მეშვიდე პრემიერი ბოლო დეკადაში – რა ელის ბრიტანეთს სტარმერის წასვლის შემდეგ?

მეშვიდე პრემიერი ბოლო დეკადაში – რა ელის ბრიტანეთს სტარმერის წასვლის შემდეგ?

ავტორი: რეზი თოფურია, UGSPN-ის მკვლევარი

2026 წლის 22 ივნისის დილით, სერ კირ სტარმერი დაუნინგ-სტრიტ 10-ის წინ გამოვიდა, ხმაში მღელვარებით მადლობა გადაუხადა მეუღლეს და განაცხადა, რომ გადადგებოდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თანამდებობიდან და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის პოსტიდანაც. ეს სურათი თითქოს უცხო აღარ არის, ბრიტანელი პოლიტიკოსი რომელიც სახალხო მხარდაჭერისა და ტრიუმფის შემდეგ ძალიან მალე ტოვებს თანამდებობას. ბოლო ათ წელიწადში, მსგავსი რამ ბრიტანეთში უკვე შვიდჯერ ვიხილეთ.

მაგრამ ამ რიტუალის მიღმა საინტერესო დეტალები იკვეთება – თუ რატომ ჩამოიშალა სტარმერის რეიტინგი ასე მალე, როგორ გაუმკლავდა ლეიბორისტული პარტიის მექანიზმი კრიზისს და როგორ აღმოჩნდა ენდი ბერნემი, მანჩესტერის ყოფილი მერი, აშკარა ფავორიტი მის ჩასანაცვლებლად.

რატომ გადადგა კირ სტარმერი?

სტარმერის გადადომა არ უკავშირდება ერთ დიდ სკანდალს ან კონკრეტულ შეცდომას.  მისი გადადგომა უფრო წლების განმავლობაში დაგროვებული სტრუქტურული სისუსტეებისა და მოვლენების გარკვეული განვითარების თანხვედრის შედეგია, რომელმაც მას მანევრირების სივრცე გაუქრო.

სტრუქტურული მიზეზები წლების განმავლობაში ყალიბდებოდა. 2024 წლის ივლისში მოპოვებული მყარი საპარლამენტო უმრავლესობის მიუხედავად, სტარმერმა ვერასოდეს შეძლო მდგრადი საზოგადოებრივი მხარდაჭერის ჩამოყალიბება; YouGov-ის გამოკითხვებით, მისი რეიტინგი 2026 წლის დასაწყისისთვის -57-მდე დაეცა, ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც ლიზ ტრასის გარდა რომელიმე პრემიერ-მინისტრს ჰქონია. ლეიბორისტული პარტიის ამომრჩეველთა უმრავლესობა 2024 წელს დაპირებულ “ცვლილებას” ვერ ხედავს, ამასთანავე სტარმერს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოუწია და ბევრი გაცემული დაპირებაც ვერ შეასრულა. ამავდროულად, ქვეყნის ეკონომიკური ზრდაც საკმაოდ სუსტია,  IMF-ის პროგნოზით, 2026 წელს ბრიტანეთის ეკონომიკა მხოლოდ 0.8%-ით გაიზრდებოდა. ამ ვაკუუმში ნაიჯელ ფარაჯის Reform UK-მ მოახერხა მდგრადი ლიდერობა გამოკითხვებში, მწვანეთა პარტიამ ზაკ პოლანსკის ხელმძღვანელობით კი მარცხნივ გადახრილი ამომრჩეველი გადაიბირა, რომელიც უკმაყოფილო იყო ლეიბორისტების უფრო ცენტრისტულ-მემარჯვენე მიდგომით სოციალურ და მიგრაციის საკითხებში.

ამას დაემატა შიდა სკანდალი, რომელიც გამოწვეული იყო პიტერ მენდელსონის ვაშინგტონში ელჩად დანიშვნით. 2025 წლის სექტემბერში,  მას შემდეგ რაც მენდელსონის და ჯეფრი ეპსტეინის მეგობრობის ამბავი გაირკვა, ის გაათავისუფლეს. თუმცა, საქმე თავიდან ამოტივტივდა 2026 წლის გაზაფხულზე, როცა დადასტურა რომ ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურმა მენდელსონის დანიშვნაზე რეკომენდაცია არ გასცა, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. ამ ინციდენტის შედეგად სტარმერის კაბინეტის ხელმძღვანელი და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი გადადგა, და ამავდროულად, მოსახლეობაში გაამყარა აღქმა, რომ მთავრობის სათავეში მყოფი ადამიანები სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებდნენ.

თუმცა, გადადგომის უშუალო ბიძგი შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებმა განაპირობა. 2026 წლის 7 მაისის ადგილობრივი და დელეგირებული ხელისუფლების არჩევნები „ფართოდ შეფასდა, როგორც რეფერენდუმი თვით სტარმერზე“ ლეიბორისტებმა დაკარგეს ადგილობრივ საბჭოში თითქმის 1,500 მანდატი, ისინი უმეტესწილად Reform UK-მ მიიღო და თოთხმეტი საბჭოს კონტროლი მოიპოვა. ამის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა, უეს სტრიტინგმა, სტარმერის მიმართ ნდობის ნაკლებობიდან გამომდინარე კაბინეტი დატოვა. იგივე გააკეთა თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ, რომელიც ადრე სტარმერის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ მოკავშირედ მიიჩნეოდა. ჯამურად, სტარმერის მმართველობის ორწლიან პერიოდში კაბინეტი ოცამდე მინისტრმა დატოვა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოო დარტყმა მეიკერფილდის შუალედურ არჩევნებს უკავშირდება, სადაც 18 ივნისს ენდი ბერნემმა შთამბეჭდავად გაიმარჯვა, მოიპოვა რა თემთა პალატაში მანდატი (რაც აუცილებელია პარტიის შიგნით პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარსადგენად). ამით ლეიბორისტებს პრემიერმინისტრის ჩასანაცვლებლად რეალური, პოპულარული ალტერნატივა გაუჩნდათ.

აღსანიშნავია, რომ ლეიბორისტული პარტიის ეროვნულმა აღმასრულებელმა კომიტეტმა 2026 წლის იანვარში ბერნემს აუკრძალა წინა შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მაგრამ მაისისთვის უკვე გამოიკვეთა სტარმერის შესუსტებული პოზიციები, შედეგად, ჯოშ საიმონსმა სპეციალურად დატოვა მეიკერსფილდის მანდატი, რათა ბერნემს შესძლებოდა იქ კანდიდატად კენჭისყრა და პარლამენტში დაბრუნება. თავის მხრივ, ენდიმ ეს ფსონი გაამართლა, დაამარცხა  Reform UK-ის კანდიდატი და ხმების 55% მოიპოვა, რაც ლეიბორისტების 2024 წლის შედეგთან შედარებით ათპუნქტიან ნახტომს წარმოადგენს.

ეს ბერნემისთვის „ცვლილების მომენტის“ ანონსი იყო, პარალელურად სტარმერი ამტკიცებდა რომ ლიდერობისთვის ნებისმიერ გამოწვევას წინააღმდეგობას გაუწევდა, მაგრამ ძალიან მალევე გაიაზრა, რომ მას კაბინეტში და პარტიის შიგნით მხარდამჭერები შემოაკლდა. შედეგად,  ორშაბათსვე მეფეს აცნობა თავისი გადადგომის შესახებ და დააანონსა ახალი პრემიერის შერჩევის ვადები. კანდიდატთა წარდგენა დაიწყება 9 ივლისს და დასრულდება 16 ივლისს, ხოლო წარდგენილ ლიდერებს შორის გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს 1 სექტემბრისთვის. ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, უეს სტრიტინგმა, რომელსაც ლიდერობის ნომინირებისთვის საჭირო 81 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდა, განაცხადა, რომ კენჭს არ იყრიდა და ბერნემს მხარს დაუჭერდა, რითიც ფაქტობრივად გადაწყვიტა ლეიბორისტების შემდეგი პრემიერის ვინაობა.

რა მოხდება ახლაროგორ შეირჩევა შემდეგი პრემიერი?

ბრიტანეთის პრემიერის გადადგომა ავტომატურად არ იწვევს ახალი არჩევნების დანიშვნას. პარტიის გადამდგარი ლიდერი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ინარჩუნებს, სანამ მისი პარტია მემკვიდრეს არ შერჩევს, რის შემდეგაც ის ფორმალურად გადადგება მონარქის წინაშე. შემდეგ მონარქი  პარტიის ახალ ლიდერს ხელისუფლების ჩამოყალიბებას მოსთხოვს, როგორც პირს, რომელსაც თემთა პალატის ნდობის მოპოვების ყველაზე მეტი შანსი აქვს.  თუ ახალი პრემიერ მინისტრი პარლამენტს არ დაითხოვს, მაშინ საპარლამენტო არჩევნები 2029 წლამდე არ ჩატარდება.

რაც შეეხება პარტიის შიგნით ახალი ლიდერის და პრემიერ მინისტრის გამოვლენას. ლიდერის შერჩევის პროცესი იწყება ან არსებული ლიდერის გადადგომით, ან მაშინ, როდესაც ლეიბორისტი დეპუტატების 20% (81 დეპუტატი) კონკურენტ კანდიდატს წარადგენს, თუმცა აუცილებელია რომ კონკურენტი კანდიდატები იმ პერიოდისთვის დეპუტატის მანდატით სარგებლობდნენ (სწორედ ამიტომ დათმო საიმონსმა მეიკერსფილდის მანდატი, რათა ბერნემს შეძლებოდა კენჭისყრა). ამის შემდეგ, გამარჯვებულ კანდიდატს გამოავლენს პარტიის შიდა კენჭისყრა –  „ერთი წევრი- ერთი ხმის“ წესით. შიდა არჩევნებში მონაწილეობას იღებენ პარტიის წევრები, რეგისტრირებული მხარდამჭერები და აფილირებული პროფკავშირელები.  თუ ბერნემს სერიოზული კონკურენტი არ ეყოლება, ხმის მიცემა აზრს დაკარგავს და ეს პროცესი ფაქტობრივად „კორონაცია“ იქნება.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუ რატომ და როგორ გახდა ბერნემი უკონკურენტო კანდიდატი ლეიბორისტებისთვის. ბერნემის, როგორც კონსენსუსური კანდიდატის, გამოჩენა მხოლოდ ცნობადობის საკითხი არ არის; ის ლეიბორისტული პარტიის სხვა ხელმძღვანელ ფიგურებს შორის ინტერესების თანხვედრას ასახავს. უეს სტრიტინგმა (პარტიის მემარჯვენე ცენტრისტული ფლანგის წარმომადგენელი) ჩათვალა, რომ აშკარა ფავორიტთან დაპირისპირება პარტიას დამატებით ზიანს მიაყენებდა, თანაც თავისი შანსებიც მოკრძალებულად შეაფასა და გადაწყვიტა „ენდისთვის მიეცა შანსი“. სტრიტინგის ამ ნაბიჯმა მნიშვნელოვნად გაზარდა ბერნემის უალტერნატივოდ, შიდაპარტიული დაპირისპირების გარეშე არჩევის შანსი.

ანჯელა რეინერი, ლეიბორისტული პარტიის „რბილი მემარცხენეების“ წარმომადგენელი, 2025 წელს ვიცე-პრემიერის თანამდებობას ჩამოშორდა, რადგან ეთიკური ქცევის სტანდარტები  ვერ დააკმაყოფილა. შედეგად ამ გარემოებებმა მისი შანსები მნიშვნელოვანწილად შეასუსტა.

დეივიდ ლემი, ვიცე-პრემიერ-მინისტრი, აშკარად ერთგული დარჩა სტარმერის ხელისუფლების მიმართ და, ლიდერობის ცვლილების მიუხედავად, საჯაროდ დაადასტურა, რომ გააგრძელებს არსებული თავდაცვის პოლიტიკის გატარებას, შესაბამისად, არც კი მოიაზრებს თავს ლიდერობის ბრძოლაში კანდიდატად. ამის ფონზე, ნაკლებად სავარაუდოა, ლეიბორისტებში სხვა გავლენიანი პოლიტიკოსი გამოჩნდეს ასპარეზზე და ლიდერობისთვის ბრძოლაში ჩაერთოს.

ბერნემის უპირატესობა, ამის საპირწონედ, ათწლეულის განმავლობაში დაგროვებული პოლიტიკური კაპიტალია. 2017 წლიდან დიდი მანჩესტერის მერად, მანამდე დეპუტატად და გორდონ ბრაუნის დროს ჯანდაცვის მინისტრად მუშაობის გამოცდილებით, მან შეიქმნა პოპულარული პოლიტიკის გამტარებელი სახალხო პოლიტიკოსის რეპუტაცია.  ენდი თავის თავს მუდმივად „ჩრდილოეთის ჩემპიონად“ აიდენტიფიცირებდა და ამით უპირისპირდებოდა ლონდონზე აქცენტირებულ ვესმინსტერს. ეს დისტანცია ყოველდღიური მმართველობისგან მას ასევე იცავდა იმ არაპოპულარული პოლიტიკური ნაბიჯებისგან, რაც სტარმერის კაბინეტს თან სდევდა.  YouGov-ის გამოკითხვებით, ბერნემი ერთადერთი მაღალი რანგის ლეიბორისტი ფიგურაა, რომელსაც დადებითი წმინდა რეიტინგი აქვს საზოგადოებაში და ერთადერთი, ვისაც 2024 წლის ლეიბორისტი ამომრჩევლების უმრავლესობის მხარდაჭერა გააჩნია. მეიკერფილდში გამარჯვება კი მისი პოპულარობის და ახალი თანამდებობისთვის მზაობის საბოლოო დასტური აღმოჩნდა.

რა არის ბერნემის დღის წესრიგი

ბერნემი თავის პოლიტიკურ ფილოსოფიას „მანჩესტერიზმს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის „ბიზნესისადმი მეგობრული სოციალიზმის“ და „ნეოლიბერალიზმის დასასრული“. პრაქტიკაში, ეს ზოგიერთი მიმართულებით სტარმერის მთავრობის პოლიტიკის გაგრძელებას მოასწავებს, ზოგი მიმართულებით კი აშკარა გადახვევას. 

თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ-ჯერობით მაინც რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა იქნება ბერნემის გეგმა უახლოესი პერიოდისთვის, მაგრამ, შეგვიძლია მისი წინა წლების გამოსვლებიდან განვსაზღვროთ ახალი პრემიერის გარკვეული ხედვები.

ეკონომიკური მიმართულებით ბერნემი ამ ეტაპზე ცდილობს ბაზრების დამშვიდებას და ადასტურებს, რომ ლეიბორისტების არსებულ ფისკალურ ჩარჩოს შეინარჩუნებს, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორები მარცხნივ გადახრის შესაძლებლობაზე წუხდნენ (მისმა ადრე გაკეთებულმა კომენტარმა, რომ პოლიტიკოსები „ობლიგაციების ბაზრის ტყვეობაში არ უნდა ჩავარდნენ“, საკმაოდ დიდი შფოთვა გამოიწვია და ხელი შეუწყო გირვანქა სტერლინგის გაცვლითი კურსის ვარდნას მისი შუალედურ არჩევნებში გამარჯვების პერიოდში).

ამავდროულად, ბერნემს წარსულში საკმაოდ თამამი მემარცხენე განცხადებებიც გაუკეთებია და უთქვამს, რომ „უფრო მეტ საჯარო კონტროლს“ ემხრობა სხვადასხვა კომპანიასთან მიმართებით, თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია ამაში ის კომპანიების ნაციონალიზაციას გულისხმობს, თუ მკაცრ რეგულაციურ ჩარჩოს. ამავდროულად, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხების მიმართულებით ბერნემმა გააჟღერა იდეა „ეროვნული მზრუნველობის გადასახადის“ (national care levy) შესახებ, რომელიც სოციალური მზრუნველობის დაფინანსებას გაზრდიდა, თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია რას შეიძლება მოიცავდეს ეს გადასახადები.

ბერნემს ასევე სურს არსებული ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ბიუჯეტის სოციალური დაქირავების (social-rent) საცხოვრებლისკენ მიმართვა. ასევე, ავტობუსების მანჩესტერული მოდელის საჯარო კონტროლის ქვეყნის მასშტაბით გავრცელება. წინასწარი განცხადებებიდან იკვეთება, რომ ის არ აპირებს საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლას, მეტიც, განაცხადა რომ „მიგრაცია კიდევ უფრო უნდა შემცირდეს“ და მხარს უჭერს უფრო მკაცრ ზომებს.

და ბოლოს, ევროკავშირის მიმართულებით ვხედავთ სტარმერის ფრთხილი მიდგომის გაგრძელებას. ბერნემმა გამორიცხა ამ პარლამენტის ფარგლებში ევროკავშირში ხელახალი გაერთიანების კამპანიის გამართვა, თუმცა, გამოთქვა გრძელვადიანი სიმპათია უფრო მჭიდრო კავშირების მიმართ.

რას მოიტანს ლიდერის ცვლილება?

ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხოლოდ ლიდერის ცვლილებამ დიდად შეცვალოს ბრიტანულ პოლიტიკაში არსებული მიმდინარე მოვლენები. კონსერვატორებმა ბადენოხის ხელმძღვანელობით ვერ შეძლეს ლეიბორისტების კოლაფსისგან სარგებლის მიღება, რადგან იმედგაცრუებული ამომრჩეველი, როგორც ჩანს, უფრო Reform UK-სკენ მიდის და არა ტორებთან. მწვანეთა პარტია, თავის მხრივ, ლეიბორისტების მარცხენა ფლანგზე სწრაფად გაიზარდა, რის გამოც ბერნემი ერთდროულად ორი მხრიდან ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდება. ამავდროულად, შესაძლოა ბერნემს ლეგიტიმაციის პრობლემაც შეექმნას, რადგან ის 2024 წლის არჩევნებში დეპუტატი არ ყოფილა, შედეგად, მას სტარმერის მანდატით მოუწევს მმართველობა, რამაც შესაძლოა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა შექმნას.

რამდენად შეძლებს ბერნემი ამ გამოწვევების ფონზე „მანჩესტერიზმის“ პოლიტიკის გატარებას, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა ფაქტია, რომ კონსერვატორების შემთხვევაში, პარტიის შიგნით ლიდერების ცვლილებამ არ გაჭრა და სტრუქტურული პრობლემები ვერ აღმოფხვრა, ვნახოთ რამდენად განსხვავებულად განვითარდება მოვლენები ლეიბორისტების შემთხვევაში.