ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, UGSPN-ის უფროსი მკვლევარი
19-20 მაისს, პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, ჩინეთში პუტინის ვიზიტი შედგა. დროში ასეთი დამთხვევა კიდევ უფრო ზრდიდა ყურადღებას ამ მოვლენის მიმართ. ვიზიტის პროგრამა ისე იყო შედგენილი, რომ ხაზს უსვამდა როგორც მის მნიშვნელობას, ისე მეგობრულ ატმოსფეროს, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის ჩამოყალიბდა. აშშ-ს დელეგაციის მსგავსად, რუსეთის დელეგაციაც საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. იგი 5 ვიცე-პრემიერის, 8 მინისტრის, რუსეთის ცენტრალური ბანკის მმართველისა და მსხვილი ენერგეტიკული და ფინანსური კომპანიების ხელმძღვანელებისგან შედგებოდა.
წინასწარვე ცნობილი იყო, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერებოდა 40-მდე დოკუმენტს და მიიღებდნენ ერთობლივ დეკლარაციასა და განცხადებას. ასევე, ცნობილი იყო ისიც, რომ რუსეთი ყველაზე დიდ მნიშვნელობას ჩინეთთან დამაკავშირებელი ახალი გაზსადენის – „ციმბირის ძალა 2“-ის პროექტზე საბოლოო შეთანხმების მიღწევას ანიჭებდა, რისი მცდელობაც წარსულში რამდენჯერმე ჩაუვარდა. ამჯერად, მოსკოვს გათვლა გაკეთებული ჰქონდა იმაზე, რომ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო ენერგორესურსების მიწოდების თვალსაზრისით ჩინეთისთვის შექმნილი პრობლემები, პეკინის პოზიციას უფრო მოქნილს გახდიდა. თუმცა, მოსკოვის ოპტიმისტური მოლოდინის მიუხედავად, „ციმბირის ძალა 2“-ზე საბოლო შეთანხმება ამჯერადაც არ შედგა.
ამ საკითხის მიღმა, მართლაც მოეწერა ხელი ბევრ სხვადასხვა დოკუმენტს, თუმცა არცერთი მათგანი მნიშვნელოვანი არ ყოფილა. გარდა ამისა, ავტომატურად, კიდევ ხუთი წლით გაგრძელდა რუსეთ ჩინეთს შორის 2001 წელს ხელმოწერილი „კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის“ თაობაზე შეთანხმების ვადა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საექსპერტო საზოგადოებაში არსებობდა გარვეული მოლოდინი, რომ ამ შეთანხმებაში შესწორებები შევიდოდა, რაც უფრო მკაფიოს გახდიდა რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობას. საერთო ჯამში, ამ ვიზიტის მთავარ შედეგად რუსეთისა და ჩინეთის მიერ მიღებული ერთობლივი დეკლარაცია და განცხადება უნდა მივიჩნიოთ, რითაც მხარეებმა ხაზი გაუსვეს ერთმანეთთან ურთიერთობების მნიშვნელობას და ასახეს თავიანთი ხედვების თანხვედრა მსოფლიო წესრიგსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
ერთობლივი დეკლარაცია მრავალპოლუსიანი მსოფლიოსა და ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბების თაობაზე
ერთობლივი დაკლარაცია წარმოადგენს შედარებით მცირე მოცულობის, მაგრამ არსებითი პოლიტიკური დატვირთვის მქონე დოკუმენტს, რომელის მიზანიც რუსეთის და ჩინეთის მხრიდან მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების თაობაზე ერთიანი ხედვის დემონსტრირებაა. ამ დოკუმენტიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შემდეგი:
- კრახი განიცადა ზოგიერთი ქვეყნის მცდელობამ ერთპიროვნულად ემართათ მსოფლიო, თავს მოეხვიათ საკუთარი ინტერესები მთელი მსოფლიოსთვის და კოლონიალიზმის ეპოქის მსგავსად შეეზღუდათ სხვა ქვეყნების სუვერენული განვითარება;
- 21 საუკუნეში საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა სიღრმისეულ ტრანსფორმაციას გადის, რადგან ევოლუციური გზით გარდაიქმნება ხანგრძლივ მრავალპოლუსიან მდგომარეობაში და ფორმირდება ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობები;
- მეორე მხრივ, მსოფლიოში მდგომარეობა რთულდება. იზრდება ისეთი ნეოკოლონიალური ტენდენციები, როგორიც ცალმხრივი ძალისმიერი მიდგომის, ჰეგემონიზმისა და ბლოკური კონფრონტაციის პრაქტიკაა;
- აუცილებელია უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობაზე ორიენტირება, ბლოკური კონფრონტაციისა და „ნულოვანი ჯამის თამაშების“ სტრატეგიის უარყოფა, სამხედრო ალიანსების გაფართოების, „ჰიბრიდული“ ომებისა და მესამე ქვეყნების მეშვეობით ომების წინააღმდეგ აღდგომა;
დოკუმენტის დასასრულს ნათქვამია, რომ რუსეთი და ჩინეთი გააგრძელებენ ერთობლივი ხედვის შემუშავებას მრავალპოლუსიანი მსოფლიოსა და ახალი ტიპის უფრო სამართლიანი საერთაშორისო ურთიერთობების ფორმირების თაობაზე.
ერთობლივი დეკლარაციის შინაარსი რაიმე სიახლეს არ შეიცავს, რადგან მასში ასახული ხედვები და მოსაზრებები, როგორც მოსკოვს, ისე პეკინს არერთხელ აქვთ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დაფიქსირებული. როგორც უკვე აღინიშნა დეკლარაციის მთავარი პოლიტიკური დატვირთვა იმაში მდგომარეობს, რომ იგი „ოფიციალურად აფორმებს“ რუსეთისა და ჩინეთის პოზიციების თანხვედრას.
ერთობლივი განცხადება ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი გაძლიერებისა და კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე
ერთობლივი განცხადება უფრო ვრცელი დოკუმენტია, რომლის შინაარსიდან იკვეთება, რომ მხარეები ესწრაფვიან სხვადასხვა სფეროებში უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისკენ. მხარს უჭერენ ერთმანეთის საერთაშორისო ინიციატივებს, იმეორებენ ურთიერთმომგებიან ფორმულირებებს, განსაკუთრებით ხაზს უსვამენ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და BRICS-ის მნიშვნელობას, რომლებშიც სწორედ რუსეთსა და ჩინეთს გააჩნიათ წამყვანი როლი. გარდა ამისა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩინეთში სულ ცოტა ხნის წინ განხორციელებული ვიზიტის ფონზე, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ერთობლივ განცხადებაში აშშ-სთან მიმართებაში ასახული პოზიციები.
ერთობლივ განცხადებაში ასახული ორმხრივი თანამშრომლობიდან შეიძლება გამოიყოს სამხედრო, ხელოვნური ინტელექტის, ენერგეტიკის, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და საინფორმაციო სფეროები, რომლებთან მიმართებაში, რუსეთი და ჩინეთი შემდეგნაირ პოზიციებს აფიქსირებენ:
- მხარეები გააძლიერებენ ტრადიციულ თანამშრომლობას სამხედრო ძალებს შორის, გააღრმავებენ ურთიერთნდობას სამხედრო სფეროში და გააფართოებენ ერთობლივი სწავლებების, საჰაერო და საზღვაო პატრულირების არსებულ პრაქტიკას;
- მხარეები კვლავ აცხადებენ მზაობას განავითარონ თანამშრომლობა ხელოვნური ინტელექტის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების საკითხებზე;
- მხარეები მაღალ შეფასებას აძლევენ ენერგეტიკის სფეროში რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობას, დებენ ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პირობას და მხარს დაუჭერენ ნავთობის, გაზის, ქვანახშირის, მშვიდობიანი ატომური და განახლებადი ენერგიის სფეროებში ურთიერთსასარგებლო ურთიერთქმედებას;
- მხარეები განაგრძობენ რუსეთის ტერიტორიის გავლით ჩინეთიდან ევროპაში სატრანზიტო გადაზიდვების განვითარებას;
- მხარეები მხარს უჭერენ გაცვლებს ინტერნეტ-მედიისა და რუსეთსა და ჩინეთში ცნობილი ბლოგერების ხაზით, ერთობლივი კონტენტისა და კადრების მომზადების მიზნით;
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი და ჩინეთი უმეტეს შემთხვევაში უკვე არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაფართოებაზე საუბრობენ, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებით სიახლეს არ წამოადგენს. ამასთან, ტრადიციულ სფეროებთან ერთად აქცენტი კეთდება საინფორმაციო სფეროში თანამშრომლობაზე, რაც შემთხვევითი არ არის, რადგან პროპაგანდას, როგორც შიდა, ისე საგარეო მიზნებისთვის ორივე ქვეყანა აქტიურად და საკმაოდ ეფექტიანად იყენებს.
პოსტ-საბჭოთა სივრცის მიმართ რუსეთის განსაკუთრებული ინტერესების ფონზე ყურადღებას იმსახურებს ის კონტექსტი, რომელიც ერთობლივ განცხადებაში „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირის“ თაობაზე აისახა. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ მხარეები „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა“ და ჩინეთს შორის პრაქტიკულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და ამასთან, გააგრძელებენ ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და „სარტყელისა და გზის“ ინიციატივების თანხვედრას. ამ კონტექსტიდან ერთგვარად ჩანს ის ასიმეტრია, რომელიც ეკონომიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით რუსეთსა და ჩინეთს შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს“ ხედავს, როგორც ორგანიზაციას, რომელიც თავის დროზე პოსტ-საბჭოთა სივრცეში მისი გავლენის პროეცირებისთვის შეიქმნა, მას უწევს ამავე სივრცეში ჩინეთის მზარდ ეკონომიკურ გავლენასთან შეგუება, რაც წლებია უკვე სახეზეა.
ერთობლივ განცხადებაში რუსეთი გამოხატავს ჩინეთის ისეთი კონცეპტუალური ხედვების მხარდაჭერას, როგორიცაა მაგალითად გლობალური ცივილიზაციური ინიციატივა. ხოლო ჩინეთი კი მაღალ შეფასებას აძლევს, რუსეთის ინიციატივას ევრაზიული უსაფრთხოების თანასწორი და განუყოფელი არქიტექტურის შექმნის თაობაზე. რაც შეეხება პოლიტიკური დატვირთვის მქონე ფორმულირებებს, მათ შორის შეიძლება გამოიყოს შემდეგი:
- მხარეები მხარს უჭერენ კულტურულ და ცივილიზაციურ მრავალფეროვნებას და ერთმანეთის ძალისხმევას, რომელიც კულტურულ-ისტორიული იდენტობისა და ტრადიციული სულიერი და მორალური ღირებულებების შენარჩუნებისკენ არის მიმართული;
- მხარეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ჰეგემონიზმს, უნილატერლიზმს და ისეთი მსოფლიო წესრიგის დაბრუნებას სადაც მხოლოდ ძალის პრინციპი მოქმედებს;
- მხარეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ცალმხრივი სანქციებისა და მეორადი შეზღუდვების დაწესების პრაქტიკას;
- მხარეები მომავალშიც განამტკიცებენ თანამშრომლობას ნაციზმის, ფაშიზმის და მილიტარიზმის ჰეროიზაციის წინააღმდეგ.
პოლიტიკური დატვირთვის მქონე ფორმულირებებიდან, ჩინეთის გადასახედიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთობლივ განცხადებაში რუსეთი მყარად აფიქსირებს ერთიანი ჩინეთის პრინციპის მხარდაჭერას, მიიჩნევს ტაივანს ჩინეთის განუყოფელ ნაწილად და მისი ნებისმიერი ფორმით დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოდის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთი პირდაპირ არ უჭერს მხარს, მაგრამ პატივისცემით ეპყრობა ჩინეთის უარყოფით პოზიციას ჩინეთის, აშშ-ს და რუსეთის მონაწილეობით ბირთვული შეიარაღების კონტროლის თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ასეთი მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით პრეზიდენტ ტრამპი გამოდის, თუმცა ჩინეთი მაში მონაწილეობას არ აპირებს.
რუსეთის გადასახედიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ერთობლივ განცხადებაში გარკვეული თვალსაზრისით მეორდება მისი პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში. კერძოდ, ნათქვამია, რომ მხარეები დარწმუნებული არიან უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის აუცილებლობაში. თუმცა, წინადადება გრძელდება იმით, რომ ეს (ძირეული მიზეზების აღმოფხვრა) გაეროს წესდებაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს და შერწყმული და დაკავშირებული უნდა იყოს მყარი მშვიდობის საფუძვლების შექმნასთან და ურთიერთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებთან. საყურადღებოა, რომ ოფიციალური მოსკოვი მართლაც ხშირად საუბრობს უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის აუცილებლობაზე, მაგრამ ერთობლივი განცხადებაში ასახული ტექსტივით მას არ ავრცობს ხოლმე. ძირეულ მიზეზებად მოსკოვი სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის ნატოს გაფართოებას მიიჩნევს. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, კერძოდ 2022 წლის 4 თებერვალს, რუსეთისა და ჩინეთის მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში დაფიქსირებული იყო მხარეთა ერთიანი პოზიცია ნატოს გაფართოების წინააღმდეგ. ამჯერად კი ნატო საერთოდ არ არის ნახსენები. უკრაინის თემაზე ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მხარე დადებითად აფასებს ჩინეთის ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციას და მიესალმება მის სწრაფვას კონსტრუქციული როლი შეასრულოს უკრაინის კრიზისის დარეგულირებაში.
კიდევ უფრო სუსტია, ჩინეთის მხრიდან მოსკოვის მხარდამჭერი კიდევ ერთი ფორმულირება, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთის მხარე მხედველობაში იღებს რუსული მხარის წუხილს ევროპის კავშირის მილიტარიზაციის კურსთან დაკავშირებით. ევროკავშირი ასევე ნახსენებია ერთობლივ განცხადებაში, როდესაც საუბარია იმაზე, რომ მხარეები გამოხატავენ შეშფოთებას ამ გაერთიანების წევრი ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან ბირთვული შეიარაღების შექმნის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. კონტრასტისთვის, შედარებით უფრო მეტი დატვირთვის მქონე ფორმულირებებია გამოყენებული, იაპონიასთან მიმართებაში. კერძოდ, სერიოზული შეშფოთებაა გამოხატული იაპონიის მიერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბირთვული მასალების შეგროვებასთან დაკავშირებით. ასევე, მსოფლიოსა და რეგიონული სტაბილურობისთვის სერიოზულ საფრთხედ არის მიჩნეული იაპონიის დაჩქარებული რემილიტარიზაციის კურსი. ეს კონტრასტი ალბათ განპირობებულია იმით, რომ იაპონიასთან მიმართებაში რუსეთის და ჩინეთის პოზიციები თანხვედრაშია, ხოლო ევროკავშირთან მიმართებაში კი განსხვავდება, რადგან ჩინეთისგან განსხვავებით, რუსეთი, უკრაინაში განხორციელებული აგრესიის ფონზე, კონფრონტაციაშია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. საერთო ჯამში, როგორც უკრაინის თემის კონტექსტი, ისე კონტრასტი ევროკავშირის და იაპონიის თაობაზე ასახულ ფორმულირებებში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ პეკინმა მოსკოვის პოზიციები ზოგიერთ საკითხებზე ბოლომდე არ გაიზიარა.
ერთობლივ განცხადებაში გვხდება აშშ-ს წინააღმდეგ მიმართული გზავნილები ირიბი, დაბალანსებული და პირდაპირი ფორმით. ირიბ გზავნილებს უმთავრესად უნდა მივაკუთვნოთ განცხადების ის ნაწილი, სადაც ნათქვამია, რომ ისეთი ქმედებები, როგორიც არის სამხედრო დარტყმების ვერაგულად განხორციელება, ასეთი დარტყმების მომზადებისთვის საფარად თვალთმაქცური მოლაპარაკებების გამოყენება, სუვერენული ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენელთა მკვლელობა, შიდაპოლიტიკური ვითარების მორყევა უხეშად არღვევს გეროს წესდების პრინციპებსა და მიზნებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ამ პასაჟში მართალია აშშ არ არის ნახსენები, მაგრამ ცხადია, რომ სწორედ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული ქმედებები იგულისხმება. ასეთივე გზავნილების კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ, რუსეთისა და ჩინეთის მიერ კოსმოსში იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში დაფიქსირებული უარყოფითი პოზიცია.
ირანის თემაზე ერთობლივ განცხადებაში ასახული პოზიცია, უფრო მეტად აშშ-ს მიმართ დაბალანსებული გზავნილის კატეგორიას მიეკუთვნება. კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ისრაელის სამხედრო დარტყმები ირანის წინააღმდეგ არღვევენ საერთაშორისო სამართალს და მნიშვნელოვნად უთხრიან ძირს სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში. ამასთან, რუსეთი და ჩინეთი კონფლიქტში ჩართულ მხარეებს დიალოგისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ. ნიშანდობლივია, რომ მხარეები ამ შემთხვევაში არ იყენებენ ისეთ მკაცრ ტერმინებს, როგორიც მაგალითად ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია იქნებოდა. საუბრობენ ზოგადად ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობაზე და ასევე, დაკონკრეტების გარეშე მოუწოდებენ მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ. ერთგვარი კონტრასტისთვის, შეიძლება მოვიშველიოთ ისიც, რომ ამავე განცხადებაში უფრო მკაფიოდ არის ფორმულირებული რუსეთის და ჩინეთის პოზიციები ჩრდილოეთ კორეის სასარგებლოდ. კერძოდ, ნათქვამია, რომ მხარეები გამოდიან საგარეო პოლიტიკური იზოლაციის, ეკონომიკური სანქციების, ძალისმიერი ზეწოლის და სხვა ქმედებების წინააღმდეგ, რომელიც ემუქრება კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოებას. საერთო ჯამში, ის მოცემულობა, რომ ერთობლივი განცხადების ირანთან დაკავშირებულ ნაწილში რუსეთის და ჩინეთის პოზიცია დაბალანსებულია გასაკვირი სულაც არ არის. უნდა ითქვას, რომ ირანთან მათი სტრატეგიული პარტნიორობის მიუხედავად ამ ქვეყნებს ახლო აღმოსავლეთში კრიზისის მიმართ, მისი დაწყების დღიდან, დაბალანსებული მიდგომა გააჩნიათ (უფრო მეტი ამ თემაზე შეგიძლიათ აქ იხილოთ).
აშშ-ს წინააღმდეგ მიმართულ პირდაპირ გზავნილებს მიეკუთვნება ერთობლივი განცხადების ის ნაწილი, სადაც საუბარია „ოქროს გუმბათზე“ (უფრო მეტი ამ თემაზე შეგიძლიათ აქ იხილოთ). კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის „ოქროს გუმბათის“ პროექტი აშკარა საფრთხეს უქმნის სტრატეგიულ სტაბილურობას. ასევე, ცალკეა ხაზგასმული ამ პროექტის პოტენციური უარყოფითი შედეგები კოსმოსური ბაზირების გადაჭერის საშუალებების შექმნისა და განთავსების თვალსაზრისით. გარდა ამისა, უარყოფითად არის შეფასებული 2010 წელს აშშ-რუსეთს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემდგომი შემცირების თაობაზე შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ, აშშ-ს პოზიცია, რომელმაც აღარ მოისურვა ამ შეთანხმების წარსულში არსებული ფორმატით განახლება.
დასკვნა
პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტის შემდეგ (უფრო მეტი ამ თემაზე შეგიძლიათ აქ იხილოთ) პუტინის ვიზიტმა პეკინში პირველ რიგში ნათლად აჩვენა ის კონტრასტი, რაც ჩინეთ-აშშ-სა და ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებში არსებობს. პირველ შემთხვევაში მხარეებმა ცალ-ცალკე გამოაქვეყნეს განცხადებები. თანაც, აშშ-ს განცხადებაში არ იყო ნახსენები ტაივანი, მაგრამ ნახსენები იყო ირანი და ჰორმუზის სრუტე, ხოლო ჩინეთის ოფიციალურ განცხადებაში კი პირიქით. პუტინის ვიზიტისას კი, მხარეებმა არა მხოლოდ ერთობლივი განცხადება, არამედ ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს. ეს გარემოება ნათლად ასახავს იმ რეალობას, რომელიც უკვე კარგა ხანია ჩამოყალიბდა – ჩინეთი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან, ხოლო ჩინეთი და აშშ კი არა.
ამავე დროს, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ერთგვარი კონტრასტი გამოჩნდა ჩინეთის დამოკიდებულებაში აშშ-სა და რუსეთის მიმართ. ტრამპის ვიზიტის მთლიანი კონტექსტიდან, ექსპერტების მიერ გაკეთებული მთავარი დასკვნაა, რომ ჩინეთი საკუთარ თავს აშშ-ს თანასწორად მიიჩნევს. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა პრეზიდენტ სი-ს მიერ „თუკიდიდეს ხაფანგსა“ და სტრატეგიული სტაბილურობისთვის ჩინეთ-აშშ-ს კონსტრუქციული ურთიერთობების აუცილებლობაზე დასმულ აქცენტებში. რაც შეეხება რუსეთს, ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, ამ შემთხვევაში ჩინეთი საკუთარ თავს მაინც უფროს პარტნიორად მიიჩნევს. პუტინის ვიზიტიც საერთო ჯამში ამ მოსაზრებას ამყარებს, ორი ძირითადი გარემოების გამო. პირველი გარემოება ის არის, რომ მოსკოვმა ამჯერადაც ვერ მიაღწია მისთვის სასურველი შეთანხმების გაფორმებას პეკინთან. მეორე კი გამოჩნდა ერთობლივ განცხადებაში, სადაც როგორც ვნახეთ, რუსეთის პოზიცია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, არ იყო ჩინეთის მიერ ბოლომდე გათვალისწინებული.
