვის სამიტი მეტწილად წარმატებულად ჩაითვლება, თუ მხარეები შეათანხმებენ ერთობლივ ვალდებულებებს ბუსანის სავაჭრო ზავის გაგრძელებაზე ან მის შემდგომ გაუმჯობესებაზე, ჩინეთის მხრიდან ახალი ამერიკული საქონლის შეძენაზე, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ოფიციალური სადიალოგო ფორმატის  შექმნაზე; და  ამ ყველაფრის ფონზე აშშ-ს მხრიდან არ მოხდება ტაივანთან მიმართებით პოზიციების ცვლილება. პეკინი კი საკუთარ წარმატებად ჩათვლის თუ შეძლებს ჩინეთის, როგორც პასუხისმგებლიანი გლობალური მოთამაშის იმიჯის განმტკიცებას.

დანარჩენი სამყაროსათვის კი პეკინის სამიტი მნიშვნელოვანია, იმ კუთხით, თუ რამდენად შეძლებს მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი ეკონომიკა შეინარჩუნოს ფუნქციური ჩარჩო მართული სტრატეგიული კონკურენციისათვის.