ავტორი: ნატა ქორიძე, UGSPN-ის უფროსი მკვლევარი
4-5 მაისს ერევანმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტს უმასპინძლა, რომელშიც თითქმის 50 ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურმა მიიღო მონაწილეობა. 2022 წელს დაფუძნებული ევროპის პოლიტიკური გაერთიანება წარმოადგენს მთავრობათაშორის ფორუმს, რომლის მიზანია ევროპის მომავლის შესახებ პოლიტიკური და სტრატეგიული დიალოგის ხელშეწყობა. ის ასევე ისახავს ევროპული კონტინენტის ყველა ქვეყანას შორის ერთიანობის, თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერებას. პარალელურად, ევროკავშირმა და სომხეთმა ასევე გამართეს ისტორიაში პირველი EU–Armenia Summit, რომლის შედეგადაც არაერთი კონკრეტული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
5 მაისს სომხეთის დედაქალაქმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სახელმწიფო ვიზიტსაც უმასპინძლა. გარდა ამისა, 5-6 მაისს ერევანში გაიმართა საერთაშორისო ფორუმი „Yerevan Dialogue“, რომელიც სომხეთის მთავრობის მიერ 2024 წელს დაფუძნებული პლატფორმაა საერთაშორისო საკითხებზე პოლიტიკური დისკუსიებისთვის. ფორუმმა შეკრიბა მაღალი რანგის სამთავრობო წარმომადგენლები, კერძო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები, ახალგაზრდები და სხვა აქტორები, რათა ემსჯელათ ევროპის და მისი ფართო სამეზობლოს წინაშე არსებულ საერთო გამოწვევებზე.
EPC-ის სამიტი
როგორც სომხეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ არაერთმა დამკვირვებელმა სამიტს ისტორიული უწოდა — და ეს შეფასება ნამდვილად საფუძვლიანია. EPC-ის სამიტი უდიდესი პოლიტიკური ღონისძიება იყო, რომელსაც ოდესმე არა მხოლოდ სომხეთმა, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიის რომელიმე ქვეყანამ უმასპინძლა.
სამიტმა გააერთიანა ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ლიდერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სერ კირ სტარმერი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ჯევდეთ ილმაზი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. სტუმრის სტატუსით ღონისძიებაში მონაწილეობდა კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნიც — ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც EPC-ის ღონისძიებაში არაევროპული ქვეყანა მონაწილეობდა. სამიტს თანათავმჯდომარეობდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
სამიტის მთავარი თემები იყო: დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერება, დაკავშირებადობის განვითარება, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება, ასევე უსაფრთხოების ახალი დინამიკისა და რეგიონული გამოწვევების მართვა.
შეხვედრა გაიმართა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის, ირანის ომისა და ევროპაში აშშ-ის სტრატეგიული უკანდახევის ფონზე, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს გერმანიიდან 5,000 ამერიკელი სამხედროს გაყვანის შესახებ ახლახან გაკეთებული განცხადება. ევროკავშირის დღის წესრიგში მრავალი გამოწვევაა, თუმცა უსაფრთხოება ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება, რადგან ბლოკს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სამხედრო და პოლიტიკური პასუხისმგებლობის ძირითადი ნაწილის საკუთარ თავზე აღება უწევს. შესაბამისად, სრულიად ლოგიკური იყო, რომ სამიტის განხილვების მთავარი ფოკუსი ევროკავშირის თავდაცვისა შესაძლებლობები გახდა.
დამკვირვებლების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც ადგილმდებარეობის სიმბოლური მნიშვნელობა: EPC-ის სამიტი გაიმართა ქვეყანაში, რომელიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრია და რომლის ტერიტორიაზეც კვლავაც განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზა. სულ ცოტა ხნის წინ სომხეთი რუსეთის ახლო მოკავშირედ აღიქმებოდა, თუმცა ახლა ქვეყანამ მკვეთრი ევროპული შემობრუნება დაიწყო.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამიტს პირადად არ დაესწრო, მან ერევანში მიმდინარე შეხვედრას ვიდეომიმართვით ჩართვის გზით მიმართა. ეს ფაქტიც ნათლად აჩვენებს, რამდენად შეიცვალა ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის.
EU–სომხეთის სამიტი
ისტორიაში პირველი EU–სომხეთის სამიტი EPC-ის სამიტის პარალელურად, 5 მაისს გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენამ EPC-ის სამიტთან შედარებით ნაკლები ყურადღება მიიპყრო, პოლიტიკური თვალსაზრისით იგი სომხეთისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. სამიტმა მხარეებს შესაძლებლობა მისცა განეხილათ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების გზები, განსაკუთრებით დაკავშირებადობის, ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე ემსჯელათ ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესებზე — მათ შორის უკრაინასა და ირანში მიმდინარე ომებზე.
განხილვის საგანი იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის მიმართულებით მიღწეული პროგრესიც, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაციაში სამიტი შეფასებულია როგორც ისტორიული ეტაპი EU–სომხეთის ურთიერთობებში. დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას სომხეთის სუვერენიტეტის, დემოკრატიული რეფორმების, მდგრადობისა და ევროკავშირის სამართლებრივი სისტემის (acquis communautaire) ეტაპობრივი დანერგვის მიმართ და ასევე განსაზღვრავს მომავალი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს.
სამიტის დასრულების შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთთან პარტნიორობას „უნიკალური“ უწოდა და სამომავლო თანამშრომლობის ოთხი ძირითადი პრიორიტეტი დაასახელა.
პირველი პრიორიტეტი დაკავშირებადობაა, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ მიმართულებებს. სატრანსპორტო საკითხებზე საუბრისას ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ „ცოტა ქვეყანაა ისეთი უნიკალური მდებარეობით, როგორიც სომხეთს აქვს“ და დასძინა, რომ სომხეთის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა — რომელიც პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა 2023 წელს წამოაყენა — შეიძლება ევროპა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან დააკავშიროს და სომხეთი რეგიონულ სატრანსპორტო ჰაბად აქციოს. ევროკავშირმა პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერს სომხეთის ინტეგრაციას შუა დერეფანში (Middle Corridor) და ასევე გამოაცხადა ერევანთან დაკავშირებადობისა და ტრანსპორტის საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის დაწყება.
ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირმა აიღო ვალდებულება, ხელი შეუწყოს სომხეთის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაძლიერებას, მათ შორის კავკასიის ელექტროგადამცემი ქსელებისთვის 25 მილიონი ევროს გამოყოფისა და ენერგიის შენახვის ინფრასტრუქტურაში ინვესტირების გზით, რაც სომხეთის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება.
ციფრული დაკავშირებადობის მიმართულებით ფონ დერ ლაიენმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სომხეთის „მზარდ და შთამბეჭდავ AI და საინჟინრო ეკოსისტემაზე“ და განაცხადა, რომ უკვე გაფორმდა რამდენიმე შეთანხმება, განზრახვის წერილი (ე.წ. letter of intent ) წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი ევროპულ ბიზნესს სომხეთში ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდებს.
მეორე პრიორიტეტი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას უკავშირდება, მათ შორის European Peace Facility-ის ფარგლებში. ეს მოიცავს სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერასა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობას. ამ ძალისხმევის ნაწილია ახლად შექმნილი ევროკავშირის პარტნიორობის მისია სომხეთში (EUPM Armenia), რომლის ამოცანაა დაეხმაროს ქვეყანას უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI), კიბერშეტევებისა და უკანონო ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სომხეთში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში.
მესამე პრიორიტეტი სავიზო პოლიტიკასა და საშინაო საქმეთა სფეროს ეხება. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ სომხეთთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება და დადებითად შეაფასა ამ მიმართულებით მომზადებული პირველი ანგარიში (“progress report”). მან ასევე დააანონსა სასაზღვრო მართვისა და მიგრაციული პოლიტიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება.
მეოთხე პრიორიტეტი ეკონომიკურ მხარდაჭერასა და სოციალური მდგრადობის გაძლიერებას ეხება. ორი წლის წინ ევროკავშირმა სომხეთისთვის 270 მილიონი ევროს მოცულობის Resilience and Growth Plan დაიწყო. ამჟამად ევროკავშირი გეგმავს 2.5 მილიარდ ევრომდე ინვესტიციის მობილიზებას, რომელიც მიმართული იქნება, სხვა პრიორიტეტებთან ერთად, სომხური ბიზნესის მხარდაჭერის, უნარების განვითარების, დასაქმების ხელშეწყობისა და ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფისკენ.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სახელმწიფო ვიზიტი
EPC-ის სამიტის პარალელურად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სახელმწიფო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც სომხეთმა და საფრანგეთმა სტრატეგიული პარტნიორობა ოფიციალურად გააფორმეს. მაკრონის ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ დიპლომატიური თვალსაზრისით, არამედ საზოგადოებრივი ურთიერთობების კუთხითაც. მას ერევნის ცენტრში პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან ერთად სეირნობისას თბილად ხვდებოდა მოსახლეობა. იგი უსმენდა როგორ მღეროდნენ სომხები ერევნის ქუჩებში „ლა მარსელიეზას“; თავადაც იმღერა შარლ აზნავურის სიმღერა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად და უშუალოდ ესაუბრებოდა მოქალაქეებს.
თუმცა ვიზიტის, შესაძლოა, ყველაზე სიმბოლური ელემენტი იყო მაკრონის მოგზაურობა გიუმრიში -ქალაქში, სადაც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა განთავსებული.
ვიზიტის დროს პრეზიდენტმა მაკრონმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელებულ საქმიანობას „ძალიან შთამბეჭდავი“ უწოდა და აღნიშნა:„რვა წლის წინ აქ არავინ ჩამოვიდოდა, რადგან ბევრი ამ ქვეყანას რუსეთის დე-ფაქტო სატელიტად აღიქვამდა. ნიკოლმა მოაწყო თავისი ხავერდოვანი რევოლუცია და გადაწყვიტა ქვეყანა რუსეთის გავლენისგან დაეზღვია. მან აირჩია მშვიდობაც და ევროპაც.“
EPC-ის სამიტის მნიშვნელობა
ღონისძიების მასშტაბი და მასში მონაწილეობის დონე ასახავს იმ გეოპოლიტიკურ გარღვევას, რომელსაც სომხეთმა ბოლო წლებში მიაღწია. ასეთი მასშტაბის საერთაშორისო შეკრების მასპინძლობას რამდენიმე მნიშვნელოვანი განზომილება აქვს.
პირველ რიგში, ეს ნიშნავს სამხრეთ კავკასიის მყარად დამკვიდრებას ევროპის პოლიტიკურ რუკაზე. სამიტმა აჩვენა, რომ ევროკავშირი რეგიონს სულ უფრო მეტად აღიქვამს მნიშვნელოვან პარტნიორად და, შესაძლოა, ფართო ევროპული პოლიტიკური სივრცის მომავალ ნაწილადაც. მან ასევე ცხადყო ევროკავშირის მზარდი სურვილი, რეგიონში უფრო აქტიური როლი ითამაშოს და მეტი გააკეთოს მისი ინტეგრაციის მხარდასაჭერად.
მეორე: სამიტმა ხაზი გაუსვა იმას, რამდენად დაახლოებულნი გახდნენ სომხეთი და ევროკავშირი – უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ ევროკავშირის გაფართოების კომისარმა მარტა კოსმაც ისაუბრა მარტში ერევანში ვიზიტის დროს. სომხეთი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ვაჭრობის კუთხით რუსეთზე იყო დამოკიდებული, სულ უფრო მკაფიოდ მიიმართება ევროპისა და ფართო დასავლეთისკენ.
ეს ცვლილება, სხვა ფაქტორებთან ერთად, შესაძლებელი გახდა TRIPP-ის (Trump Route for Peace and Security) პროექტის დასრულების შედეგად, რომელსაც 2025 წლის აგვისტოში ვაშინგტონში ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შეხვედრის დროს ჩაეყარა საფუძველი, ხოლო საბოლოოდ გაფორმდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ერევანში ვიზიტისას მიმდინარე წლის თებერვალში.
ყარაბაღის ომის შემდეგ, აზერბაიჯანთან მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შედეგად – რომელიც ვაშინგტონის შუამავლობით გაფორმდა – სომხეთმა უფრო მეტი მანევრის თავისუფლება მიიღო. ამის შემდეგ ერევანმა პროევროპული კურსი აირჩია, რომელიც მრავალ სარგებელს ჰპირდება ვაჭრობის, მობილობისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხით.
ეს ცვლილება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა იმ პირობებში, როდესაც რუსეთი მთლიანად უკრაინის ომზეა კონცენტრირებული, ხოლო ირანი – სომხეთის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანზიტის სფეროში – აშშ-სა და ისრაელთან კონფლიქტის ფონზე მზარდ იზოლაციაში ექცევა. ერთობლივად ეს პროცესები სომხეთს კიდევ უფრო მეტად უბიძგებს ევროკავშირისკენ.
2024 წლიდან ევროკავშირმა European Peace Facility-ის მეშვეობით სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 30 მილიონი ევრო გამოყო, რაც მათი ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და კრიზისებისა და საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება.
მიმდინარე წლის 21 აპრილს ევროკავშირმა საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში სომხეთში სამოქალაქო პარტნიორობის მისია -EUPM Armenia -შექმნა, რომლის მიზანია ქვეყნის მდგრადობისა და კრიზისების მართვის შესაძლებლობების გაძლიერება.
სომხეთში მოახლოებული არჩევნები ერთგვარი გამოცდა იქნება როგორც ქვეყნის მდგრადობისთვის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, ისე მისი მზადყოფნისთვის, გააგრძელოს ევროპული გზა. ამ მხრივ საქართველო გამაფრთხილებელ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს. ქვეყანა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პროევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მტკიცედ მდგარ სახელმწიფოდ მიიჩნეოდა, ეტაპობრივად ჩამოშორდა ამ ტრაექტორიას რუსეთის საინფორმაციო მანიპულაციისა და პოლიტიკური ჩარევის ზეწოლის ფონზე.
მესამე: ერევნის სამიტმა ნათლად აჩვენა, რამდენად სწრაფად იცვლება სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური ლანდშაფტი. სულ რამდენიმე წლის წინ ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა, რომ ერევანი, რომელიც მაშინ რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ლიდერსა და პუტინის ნომერ პირველ მტერს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ერთ სივრცეში უმასპინძლებდა.
მიუხედავად იმისა, რომ 1 აპრილს მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ნიკოლ ფაშინიანმა მოისმინა, რომ რუსეთი „სრული სიმშვიდით“ უყურებს სომხეთის ურთიერთობების განვითარებას ევროკავშირთან, ამ განცხადებას მოჰყვა შეფარული მუქარა (შეხსენების ფორმით ) იმის შესახებ, თუ რამდენად იაფად ყიდულობს სომხეთი რუსულ გაზს ევროპულ ქვეყნებთან შედარებით.
ერევანში მიმდინარე მოვლენებმა მოსკოვში აშკარა გაღიზიანება გამოიწვია. განსაკუთრებული უკმაყოფილება უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტმა და მისმა ფაშინიანთან შეხვედრამ გამოიწვია. EPC-ის სამიტის დღეს მარგარიტა სიმონიანმა — რომელიც, ირონიულად, თავად სომხური წარმოშობისაა და Russia Today-ის დირექტორია, მკვეთრად გააკრიტიკა ზელენსკის ვიზიტი ერევანში და მას სომხეთის მხრიდან „უმადური ნაბიჯი“ უწოდა, „ქვეყნისგან, რომელიც ამდენჯერ გადავარჩინეთ“. მან ასევე მიანიშნა, რომ რუსეთმა სომხეთში საკუთარი „მოსახლეობისა და ინტერესების დაცვა“ უნდა დაიწყოს. მსგავსი შეფასებები ფართოდ გავრცელდა რუსულ სამთავრობო მედიაშიც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი სომხეთი დაადანაშაულა იმ დაპირების დარღვევაში, რომლის მიხედვითაც ერევანს „რუსეთის წინააღმდეგ არ უნდა ემოქმედა“.
მეოთხე: ერევნის სამიტმა მნიშვნელოვანი და მეტად საჭირო პოლიტიკური იმპულსი მისცა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ. მან შეძლო სომხეთის წარმოჩენა რეგიონში ყველაზე სანდო, პროგნოზირებად და რეფორმებზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ათწლეულების იზოლაციის დაძლევა, არამედ ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად და საბოლოოდ, წევრ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაც.
და მეხუთე: სამიტმა აჩვენა, რომ საქართველო აღარ არის ევროკავშირის მთავარი პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს. ამის ნაცვლად, რეგიონულ პოლიტიკურ ცენტრად თანდათან ერევანი ყალიბდება, რომელიც მაღალი დონის ევროპულ სამიტებსა და დასავლელ ლიდერებს მასპინძლობს.
ეს სწრაფი დაახლოება კონტრასტში მოდის ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასთან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურ რიტორიკაში ქვეყანას რეგიონულ ჰაბად წარმოაჩენს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ვერ შეძლო თბილისში, ბრიუსელში ან სხვა ევროპულ დედაქალაქებში მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზება, რომლებიც ამ ხედვის პრაქტიკულ განხორციელებას შეუწყობდა ხელს.
ერევანში განვითარებულმა მოვლენებმა ეს კიდევ ერთხელ ცხადყო. 5 მაისს , EPC-ის სამიტის დასრულებისთანავე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფი კაია კალასი აზერბაიჯანში ჩავიდა და პრეზიდენტ ალიევს შეხვდა. მიუხედავად ბრიუსელსა და ბაქოს შორის არსებული უთანხმოებებისა, რომლებიც ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას უკავშირდება (ალიევმა გააკრიტიკა ეს რეზოლუცია EPC-ის მონაწილეებისადმი მიმართვაში), ეს ვიზიტი ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დინამიკაზე მიუთითებს. თბილისი კი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის მარშრუტის ნაწილი საერთოდ არ ყოფილა.
