კანადა და ევროკავშირის ახალი ტრანსატლანტიკური ექსპერიმენტი

კანადა და ევროკავშირის ახალი ტრანსატლანტიკური ექსპერიმენტი

ავტორი: ნატა ქორიძე, UGSPN-ის უფროსი მკვლევარი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მოულოდნელი ინიციატივა, კანადას ევროკავშირის პირველი „ასოცირებულ წევრის“ სტატუსი მიენიჭოს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ევროკავშირისა და კანადის ურთიერთობებისთვის, არამედ იმიტომაც, თუ რას ავლენს ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების გარემოს ცვლილების შესახებ. როგორც ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ინიციატივა პასუხია „წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემაში არსებულ რღვევაზე“. 2026 წლის 16 სექტემბერს, კავშირის მდგომარეობის (State of the Union) შესახებ სიტყვით გამოსვლისას გამოცხადებულ ამ ინიციატივას ევროკავშირის ინსტიტუციურ პრაქტიკაში პრეცედენტი არ აქვს: „ასოცირებული წევრობა“ ევროკავშირის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული, არსებული სტატუსი არ არის.

წინადადებას ევროპარლამენტარებმა ფეხზე წამომდგარი ოვაციებით უპასუხეს, თუმცა, როგორც ჩანს, იგი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, იდეა წინასწარ არ განხილულა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში და არც ფონ დერ ლაიენის გამოსვლის იმ ვერსიაში იყო ასახული, რომელიც წევრი ქვეყნების მთავრობებმა წინასწარ მიიღეს.

ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ცვალებადი კონფიგურაციის კონტექსტში განხილვისას, ეს წინადადება შეიძლება აღქმული იყოს როგორც მსგავსი შეხედულებების მქონე საერთაშორისო აქტორებთან უფრო მჭიდრო ალიანსების ჩამოყალიბებისა და დამოკიდებულებების შემცირების სურვილით განპირობებული ინიციატივა. ეს არის ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ისეთი ფორმის მოძიების მცდელობა, რომლისთვისაც ამჟამად ჩამოყალიბებული ინსტიტუციური მოდელი არ არსებობს. უფრო ფართო თვალსაზრისით, იგი ასახავს დასავლური სისტემის ტრანსფორმაციას, რომლის პირობებშიც ევროპაც და კანადაც, აშშ-სთან ურთიერთობების ცვლილებისა და რუსეთისა და ჩინეთის მიერ შექმნილი გამოწვევების ფონზე, უფრო მეტ მოქნილობას ეძებენ.

კონტექსტი: ზეწოლის ქვეშ მყოფი ტრანსატლანტიკური ურთიერთობა

ეს წინადადება ვაშინგტონსა და, ერთი მხრივ, ბრიუსელსა და, მეორე მხრივ, ოტავას შორის ურთიერთობების მზარდი სირთულის ფონზე გაჩნდა. შეერთებული შტატები ევროპის უსაფრთხოებისთვის შეუცვლელი პარტნიორი იყო ათწლეულების განმავლობაში და კანადისთვის კი უდავოდ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პარტნიორად რჩებოდა. თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში ტარიფებთან, ვაჭრობასთან, თავდაცვის ხარჯებთან და ნატოს ფარგლებში პასუხისმგებლობების განაწილებასთან დაკავშირებულმა დავებმა, ასევე ნატოს მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ვალდებულებასა და უკრაინის მიმართ აშშ-ის პოზიციასთან დაკავშირებულმა არაერთგვაროვანმა რიტორიკამ ორივე ურთიერთობა უფრო გაურკვეველი გახადა.

კანადისთვის პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა აშშ-ზე მისი განსაკუთრებული ეკონომიკური დამოკიდებულების გამო: კანადის ექსპორტის დაახლოებით 70% აშშ-ში მიდის, მაშინ როდესაც ევროპაზე მხოლოდ 4% მოდის. ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებების ბოლოდროინდელმა ჩაშლამ და ტარიფებთან დაკავშირებულმა მიმდინარე დავებმა ოტავას ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიკაციის გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაუმყარა. პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ პირობა დადო, რომ მომდევნო ათწლეულში კანადის ვაჭრობის წილი დანარჩენ სამყაროსთან (ამერიკის გარდა) გაორმაგდებოდა. აშშ-სა და კანადას შორის ურთიერთობებმა დიდი ცვლილება განიცადა, და ეს ჩანს კანადაში არსებულ საზოგადოებრივ განწყობაშიც. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებები იმის შესახებ, რომ კანადა აშშ-ის „51-ე შტატი“ უნდა გახდეს, ხოლო მარკ კარნის „გუბერნატორად“ მოხსენიება კანადელებს კარგად არ მიუღიათ; მათ ამერიკული საქონლის ბოიკოტი დაიწყეს და ტურისტული მიზნით აშშ-ში ჩასვლაზე უარი თქვეს. POLITICO „კანადის მაღალი რანგის ოფიციალური პირის“ ციტირებას ახდენს რომელიც კანადა-აშშ-ის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობას საკმაოდ დრამატულად აღწერს, როგორც „კანადისთვის ეგზისტენციურ კრიზისს“. იგივე გამოცემა ასევე ციტირებს ანონიმურ ოფიციალურ პირს, რომლის თქმითაც, კანადისთვის ტრამპის ადმინისტრაციის დასრულების ლოდინი გამოსავალი არ არის, რადგან შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენები „თაობათა განწყობების ცვლილებას ასახავს და არა დროებით შეფერხებას“.

ევროპაც გარკვეულწილად მსგავს გამოწვევას აწყდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და შეერთებული შტატები ეკონომიკურად მჭიდროდ არიან დაკავშირებული, ვაშინგტონის მიერ სატარიფო პოლიტიკის შეცვლამ ევროპელების აშშ-ზე სტრატეგიულ და ეკონომიკურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით შეშფოთება კიდევ უფრო გააძლიერა. გრენლანდიასთან დაკავშირებულმა დაძაბულობამ, ნატოს მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისადმი აშშ-ის ერთგულებისა და უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ვაშინგტონიდან წამოსულმა ორაზროვანმა გზავნილებმა ევროპის დედაქალაქებში შეშფოთება გამოიწვია. შედეგად, ევროპამ კიდევ ერთხელ გააცნობიერა უფრო მეტი თვითკმარობის, ასევე ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და გაძლიერების აუცილებლობა, განსაკუთრებით ამერიკული პოლიტიკის არაპროგნოზირებადობის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსატლანტიკური კავშირი კვლავ არსებობს, აშკარაა, რომ ის ახლა მრავალი ნიუანსით ხასიათდება და ბევრად უფრო გართულებულია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნებისმიერ პერიოდში ყოფილა. შედეგად, კანადისა ევროპის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება როგორც სტრატეგიული დაზღვევის ფორმა.

ფონ დერ ლაიენის წინადადებაზე ევროპელი დიპლომატების რეაქცია სხვადასხვაგვარი იყო. ირლანდია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანაა, ასოცირებული წევრობის შესაძლებლობის შესწავლის იდეას მიესალმა. თუმცა, საერთო რეაქცია ძირითადად თავშეკავებული იყო: გაკეთდა მოწოდებები საკითხი შეესწავლათ, რათა დადგენილიყო, რას შეიძლება ნიშნავდეს და მოიცავდეს ეს სტატუსი.

მიუხედავად იმისა, რომ მარკ კარნი ცდილობდა, ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა ანტიამერიკულ პროექტად არ წარმოჩენილიყო, და ურსულა ფონ დერ ლაიენმაც საგანგებოდ გაუსვა ამას ხაზი, პრეზიდენტმა ტრამპმა კანადის ასოცირებული წევრობის შესაძლებლობას პოტენციურად „მტრული აქტი“ უწოდა და ევროპას სერიოზული ტარიფებით დაემუქრა, თუკი ინიციატივა იმ მიზეზებით განხორციელდებოდა, რომლებიც მისი შეფასებით ნეგატიური იქნებოდა. ამასთან, მან ეს წინადადება „სასაცილოდ“ შეაფასა.

„უნიკალური ალიანსი“

პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი კანადას იმ პერიოდში უძღვება, როდესაც, როგორც თავად აღწერა, საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგისა და მრავალმხრივი ორგანიზაციების „რღვევა“ მიმდინარეობს. შედეგად, ქვეყნები, განსაკუთრებით კი ე.წ. “საშუალო სახელმწიფობი ” ან “რეგიოინალური ძალები” (middle powers), იღწვიან “ენერგეტიკის, სურსათის, კრიტიკული მინერალების, ფინანსებისა და მიწოდების ჯაჭვების სფეროებში უფრო მეტი სტრატეგიული ავტონომიის განვითარებასკენ “,- აღნიშნა მან მიმდინარე წლის დასაწყისში დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. საკმაოდ დასამახსოვრებელ გამოსვლაში მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის ერთგულება ლიბერალური ღირებულებებისა და ნატოს კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებისადმი. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „ძველი წესრიგი აღარ დაბრუნდება“ და რომ „რეგიონალურმა ძალებმა” ერთად უნდა იმოქმედონ, რადგან “თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ ვართ, მენიუში ვართ“. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის კანადის საგარეო პოლიტიკის მამოძრავებელი სტიმული და მისი კრედო. ევროკავშირთან ახალი შეთანხმებების გარდა, ბოლო თვეებში კანადამ ხელი მოაწერა ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროში 12 ახალ შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე აწარმოებს მოლაპარაკებებს ინდოეთთან, ASEAN-თან, მერკოსურთან, ტაილანდთან და ფილიპინებთან.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, შესაძლოა, ევროკავშირთან გაფორმებული შეთანხმებებია, რომელთა საფუძველიც როგორც ეკონომიკური მიზანშეწონილობა, ისე საერთო ღირებულებებია. ფონ დერ ლაიენის მიერ ასოცირებული წევრობის იდეის გაჟღერებიდან ერთი დღის შემდეგ, სტრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას, კარნი მიესალმა მისი წინადადების ამბიციასა და სულისკვეთებას. იგი ფრთხილად მოეკიდა თავად ტერმინოლოგიას და მთავარ საკითხად ურთიერთობის შინაარსი წარმოაჩინა, ხაზი გაუსვა რა, რომ „ ერთად ევროპა და კანადა უფრო ძლიერები არიან“ და რომ მათ უნდა შექმნან ალიანსი დემოკრატიის, საკუთარი ბაზრებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. მისი განცხადებით, საერთაშორისო სისტემა ღრმა რყევას განიცდის, ხოლო კანადა და ევროპა ბუნებრივი პარტნიორები არიან, რომლებსაც ურთიერთშემავსებელი შესაძლებლობების გაერთიანება შეუძლიათ. კარნიმ ხაზი გაუსვა თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კრიტიკული მინერალები, თავდაცვა, ხელოვნური ინტელექტი, ენერგეტიკა, კოსმოსი, ციფრული ინფრასტრუქტურა და სამეცნიერო კვლევა. მნიშვნელოვანია, რომ მან ასევე აღნიშნა, რომ ალიანსის შექმნით წარმოქმნილი შესაძლებლობები „ყველაზე ფუნდამენტურად, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავსებადი სისტემებისა და ურთიერთშემავსებელი შესაძლებლობების შედეგია“.

კანადასა და ევროკავშირს უკვე ძალზედ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. ევროკავშირი კანადის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია და მხარეებმა გააფორმეს ყოვლისმომცველი ეკონომიკური და სავაჭრო შეთანხმება (CETA). თუმცა, შეთანხმების რატიფიცირება ევროკავშირის 10 წევრ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ მოუხდენია. ასევე, ევროკავშირმა და კანადამ 2017 წელს გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომელიც სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ეკონომიკის, მდგრადი განვითარების, თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობისა და დიალოგის ჩარჩოს ქმნის. გასულ წელს კი მხარეებმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში პარტნიორობის შეთანხმებაც გააფორმეს, რომელიც უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას იძლევა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინა, კიბერუსაფრთხოება და საზღვაო უსაფრთხოება, ჰიბრიდული საფრთხეები და კრიზისების მართვა. თავდაცვა კიდევ ერთი სფეროა, სადაც თანამშრომლობა გაღრმავდა: 2025 წელს კანადა გახდა ევროკავშირის Security Action for Europe (SAFE) ინსტრუმენტის პირველი არაწევრი ქვეყანა, რამაც თავდაცვის ინდუსტრიულ სფეროში უფრო ღრმა თანამშრომლობის ინსტიტუციური საფუძველი შექმნა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა ოფიციალურად მონაწილეობს ბლოკის მთავარ ერთობლივი შესყიდვების ინიციატივაში.

კარნის სტრასბურგში ვიზიტამდე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ხუთიდან ოთხი კანადელი ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას უჭერს მხარს, ხოლო კანადელების 49% ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას ემხრობა. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ კანადელების 56% მიიჩნევს, რომ მათ ქვეყანას ევროკავშირის ქვეყნებთან  ღირებულებების, ცხოვრების წესისა და სამყაროსადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით, უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრე სამხრეთით მდებარე მეზობელთან.

ევროპის ინტერესი კანადის მიმართ, გარდა იმისა, რომ იგი მსგავსი ღირებულებების მქონე ლიბერალური დემოკრატიაა, პრაქტიკული მოსაზრებით არის განპირობებული: კანადა G7-ისა და ნატოს წევრია, ენერგიისა და კრიტიკული მინერალების მნიშვნელოვანი მწარმოებელია, ტექნოლოგიურად განვითარებული ეკონომიკა აქვს და არქტიკული სახელმწიფოა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა SAFE შეთანხმების დადების შემდეგ განაცხადა: „როდესაც მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორები მშფოთვარე სამყაროში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ძალებს აერთიანებენ, ჩვენი ქვეყნები ძლიერდებიან, ჩვენი ინდუსტრიები სარგებელს იღებენ, ხოლო ჩვენი მოქალაქეები უფრო დაცულები არიან.” კანადასა და ევროკავშირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა იმ ფაქტშიც აისახა, რომ მიმდინარე წლის მაისში კანადა გახდა პირველი არაევროპელი აქტორი, რომელიც ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტზე მიიწვიეს.

რას შეიძლება მოიცავდეს ეს ინიციატივა?

თავად „ასოცირებული წევრობა“ განსაზღვრული სტატუსი არ არის და მასთან დაკავშირებული დადგენილი პროცედურაც არ არსებობს. ევროკავშირმა მართლაც შეიმუშავა მესამე ქვეყნებთან ასოცირებისა და პარტნიორობის არაერთი ფორმა ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 217-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ასოცირების შეთანხმებების სამართლებრივ საფუძველს ქმნის. ეს დებულება გამოყენებულ იქნა საქართველოსთან, მოლდოვასთან, თურქეთთან და უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებების გასაფორმებლად , თუმცა ყველა მათგანი ევროკავშირის წევრობას ესწრაფვის, კანადისგან განსხვავებით. ეს შეთანხმებები ევროკავშირის კანონმდებლობასა და რეგულაციებთან ფართომასშტაბიან დაახლოებას მოითხოვს, რაც კანადის შემთხვევაში რელევანტური არ არის.

ამასთან, ტერმინი „ასოცირებული წევრობა“ შესაძლოა დამაბნეველიც იყოს, რადგან გერმანიამ უკვე 2006 წლის მაისში გამოვიდა წინადადებით უკრაინისთვის ასოცირებული წევრობის მინიჭებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მოიაზრებოდა, როგორც ევროკავშირში გაწევრიანებამდე გარდამავალი სტატუსი. ეს შეთავაზება, თეორიულად ითვალისწინებდა ევროკავშირის გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში დამკვირვებლის სტატუსს, ხმის მიცემის უფლების გარეშე; ასევე, ევროკავშირის პროგრამებზე ეტაპობრივ წვდომასა და მომავალში თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას. თუმცა, უკრაინამ, რომელიც ევროპული კავშირის სრულუფლებიან წევრობას ესწრაფვის, ეს წინადადება უარყო.

ზოგიერთი ანალიტიკოსის მოსაზრების თანახმად, კანადის ახალი სტატუსი შესაძლოა ევროკავშირის ხელშეკრულებების რეფორმას მოითხოვდეს, თუმცა ეს საკმაოდ რთული პროცესი იქნება, რომლის თავიდან აცილებასაც ბრიუსელი მაქსიმალურად შეეცდება. ბრიუსელმა მიანიშნა, რომ შესაძლოა ამის საჭიროება არ არსებობდეს. ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელ გზას მიიჩნევს ევროკავშირი ყველაზე მიზანშეწონილად. შესაძლოა, რომ საბოლოოდ შემუშავებული  ფორმატი ბლოკთან არაევროპული ქვეყნებისთვის  ხელმისაწვდომი ყველაზე ღრმა პოლიტიკური დაახლოების ფორმატად ჩამოაყალიბებს. სახელწოდებისა თუ ტერმინოლოგიის მიუხედავად, ერთი რამ ცხადია: ახალი სტატუსის მოდალობები ოტავასა და ბრიუსელს შორის უნდა შეთანხმდეს და იგი ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ ერთხმად უნდა დაამტკიცოს. ევროკავშირმა უნდა განსაზღვროს, კონკრეტულად რას მოიცავს ახალი კატეგორია: რომელ პროგრამებში შეძლებს კანადა მონაწილეობას, რა უფლებები და ვალდებულებები მოჰყვება ამას და რა ინსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს დაეფუძნება ეს ურთიერთობა.

გაფართოებულმა ჩარჩომ შეიძლება გააღრმავოს თანამშრომლობა ზუსტად იმ სფეროებში, სადაც მხარეებს ურთიერთშემავსებელი შესაძლებლობები აქვთ: კანადის ენერგეტიკა და რესურსები და ევროპის ინდუსტრიული შესაძლებლობები; კრიტიკული მინერალები და ტექნოლოგიები; თავდაცვითი შეიარაღების წარმოება; ხელოვნური ინტელექტი და მოწინავე გამოთვლითი ტექნოლოგიები; კოსმოსი; კვლევა და განათლება; ნედლეული და მიწოდების ჯაჭვები; არქტიკა და ციფრული ვაჭრობა. სწორედ ეს სფეროები დაასახელეს ფონ დერ ლაიენმა და მარკ კარნიმ.

კანადისთვის ევროკავშირის ცალკეულ პროგრამებსა და პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა, წევრი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების გარეშე, ფაქტობრივად შექმნიდა ახალ საფეხურს ევროკავშირთან პარტნიორობასა და წევრობას შორის. შესაბამისად, სხვა არაევროპულმა დემოკრატიებმა შესაძლოა მსგავსი შეთანხმებების გაფორმება მოისურვონ. მაგალითად, მომავალში შესაძლოა, მსგავსი სტატუსით სარგებლობით სხვა არაევროპული ქვეყნები  დაინტერესდნენ.  შესაბამისად, თავად ტერმინი „ასოცირებული წევრობა“ რომც გაქრეს, კანადის ინიციატივა შესაძლოა პრეცედენტად იქცეს.

წინადადების მნიშვნელობა

29–30 ოქტომბერს მონრეალში დაგეგმილი ევროკავშირი-კანადის სამიტი იქნება პირველი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ ეს პოლიტიკური ინიციატივა კონკრეტულ დღის წესრიგად იქცეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი ინსტიტუციური სტატუსის სრულად ჩამოყალიბებული მოდელი დაუყოვნებლივ შეიქმნას. უფრო მნიშვნელოვანია, შეძლებენ თუ არა ევროკავშირის წევრი ქვეყნები ურთიერთობის შინარსსა და იმ სფეროებზე შეთანხმებას, სადაც ინტეგრაციის გაღრმავებაა შესაძლებელი.

ერთი მხრივ, კანადა სტრატეგიულად ძალზედ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უბრალოდ კიდევ ერთ მესამე ქვეყნად განიხილებოდეს, ხოლო მეორე მხრივ, იგი არც ევროპაში მდებარეობს და არც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის. თუკი ინიციატივა საბოლოოდ მდგრად ინსტიტუციურ შეთანხმებამდე მივა, ეს შეიძლება უფრო მოქნილი სტრუქტურისკენ გადადგმულ ნაბიჯად იქცეს, რომლის პირობებშიც ფორმალური წევრობა და სტრატეგიული ინტეგრაცია ერთმანეთის სინონიმები აღარ იქნება. შესაბამისად, თუკი კანადისთვის ახალი მოდელი შემუშავდება, ის შესაძლოა ევროკავშირისთვის სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორებთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარების მექანიზმადაც იქცეს, მაგალითად, ისეთ ქვეყნებთან, როგორებიც არიან ახალი ზელანდია და ავსტრალია, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა არ სურთ.

თუმცა ინიციატივის მნიშვნელობა მის უშუალო, ორმხრივ შედეგზე გაცილებით ფართოა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული დასავლური წესრიგი მკაფიო ინსტიტუციურ როლებსა და პროგნოზირებადობას ეფუძნებოდა. ნატო უსაფრთხოების მთავარ ჩარჩოს ქმნიდა, შეერთებული შტატები სტრატეგიული შესაძლებლობების მნიშვნელოვან წილს უზრუნველყოფდა, ევროპული სახელმწიფოები კი ევროკავშირის ფარგლებში თანდათან ინტეგრირდებოდნენ უზარმაზარი საერთო ბაზრის შესაქმნელად, ხოლო კანადა, ძირითადად, ჩრდილოეთ ამერიკის სისტემაში რჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტრუქტურები კვლავ არსებობს, მათ საფუძვლად არსებული დაშვებები შეიცვალა. ტექნოლოგიები, ენერგეტიკა, მიწოდების ჯაჭვები და კრიტიკულ რესურსებზე წვდომა დღეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. შესაბამისად, ეკონომიკური დამოკიდებულება ახლა სტრატეგიულ მოწყვლადობად აღიქმება. ამავდროულად, შემცირდა პროგნოზირებადობა: აშშ-ის პოლიტიკის სამომავლო მიმართულების შესახებ გაურკვევლობა, ჩინეთის მხრიდან მომდინარე ზეწოლასთან ერთად, ევროპულ მთავრობებსა და კანადას ალტერნატიული ვარიანტების ძიებისკენ უბიძგებს. შესაბამისად, კანადისადმი შეთავაზება შეიძლება აღქმული იყოს როგორც დასავლური თანამშრომლობის ხელახალი გააზრების მცდელობა, რაც გულისხმობს მსგავსი ღირებულებების მქონე დემოკრატიების მაქსიმალურად მჭიდრო თანამეგობრობის შექმნას.

დასკვნა

ევროკავშირისა და კანადის ურთიერთობა შესაძლოა დასავლეთის წინაშე მდგარი უფრო ფართო გამოწვევის ერთგვარ ტესტად იქცეს: შეუძლია თუ არა ტრანსატლანტიკურ წესრიგს გადარჩენა იმგვარად, რომ იგი ნაკლებად იყოს დამოკიდებული ძალაუფლების რომელიმე ერთ ცენტრზე და, ამავდროულად, საკმარისად ინტეგრირებული დარჩეს, რათა შეინარჩუნოს საერთო უსაფრთხოება და პოლიტიკური ფასეულობები, რომლებიც კანონის უზენაესობასა და ლიბერალიზმს ეფუძნება?  პასუხი დამოკიდებული იქნება ევროპის წევრი ქვეყნების უნარზე, ამბიციური პოლიტიკური იდეა პრაქტიკულ ინსტიტუციურ რეალობად აქციონ.

გამოცდილება აჩვენებს, რომ ევროკავშირში ძლიერი პოლიტიკური ნების არსებობა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს დასახული მიზნების მიღწევას. თუკი ეს ინიციატივა, სამართლებრივი დაბრკოლებების და საბოლოო სახელწოდების მიუხედავად, რეალურად განხორციელდება, ის ევროკავშირის დაარსების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე არასტანდარტული და თამამი გადაწყვეტილება იქნება. და იგი დაადასტურებს გამოთქმას, რომ „განსაკუთრებული დრო განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს“.