პომპეზური ცერემონია, მცირე შედეგებით – ტრამპისა და სის ვაშინგტონის სამიტის შედეგები

პომპეზური ცერემონია, მცირე შედეგებით – ტრამპისა და სის ვაშინგტონის სამიტის შედეგები

ავტორი: რეზი თოფურია, UGSPN-ის მკვლევარი

ოთხი თვის წინ სი ძინპინმა დონალდ ტრამპს პეკინში უმასპინძლა, ამჯერად კი ორი ლიდერი ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდა, თანაც საკმაოდ დიდი პომპეზურობით. 23 სექტემბის საღამოს დონალდ ტრამპი ენდრიუსის სამხედრო ბაზაზე სი ძინპინის თვითმფრინავს პირადად დახვდა, წითელი ხალიჩითა და საპატიო ყარაულით. 1962 წლის შემდეგ, აშშ-ს არცერთი პრეზიდენტი არ დახვედრია სახელმწიფო ვიზიტის დროს ჩამოსულ სხვა სახელმწიფოს მეთაურს ასაფრენ ბილილკთან. ეს ჟესტი ნამდვილად ბევრ ადამიანს ესიამოვნა ‘შუა სამეფოში’ და ის საკმაოდ კარგი ინდიკატორია იმის გასაგებად თუ რეალურად რას ემსახურებოდა 23-25 სექტემბრის სამიტი.

სამიტის რეალური შედეგები საკმაოდ მწირია, სავაჭრო ზავის ორი თვით გაგრძელება, არანაირი გარღვევა ტაივანის, ირანის ან ხელოვნური ინტელექტის საკითხებში და პანდების დიპლომატიის ახალი რაუნდი. ვაშინგტონის სამიტი უმეტესწილად სიმბოლური და არა შინაარსობრივი მოლაპარაკების მცდელობა იყო და მისი მთავარი ფუნქცია ორივე ლიდერისთვის მყიფე ზავის შენარჩუნება გახლდათ და არა ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოებების მოგვარება.

ბუსანიდან პეკინამდე და ვაშინგტონამდე

ვაშინგტონის სამიტი ტრამპისა და სი ძინპინის მესამე შეხვედრა იყო ერთი წლის განმავლობაში. ორი ლიდერი ერთმანეთს სამხრეთ კორეაში, ბუსანის სამიტზე, 2025 წლის 30 ოქტომბერს შეხვდა, სადაც ისინი სავაჭრო ზავზე, იშვიათ მინერალებთან დაკავშირებულ ერთწლიან შეთანხმებასა და ორმხრივ სახელმწიფო ვიზიტებზე შეთანხმდნენ. ტრამპი 2026 წლის მაისში პეკინს ეწვია, სადაც სი ძინპინმა მას გრანდიოზული დახვედრა მოუწყო, საპატიო ყარაულით, აკრძალული ქალაქის დათვალიერებითა და სახელმწიფო ბანკეტით, სანაცვლოდ კი ტრამპისგან ტაივანთან დაკავშირებით უფრო მკაფიო განცხადებები მიიღო, ვიდრე ვაშინგტონი მანამდე უშვებდა, თავად კი მნიშვნელოვანი ვალდებულება არ აუღია. პეკინის სამიტიდან, როგორც წინა ანალიტიკაში უკვე აღვნიშნეთ, სი ძინპინი ტრამპზე გაცილებით გაძლიერებული პოზიციით გამოვიდა, მან უმასპინძლა ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს, რომელმაც იგი ქებით შეამკო და ამავდროულად ჩინეთი ტაივანისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე საჯაროდ არ გააკრიტიკა.

ამ ფონზე, ვაშინგტონის სამიტი სი ძინპინის საპასუხო და ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მის პირველ სახელმწიფო ვიზიტად იყო წარმოდგენილი შეერთებულ შტატებში. შეხვედრა დაძაბულ მომენტს დაემთხვა, 2026 წლის თებერვალში დაწყებულმა აშშ-ისა და ისრაელის ომმა ირანთან ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა და გლობალური ენერგიის ფასები გაზარდა, რამაც ვაშინგტონს პეკინთან თანამშრომლობის სურვილის დამატებითი მიზეზი მისცა, ხოლო პეკინს მისი შეკავების დამატებითი ბერკეტი გაუჩინა. შედეგად, ორივე მთავრობას ძლიერი მოტივაცია ჰქონდა, კონფლიქტის ნაცვლად სიმშვიდე ეჩვენებინა, მიუხედავად იმისა, თუ რა პრობლემები რჩებოდა ზედაპირზე.

ტრამპის მხრიდან აეროპორტში დახვედრაც შესაძლოა ამ გეგმის ფარგლებში განვიხილოთ. პეკინის სამიტის დროს, აშშ-ს პრეზიდენტს აეროპორტში სი ძინპინის ნაცვლად, ჩინეთის ვიცე პრეზიდენტი ხან ჭენგი დახვდა, ტრამპის გადაწყვეტილებამ, თავად წასულიყო ენდრიუსის ბაზაზე, ეს ასიმეტრია შეცვალა. ამ ჟესტით, ტრამპმა სის მისცა ის, რაც მას შიდა და საერთაშორისო აუდიტორიისთვის ძალიან სჭირდება, ჩინეთის ამერიკის თანასწორად აღქმა და შესაბამისი დაფასება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ტრამპის მხრიდან პირველი მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, ის 2025 წლის აგვისტოში ანკორიჯიში ვლადიმირ პუტინსაც დახვდა აეროპორტში. ამიტომ, ეს ნაბიჯი ტრამპის აეროპორტის დიპლომატიასაც შეგვიძლია მივაწეროთ და ვიფიქროთ რომ ამგვარი სიმბოლიზმით, ტრამპი ცდილობს მოლაპარაკებების წინ კარგი საფუძველის შექმნას.

ვიზიტის დანარჩენი ნაწილიც იმავე ლოგიკას მიჰყვებოდა. სი ძინპინმა მიიღო სრული სახელმწიფო ვიზიტის შესაბამისი დახვედრა, ცერემონია თეთრი სახლის კროს-ჰოლში, სახელმწიფო ვახშამი და სამხედრო ორკესტრი, მსგავსი მასშტაბით ჩინეთის მოქმედ ლიდერს შეერთებულ შტატებში ბოლოს ბარაკ ობამამ უმასპინძლა 2015 წელს. ტრამპმა მათ ურთიერთობას „ნამდვილად დიდებული მეგობრობა“ უწოდა, და თქვა რომ ის „რეალურ ურთიერთპატივისცემაზეა აგებული“ ხოლო სი ძინპინმა ორ ქვეყანას მოუწოდა, თავიდან აეცილებინათ „თუკიდიდესის ხაფანგი“, და ურთიერთობა აღწერა, როგორც „ერთმანეთის დაწევის რბოლა და არა ჭიდილი, რომელშიც ერთმა უნდა გაიმარჯვოს და მეორემ წააგოს“. ვიზიტის დასასრულს სი ძინპინმა ჩინეთის „პანდების დიპლომატიაც“ განაახლა და ატლანტის ზოოპარკისთვის ორი გიგანტური პანდის გაგზავნა დააანონსა. ამასთან, გამოაცდხადა ამერიკელი სტუდენტებისთვის ჩინეთში განათლების მიღების ახალი პროგრამაც. ცხადია, ამ განცხადებებს არაფერი შეუცვლია რეალურად საკვანძო საკითხებში – ტაივანთან ან სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან მიმართებით. სანაცვლოდ, შექმნა ლამაზი ფონი ორ მხარეს შორის თანამშრომლობის წარმოსაჩენად. 

რა იყო რეალურად დღის წესრიგში

ცერემონიალის მიღმა შინაარსობრივი დღის წესრიგი ვაჭრობას, ტაივანს, ირანსა და ხელოვნურ ინტელექტს (ან სუპერ ინტელექტს, როგორც მას უკვე პრეზიდენტი ტრამპი უწოდებს) მოიცავდა, და ყველა ამ საკითხთან მიმართებით შედეგები მწირი აღმოჩნდა. ვაჭრობის მიმართულებით, ფინანსთა მდივანმა სკოტ ბესენტმა, სი ძინპინის ვაშინგტონში ჩაფრენამდე განაცდახადა, რომ ვაშინგტონი და პეკინი შეთანხმდნენ სატარიფო ზავის გაგრძელებაზე, თავდაპირველი 10 ნოემბრის ვადა 10 იანვრამდე გადაიწია, მხოლოდ ორი თვით და არა ერთი წლით, როგორც პეკინს, გავრცელებული ინფორმაციით, სურდა. ბესენტმა ასევე განაცხადა, რომ მხარეებმა უფრო ფართო შეთანხმებაზეც ისაუბრეს, თუმცა აღიარა, რომ არ იცოდა, „შესაძლებელი იქნება თუ არა მისი მიღწევა“. აღსანიშნავია, რომ სი ძინპინის გამგზავრების შემდეგ დღეებში ორივე მთავრობამ შეთანხმების ფარგლები კიდევ უფრო გააფართოვა და გამოაცხადა რვაპუნქტიანი კონსენსუსი, რომელიც მოიცავდა 30 მილიარდი დოლარის ორმხრივ სატარიფო შემცირების შეთანხმებას, ასევე ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე მუდმივ დიალოგს, რომლის პირველი რაუნდის გამართვაც ნოემბერშია დაგეგმილი. სწორედ ზავის მცირე ხნით გაგრძელება და აღნიშნული რვაპუნქტიანი კონსენსუსი შეიძლება ჩაითვალოს სამიტის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ზავის გაგრძელება ტრამპისა და სის შეხვედრამდე მოხდა, კონსენსუსის დეტალები კი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, რადგან ვიზიტის ფარგლებში არცერთ მხარეს ამაზე არ უსაუბრია.

ტაივანთან დაკავშირებით სი ძინპინმა სამიტი გამოიყენა იმისთვის, რომ საჯაროდ, პირველად მოეთხოვა ტრამპისთვის „ტაივანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული სწორი პოზიციის დაცვა“ და საკითხის „ფრთხილად“ მართვა. ტრამპს საჯარო პასუხი არ გაუცია და არც მისი ადმინისტრაციის მიერ მაისში პეკინის შეხვედრის შემდეგ ტაიპეის დასამშვიდებლად გამოყენებული „უცვლელი“ ტაივანის პოლიტიკა გაუმეორებია. ამავდროულად, გაურკვეველია ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტის ბედი, რომელსაც ტრამპმა „ძალიან კარგი სავაჭრო ბერკეტი“ უწოდა. აშშ ტაივანს ოფიციალურად არ აღიარებს, თუმცა, სის მხრიდან ტაივანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ განცხადების მოთხოვნა აშკარად მიანიშნებს ჩინეთის გაზრდილ მადაზე.

ირანთან დაკავშირებით სი ძინპინმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს აშშ-ირანის დროებითი შეთანხმების აღდგენას. ამასთან, პეკინმა, თეირანის უმსხვილესმა სავაჭრო პარტნიორმა, არანაირი მინიშნება არ გააკეთა, რომ ირანზე ზეწოლის ან ჰორმუზის სრუტეზე არსებული დაძაბულობის შემსუბუქებისთვის საკუთარ გავლენას გამოიყენებდა. ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, ლიდერებმა განიხილეს მოწინავე AI-ის „ადამიანის კონტროლის ქვეშ“ შენარჩუნების მნიშვნელობა (ფრაზა, რომელიც სი ძინპინმა საჯაროდაც გამოიყენა), თუმცა, არანაირ ოფიციალურ ჩარჩოზე ან უსაფრთხოების პროტოკოლზე არ შეთანხმებულან. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მხარეები AI მიმართულებით დიალოგზე შეჯერდნენ და პირველ შეხვედრას ნოემბერში გამართავენ. მიუხედავად ამ განცხადებებისა, AI რჩება აშშ-ჩინეთის სტრატეგიული დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ საკითხად, ამიტომაც მოსალოდნელი იყო რომ სამიტზე მხარეები მას უფრო მეტ დროს დაუთმობდნენ. AI საკითხებზე დიალოგის ფორმატი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა საკმაოდ მცირე და დრო გვიჩვენებს რამდენად შეძლებს ეს მექანიზმი ორ მხარეს შორის ურთიერთობების კონსტრუქციულ ჩარჩოში მოქცევას.

სამიტის რეალური შედეგები

ტრამპისა და სის ვაშინგტონის სამიტი დიდ მოლოდინებს ნამდვილად არ აჩენდა, მოლოდინები თითქოს წინასწარ იყო მართული. CSIS-ს წინასწარ შეფასებაში ივარაუდეს რომ ვიზიტი იქნებოდა „ოპტიკასა და სიმბოლიზმზე ორიენტირებული, მაგრამ შინაარსობრივ პროგრესს მოკლებული“, მართლაც, სამიტის ფუნქცია უფრო იყო იმის ხაზგასმა, რომ ორივე ლიდერს შეუძლია ერთმანეთთან კონსტრუქციული საუბარი, არსებული, თუნდაც მყიფე ზავის შენარჩუნება და კრიზისის თავიდან აცილება.

მსგავსი ტიპის რეგულარული, მაღალი ხილვადობის შეხვედრები ამცირებს არასწორი გათვლების ალბათობას ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის, რომელთა სამხედრო ძალებიც ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ერთმანეთთან ახლოს მოქმედებენ. ამრიგად, არსებულ სამიტს ფაქტობრივად არაფერი შეუცვლია არსებულ პრობლემურ საკითხებში, თუმცა ორივე ლიდერმა ის სათავისო სიმბოლიზმისთვის გამოიყენა. ტრამპმა მიიღო მეგობრული ფოტოსესია, ორი პანდა და ამავდროულად ბაზრებს გაუგზავნა სიგნალი, რომ მხარეებს შორის ახალი კრიზისი არ იქნება. თავის მხრივ კი, სიმ შიდა და საერთაშორისო აუდიტორიას აჩვენა რომ ჩინეთი უკვე აშშ-ს თანასწორის პოზიციიდან მოქმედებს.  

სიმბოლიზმის მიღმა, ბუნდოვანია თუ როგორ გადაწყვეტენ მხარეები ტაივანის საკითხს, ითამაშებს თუ არა ჩინეთი რაიმე როლს ირანთან კონფლიქტში, გააგრძელებენ თუ არა მხარეები სავაჭრო ზავს მომავალშიც და როგორ იმუშავებენ AI-სთან მიმართებით. მთავარი რაც სამიტიდან შეგვიძლია დავასკვნათ, არის ის, რომ ორივე მხარე ცდილობს დრო მოიგოს და შეინარჩუნოს არსებული მყიფე ზავი. ამავდროულად, სი და ტრამპი შეთანხმდნენ რომ წელს ერთმანეთს კიდევ ორჯერ შეხვდებიან, ტრამპი APEC-ის სამიტზე ჩავა შენჭენში, სი კი G20-ის სამიტზე ესტუმრება ფლორიდას. შედეგად, ეს იქნება ისტორიაში პირველი შემთხვევა როცა ერთ კალენდარულ წელში აშშ-ს პრეზიდენტი ჩინეთს ეწვევა ორჯერ, ჩინეთის პრეზიდენტი კი აშშ-ს. ერთი სიტყვით, სის და ტრამპის შეხვედრები გაგრძელდება და ჯერ-ჯერობით გრძელდება ზავიც.