ავტორი: რეზი თოფურია, UGSPN-ის მკვლევარი
2026 წლის 2 ივნისს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა „ხელოვნური ინტელექტის განვითარებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის” აღმასრულებელ ბრძანებას. ბრძანება წამყვან AI კომპანიებს სთხოვს, ნებაყოფლობით საფუძველზე, ფედერალურ მთავრობას მიაწოდონ ადრეული წვდომა თავიანთ ახალ მოდელებზე გამოქვეყნებამდე მაქსიმუმ 30 დღით ადრე, რათა თავდაცვის და ხაზინის დეპარტამენტებმა, და ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის სააგენტომ (CISA) შეძლონ მათი შეფასება ეროვნული უსაფრთხოების კუთხით. ერთი შეხედვით, აღნიშნულ ბრძანებაში განსაკუთრებული დიდად არც არაფერია, თუმცა, თუ აღნიშნულ მიდგომას ჩინეთთან სულ უფრო გამძაფრებული ტექნოლოგიური მეტოქეობის კონტექსტში შევაფასებთ, დავინახავთ სტრუქტურულ ლოგიკას, თუ როგორ გეგმავს აშშ AI ეპოქაში კონკურენტუნარინობის შენარჩუნებას და რას აპირებს ჩინეთი.
აშშ-ს მიდგომა და ახალი აღმასრულებელი ბრძანება
აღსანიშნავია, რომ აღმასრულებელი ბრძანების საწყისი ვერსია გაცილებით უფრო მკაცრი იყო. 30-დღიანი ნებაყოფლობითი დათქმის ნაცვლად, საწყისი ვერსია AI კომპანიებს ავალდებულებდა 90 დღით ადრე მიეწოდებინათ შესაბამისი ინფორმაცია მთავრობისთვის. ეს მკაცრი მიდგომა შეიცვალა აშშ-ს ტექნოლოგიური სექტორის გავლენიანი წარმომადგენლების (მათ შორის მარკ ზაკებერგის) ჩართულობის შედეგად. მათი მკტიცებით, მსგავსი მძიმე ზედამხედველობა შეასუსტებდა ამერიკის კონკურენტუნარიანობას AI სფეროში. შედეგად, საბოლოო ბრძანება იძულების ნაცვლად კომპანიების ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე აკეთებს აქცენტს და ამავდროულად მთავრობას ცალსახად უკრძალავს AI მოდელებისთვის სავალდებულო ლიცენზირების ან წინასწარი ნებართვის მოთხოვნის შემოღებას.
საბოლოო ბრძანება ნათლად გვაჩვენებს ვაშინგტონის ხედვას AI-სთან მიმართებით– ნებაყოფლობითი ჩარჩო და მეტი თავისუფლება კერძო სექტორს. აღმასრულებელი ბრძანების პრეამბულა ამ ჩარჩოს ცხადად ასახავს და ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები AI-ში ლიდერობს სწორედ „AI ინდუსტრიის უზარმაზარი ნიჭისა და ინოვაციის წყალობით, და იმიტომ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ამ ინოვაციის ზედმეტი ბიუროკრატიული რეგულაციებით შეჩერებაზე.”
ამ პოზიციას გარკვეული სტრატეგიული ლოგიკა გააჩნია. ამერიკის AI ლიდერობა დაშენებულია კონკურენტული კერძო სექტორის ინოვაციის მოდელზე, სადაც Anthropic, OpenAI, Google და მსგავსი კომპანიები ოპერირებენ ბაზარზე, რომელიც სხვა სფეროებთან შედარებით ნაკლებად რეგულირდება. სავალდებულო წინასწარი მიმოხილვის ვადები, კრიტიკოსების მტკიცებით, ასიმეტრიულ ხარჯებს გამოიწვევდა, ამერიკულ კომპანიებს შეანელებდა, ხოლო სხვა წესებით მოქმედ ჩინურ კომპანიებს კი პირიქით, სტრატეგიულ უპირატესობას მიანიჭებდა. ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, 90-დღიანი წინადადებიდან უკან დაიხიოს და სავალდებულო წინასწარი ნებართვა გადადოს, ამ გათვლებს ასახავს, მაშინაც კი, როდესაც ის ღიად აღიარებს, რომ წამყვან AI სისტემებს ისეთი ეროვნული უსაფრთხოების რისკები შემოაქვთ, რომელთა სრულად იგნორირებაც გაუმართლებელი ხდება.
ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება ამჟღავნებს ამერიკის მიდგომას AI-ს განვითარებასთან დაკავშირებით. ამერიკული მოდელი სტრუქტურირებულის ნაცვლად, რეაქციულია , სახელმწიფო მართვის ნაცვლად ბაზარზე ორიენტირებული. მიდგომა სრულიად განსხვავებულია წყნარი ოკეანის მიღმა.
ჩინეთის AI პოლიტიკა
AI-სადმი ჩინეთის მიდგომას რეაქციულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, ის ცალსახად დაგეგმილია. 2017 წლიდან, როდესაც სახელმწიფო საბჭომ გამოაქვეყნა ახალი თაობის AI განვითარების გეგმა (NAIDP), პეკინი მიჰყვება გაწერილ სტრატეგიას, რათა 2030 წლისთვის გახდეს მსოფლიოში დომინანტი სახელმწიფო AI მიმართულებით.
ამ მხრივ, ჩინეთის მნიშვნელოვანი გეგმები ნათლად გამოიკვეთა 14-ე ხუთწლიან გეგმაში (2021–2025), რომელიც მოიცავდა AI-ს ინდუსტრიული მოდერნიზაციისა და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობას. თუმცა, 2022-2025 წლებში ვაშინგტონის მხრიდან ნახევარგამტარებზე ექსპორტის შეზღუდვამ, AI ორივე ქვეყანაში ტექნოლოგიური კონკურენციის განმსაზღვრელ სფეროდ გადააქცია და ჩინეთის გეგმებიც შესაბამისად შეიცვალა.
2026 წლის მარტში დამტკიცებული 15-ე ხუთწლიანი გეგმა (2026–2030), ფუნდამენტურად განსხვავებულ სტრატეგიულ გარემოს ასახავს. დოკუმენტი ხელოვნურ ინტელექტს 52-ჯერ ახსენებს (წინამორბედზე ოთხჯერ მეტჯერ) რაც სიგნალია, რომ AI ახლა მრავალ პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი კი არ არის, არამედ ჩინეთის მოდერნიზაციის დღის წესრიგის მთავარი ღერძია მომდევნო ხუთი წლისათვის. გეგმის განხორციელების მთავარი ვექტორია 2025 წელს გამოქვეყნებული AI+ ინიციატივა, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის ჩაშენება რეალური ეკონომიკის ყველა სეგმენტში. გეგმის სამიზნეები ამბიციურია, ჩინური დაგეგმვის სტანდარტებითაც კი – AI-ის 70-პროცენტიანი დანერგვა საკვანძო სექტორებში 2027 წლისთვის, 90 პროცენტამდე ზრდა 2030 წლამდე, „სრულად AI-ზე ორიენტირებული ეკონომიკისა და საზოგადოების” ხედვით 2035 წლისთვის.
ამავდროულად, დასავლურ ტექნოლოგიებზე (მათ შორის ნახევარგამტარებზე) დამოკიდებულების შემცირება ჩინეთმა ახალ განზომილებაში აიყვანა. 15-ე გეგმის თანახმად, ჩინეთი ტექნოლოგიურ ავტონომიას ეროვნული უსაფრთხოების იმპერატივად განიხილავს და არა მხოლოდ ცალკე მდგომ ინდუსტრიულ გამოწვევად . ე.წ ჩიპების ომის საპასუხოდ, ჩინეთმა ინვესტიცია განახორციელა ნახევარგამტარების წარმოებაში, ალტერნატიულ გამოთვლის არქიტექტურებში და AI მოდელების ოპტიმიზაციაში. აღნიშნული მიდგომის შედეგიანობა DeepSeek-R1-მა 2025 წლის დასაწყისში აჩვენა. DeepSeek-ის ქეისი იყო არამხოლოდ იმის დემონსტრირება, რომ მაღალი დონის AI მოდელის შექმნა შესაძლებელია იმაზე ნაკლები გამოთვლითი სიმძლავრით, ვიდრე ვარაუდობდნენ, არამედ, ეს ამავდროულად იყო ჩინეთის მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ მას შეუძლია კონკურენცია წამყვან ჩიპებზე შეზღუდული წვდომის პირობებშიც კი.
განსხვავებული სარეგულაციო ფილოსოფია
აშშ და ჩინეთი ნათლად აცნობიერებენ AI-ს როლს და მნიშვნელობას, შედეგად, ორივე საკმაოდ დიდ ინვესტიციას ახორციელებს აღნიშნული მიმართულებით, თუმცა, პრინციპული სხვაობა ამ ორ მოთამაშეს შორის არის მათი სარეგულაციო ფილოსოფია, რომლითაც ცდილობენ AI-ს განვითარებას.
ჩინეთის სარეგულაციო არქიტექტურა მრავალშრიანია და პოლიტიკურად ინტეგრირებული. 2021 წლიდან პეკინმა დანერგა ურთიერთდაკავშირებული სექტორული ღონისძიებების სერია: ალგორითმული რეკომენდაციების ღონისძიებები, რომლებიც არეგულირებენ პლატფორმების მიერ AI-ზე დაფუძნებული სარეკომენდაციო სისტემების გამოყენებას; ღრმა სინთეზის ღონისძიებები, რომლებიც არეგულირებენ დიპფეიქ ტექნოლოგიებს; და გენერაციული AI სერვისების მართვის დროებითი ღონისძიებები, რომლებიც 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა და სამყაროში პირველ ყოვლისმომცველ გენერაციული AI რეგულაციას წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი ჩარჩო ავალდებულებს AI სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს დარეგისტრირდნენ სახელმწიფო კიბერ-სივრცის ადმინისტრაციაში (CAC), ჩაატარონ თავიანთი მოდელების უსაფრთხოების შეფასებები და უზრუნველყონ რომ მოდელები ასახავდნენ „ჩინური სოციალიზმის ძირითად ღირებულებებს”.
ჩინეთის AI-მმართველობის კიდევ ერთი სტრუქტურული მახასიათებელი, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებას იმსახურებს სამოქალაქო-სამხედრო შერწყმის დოქტრინაა (军民融合). ამ პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სი ძინპინის დროს ეროვნულ სტრატეგიად გადაიქცა, სამოქალაქო ტექნოლოგიურ განვითარებასა და სამხედრო გამოყენებას შორის მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამიჯვნა აღარ არსებობს. ნებისმიერი AI სისტემა, მონაცემთა ბაზა ან შესაძლებლობა, რომელსაც ჩინური კერძო კომპანია ქმნის, პრინციპულად ხელმისაწვდომია სახალხო განმათავისუფლებელი არმიისა (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ოფიციალური სახელი) და მთლიანი სახელმწიფო უსაფრთხოების აპარატისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთის ფართოდ განვრცობილი სამოქალაქო AI ეკოსისტემა, სამომხმარებლო პლატფორმები, ინდუსტრიული ავტომატიზაცია, აკადემიური კვლევა, ერთდროულად შესაძლოა სამხედრო-ტექნოლოგიურ ფუნქციასაც ასრულებდეს.
საბოლოოდ ის, რაც ჩინეთის AI-მიდგომას ცალსახად განასხვავებს ამერიკულისგან, არის მისი სიღრმისეული ინტეგრაცია პოლიტიკურ ადმინისტრაციულ სისტემაში. ჩინეთში AI-ის რეგულირება განუყოფლად უკავშირდება პარტიის ფართო პროექტს: ინფორმაციული კონტროლის შენარჩუნებას, საზოგადოებრივი დისკურსის ჩამოყალიბებას და ციფრულ ცხოვრებაში სახელმწიფო ხილვადობის გავრცელებას. ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა CAC-ში რეგისტრაცია ან სოციალური პლატფორმების ალგორითმების მიერ „დადებითი ენერგიის გავრცელება“ არ ემსახურება მომხმარებლების უფლებების დაცვას, ეს პოლიტიკური მართვის იარაღია, რომელიც ინიღბება რეგულაციებით.
ცხადია შეერთებულ შტატებსაც გააჩნია მექანიზმები, რომლითაც კერძო სექტორში შექმნილი ინოვაციები სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი მიმართულებებით გამოიყენება, თუმცა, მიდგომა რადიკალურად განსხვავდება ჩინურისგან. თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტების სააგენტო (DARPA) ორმაგი დანიშნულების კვლევებს აფინანსებს, ხოლო თავდაცვის სამინისტრო ინარჩუნებს AI-ის საინვესტიციო პროგრამებს, რომლის მეშვეობითაც კერძო სექტორის შესაძლებლობების სამხედრო გამოყენებაში გადამისამართებას ცდილობს. ტრამპის 2026 წლის ივნისის აღმასრულებელი ბრძანების ეროვნული უსაფრთხოების დებულებებიც, რომლებიც სახელმწიფო უწყებებს ავალდებულებს ახალი მოდელების თავდაცვისთვის რელევანტური რისკების შეფასებას, ამავე ლოგიკას ასახავს: სახელმწიფო წვდომა სამოქალაქო AI-ზე. მაგრამ ჩინეთის სამოქალაქო-სამხედრო შერწყმისგან განსხვავებით, ეს მექანიზმები კონტრაქტების, ნებაყოფლობითი პარტნიორობისა და შესყიდვების მეშვეობით მოქმედებს და არა სამართლებრივი პრეზუმფციის საფუძველზე, რომ სამოქალაქო ინოვაცია სახელმწიფოს საკუთრებაა. ეს განსხვავება ასახავს აშშ-სა და ჩინეთის ფუნდამენტურად განსხავებულ მიდგომას სახელმწიფოს როლსა და AI-ს განვითარების მიმართულებით.
დასკვნის სახით
ის, რაც 2026 წლის ივნისის აღმასრულებელ ბრძანებასა და ჩინეთის 15-ე ხუთწლიან გეგმას ფილოსოფიური განსხვავებების მიუხედავად ერთმანეთთან აკავშირებს, ერთი საერთო წინაპირობაა – ხელოვნური ინტელექტი ახლა მხოლოდ ტექნოლოგიური სექტორი აღარ არის. ის სახელმწიფოებისთვის ძალის ახალი მიმართულებაა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა ისეთივე მნიშვნელოვანი გახდეს, როგორც სამხედრო პოტენციალი, ეკონომიკის მასშტაბი ან ენერგეტიკული დამოუკიდებლობა.
შედეგად, AI-ის კონკურენცია შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის პირველ რიგში ერთი ტექნოლოგიური პრიზის მოსაპოვებელი რბოლა კი არ არის. ეს დაპირსიპირებაა სახელმწიფოების, ბაზრებისა და ტექნოლოგიების ურთიერთობის ორგანიზების კონკურენტულ მოდელებს შორის. ამრიგად, ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არ არის ის, თუ რომელი ქვეყანა შექმნის ყველაზე მძლავრ AI მოდელს, არამედ თუ რომელი ქვეყანა უფრო წარმატებულად გარდასახავს AI შესაძლებლობებს სტრატეგიულ უპირატესობად. შეერთებულ შტატებს კვლევაში, კერძო სექტორის მასშტაბსა და ნიჭში კოლოსალური უპირატესობები აქვს. ჩინეთი კი ნათლად აჩვენებს სიძლიერეს სახელმწიფო კოორდინაციაში, საბაზრო მასშტაბსა და განხორციელების დისციპლინაში. რომელი ქვეყნის მოდელი აღმოჩნდება უფრო წარმატებული, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
