ავტორი: ხატია დავლიანიძე, UGSPN-ის მკვლევარი
რუმინეთის ძირითადი პოლიტიკური პარტიები
1989 წელს ნიკოლაე ჩაუშესკუს კომუნისტური რეჟიმის დამხობისა და 1990 წელს პირველი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემდეგ, მართალია რუმინეთში პოლიტიკურმა გაერთიანებებმა არაერთი ტრანსფორმაცია და სახეცვლილება განიცადეს, მაგრამ პოლიტიკაში ძირითადად მაინც ორი ძალა დომინირებდა – მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატები („PSD“) და მემარჯვენე-ცენტრისტული ლიბერალები („PNL“).
„სოციალ-დემოკრატიული პარტია – PSD” – ჩაუშესკუს დამხობის შემდეგ შექმნილი „ეროვნული გადარჩენის ფრონტის – FSN“ სამართალმემკვიდრეა, რომელსაც ქვეყნის პირველი პოსტკომუნისტი პრეზიდენტი, იონ ილიესკუ ხელმძღვანელობდა. „ეროვნულ-ლიბერალური პარტია – PNL” – 1875 წელს შეიქმნა და რუმინეთის სამეფოს ათწლეულების განმავლობაში მართავდა, თუმცა 1947 წელს კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, პარტიამ საქმიანობა შეწყვიტა და ჩაუშესკუს მმართველობის დასრულების შემდეგ ხელახლა დაფუძნდა.
რუმინეთის საარჩევნო სისტემის გამო, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ აბსოლუტური უმრავლესობა ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მოიპოვოს და მთავრობა დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს, შესაბამისად რუმინეთს კოალიციური მთავრობები მართავენ. როგორც წესი, კოალიციები ორ ძირითად ბლოკად იყოფოდა: მემარცხენე ალიანსები – „PSD-ის“ მიერ მცირე სატელიტ პარტიებთან ჩამოყალიბებული გაერთიანებები და მემარჯვენე-ცენტრისტული ალიანსები – „PNL-ს“ მიერ სხვა მემარჯვენე ძალებთან შექმნილი კოალიციები.
რუმინეთის პოლიტიკაში უნიკალურ ფენომენს წარმოადგენს „რუმინეთის უნგრელთა დემოკრატიული კავშირი – UDMR/RMDSZ“, რომელიც პრაგმატული მიზნებიდან გამომდინარე კოალიციაში, როგორც მემარცხენე „PSD-სთან“, ასევე მემარჯვენე „PNL-თანაც“ შედის. 1989 წელს „UDMR/RMDSZ“ ეთნიკური უმცირესობის ასოციაციად ჩამოყალიბდა, რომელიც რუმინეთში მცხოვრები ეთნიკური უნგრელი უმცირესობის უფლებებსა და ინტერესებს იცავს. აღნიშნული გაერთიანება 1996 წლიდან თითქმის ყველა მსხვილი სამთავრობო კოალიციის წევრია.
უკანასკნელ წლებში რუმინეთის პოლიტიკურ სცენაზე კიდევ ორი პოლიტიკური პარტია დომინირებს – 2016 წელს ნიკუშორ დანის მიერ დაფუძნებული ცენტრისტული, პროევროპული და ლიბერალური პარტია – „კავშირი რუმინეთის გადარჩენისთვის – USR“ და 2019 წელს ჯორჯე სიმიონის მიერ შექმნილი მემარჯვენე-რადიკალური, ულტრანაციონალისტური და ევროსკეპტიკური ძალა – „რუმინელთა გაერთიანების ალიანსი – AUR“, რომელიც ამჟამად ქვეყნის წამყვან ოპოზიციურ გაერთიანებას წარმოადგენს.
„რუმინელთა გაერთიანების ალიანსი – AUR“ ოთხ ფუნდამენტურ საყრდენს – რწმენას, თავისუფლებას, ოჯახსა და სამშობლოს ეფუძნება. პოლიტიკური პარტიის გაცხადებულ მიზანს რუმინეთის მოლდოვასთან გაერთიანება და ქვეყნისთვის ბესარაბიის ისტორიული რეგიონის შემოერთება წარმოადგენს. გარდა ამისა, „AUR“ მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკური კურსის მომხრეა. სიმიონის გაერთიანება რუმინეთის ნატოდან და ევროპის კავშირიდან გამოსვლას არ ემხრობა, თუმცა ღიად ეწინააღმდეგება ევროპის კავშირის ფედერალისტურ ცენტრალიზაციას და მიზნად გაერთიანების შიგნიდან რეფორმირებას („ერების ევროპის“ კონცეფციით) ისახავს.
ულტრასობიდან პოლიტიკოსობამდე
ჯორჯე სიმიონის პოლიტიკური ტრანსფორმაციისა და „AUR-ის“ საარჩევნო სტრატეგიის განხილვა მისი ადრეული საფეხბურთო და ნაციონალისტური აქტივიზმის გარეშე შეუძლებელია.
2003 წელს, 16 წლის ასაკში, სიმიონმა ფან-კლუბი „Honor et Patria“ დააფუძნა, რომელიც რუმინეთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერის პარალელურად, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებსა და საპროტესტო მსვლელობებში აქტიურად ჩაერთო. 2013 წელს მის მიერ დაარსებული კიდევ ერთი ფან-კლუბი, „Uniți sub Tricolor“, არაერთ საერთაშორისო სკანდალში გაეხვა მატჩებზე ანტიუნგრული შეძახილების, ტერიტორიული პრეტენზიების ამსახველი ბანერების („ბესარაბია რუმინეთია“) და პროვოკაციული პლაკატების („კოსოვო სერბეთია“) გამო, რამაც 2023 წლის სექტემბერში რუმინეთი-კოსოვოს თამაშის ჩაშლაც კი გამოიწვია.
სტადიონებს მიღმა, სიმიონის მთავარ პოლიტიკურ ტრამპლინად 2011 წელს მის მიერ შექმნილი არასამთავრობო პლატფორმა „Action 2012“ იქცა, რომელიც მიზნად რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანებას ისახავდა. ჯორჯე სიმიონი რეგულარულად აწყობდა პროვოკაციულ მარშებს საზღვარზე, აორგანიზებდა საპროტესტო გამოსვლებს და საჯარო სივრცეში აქტიურად იყენებდა გრაფიტებს წარწერით – „ბესარაბია რუმინეთია“. რადიკალური ქმედებებისა და ულტრანაციონალისტური რიტორიკის გამო, მოლდოვის ხელისუფლებამ იგი რამდენჯერმე დააკავა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ჩრდილოეთ ბუკოვინასა და სამხრეთ ბესარაბიის მიმართ გამოთქმული ტერიტორიული პრეტენზიების გამო სიმიონი უკრაინამაც პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მოლდოვიდან გაძევების ფაქტი პოლიტიკოსმა პრაგმატულად გამოიყენა და საკუთარი თავი კორუმპირებული სისტემის წინააღმდეგ მებრძოლ, „იდეისთვის წამებულ გმირად“ წარმოაჩინა.
ვალეა უზულუის ინციდენტი
ჯორჯე სიმიონის აქტიური პოლიტიკური კარიერის რეალურ საწყისად შესაძლოა ვალეა უზულუის ინციდენტი მივიჩნიოთ.
ვალეა უზულუი ტრანსილვანიის რეგიონში მდებარე სოფელია, სადაც პირველი მსოფლიო ომის დროს ავსტრია-უნგრეთის არმიამ უნგრელი, ავსტრიელი და გერმანელი ჯარისკაცებისთვის სამხედრო სასაფლაო მოაწყო. ისტორიულად ამ ტერიტორიას უნგრული მუნიციპალიტეტი უვლიდა, თუმცა 2019 წელს რუმინულმა მხარემ, ყოველგვარი ოფიციალური ნებართვის გარეშე, სასაფლაოზე ბეტონის ჯვრები აღმართა. უნგრულმა საზოგადოებამ ეს ქმედება წინაპართა საფლავების შეურაცხყოფად და ვანდალიზმად აღიქვა, რის საპასუხოდაც აქტივისტებმა ბეტონის ჯვრები შავი პოლიეთილენის პარკებით შეფუთეს.
კრიზისმა პიკს 2019 წლის 6 ივნისს მიაღწია, როდესაც რუმინული მხარის მიერ სასაფლაოს ოფიციალური გახსნა დაიგეგმა. ადგილობრივი ეთნიკური უნგრელების მიერ მოწყობილი ცოცხალი ჯაჭვის მიუხედავად, ჯორჯე სიმიონის ხელმძღვანელობით რუმინელმა ნაციონალისტებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს, სასაფლაოს ჭიშკარი დალეწეს და ტერიტორია ძალის გამოყენებით დაიკავეს. სიმიონი პირადად ხელმძღვანელობდა რადიკალების მობილიზებას და მათ შტურმისკენ აქტიურად მოუწოდებდა. იგი ფიზიკურ დაპირისპირებასა და უნგრელ აქტივისტებზე თავდასხმას სოციალურ ქსელებში, პირდაპირ ეთერში გადასცემდა, რამაც მას მილიონობით ნახვა და ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო პოპულარობა მოუტანა. უკანონოდ განთავსებული ჯვრების მართლმადიდებელი მღვდლების მიერ კურთხევის ფონზე, სიმიონმა საკუთარი თავი რუმინული მიწისა და წინაპართა ხსოვნის დამცველად წარმოაჩინა. ამ ინციდენტიდან რამდენიმე თვეში მან პარტია „AUR“ დააფუძნა. ეთნიკურ უნგრელებთან მწვავე კონფლიქტის შედეგად მოპოვებულმა ფართო ცნობადობამ და რადიკალური ჯგუფების კონსოლიდაციამ სიმიონს შესაძლებლობა მისცა, ქუჩის ნაციონალისტური მუხტი საარჩევნო ხმებად გარდაექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუმინულმა მხარემ უკანონო ბეტონის ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა, რადიკალებმა ადგილზე ხის ჯვრები აღმართეს, რის გამოც უთანხმოება ამ დრომდე არსებობს.
რამ განაპირობა „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის – AUR“ პოპულარობა?
„AUR-ის“ გაძლიერება ქვეყნის შიდა კრიზისებმა, რეგიონულმა პოპულისტურმა ტენდენციებმა და გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა განაპირობა.
ქვეყნის შიდა გამოწვევები – რუმინეთში პოპულისტური განწყობების ზრდას პოსტკომუნისტური ტრანზიტის პერიოდიდან მოყოლებულმა ღრმა ინსტიტუციურმა და ეკონომიკურმა კრიზისებმა შეუწყო ხელი. ათწლეულების განმავლობაში არსებული სისტემური კორუფციის, გაუმჭვირვალობისა და კლიენტელიზმის გამო, მოქალაქეებში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მყარი უნდობლობა ჩამოყალიბდა, რაც ამომრჩეველს რადიკალური „აუტსაიდერების“ მიმართ უაღრესად მიმღებელს ხდის. პოლიტიკურ ნიჰილიზმს თან ერთვის მწვავე ეკონომიკური ასიმეტრია და რეგიონული დისბალანსი. მაშინ როდესაც მსხვილი ურბანული ცენტრები ევროინტეგრაციით აყვავდნენ, პატარა ქალაქები და სოფლები ეკონომიკურ სტაგნაციას ებრძვიან. მარგინალიზებული სოციალური ფენა კი ნოყიერ ნიადაგს ქმნის რადიკალური პოპულისტური გზავნილებისთვის, რომლებიც მათ ღირსების აღდგენასა და „უცხოური ექსპლუატაციისგან“ დაცვას ჰპირდება;
COVID-19 პანდემია და „სიკვდილის საავადმყოფოები“ – ჯორჯე სიმიონის მიერ 2019 წლის სექტემბერში დაფუძნებულმა პარტიამ პრაგმატულად გამოიყენა პანდემიით გამოწვეული საზოგადოებრივი სკეპტიციზმი მმართველი კოალიციისა და ტრადიციული ელიტების მიმართ. მკაცრი სახელმწიფო შეზღუდვების ფონზე, პარტიამ მასშტაბური ანტი-ლოქდაუნ და ანტივაქსერული კამპანია წამოიწყო, რამაც სიმიონი ამ მოძრაობის მთავარ სახედ აქცია. პარტიის პოპულისტურ სტრატეგიაში გარდამტეხი როლი ითამაშა რუმინეთის კოვიდ-საავადმყოფოებში ინფრასტრუქტურული გაუმართაობით გამოწვეულმა ხანძრებმა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. კატასტროფის ადგილებიდან სიმიონი პირადად რთავდა სოციალური ქსელების საშუალებით პირდაპირ ეთერებს, უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს, არღვევდა პოლიციის კორდონებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს. პარალელურად, „AUR-ის“ გუნდი აწარმოებდა ვიდეოკამპანიას „სიკვდილის საავადმყოფოები“, სადაც კონსპირაციული თეორიებისა და ემოციურად დამონაჟებული კადრების მეშვეობით ამტკიცებდნენ, რომ პაციენტები არა ვირუსით, არამედ სისტემისა და ექიმების დანაშაულებრივი ქმედებებით იღუპებოდნენ. ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების „პოლიტიკურ დიქტატურად“ შეფასებითა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციით, პარტიამ წარმატებით მოახდინა მოქალაქეების უკმაყოფილების პოლიტიკურ კაპიტალად კონვერტირება;
„მართლმადიდებლური საძმო“ და რეგიონული ქსელი – „მართლმადიდებლური საძმო“ 2008 წელს დაარსებული რელიგიური, ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც ჯორჯე სიმიონის პარტიასთან იდეოლოგიური, სტრუქტურული და ლოგისტიკური კავშირი აქვს. როდესაც სიმიონმა 2019 წელს „AUR“ დააფუძნა, მას არა მხოლოდ ქუჩის აქტივისტები, არამედ უფრო ფართო, ორგანიზებული ქსელი სჭირდებოდა. „მართლმადიდებლურმა საძმომ“, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით ერთგული წევრი ჰყავს, „AUR-ს“ საკუთარი ორგანიზაციული სტრუქტურების გამოყენების შესაძლებლობა მისცა, ხოლო ორგანიზაციის ლიდერი, დან ჩიპრიან გრეჟდეანუ, სიმიონის უახლოესი მოკავშირე გახდა. ვალეა უზულუის სასაფლაოს შტურმის დროს სწორედ საძმოს წევრები ახდენდნენ რუმინელი აქტივისტების მობილიზებას, ხოლო მათ მიერ მიყვანილმა მართლმადიდებელმა მღვდლებმა აკურთხეს სასაფლაოზე უკანონოდ აღმართული ბეტონის ჯვრები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „AUR-ს“ მანდატები, სწორედ „მართლმადიდებლური საძმოს“ მიერ ადგილობრივ სამრევლოებში, რელიგიურ ჯგუფებსა და სოციალურ ქსელებში ჯორჯე სიმიონის მხარდაჭერამ მოაპოვებინა;
მმართველი კოალიციის კრიზისი – „PSD-ისა“ და „PNL-ის“ მიერ 2021 წელს შექმნილმა დიდმა კოალიციამ ქვეყანაში ტრადიციული პოლიტიკური ალტერნატივა გააქრო, რამაც „AUR-ის“ საარჩევნო პოპულარობის მკვეთრი ზრდა განაპირობა. ისტორიული მოწინააღმდეგეების „გაერთიანებამ“ საზოგადოებაში გააძლიერა განცდა, რომ მმართველი ელიტა საკუთარი პრივილეგიების შესანარჩუნებლად გაერთიანდა, რამაც ტრადიციული პარტიების მიმართ უნდობლობა მკვეთრად გაზარდა. აღნიშნული რეალობა ჯორჯე სიმიონმა პრაგმატულად გამოიყენა – „AUR“ ერთადერთ ავთენტურ, ანტისისტემურ და „სუფთა“ ოპოზიციურ ძალად წარმოაჩინა, რომელიც კორუმპირებული პოლიტიკური კლასის წინააღმდეგ იბრძვის. ამგვარად, პარტიამ სისტემით იმედგაცრუებული ამომრჩევლის სრული კონსოლიდაცია წარმატებით მოახდინა და თავი რუმინელი ხალხის ინტერესების ერთადერთ დამცველად წარმოაჩინა;
რეგიონული კონტექსტი – „AUR-ის“ საარჩევნო პოპულარობას დამატებითი იმპულსი რუმინეთის საზღვრებს მიღმა მიმდინარე რეგიონულმა ძვრებმა, გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა და საგარეო ჩარევებმა მისცა. აღნიშნული პარტია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში აპრობირებულ სუვერენისტულ და ილიბერალურ მოდელებს ეფუძნება და ის პირდაპირ იმეორებს უნგრეთის („Fidesz“), პოლონეთის („PiS“) და სლოვაკეთში რობერტ ფიცოს მემარცხენე-პოპულისტური პარტიის („SMER-SD“) ანტიდასავლურ რიტორიკას, ევროპისკავშირის კრიტიკას, ანტი-LGBT ნარატივსა და „ტრადიციული ქრისტიანული ევროპის“ დაცვის იდეოლოგიას. აღნიშნულ არალიბერალურ ნარატივებს განსაკუთრებით აძლიერებს კრემლის ჰიბრიდული ომი და კოორდინირებული კიბერკამპანიები, რომლებიც ევროპის კავშირის ერთიანობის დასარღვევად, ბოტებისა და დეზინფორმაციული ქსელების მეშვეობით, „AUR-ის“ გზავნილების გავრცელებას ხელოვნურად უწყობს ხელს;
პოლიტიკური კრიზისი და არჩევნების გაუქმება – საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას სიმიონმა „სახელმწიფო გადატრიალება“ უწოდა და მიუხედავად იმისა, რომ სიმიონი თავად იყო კალინ ჯორჯესკუს კონკურენტი, მან ეს გარემოება სისტემისთვის მორიგი დარტყმის მისაყენებლად გამოიყენა. მოგვიანებით, როდესაც არჩევნების განმეორებით ტურში სიმიონი პროდასავლელ ნიკუშორ დანთან დამარცხდა, მან არჩევნების საბოლოო გაუქმება ოფიციალურად მოითხოვა და განაცხადა, რომ რუმინელი ხალხის სუვერენულ ნებაში საფრანგეთი და მოლდოვა ჩაერივნენ. ამ ნაბიჯით მან ჯორჯესკუს რადიკალიზებული ამომრჩეველი მთლიანად თავის გარშემო შემოიკრიბა.
დასკვნა
რუმინეთში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, „AUR-ის“ რეიტინგი სტაბილურად მაღალია, რაც მას ქვეყნის წამყვან ნაციონალისტურ ძალად და საპარლამენტო არჩევნებზე სერიოზულ პრეტენდენტად აქცევს. თუმცა, მისი ხელისუფლების სათავეში მოსვლა სრული უმრავლესობით ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ტრადიციული, მეინსტრიმული პარტიები მის გარშემო პოლიტიკურ „სანიტარულ კორდონს“ ინარჩუნებენ და სიმიონთან კოალიციურ თანამშრომლობას გამორიცხავენ.
ამასთანავე, სიმიონის უნიონისტური დღის წესრიგი რუმინეთის საზღვრებს სცდება. „AUR-მა“ ოფიციალური ფილიალი მოლდოვაშიც („AUR Moldova“) შექმნა. აღნიშნული პარტია მოლდოვაში მცხოვრები პრორუმინული ამომრჩევლის მობილიზებასა და საპარლამენტო მანდატების მოპოვებას ცდილობს, თუმცა ხელშესახები წარმატების მიღწევას ამ დრომდე ვერ ახერხებს, რადგან ადგილობრივი ამომრჩეველი უპირატესობას მაია სანდუს პოლიტიკურ გაერთიანებას ანიჭებს და „AUR-ს“ რადიკალურ ძალად აღიქვამს.
მიუხედავად ამისა, რუმინეთში ჯორჯე სიმიონის პოპულარობის ზრდა ევროპის კავშირისა და მთელი რეგიონისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. ბრიუსელისთვის სიმიონის გაძლიერება ნიშნავს ევროპის კავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე კიდევ ერთი ევროსკეპტიკურად განწყობილი, ვეტოს უფლების მქონე აქტორის გამოჩენას, რომელიც ევროპულ ერთიანობას საფრთხეს შეუქმნის და ინსტიტუციურ დონეზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს შეაფერხებს. რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონს, სადაც უსაფრთხოების გარემო ისედაც მყიფეა, მოლდოვასთან მიმართებით „AUR-ის“ ირედენტისტული რიტორიკა და NATO-ს მიმართ არსებული სკეპტიციზმი გეოპოლიტიკურ არასტაბილურობას კიდევ უფრო ზრდის და რუსეთიდან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ დასავლურ ერთიანობას ასუსტებს.
