ავტორი: მეგი ბენია UGSPN-ის აფილირებული მკვლევარი
საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე ტრანსფორმაციული მოვლენების ფონზე, ჰააგაში გაიმართა ნატო-ს სამიტი, სადაც მოკავშირეებმა მიიღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები ალიანსის მზადყოფნის გასაძლიერებლად.
ისტორიაში პირველად, ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2035 წლამდე თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2%-ის ნაცვლად 5%-მდე გაზრდიან. სამიტის შემდგომ გამოქვეყნებული დეკლარაციის თანახმად, თავდაცვის გაზრდილი ბიუჯეტი მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს: 1) ყოველწლიურად მშპ-ს 3.5% მოხმარდება თავდაცვის ძირითად საჭიროებებს და ნატო-ს შესაძლებლობებთან დაკავშირებული ამოცანების (NATO Capability Targets) მიღწევას; 2) მშპ-ს 1.5% მიემართება კრიტიკული ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ქსელების დაცვისკენ, რაც უზრუნველყოფს ალიანსის სამოქალაქო მზადყოფნას, მედეგობას და გააძლიერებს სამხედრო ინდუსტრიულ პოტენციალს.
ამასთან, სამიტზე მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სამხედრო ინდუსტრიის მოდერნიზებასთან დაკავშირებით, დამტკიცდა ახალი სწრაფი ადაპტაციის სამოქმედო გეგმა (Rapid Adoption Action Plan) და განახლებული სამხედრო წარმოების სამოქმედო გეგმა (Updated Defence Production Action Plan). ღონისძიების ფარგლებში გამართულ სამხედრო ინდუსტრიის ფორუმზე ალიანსმა პროექტში დანიისა და შვედეთის შემოერთებით, სატანკერო ტრანსპორტირების მრავალფუნქციური საჰაერო შესაძლებლობის[1] (Multinational Multi Role Tanker Transport Fleet) შემადგენლობაში შემავალი თვითმფრინავების რაოდენობა 12-მდე გაზარდა და გააფართოვა ნედლეულის შესყიდვასთან დაკავშირებული მრავალეროვნული პროექტები.
ზემოაღნიშნული ნაბიჯები მიმართულია ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ვაშინგტონის ხელშეკრულების მესამე მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ. მაშინ, როდესაც ამავე დოკუმენტის მეხუთე მუხლი გულისხმობს რომელიმე წევრზე განხორციელებულ შეტევაზე ალიანსის კოლექტიურ პასუხს, მესამე მუხლი ითვალისწინებს ალიანსის მედეგობის გაძლიერებას და წევრი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ჰიბრიდულ ან შეიარაღებულ თავდასხმასთან გასამკლავებლად. მიუხედავად მრავალწლიანი ძალისხმევისა, რომელიც მათ შორის მოიცავდა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ნატო-სა და ევროკავშირს შორის, ალიანსი ვერ ახერხებდა კოლექტიური თავდაცვის ამ მნიშვნელოვანი კომპონენტის სისრულეში მოყვანას. ჰააგის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ მოკავშირეები ერთსულოვნად აღიარებენ უსაფრთხოების არსებული და შესაძლო გამოწვევების კრიტიკულობას, განსაკუთრებით რუსეთიდან მომავალი საფრთხეების კონტექსტში და მზად არიან ხელშესახები ნაბიჯები გადადგან.
აღსანიშნავია, რომ მიღწეული შედეგები მეტწილად განსაზღვრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გატარებულმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკამ და ტრანსატლანტიკური ერთობის შესუსტების საფრთხემ. ხსენებული საფრთხის შესამცირებლად და ევროპის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში აშშ-ის როლის შესანარჩუნებლად, ნატო-ს ევროპული ქვეყნების ლიდერები შეეცადნენ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდისა და სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის გაძლიერების საკითხებზე გაემახვილებინათ და ამით დაეკმაყოფილებინათ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნები.
ცხადია, რომ ნატო ახალი გლობალური დღის წესრიგისთვის ემზადება, რომლის კონტურებიც ნელ-ნელა იკვეთება, მაგრამ ჯერ ისევ ბუნდოვანებით არის მოცული. თუმცა გაცილებით დიდი ბუნდოვანებით ხასიათდება ალიანსის ღია კარის პოლიტიკის მომავალი, რომელიც წლების განმავლობაში ნატო-ს იდენტობის ქვაკუთხედს წარმოადგენდა. ჰააგის სამიტის დეკლარაცია არ შეიცავს სტანდარტულ ჩანაწერს ვაშინგტონის ხელშეკრულების მეათე მუხლის შესახებ, რომლის თანახმადაც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება მიისწრაფოდეს ნატო-ში გაწევრიანებისკენ. გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ამ მიმართულებით ყველაფერი უცვლელია. თუმცა სწორედ ამაში მდგომარეობს პრობლემის არსი: იცვლება ნატო-ს თავდაცვისა და შეკავების მიდგომები და მათი ადაპტირება ხდება რუსეთის, ჩინეთისა და უსაფრთხოების არაკონვენციური გამოწვევებიდან მომდინარე საფრთხეების მიმართ, ხოლო ღია კარის პოლიტიკა რჩება მხოლოდ დიპლომატიურ რიტორიკად.
უფრო თვალსაჩინოდ ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ბოლო 17 წლის განმავლობაში პირველად, ნატო-ს ოფიციალურ დოკუმენტში ასევე არ არის ნახსენები საქართველო და ქართული მხარე არც სამიტზე იყო მიწვეული, განსხვავებით უკრაინისგან. მართალია, 2022 წლის 24 თებერვლიდან, საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევრო-ატლანტიკური მიმართულებით მიმავალი გზები გაიყო, მაგრამ ჰააგის სამიტმა ამას საბოლოო წერტილი დაუსვა. თუმცა ეს პრობლემური უფრო საქართველოსთვის არის, ვიდრე უკრაინისთვის. სამიტის დასრულების შემდეგ გაკეთებულ პრეს-კონფერენციაზე გენ. მდივანმა რუტემ აღნიშნა, რომ ალიანსი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ნატო-ს წევრობის შეუქცევად გზაზე. 2025 წელს ნატო უკრაინას მიაწვდის 35 მლრდ ევროზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარებას და უზრუნველყოფს უკრაინის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის თავსებადობის ამაღლებას ნატო-ს შესაბამის სტრუქტურებთან. გარდა ამისა, ომის პერიოდში მიღწეული ბრწყინვალე სამხედრო შედეგები (შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ფლოტის საგრძნობი შესუსტება, რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა და კურსკის ოლქის რამდენიმე თვით დაკავება, შთამბეჭდავი ოპერაცია „ობობას ქსელი“) და დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის ეფექტიანი გამოყენება, უკრაინას მოწინავე პოზიციაში აყენებს და ამყარებს მის, როგორც უსაფრთხოების მიმწოდებლის როლს. ამ რეალობის შესაბამისია ალიანსის განცხადებებიც და ქმედებებიც უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით.
ღია კარის პოლიტიკისა და კონკრეტულად ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესახებ ჩანაწერის არ გაკეთება უნდა დავუკავშიროთ საქართველოში არსებულ ვითარებას და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაურკვეველი ვადით შეჩერებას. წლების განმავლობაში, ქართული მხარის მიერ განხორციელებული ქმედებები ქვეყანას მოწინავე პოზიციაში აყენებდა ნატო-ს სხვა ასპირანტ ქვეყნებთან მიმართებაში. საქართველო იყო მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია იყოს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მის გაძლიერებაში. თუმცა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა და დასავლური ტრაექტორიიდან გადახვევა, აიძულებს ალიანსს შესაბამისად იმოქმედოს. ნატო დგას უსაფრთხოებს ტრადიციული და არატრადიციული გამოწვევების პირისპირ. ბოლო დროს გაკეთებული ოფიციალური განცხადებებიც ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან შესაძლო სამხედრო აგრესია ნატო-ს წინააღმდეგ იმაზე რეალურია, ვიდრე ცივი ომის დროს იყო. ასეთ ვითარებაში, მოკავშირეები იძულებული არიან იზრუნონ თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე და მხარდაჭერა აღმოუჩინონ ალიანსთან მიმართებაში ნათელი და მკაფიო პოზიციის მქონე ასპირანტ სახელმწიფოებს. დღევანდელ მოცემულობაში, ნატო-ს არ აქვს ფუფუნება დიდი ძალისხმევა მიმართოს საქართველოს პოზიციის მქონე ქვეყნებზე, რომლებიც შემხვედრ ნაბიჯებს არ დგამენ ალიანსთან დაახლოების კუთხით.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, მიმდინარეობს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის გადახედვა. მართალია, მოკავშირეები დარჩებიან ვაშინგტონის ხელშეკრულების მეათე მუხლის ერთგულები და ცხადია, მისი შეცვლა არ მოხდება. თუმცა უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ ასპირანტი ქვეყნების მიმართ ალიანსის მიდგომის ცვლილებას, რაც საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით მიიღებს ინდივიდუალური და კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებული პოლიტიკის სახეს. და თუ ამ პროცესში მოხდა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვაც, ეს ხანგრძლივი ვადით დააშორებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან, ხოლო უკრაინის ნატო-სკენ მიმავალი გზა იქნება შეუქცევადი.
[1] ისეთი მფრინავი საშუალებებისგან შემდგარი საჰარეო ფლოტი, რომლებიც უზრუნველყოფენ ფრენის დროს სხვა მფრინავი საშუალებების საწვავით გამართვას.